საქმე №ას-164-2024 29 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – #46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მ.ლ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი #46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 9 238.33 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: დაბა ...., ........, ს/კ ......... (ყოფილი განათლების შენობა);
3.2. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოდავე მხარეები განთავსებული არიან ერთ შენობაში, მოსარჩელის ბინის ზემოთ მდებარეობს მოპასუხე კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზამთრის პერიოდში ძლიერმა ყინვამ გამოიწვია პლასტმასის წყლის მილის დაზიანება-გასკდომა, არასამუშაო დღეებში და საათებში, რითაც წყალი ჩავიდა და ნამდვილად დაზიანდა მოსარჩელის უძრავი ქონება, კერძოდ, უძრავი ქონების ჭერი, ელექტროგაყვანილობა, საძინებელი (დაახლოებით 10-12 კვ.მ.). აპელანტი სადავოდ ხდიდა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილ ზიანის ოდენობას და შპს ,,ა.ჯ–ის“ მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვის სანდოობას;
3.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ა.ჯ–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით და ფოტოსურათებით, მოსარჩელის უძრავი ქონება დაზიანებულია და მისი რეაბილიტაციისათვის საჭიროა 9238,33 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება;
3.5. მაღალმთიან რეგიონში, იქ სადაც მოსარჩელეს საცხოვრებელი ბინა აქვს, არის საკმაოდ მკაცრი ზამთარი და ამ სეზონისათვის ძლიერი ყინვები ჩვეულებრივი მოვლენაა. სწორედ ძლიერი ყინვის შედეგად გასკდა წყლის მილი. მოპასუხე მხარემ იცოდა, რომ შეიძლებოდა ძლიერ ყინვას გამოეწვია წყლის მილის გასკდომა-დაზიანება, თუმცა არ მიიღო სათანადო ზომები, რათა ყინვისგან დაცვის მიზნით, შეეფუთა წყლის მილები შესაბამისი ელასტიური შესაფუთი საშუალებით - მილებით, რომელსაც აქვს თბოშენარჩუნების მაღალი კოეფიციენტი. აღნიშნული ზომების მიღების შედეგად არ დადგებოდა ის შედეგი, რაც მოცემულ შემთხვევაში ყინვამ გამოიწვია (მილების გასკდომა-დაზიანება, წყლის ჩასვლა საცხოვრებელ ფართში და სხვისი ნივთის დაზიანება). მითითებული ღონისძიებების გამოყენებით, მოპასუხეს შეეძლო თავიდან აეცილებინა ზიანი. მან არ დაიცვა ჩვეულებრივი წინდახედულების ნორმები და არ უზრუნველყო ზამთრის პერიოდის დადგომისას გასატარებელი მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომლის შეუსრულებლობამაც ყინვის შედეგად მილის გასკდომა გამოიწვია.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317.1-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
5. სსკ-ის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. მხოლოდ აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაეკისროს, პირს (ზიანის მიმყენებელს) დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 წ.).
6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, არსებობდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები, რაც მოპასუხისათვის ზიანის თანხის დაკისრების საფუძველია.
7. მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა.ჯ–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით დადგენილია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების რეაბილიტაციისათვის საჭიროა 9 238,33 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება.
8. მოპასუხე/აპელანტი სადავოდ ხდიდა აღნიშნულ დასკვნას, თუმცა, დასკვნისა და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც შესატყვისი სამართლებრივი ღირებულების იქნებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილება.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მესაკუთრის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა დაბა ლენტეხში მისი ბინის დაზიანებული ოთახების რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შედგენილია შპს ,,ა.ჯ–ის“ მიერ. მითითებული დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ბინის რეაბილიტაციისათვის ჩასატარებელი სამუშაოების დასახელებას და დანახარჯების ოდენობას. დოკუმენტი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ;
9.3. გაურკვეველია რა მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ წყლის ჩამოდინების შედეგად გამოწვეული დაზიანების გამოსასწორებლად ჩასატარებელი სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 9 238,33 ლარს შეადგენს.
9.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით. მსგავს დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა შესატყვისი განმარტებებით (იხ.სუსგ-ები: N ას-1292-2023, 26.12.2023; N ას-1582-2022, 02.11.2023წ; N ას- 326-2023, 24.07.2023წ. N ას-188-2023, 30.05.2023წ; N ას-299-2023, 11.05.2023წ; N ას-178-2023, 21.04.2023წ.).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხის ძირითადი პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოპასუხის ფართიდან წყლის ჩადინებასა და მოსარჩელის კუთვნილი ფართის დაზიანებას შორის მიზეზობრივ კავშირს ვერ ადასტურებს. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან, სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან „1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი“, 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლებიდან.
15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
16. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ Nას-72-72-2018, 15.02.2018).
17. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნას გააქარწყლებდა.
18. საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე განმარტა: “პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” (იხ. სუსგ # ას-1287-1208-2016, 26.02.2016წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფართი და როგორ შეიცვალა ვითარება მოპასუხის კუთვნილი მილებიდან წყლის ჩადინების შედეგად, დადგენილი აქვს სასამართლოს. შესაბამისად, გამოკვეთილია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. კასატორის საყურადღებოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი ნორმის მოძიება და მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-910-2018, 20.09.2018წ; Nას-737-689-2017, 11.04.2018წ.) და საკასაციო სამართალწარმოების საპროცესოსამართლებრივ თავისებურებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზეც იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) სამართლებრივ მოტივაციაზე.
20. ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რასაც სსკ-ის მე-1000 მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა, ადგენს. ამ ვითარებაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, მოთხოვნა წარმოშობილია, მოპასუხის სტადიის შემოწმების ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, არაკვალიფიციური შედავებისა და საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
21. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (დელიქტური სამართალდარღვევის) დამადასტურებელ მტკიცებულებებად მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა, რომლის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის. მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება კი მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას ვერ გადასწონის.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. #46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე