საქმე № ას-725-2023 27 მარტი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ–ის“ (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია, შემკვეთი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ლ.გ–ის“ (შემდგომში მოპასუხე, შემსრულებელი) სარჩელი მოპასუხის მიმათ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 196 401.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება. სინამდვილეში კი ნარდობის ხელშეკრულება მოპასუხეს გაფორმებული ჰქონდა არა მოსარჩელესთან, არამედ შპს „ი“-თან, შესაბამისად, მოსარჩელე არის შპს „ი-ის“ ქვემენარდე და არა დამოუკიდებელი მენარდე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა შემკვეთის წინაშე. მხოლოდ მომსახურების ფაქტის დადასტურება ან მოპასუხის მიერ მისი მიღება კი არ წარმოადგენს სსკ 629-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას. სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან თუ დავუშვებთ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, მაშინ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო თუ ხანდაზმულობას გავაქარწყლებთ 2016 წლის 22 დეკემბრის ოთხმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მონიტორინგის ანგარიშებით, მაშინ მოსარჩელე ქვემენარდეა და არა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების მხარე, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ქ. თბილისში, ......... და ....... გამზირი N7-ში მდებარე მიწის ნაკვეთები (უძრავი ქონების საკადასტრო კოდები: N........., N.........) და მათზე არსებული შენობა მოპასუხის საკუთრებაშია. მითითებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მოპასუხეს უნდა აეშენებინა მრავალფუნქციური კომპლექსი/მუზეუმი (შემდგომში კომპლექსი). მშენებლობის პროექტი რამოდენიმეჯერ დაკორექტირდა და, საბოლოოდ, შეთანხმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან.
7.2. კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2014 წლის 14 ნოემბერს მოპასუხესა და და შპს „ი“-ს (მენარდე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა დამკვეთის მიერ მიწოდებული ნახაზისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად პროექტის სრული დაცვით სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება. სამუშაოს სრული ღირებულება განისაზღვრა 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში და მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა იმ თანხის მაქსიმალურ ოდენობას, რომელსაც გადაუხდიდა დამკვეთი მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების წარმოებისა და ობიექტის ჯეროვანი გადაცემის შემთხვევაში. მენარდის მიერ თანხის ფაქტობრივად გადაცილების შემთხვევაში კი, სამუშაოები ანაზღაურდებოდა მხოლოდ დასახელებული თანხის ფარგლებში. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შპს „ი“-ს უფლება მიეცა სხვა პირებთან გაეფორმებინა ნარდობის ხელშეკრულებები.
7.3. 2014 წლის 10 ნოემბერს შპს „ი“-სა და შპს „ლ.გ–ს“ (სახელწოდების შეცვლის შემდეგ შპს „ლ.გ–ი“ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ლ.გ–ის“ სახელწოდებად განისაზღვრა შპს „ლ.გ–ი“), ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის კუთვნილ ობიექტზე მოსარჩელის მიერ ჯამურად 2 389 693 აშშ დოლარის ღირებულების შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
- ფასადის ვიტრაჟების და კარ-ფანჯრების მოწყობა (ბელგიური წარმოების პროფილით, REYNARS, მინა პაკეტი დაბალემულსიური მულტიფუნქციური GUARDIAN-ის ფირმის) 2458,1 კვ.მ, ღირებულებით 1 112 319 აშშ დოლარი;
-სილიკონის სისტემის ფასადი ბელგიური პროფილით REYNARS, მინა პაკეტი კერამიკული მინით (GUARDIAN-ის ფირმის) 750 კვ.მ., ღირებულებით 316 350 აშშ დოლარი;
- ინტერიერის მინის საფეხურებისა და მინის მოაჯირების მოწყობა (კერამიკული მინა, GUARDIAN-ის ფირმის), სამაგრი სპაიდერები (თურქული წარმოების) 284 საფეხური, ღირებულებით 169 960 აშშ დოლარი;
- ლიფტის შახტების კონსტრუქცია და მინით შეფუთვა (მინა GUARDIAN-ის ფირმის), დამჭერი დეტალები თურქული წარმოების) 722 კვ.მ., ღირებულებით 235 714 აშშ დოლარი;
- სასტუმროს ნაწილზე დამცავი ელექტრო ჟალუზების მოწყობა (ფრანგული წარმოების SOMFI-ის ფირმის, ელ. სისტემა თურქული წარმოების) 483 კვ.მ., ღირებულებით 143 660 აშშ დოლარი;
- სასტუმროს ნაწილზე მწერების საწინააღმდეგო დამცავი ბადეების მოწყობა (ბელგიური წარმოების REYNARS) 103,4 კვ.მ., ღირებულებით 10 793 აშშ დოლარი;
- სპირალისებური მინის კიბის მოწყობა, ღირებულებით 10 9358 აშშ დოლარი;
- ორი ერთეული ბასეინის გადახურვა, ღირებულებით 29 1539 აშშ დოლარი;
7.4. 2014 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებით მოსარჩელეს ევალებოდა სამუშაოების შესრულებისას დამკვეთისა და პროექტის მოთხოვნების ზუსტი დაცვა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 დეკემბრამდე. 2016 წლის 23 დეკემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამუშაოს მიღებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი;
7.5. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაცვლად შეასრულა შემდეგი სამუშაოები: (1) მუზეუმის მეორე სართულზე ოფისების ნაწილში დამონტაჟებულია 29 ცალი ფანჯარა გაღების მექანიზმით ნაცვლად 16 ცალისა; (2) შენობა-ნაგებობაში მინა-პაკეტი შესრულებულია 6მმ-იანი და 8მმ-იანი ფერადი შუშის ფენებით 6/12/8, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული იყო 10მმ-იანი ვიტრაჟების მოწყობა; (3) შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე დამონტაჟებულია 12 ცალი თაღიანი ფანჯარა, ხოლო მეოთხე სართულზე - 11 ცალი თაღიანი ფანჯარა. აღნიშნულ სართულებზე პროექტით გათვალისწინებული იყო მართკუთხა ფორმის ფანჯრები; (4) მუზეუმის სახურავის მინის გადახურვის ნაწილში დამონტაჟებულია მოძრავი ჟალუზები, ხოლო პროექტი ითვალისწინებდა უძრავ ჟალუზებს; (5) მუზეუმის შენობაში მინის საფეხურების ზედაპირზე გაკეთებულია ღარები, რაც საპროექტო დოკუმენტაციით არ არის განსაზღვრული; (6) შენობაში კიბის ბაქნები მოწყობილია მინით, ხოლო პროექტით გათვალისწინებული იყო ბუნებრივი ქვით მოწყობა; (7) მუზეუმის პირველ სართულზე მინის ატრიუმში დამონტაჟებული ამინის 3 ცალი კარი, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 1 კარისა; (8) მუზეუმის ნაწილში ტიხრები მოწყობილია ალუმინის პროფილით და მინა-პაკეტით. პროექტით ტიხრების მოწყობა გათვალისწინებული იყო სამშენებლო ბლოკით; (9) მუზეუმის ნაწილში პირველ სართულზე მაღაზიის ვიტრაჟი მოწყობილია მოღუნული მინებით და უჟანგავი ლითონის სპაიდერებით, რომლის შესრულებაც პროექტით გათვალისწინებული იყო სამშენებლო ბლოკით; (10) პატარა საცურაო აუზის შესასვლელში მოწყობილია ე.წ. ტამბური, რაც საპროექტო დოკუმენტაციით არ იყო განსაზღვრული; (11) პროექტთან შედარებით დიდი აუზის სახურავის გადახურვა დაგრძელებულია 3მ-ით და ფაქტობრივი სიგრძე შეადგენს 27,6 მეტრს, ხოლო პროექტით შეთანხმებული იყო 24,6 მეტრი; (12) გასართობი ცენტრის ფასადზე გუდიაშვილის ქუჩის მხრიდან მოწყობილია ალუმინის კომპოზიტური პანელები, რაც მოპირკეთებული უნდა ყოფილიყო ტექნოგრანიკით; (13) გასართობ ცენტრში მე-4 სართულზე დამონტაჟებულია მინის კარებიანი ვიტრაჟი, რაც არ იყო გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციით; (14) შენობის სასტუმროს ნაწილში, მე-5 სართულის გარე ფასადზე მოწყობილია 4 ცალი თაღიანი ვიტრაჟი, ხოლო პროექტი ითვალისწინებდა მართკუთხა ვიტრაჟის მოწყობას; (15) ცენტრის ნაწილში პირველ და მეოთხე სართულზე დამონტაჟებულია ალუმინის ჩასაკეცი კარი, ნაცვლად პროექტით შეთანხმებული ყრუ ვიტრაჟისა.
7.6. საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შესასრულებელ სამუშაოებსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოების ღირებულებებს შორის სხვაობა შეადგენს 196 401,1 აშშ დოლარს, რაც მოსარჩელეს არ ანაზღაურებია.
7.7. 2016 წლის 22 დეკემბერს მოპასუხეს, შპს „ი“-სა და სს „ვ.ბ. ჯ–ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს 2014 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით და სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის დასრულებისა და მისი ანაზღაურების პირობები. დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი, შესრულების ვადები და თანხების გადახდის გრაფიკი გაიწერა ხელშეკრულების დანართ N1-ში, ხოლო დარჩენილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ღირებულება, რაც მოპასუხეს შპს „ი“-ისთვის უნდა აენაზღაურებინა, განისაზღვრა 3 187 000 აშშ დოლარით.
7.8. 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებით დადგინდა მისი შედგენის დროისთვის როგორც უშუალოდ შპს „ი“-ის, ასევე სხვა კომპანიების, მათ შორის მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი და ღირებულება. ამასთან, ზოგიერთ სამუშაოზე აღნიშნულია მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დასახელება შესაბამისი ასანაზღაურებელი ღირებულების მითითების გარეშე.
7.9. 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შეფასება თითოეული ეტაპის სამუშაოს დასრულებისთანავე დაევალა „კონსულტანტს“, რომელიც ყოველთვიურად უწევდა მონიტორინგს როგორც შპს „ი“-ის, ასევე სხვა კომპანიების, მათ შორის, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და დაგეგმილ გეგმა-გრაფიკთან შედარებით მიმდინარეობას;
7.10. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ასრულებდა ამავე ობიექტზე კონკრეტულ სამუშაოებს და იღებდა ანაზღაურებას.
8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ზეპირი სახის ხელშეკრულება და მართებულად გამოიყენა თუ არა ქვედა ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები.
9. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე (რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.
11. მოცემულ დავაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები) მუხლიდან გამომდინარეობს.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც კონკრეტულ საზღაურს იხდის.
13. ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ საქმე № ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე (გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი), ამავე კოდექსის 69-ე მუხლზე (გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით) და განმარტავს, რომ გარიგების ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა, ხოლო, გარიგების ფორმასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არაა. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები ყველა არსებით პირობებზე, თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან; არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ (სსკ-ს 327.1 და 327.2 მუხლები). ზოგადად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით, მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი, თუმცა, აღნიშნული პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. მაშასადამე, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, თუმცა, თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი (იხ. სუსგ საქმე №ას-1166-2019, 6 აპრილი, 2020 წელი).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო; ანუ, ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით და მისი ნამდვილობისათვის, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.
17. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხესა და შპს „ი“-ს (როგორც მენარდეს) შორის დაიდო ხელშეკრულება მრავალფუნქციური კომპლექსის/მუზეუმის მშენებლობის მიზნით, რომლის ფარგლებში მენარდეს პროექტის სრული დაცვით დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება მოპასუხე კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე. უდავოა ისიც, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მენარდეს უფლება მიეცა სხვა პირებთან გაეფორმებინა ნარდობის ხელშეკრულებები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შპს „ი“-სა და მოსარჩელეს შორის არსებული ურთიერთობა (ნარდობის ხელშეკრულება), რომლითაც შეთანხმდა კონკრეტულ სამუშაოთა ჩამონათვალი, რაც გამომდინარეობდა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციიდან, ხოლო, თავის მხრივ, საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმებული იყო მოპასუხე კომპანიასთან.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულება უშუალოდ მასსა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული დავის სათანადო მხარეს (და შესაბამისად, არასათანადო მოპასუხეა).
19. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: მშენებლობის მონიტორინგის ანგარიშით დადგენილია, რომ სწორედ მოპასუხის მიერ შერჩეულმა კონსულტანტმა მოპასუხისვე კუთვნილ ობიექტზე ჩაატარა მშენებლობის მინიტორინგი და შეაფასა როგორც შპს „ი“-ის, ასევე სხვა კომპანიებისა და, მათ შორის, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა და მათი გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობა (მაგალითად, მონიტორინგის ანგარიშში 2017 წლის მარტის თვის შეფასებისას კონსულტანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოებიდან სასტუმროს ნაწილის მეხუთე სართულზე მართკუთხა ვიტრაჟების თაღოვან ვიტრაჟებად გადაკეთების ნაწილში დამკვეთს აქვს პრეტენზია, რის გამოც უარს აცხადებს ნაკეთობის ჩაბარებაზე. ხოლო მოსარჩელე თანახმაა, აღნიშნული დეტალი თავიდან შეასრულოს. შესაბამისად, თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო ამ სამუშაოების შესასრულებლად, ვერ მოხვდა მიმდინარე შესრულებაში. ასევე, 2017 წლის მაისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად მოსარჩელემ მოაწყო პატარა ტამბური ბასეინთან, დიდი ბასეინის დაგრძელება, რომლის თანხაც ხარჯთაღრიცხვაში არ არის გათვალისწინებული); საექსპერტო დასკვნებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ობიექტზე აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, ხოლო მოპასუხემ მიიღო ისინი (აღსანიშნავია, რომ სამუშაოთა შესრულებას/მიღებას არც კასატორი ხდის სადავოდ. მეტიც, მოპასუხე თავადვე ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები განსხვავდებოდა საპროექტო დოკუმენტაციით შეთანხმებული სამუშაოებისგან და ცვლილებების ინიციატორიც თავად იყო, სწორედ მისი მითითებით მოსარჩელეს მოეთხოვებოდა პროექტისაგან განსხვავებული შესრულება (მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები რომ განსხვავდებოდა პირველადი საპროექტო დოკუმენტაციით შეთანხმებული სამუშაოებისგან დასტურდება ასევე საქმეში არსებული გია და არჩილ ქურდიანების სტუდია „დინასტიას“ წერილებით, შპს „ი“-ის წერილით, ასევე შპს „თ.ა–ის“ საექსპერტო დასკვნით)); 2016 წლის 22 დეკმბერს მოპასუხეს, შპს „ი“-სა და სს „ვ.ბ. ჯ–ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ისეთი სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ, წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური. სამუშაოს მიღების ვალდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგის ხარისხი. შესრულებული სამუშაოს მიღება კი წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშვება სსკ-ის 634-ე მუხლით გათვალისწინებული გირავნობის უფლება (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, 2016, გვ. 308).
21. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით შეთანხმებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობ, რაც მოპასუხეს წარმოუშობდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებას. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მითითებული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამრთლოს.
22. რაც შეეხება კასატორის აპელირებას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (საქმეში წარდგენილი მონიტორინგის ანგარიშებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს 01/08/2017-31/10/2017 საანგარიშო პერიოდში სამუშაოები სრულად არ შეუსრულებია (მას მთლიანი შესასრულებელი მოცულობიდან შესრულებული აქვს სამუშაოების 98%), 2018 წლის იანვრის მდგომარეობით კი მას კვლავ ჰქონდა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოები, შესაბამისად, ამ დროიდან ანაზღაურების მოთხოვნაც ვერ წარმოეშობოდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მე-15 პუნქტი, ტ. 4, ს.ფ 14-15) და თვლის, რომ კასატორს არც მითითებულ საკითხზე წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 244 ლარის 70% - 1 570.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ–ის“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის (საგადასახადო დავალება: 9090; გადახდის თარიღი 08.06.2023;) 70% – 5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ლ. მიქაბერიძე