15 თებერვალი 2024 წელი
№ას-149-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ც.ყ-ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ.ს.ც–ი“
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ა.ვ.ბ.კ–ა“, ე.მ–ი, რ.ტ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ც.ყ-ს–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „პ.ს.ც–ის“ მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის 4537 ლარისა და მორალური ზიანის 500 000 ლარის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც.ყ-ს–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც.ყ-ს–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: ც.ყ-ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „პ.ს.ც–ს“ ც.ყ-ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 20 000 ლარის ოდენობით, შპს „პ.ს.ც–ს“ ც.ყ-ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 3500 ლარის ოდენობით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დ.ვ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო დ.ვ–ძის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4 მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
8. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადის დაცვით და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
9. დადგენილია, რომ ც.ყ-ს–ის სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმეზე დ.ვ–ძე ჩაბმული იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა _ დ.ვ–ძემ.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
11. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის ავტორის სამართლებრივ სტატუსზე და მესამე პირის ცნებასთან კავშირში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლებზე. აღნიშნული ნორმები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაძლოა მისი უფლებების წინააღმდეგ იყოს მიმართული და აქედან გამომდინარე ის სარგებლობს მოსარჩელის ყველანაირი უფლება-მოვალეობით, მათ შორის ეძლევა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ აქვს და მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩამბული არის იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად ასაჩივრებს სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17).
სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ №ას-254-239-2011, 11.05.2011).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს (,,გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე №4451/70).
საკასაციო სასასმართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ობიექტს, წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გვაქვს. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობებიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს, მოცემულ დავაში მისი საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ. ას-488-2021, 31.05.2021წ; #ას-1771-2019, 08.05.2020წ) .
შესაბამისად, დ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. დ.ვ–ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1307.25 ლარის ოდენობით. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. დ.ვ–ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1307.25 ლარი (გადახდის თარიღი: 01.02.2024წ. გადამხდელი: დ.ვ–ძე (პ/ნ ......) საგადასახადო დავალება №20404399435, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი