საქმე №ას-144-2024 29 მარტი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სარჩოს დანიშვნა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან ყოფილი დასაქმებული) სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საწარმო ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, სარჩოს დანიშვნისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საწარმოო ტრავმის გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 2023 წლის 11 მაისიდან 627 ლარის გადახდა დაეკისრა, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის შეტანამდე ბოლო 36 თვის გაცემულ სარჩოსა და გასაცემ სარჩოს შორის სხვაობის სახით, 12 097.92 ლარის გადახდა დაეკისრა, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე 1951 წლის 21 იანვარს დაიბადა და სარჩელის შეტანის პერიოდისათვის იგი უკვე საპენსიო ასაკს (72 წლის)იყო მიღწეული;
3.2. მოსარჩელე 1972 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მებუნიკის (“ბაშმაჩიკის”) პოზიციაზე;
3.3. დასაქმებულმა 1975 წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას საწარმოო ტრავმა მიიღო;
3.4. სამსახურში არასათანადო მოპყრობასთან ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული სხვა ზიანის ანაზღაურების შესახებ დასკვნიდან გამომდინარე, 1976 წელს, დამსაქმებელმა (მოპასუხემ) მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს სახით 26 მანეთი და 27 კაპიკი ნებაყოფლობით დაუნიშნა;
3.5. საექიმო შრომის ექსპერტიზის ხელმეორედ გავლისას, 14.08.1984 წელს, მოსარჩელეს საწარმოო ტრავმის გამო შრომისუნარიანობის 60%-ით დაკარგვა დაუდგინდა. მოსარჩელე, 1982 წლიდან, ზომიერად გამოხატული შშმ პირია, უვადოდ. ამჟამად იგი პენსიას - 365 ლარს იღებს;
3.6. მოპასუხე მოსარჩელეს, სარჩოს სახით, ყოველთვიურად ნებაყოფლობით 114.28 ლარს (დარიცხული) ურიცხავს;
3.7. მოპასუხე საწარმოს ფილიალ ს.რ–ის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სადგურ თბილისი-მახარისხებლის მებუნიკის თანამდებობრივი სარგოს ცვლილება 2018 წლიდან დღემდე შემდეგნაირია: 01.01.2018 წ. - 550 ლარი; 01.12.2019 წ. - 605 ლარი; 01.09.2021 წ. - 795 ლარი; 01.01.2023 წ. (დღემდე)- 1045 ლარი;
3.8. მოპასუხე მოსარჩელისათვის გადასახდელი სარჩოს ნებაყოფლობით გაზრდის წინააღმდეგია;
3.9. მოსარჩელემ სარჩოს დანიშვნისა და, მისი ოდენობის ზრდის მიხედვით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით სხვაობის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში 11.05.2023 წელს აღძრა.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
5. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდეგში: სსკ) ზიანის ანაზღაურების ორ წესს ადგენს: ა) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და ბ) დელიქტური ვალდებულებები, თუმცა, დაზარალებული პირის უფლებრივი რესტიტუციის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, კანონი მათ თანაარსებობას დასაშვებად მიიჩნევს, რამდენადაც სსკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება, ასევე, სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ-ები: №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.; №ას-349-349-2018, 18.06.2020 წ.).
6. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და აღნიშნა, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს შესაბამის პასუხისმგებელ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ აღდგეს ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე. წინამდებარე შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო, დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადოს (დისპოზიცია: ,,თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით’’). სხვა სამოქალაქო საქმეშიც, რომელშიც აგრეთვე შესაფასებელი იყო სარჩოს გადაანგარიშების წინაპირობები, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია წარმოშობილი იყო თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი მუშაკის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. სუსგ-ები: №ას-1220-1145-2015, 3,06.2016 წ., №ას-1742-2018, 27.12.2018 წ.).
7. საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც. კერძოდ, სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
8. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მარჩენალი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (იხ. სუსგ №ას-169-497-09, 24.07.2009 წ.).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო, აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ-ები: №1216-1141-2015, 03.06.2016 წ.; №1220-1145-2015, 03.06., 2016 წ.; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.).
10. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ-ები №ას-349-349-2018, 18.06.2020 წ.; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ., №ას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ.; №ას-1180-1141-2016, 07.04, 2017 წ.).
11. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სარჩოს გადააგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები: N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N 789-746-2015, 22.01.2016წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; წ; N ას-1220-1145-2016, 05.06.2016წ; N ას-1810-2018, 31.05.2019წ; N ას-1514-2018, 10.07. 2020წ; N ას-1708-2019, 24.12.2020წ; N ას-1404-2019, 13.04.2021წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ; N ას-62-2023, 16.03.2023წ.).
12. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 65 წელი პენსიის დანიშვნის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1951 წლის 21 იანვარს დაიბადა, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი 2016 წლის 21 იანვარს შეუსრულდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის (დამსაქმებლის) შედავება და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, გაუმართლებლად მიიჩნია პირის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის (ყოფილი დასაქმებულის) მსჯელობა იმის შესახებ, რომ იგი ითხოვს არა სარჩოს გადაანგარიშებას, არამედ - სარჩოს დანიშვნას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ სარჩოს გადაანგარიშებას ითხოვს საწარმოში ანალოგიურ პოზიციაზე მომუშავე პირის გაზრდილი ხელფასის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაუშვებლად მიიჩნია სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, ასევე უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს მისი მოთხოვნა მიუღებელი სარჩოს ოდენობის (როგორც ზიანის) დაკისრების შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს საპენსიო ასაკის შემდგომი პერიოდის მიუღებელი სარჩოს გადახდას.
13. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია მყარი პრაქტიკა, რომლის საფუძველზე, განმარტებულია, როგორც სარჩოს გადაანგარიშების დაუშვებლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ისე, საქმის გარემოებების შეფასების ის კრიტერიუმები, როდესაც შრომისუნარდაკარგული პირის ან მარჩენალის მიერ მუშაობის შესაძლებლობის პრეზუმფციაა დაშვებული.
14. განსახილველი დავის ერთ-ერთ ანალოგიურ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის“ (იხ. სუსგ-ები: Nას-789-746-2015, 22,01.2016წ; Nას-1220-1145-2016, 05.06.2016 წ). საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია: „ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ელმავლის მემანქანის თანაშემწე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა (იხ. სუსგ N 789-746-2015, 22.01.2016წ.).
15. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს გადაანგარიშებასთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს არც ის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული არ არის და შესაბამისად არ ხდება სასამართლოს მიერ დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება რა დროსაც მოსარჩელის ასაკის გათვალისწინება ხდება, არამედ ადგილი აქვს მოპასუხის მხრიდან შესრულებით სარჩოს გადახდის ვალდებულების აღიარებას და ამ გადაწყვეტილებით სარჩოს ოდენობის განსაზღვრას.
16. მითითებული მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოპასუხე ახორციელებს გარკვეული ოდენობის სარჩოს ანაზღაურებას, შესაბამისად მუშაკის მხრიდან საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ ხელფასის გაზრდა მხედველობაში ვერ მიიღება და ვერ მოხდება აღნიშნულის შესაბამისად, სარჩოს ოდენობის განსაზღვრა/გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილება კონკრეტული ოდენობით სარჩოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში კი, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ხელფასის მატება იწყება 2018 წლიდან, რა დროსაც მოსარჩელე უკვე იყო საპენსიო ასაკის, შესაბამისად, მოთხოვნა სხვაობის ანაზღაურებასთან და სამომავლოდ სარჩოს გადაანგარიშებასთან მიმართებით, არსებული მოცემულობით, დაუსაბუთებელია. ამასთანავე, მოპასუხეს ეკისრება სარჩოს გადახდის ვალდებულება პირის სიცოცხლის მანძილზე, თუმცა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა ვერ დაექვემდებარება დაკმაყოფილებას, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა/არარასებობისა.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა სასამართლოს მიერ დანიშნულ სარჩოს შეეხება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის;
17.3. კასატორის განმარტებით, მან საწარმოო ტრავმა მიიღო (პროფესიული შრომის უნარი 60%-ით დაკარგა), რის გამოც სარჩო დაენიშნა, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გახდა და მისთვის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი მოპასუხე საწარმოა. კასატორი გაეროს 2006 წლის კონვენციასა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, და 2020 წლის 14 ივლისის კანონზე უთითებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ;
17.4. კასატორის განმარტებით, რომ არა საწარმოო ტრავმა იგი მუშაობას გააგრძელებდა და გაზრდილ ხელფასს მიიღებდა.
17.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
22. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე საწარმოსათვის სარჩოს გაზრდილი (გადაანგარიშებული) ოდენობის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების საფუძველზე, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როდემდეა ძალაში რჩენის ვალდებულება და განსახილველ შემთხვევაში რამდენად არსებობს მოსარჩელისათვის მოქმედი მებუნიკის ხელფასის მიხედვით სარჩოს (მათ შორის, სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხას შორის სხვაობის) გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე საწარმოო ტრავმის მიღებამდე დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მებუნიკის პოზიციაზე. მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რითაც დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით. მოპასუხე საწარმომ მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს ნებაყოფლობით გადახდა იკისრა.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოპასუხემ სარჩოს გადახდა ნებაყოფლობით დაიწყო და სარჩოს გადახდის ვალდებულება სასამართლოს არ დაუწესებია, გაზრდილი ხელფასის გადაანგარიშების საკითხი სხვაგვარად წესრიგდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს კასატორისეული სუბიექტური მოსაზრებაა და მას სამართლებრივი საფუძველი არგააჩნია.
25. მოცემულ დავაზე დადგენილია წინამდებარე განჩინების 3.1-3.9 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ (იხ. 4-16 პუნქტები), ამასთან, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია მყარი პრაქტიკა, რომლის საფუძველზე განმარტებულია, როგორც სარჩოს გადაანგარიშების დაუშვებლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ისე, საქმის გარემოებების შეფასების ის კრიტერიუმები, როდესაც შრომისუნარდაკარგული პირის მიერ მუშაობის შესაძლებლობის პრეზუმფციაა დაშვებული. განსახილველი დავის ერთ-ერთ ანალოგიურ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის“ (იხ. სუსგ-ები: N ას-789-746-2015, 22,01.2016წ; N ას-1220-1145-2016, 05.06.2016წ). საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია: „ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ელმავლის მემანქანის თანაშემწე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამ ეტაპზე, საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე შედავება კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე“. (იხ. სუსგ N 789-746-2015, 22.01.2016წ.).
26. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები: N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N 789-746-2015, 22.01.2016წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; წ; N ას-1220-1145-2016, 05.06.2016წ; N ას-1810-2018, 31.05.2019წ; N ას-1514-2018, 10.07. 2020წ; N ას-1708-2019, 24.12.2020წ; N ას-1404-2019, 13.04.2021წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ; N ას-62-2023, 16.03.2023წ; N ას-412-2023, 25.05.2023წ; N ას-1248-2023, 16.112023წ.).
27. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა, რომ ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება, მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018 18.06.2020წ; Nას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; Nას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; Nას-799-766-2016, 08.05.2017 წ; Nას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; Nას-269-2022, 31.05.2022 წ; N ას-62-2023, 16.03.2023წ.).
28. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც დადგინდა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელე 60 წლის იყო და მან დაკარგა 60%-ით პროფესიული საქმიანობის უნარი შრომითი მოვალეობის შესრულების დროს, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ არ იყო გასაზიარებელი დამსაქმებლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე (სადგურის მორიგედ მუშაობდა საწარმოო ტრავმის მიღებამდე), ის ვერ შეინარჩუნებდა იმ სპეციფიურ უნარებს და ჯანმრთელობის იმავე მდგომარეობას, როგორც ადრე ჰქონდა (დასახიჩრებამდე) და საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვერ გაივლიდა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ შემოწმებას. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დადგენილი წესით გადამოწმების შედეგად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექნებოდა დასაქმებულს, ეს მხოლოდ სავარაუდო საკითხია და ობიექტურად ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. ამ საქმეზე დამსაქმებელი კომპანიის საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დასაქმებული ვერ გაივლიდა შემოწმებას; რომ არა პროფესიული შრომისუნარიანობის უვადოდ დაკარგვა, დასაქმებულს შეეძლო არა მხოლოდ ემუშავა, არამედ კარიერული დაწინაურების პრინციპითაც ესარგებლა და საკუთარი შრომით არათუ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე განსაზღვრული და შემდეგ გაზრდილი ოდენობის ხელფასი, არამედ უფრო მეტი ანაზღაურება გამოემუშავებინა. ამდენად, ყველა ვარაუდი იმ პირის სასარგებლოდ მოქმედებს, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საწარმოო ტრავმის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა და მოეშალა შრომის უნარი ნაწილობრივ ან სრულად (იხ. სუსგ N ას-62-2023, 16.03.2023წ.).
29. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე, სავსებით სწორი მსჯელობა და დასკვნებია გამოტანილი იმავე სასამართლოს მიერ. კასატორის პრეტენზია სარჩოს სასამართლოს მიერ დაუნიშვნელობის გამო გადაანგარიშების სხვაგვარი მოწესრიგების თაობაზე, დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის დასაშვებად ცნობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად უნდა დარჩეს.
30. კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე