Facebook Twitter

საქმე № ას-147-2024 15 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ჟ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მხარეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები განლაგებულია გვერდიგვერდ, ისე რომ ბინებში შესასვლელად სარგებლობენ საერთო დერეფნით. მოპასუხეს აღნიშნულ საერთო სარგებლობის ფართში თვითნებურად მოწყობილი აქვს სამზარეულო და სველი წერტილი. კერძოდ, დერეფანში მოპასუხეს განთავსებული აქვს გაზქურა, მაცივარი, ხელსაბანი/ონკანი, ჭურჭლის კარადები, რომელსაც მოიხმარს ყოველდღიურად. ზ.კ–ძე დერეფანში ამზადებს საჭმელს, რეცხავს ჭურჭელს, რაც თავისთავად იწვევს გაუსაძლის ხმაურს, სუნს, სიბინძურეს და ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. დერეფანი განკუთვნილია მხოლოდ ადამიანების გადასაადგილებლად ბინაში შესვლის მიზნით, მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს/სტუმრებს სჭირდებათ აღნიშნული დერეფნის გავლა მის საკუთრებაში არსებულ ბინაში შესასვლელად.

2. საცხოვრებელი შენობის ყოველ სართულზე მდებარეობს საერთო სამზარეულო ოთახი, თუმცა მოპასუხე არ სარგებლობს საერთო სამზარეულოთი და სამზარეულო სივრცედ იყენებს დერეფანს.

3. სასარჩელო მოთხოვნა

დაევალოს მოპასუხე ზ.კ–ძეს გამოათავისუფლოს ქ. თბილისში, ........ მდებარე, რ.ჟ–ის კუთვნილ ბინასთან (ს/კ .........) მისასვლელი საერთო სარგებლობის დერეფანი სამზარეულოს ნივთებისგან (მათ შორის, გაზქურა, მაცივარი, კარადები) და მოშალოს აღნიშნულ დერეფანში განთავსებული ხელსაბანი/ონკანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ.ჟ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.ჟ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ზ.კ–ძეს დაევალა ქ. თბილისში, ......... მდებარე, რ.ჟ–ის კუთვნილ ბინასთან (ს/კ ........) მისასვლელი საერთო სარგებლობის დერეფნის სამზარეულოს ნივთებისგან (მათ შორის, გაზქურა, მაცივარი, კარადები) გამოთავისუფლება და აღნიშნულ დერეფანში განთავსებული ხელსაბანი/ონკანის მოშლა.

7. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ.კ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

13. სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

14. აღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი, მართალია, განამტკიცებს საკუთრების უფლების აბსოლუტურობას, თუმცა აღნიშნული უფლება, როგორც სხვა ცალკეული უფლებებიც, უნდა იქნეს გააზრებული სხვა უფლებებთან თანაარსებობის კონტექტში ისე, რომ ურთერთკონკურენციისას დაცული იქნეს უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან მათ შორის არსებული ბალანსი. მართალია, საკუთრების უფლება კერძო სამართლის გაგებით აბსოლუტური ხასიათის უფლებაა, თუმცა ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ამ უფლებაში ჩარევა უფრო მაღალი უფლებრივი ინტერესის საპირწონედ, სწორედ აღნიშნული მოცემულობის გამოხატულებაა, მათ შორის, სსკ-ის 115-ე მუხლით განსაზღვრული უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპიც, სასამართლომ უნდა დაადგინოს უფლებათა კოლიზიური დამოკიდებულება რამდენად ქმნის რომელიმე მათგანისთვის შედარებითი უპირატესობის მინიჭების საფუძველს და რამდენად გამართლებული იქნება ასეთი სახის შეზღუდვა.

15. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებულ ფართში შესასვლელი არის საერთო აივნიდან. აივნიდან კარი შედის დერეფანში, სადაც ხელმარჯვნივ არის მოპასუხის საკუთრებაში შესასვლელი კარი, ხოლო პირდაპირ მოსარჩელის ბინაში შესასვლელი კარი. შესასვლელ დერეფანში განთავსებულია ნივთები - ორი მაცივარი, მაგიდა, ჭურჭლის კარადა, გაზქურა და ხელსაბანი (სველი წერტილი). აღნიშნული ნივთები მოპასუხის საკუთრებაა. მოსამართლის შეკითხვაზე, არის თუ არა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელ ბინაში ინდივიდუალური სამზარეულო ან სველი წერტილი, მოპასუხემ გასცა უარყოფითი პასუხი, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შენობაში გათვალისწინებულია საერთო სარგებლობის სველი წერტილები, მათ შორის, სამზარეულო. მოპასუხის განმარტებით სველი წერტილი (საპირფარეშო) მდებარეობს აივნიდან ხელმარცხნივ და რამდენიმე მობინადრე სარგებლობს ამ სველი წერტილით.

16. საერთო სარგებლობის დერეფანში, რომლითაც მოსარჩელე სარგებლობს კუთვნილ ბინაში შესასვლელად, მოპასუხეს მოწყობილი აქვს როგორც სველი წერტილი (პირსაბანი), ასევე სამზარეულო და ყოველდღიურად სარგებლობს იქ განთავსებული ნივთებით. სარგებლობა გამოიხატება საჭმლის მომზადებაში, რაც თავისთავად გამოყოფს სუნს, ასევე სარეცხის და ჭურჭლის გარეცხვაში და სველი წერტილის გამოყენებაში.

17. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით ცხადი ხდება, რომ მოპასუხე მხარეს საერთო სარგებლობის დერეფანში მოწყობილი აქვს სამზარეულო და სველი წერტილი, მაშინ, როდესაც ამავე სართულზე გათვალისწინებულია ცალკე არსებული საერთო სარგებლობის სამზარეულო და საპირფარეშო, რომლით სარგებლობაც არ არის შეზღუდული მხარეებისთვის, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატაც, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლო, მიიჩნევს, რომ რადგან მოპასუხე მხარეს აქვს შესაძლებლობა დანიშნულებისამებრ გამოიყენოს საერთო სარგებლობაში არსებული სამზარეულო და საპირფარეშო და მას არ ეზღუდება გამოყენების უფლება, გამოირიცხება სხვა სახის საერთო სარგებლობაში არსებული ფართების ინდივიდუალური მიზნით გამოყენების აუცილებლობის გამართლება, შესაბამისად, მოპასუხე გაუმართლებლად და არამიზნობრივად იყენებს პირადი სარგებლობისთვის იმ ფართს, რომელიც საერთო სარგებლობისთვისაა განკუთვნილი და ყველა მეზობელს თანაბარი უფლებები აქვს აღნიშნული ფართის მიმართ, ამიტომ, საკასაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხემ გამოათავისუფლოს აღნიშნული ტერიტორია მიიჩნევა მოსარჩელის უფლებაში აღდგენისთვის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებად, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ზ.კ–ძეს (ს.კ.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება: N1724; გადახდის თარიღი 30.01.2024;) 70% –210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე