საქმე №ას-1185-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება (სარჩელით), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ე–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 13.02.2020 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის 3764,70 ლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 13.02.2020 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის საურავის - 3764,70 ლარის გადახდის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2022 წლის გადაწყვეტილებით - მიმწოდებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შემსყიდველის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 376,47 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 13.02.2020 წელს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №15/3-63 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა კარაქის შესყიდვა, შესაბამისი სატენდერო პირობებითა და ფასით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 112 950,00 ლარით. საქონელი უნდა მიწოდებულიყო 30.06.2020 წლის ჩათვლით (რაც შესაძლოა, გაზრდილიყო არაუმეტეს 15 კალენდარული დღით).
3.2. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება შეეხებოდა საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებას (მათ შორის ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორების ვადა), შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ თითოეული ლოკაციისთვის არანაკლებ დღეში - 35 ლარისა.
3.3. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, მხარეები არ იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, ეპიდემია, კარანტინი ან მსგავსი მოვლენა, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენდნენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევდა შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
3.4. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებდა მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეცდებოდა, გამოენახა ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებოდა ფორსმაჟორული გარემოებებისაგან.
3.5. ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველის 30.03.2020 წლის წერილის შესაბამისად, მიმწოდებელს 10.04.2020 წლის ჩათვლით შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 2 500,00 კგ კარაქი, 42 750,00 ლარის ღირებულებით.
3.6. მოპასუხის 05.08.2020 წლის წერილის თანახმად, საქონელი მიწოდებულია ეტაპობრივად: 24.04.2020 წელს - 8 550,00 ლარის საქონელი, ერთი დღის საურავი - 85,50 ლარი, 14 დღე, ჯამურად - 1 197,00 ლარი, 15.05.2020 წელს - 7 267,50 ლარის, ერთი დღის საურავი 68,40 ლარი, 21 დღე, ჯამურად - 1 436,40 ლარი, 21.05.2020 წელს - 7 695,00 ლარის, ერთი დღის საურავი 53,87 ლარი, 6 დღე, ჯამურად - 323,22 ლარი, 11.06.2020 წელს მიეწოდა 19 237,50 ლარის საქონელი, ერთი დღის საურავი 38,48 ლარი, 21 დღე, ჯამურად - 808,08 ლარი. მხარეებს შორის სადავო არ არის მიწოდების თარიღი და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.
3.7. მიმწოდებლის მითითებით, ვადის გადაცილება განაპირობა ფორსმაჟორულმა გარემოებამ, რაც გამოიხატა პანდემიით გამოწვეულ ბაზარზე არსებული პროდუქციის დეფიციტით; დასახელებული გარემოების დასადასტურებლად მიმწოდებელმა მიუთითა 14.05.2020 წლის შპს „პ–ის“ წერილზე, რომლის თანახმად, ნიდერლანდებიდან ნაღების კარაქის მიწოდება ვერ ხერხდებოდა, პროდუქციის დეფიციტის გამო.
3.8. სასამართლომ განმარტა, რომ გარემოების ფორსმაჟორად მიჩნევისთვის აუცილებელია, დაკმაყოფილდეს ყველა შემდეგი წინაპირობა: გარემოებამ უშუალოდ უნდა გამოიწვიოს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა (აუცილებელია პირმა დაასაბუთოს, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულება შეუძლებელია); ფორსმაჟორულ გარემოებასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი კავშირი; გარემოება უნდა იყოს უჩვეულო და მხარის კონტროლს მიღმა წარმოშობილი (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს წარმოიქმნა თუ არა ვალდებულების შესრულებისათვის ხელშემშლელი გარემოება მხარის ნებისაგან დამოუკიდებლად); გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება გონივრულად შეუძლებელი უნდა იყოს (თუ მხარეს ხელშეკრულების დადებისას შეეძლო გაეთვალისწინებინა ან შემდგომ თავიდან აეცილებინა გარკვეული მოვლენის დადგომა, მაშინ იმისდა მიუხედავად, რომ მოვლენა ობიექტურად მასშტაბური ხასიათისაა და პირს ხელს უშლის ვალდებულების შესრულებაში, ის მაინც ვერ მიიჩნევა ფორსმაჟორად).
3.9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ ხელშეკრულება დაიდო პანდემიის პირობებში - 13.02.2020 წელს. შესაბამისად, მიმწოდებელს, როგორც მეწარმე სუბიექტს, იმთავითვე უნდა გაეთვალა ის რისკები, რაც შესაძლოა გამოეწვია პანდემიას.
3.10. საქმეში არსებული წერილებით დგინდება, რომ მიმწოდებელმა პროდუქციის ჩანაცვლების უფლების მიღების მოთხოვნით მიმართა შესაბამის უფლებამოსილ პირს - კონსოლიდირებული ტენდერის კომისიას ორჯერ - 07.04.2020 წელს და 05.06.2020 წელს; კომისიის 16.04.2020 წლისა და 09.06.2020 წლის გადაწყვეტილებებით მიმწოდებელს პროდუქციის ჩანაცვლების უფლება მიეცა. მხარეს მიწოდების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის ორივე მიმართვა გაითვალისწინა და კონსოლიდირებული ტენდერის კომისიამ ორჯერვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მიმწოდებელმა დროულად ვერ მიაწოდა პროდუქცია - 16.04.2020 წლის გადაწყვეტილებით ჩანაცვლებული პროდუქცია მიაწოდა 24.04.2020 წელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა ვერ მართა რისკები და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები დროულად ვერ დაგეგმა.
3.11. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებ მხარეს კი, რაც შეიძლებოდა მოკლე დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. 8.2. პუნქტის თანახმად კი, მხარეებს ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, ვადის გაგრძელებაზე შეთანხმებაც შეეძლოთ, რაც საჭიროებდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მიმწოდებელმა მხარეთა მიერ ფორსმაჟორის შესახებ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, არ გამოიყენა შეტყობინების მექანიზმი ფორსმაჟორული გარემოებების მითითებით, თუმცა მან გამოიყენა მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა მექანიზმი (ხელშეკრულების 8.2. პუნქტი), რის შესაბამისად მიმწოდებელმა მიუთითა არა დროებით შეუძლებლობასა და ვადის გადაწევაზე, არამედ არსებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე და, ამასთან, შესრულების ვადის გაგრძელება (8.2 პუნქტის შესაბამისად) მხარეს არ მოუთხოვია.
3.12. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება უშუალო მიზეზობრივი კავშირი მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის გადაცილებასა და პანდემიას შორის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფორსმაჟორული გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავდა მიმწოდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3.13. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს - 3764,70 ლარის მიმწოდებლისთვის დაკისრება. ვინაიდან არ დადგინდა ფორსმაჟორული გარემოებით გამოწვეული შესრულების შეუძლებლობა, მიმწოდებელი არ თავისუფლდება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე, 418-ე მუხლებით და მიუთითა, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა პირობა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2%, არ იყო დარღვევის თანაზომიერი, არ შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის შედეგებს და, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, უნდა შემცირებულიყო - 376,47 ლარამდე.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ (შემსყიდველმა), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების არაკანონიერებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევით და არა, მაგალითად, შესყიდვის ობიექტის მიუწოდებლობით ან უშუალოდ გაწეული მომსახურების უხარისხობით. პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შემცირდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ (შემსყიდველმა) წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების (ვალდებულების დარღვევის) გამო ხელშეკრულებით შეთანხმებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 3764,70 ლარი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.6 პუნქტი). აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა მხოლოდ სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, რაც გასაჩივრებული განჩინებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც და არ დააკმაყოფილა შემსყიდველის/შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. ამ უკანასკნელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა არ არსებობს.
10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა.
11. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს კვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე იხ: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ; სუსგ №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია (აღნიშნულზე იგი არც მის მიერ პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში არ უთითებდა). სსსკ-ის 201.4 მუხლის თანახმად, იგი ვალდებული იყო, სრულყოფილად აესახა და დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ. პ.17). აღნიშნული საპროცესო დანაწესის დარღვევა განაპირობებს საქმეზე არაწორი გადაწყვეტილების გამოტანას.
15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი (შდრ. სუსგ №ას-559-2023, 30.05.2023წ.).
16. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, მიღებული იქნეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლისათვის 3764.70 ლარის დაკისრების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება.
17. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს (მიმწოდებელს) წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის გადახდისგანაც შეგებებულ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გათავისუფლებული იყო შემსყიდველი, ჯამურად - 281.47 ლარი (სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, ასევე, სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. შპს „ე–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 3764.70 ლარის გადახდა.
5. შპს „ე–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 281.47 ლარის ოდენობით.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია