Facebook Twitter

საქმე №ას-1103-2023 02 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ა.მ.კ–ია" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ბ.ნ. ს.უ–ი’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.06.2023 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 22.05.2023 წლის საოქმო განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ბ.ნ....“-მა (უფლებამონაცვლე - შპს „ა.ა.მ.კ–ია“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.ნ ს.უ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6699.33 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 01.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ტერიტორიაზე, ნ–ის აკვატორიაში, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების - „ელიტას“ წყალზე დგომის უზრუნველყოფა. 01.01.2016 წლიდან 30.04.2016 წლის ჩათვლით, მოპასუხეს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება, ჯამურად 1429 ლარი, საიდანაც გადახდილია 708.6 ლარი. შესაბამისად, დავალიანება შეადგენს 720.4 ლარს.

2.2. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე - ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი. მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დროისთვის ერიცხება 5958.93 ლარის პირგასამტეხლო და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი.

3. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6699.33 ლარის გადახდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2018 წლის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 15.06.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება; მოპასუხეს აღუდგა შესაგებლის წარდგენის ვადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 21.12.2022 წელს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6699.33 ლარის გადახდა.

სასამართლოს მითითებით, 21.12.2022 წელს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში სსსკ) დადგენილი წესით. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ მიიჩნია საპატიოდ, დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც გამოტანილი უნდა ყოფილიყო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. 21.12.2022 წელს, დილის 10:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიას წარედგინა მოპასუხის წარმომადგენლის - კ.ბ–ას განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. განცხადებას ერთვოდა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც სამედიცინო დიაგნოზთან ერთად, მითითებულია ექიმის მკაცრი რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის უხეში დარღვევით, მაინც მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განცხადება სასამართლოში წარადგინა ადვოკატმა - პაატა ბერიძემ.

5.2. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.06.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.12.2022 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21.12.2022 წელს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე, სასამართლოს კანცელარიაში შევიდა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება თანდართული ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა, დიაგნოზი მწვავე ბრონქიტი, რეკომენდაცია: „მწვავე-წოლითი რეჟიმი“). ცნობა ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

6.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 21.12.2022 წელს დაახლოებით დილის 11-ის წუთებზე სასამართლოში შევიდა მოპასუხის წარმომადგენლის კ.ბ–ას განცხადება, მოსარჩელის მიმართ, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, რასაც ერთვოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ერთ ფურცლად. განცხადების ადრესატად მითითებული იყო მოსამართლე გ.კ–ი, რომლის თანაშემწეს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეცდომით ჩაბარდა აღნიშნული განცხადება. შეცდომა აღმოაჩინეს დაახლოებით 11:10 საათზე, რის შემდეგაც განცხადება (დანართით) გადაეცა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს.

6.3. კ.ბ–ა განცხადებაში განმარტავდა, რომ ვერ დაესწრებოდა სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და რომ ექიმის რეკომენდაციით განსაზღვრული ჰქონდა წოლითი რეჟიმი. ამ მიზეზთა გამო განმცხადებელი სხდომის სხვა დროისათვის გადადებას ითხოვდა. განცხადებას თან ერთვოდა შპს „ბ.№? პ–ის“ ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა განცხადებაში მითითებული გარემოება განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახელდობრ: ავადობა მიმდინარეობს მწვავედ, განსაზღვრული აქვს წოლითი რეჟიმი.

6.4. პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 233.1, 241-ე, 215.3 მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორმა, ასევე, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.05.2023 წლის საოქმო განჩინების გაუქმება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის დასკვნას სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

14. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ; №ას-1472-2022, 21.03.2023წ.).

15. სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (სუსგ №ას-1504-2019, 13.03.2020წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21.12.2022 წელს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის თაობაზე სსსკ-ით დადგენილი წესით. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც დაკმაყოფილდა. განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ მიუთითა, რომ მისმა წარმომადგენელმა სხდომამდე განცხადებით მიმართა სასამართლოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქმის განხილვის გადადება მოითხოვა.

17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ №ას-306-2021, 29.11.2022წ.).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიმართულია ზემოთ მითითებული ნორმის იმგვარად განმარტებისაკენ, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამასთან, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინება, თუმცა კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (სუსგ №ას-327-309-2017, 21.04.2017წ.).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოცხადების შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (სუსგ №ას-1674-2019, 14.09.2020წ; №ას-1782-2018, 25.01.2022წ; №ას-88-2023, 10.03.2023წ; №ას-1519-2022, 04.04.2023წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21.12.2022 წელს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე, სასამართლოს კანცელარიას წარედგინა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება თანდართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით - სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა, დიაგნოზი მწვავე ბრონქიტი, რეკომენდაცია: „მწვავე-წოლითი რეჟიმი“. ცნობა ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ (ტ.1, ს.ფ. 215-216). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და მასში მითითებული ინფორმაცია საკმარისია იმ გარემოების დადასტურებისთვის, რომ მოპასუხის წარმომადგენელს, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო პროცესზე გამოცხადება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომის გადადების თაობაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა სხდომის დაწყებამდე, თუმცა, განცხადების განაწილებისას დაშვებული შეცდომის გამო, განცხადება საქმის განმხილველ მოსამართლეს დაგვიანებით გადაეცა, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ სხდომის გადადების შესახებ მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება სასამართლოს წარედგინა 21.12.2022 წელს, „დაახლოებით დილის 11-ის წუთებზე“, თუმცა განცხადება შეცდომით ჩაბარდა სხვა მოსამართლის თანაშემწეს, შეცდომა აღმოაჩინეს დაახლოებით 11:10 საათზე, რის შემდეგაც განცხადება გადაეცა საქმის განმხილველ მოსამართლეს (ტ.1, ს.ფ. 217-218).

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც (სუსგ №ას-1504-2019, 13.03.2020წ.). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, რაც სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. ამრიგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

23. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 08.12.2011წ; №ას-849-799-2015, 24.06.2016წ; №ას-381-354-2017, 13.11.2017წ; №ას-78-74-2017, 29.12.2017წ; №ას-243-2022, 10.11.2022წ; №ას-1519-2022, 04.04.2023წ.).

24. სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ 22.05.2023 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მტკიცებულებების გამოთხოვასა და მოწმის დაკითხვაზე (ტ.2, ს.ფ. 88-95, იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (Dombo Beheer B.V. v. The Netherlands, №14448/88, 27.10.1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, №23805/94, 04.12.1995წ., §38). კონვენცია მიზნად ისახავს იმ უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], №36760/06, 17.01.2012წ., §231) (სუსგ №ას-1469-1389-2017, 21.06.2018წ.). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (Bartaia v. Georgia, №10978/06, 26.07.2018წ. (საბოლოო გახდა 26.10.2018წ.), §34) (შდრ. სუსგ №ას-28-2021, 12.03.2021წ; №ას-1751-2018, 01.06.2020წ.).

26. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ას-849-799-2015, 24.06.2016წ; №ას-381-354-2017, 13.11.2017წ; №ას-306-2021, 29.11.2022წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. არც საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არსებობს სამართლის განვითარების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 335 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 234.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ა.მ.კ–იის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ა.ა.მ.კ–იას" (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 335 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №5467922, გადახდის თარიღი 30.06.2023წ.) 70% – 234.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია