Facebook Twitter

საქმე №ას-69-2024 29 მარტი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.თ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.ლ.ი–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ბ.ლ.ი–ის" (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ შპს ,,ჯ.თ.ჰ–ს" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) დაეკისრა 793.08 ლარის, გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

2. ამავე სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (საჩივარი) სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სააპელაციო სასამართლო გაეცნო მოპასუხის საჩივარს და მიიჩნია, რომ იგი, თავისი შინაარსით, არის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე, რომელიც არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 240-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნებს;

4.2. სსსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, გასაჩივრდება სააპელაციო წესით, ხოლო ამავე კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი;

ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;

ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას;

თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;

4.3. მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი სსსკ-ის 368.1-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით) შედგენილი სააპელაციო საჩივარი;

4.4. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს;

4.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი (მოპასუხე) ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სრულად გაუქმებას. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 793.08 ლარის გადახდა დაეკისრა;

4.6. განსახილველ შემთხევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენს - 793.08 ლარს. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.

5. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და, მისი უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხეს რაიონული სასამართლოს შეტყობინება სსსკ-ით დადგენილი წესით არ მიუღია, შესაბამისად, უსაფუძვლოა მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაც.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება, სააპელაციო სასამართლოს მაინც უნდა განეხილა სააპელაციო საჩივარი, რადგან იგი მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხებოდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით იქნა გამოტანილი. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მოპასუხის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დაირღვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი; შეად. სუსგ Nას-919-2018, 20.09.2018 წ.).

13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

14. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

15. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა) (იხ. სუსგ N ას-978-2018; 04.09.2018 წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით მიიღება და, მიუხედავად იმისა, მოდავე მხარე ეთანხმება თუ არა ამ გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს, მისი სააპელაციო წესით განსახილველად დაშვების სავალდებულობას, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, , საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქონებრივი დავების გასაჩივრების მიმართ კანონმდებელი ადგენს შეზღუდვას, რაც დავის საგნის ღირებულებაში გამოიხატება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ტიპის მართლმსაჯულების აქტის ერთჯერადად, საჩივრის იმავე ინსტანციის სასამართლოში წარდგენის წესი, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ადრესატის ინტერესების დაცვას ემსახურება, რათა ყოველმხრივ იყოს გამორიცხული მხარის უფლების არამართლზომიერი შეზღუდვა (სუსგ N ას-1677-1665-2011, 29.12.2011).

17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს კერძო საჩივარში მითითებულ სხვა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სცილდება აღნიშნული კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.თ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე