Facebook Twitter

საქმე №ას-618-2023 22 მარტი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ს–ი, მ.ს–ი, ლ.ს–ი, ე.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ს–ის, მ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სარჩელი თ.ს–ის წინააღმდეგ, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელეების მამა - ი.ს–ი 2009 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა. ი.ს–ი 1979 წლის 14 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ.ს–თან (დ–ვა). დ.ს–ი 1995 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა;

2.2. ლ.ს–ი, მ.ს–ი, ლ.ს–ი და ე.ნ–ძე არიან 2009 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლ. ი.ს–ის შვილები, კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები;

2.3. მოსარჩელეებმა ნოტარიუსს 2020 წლის 8 ივნისს მიმართეს და მოითხოვეს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღება. მოსარჩელეებს ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვათ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე - კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ განმცხადებლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) დადგენილ ექვსთვიან ვადაში არც ერთი სანოტარო ბიუროსათვის მიუმართავთ სამკვიდროს მიღების მოთხოვნით და არც სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება დგინდება. ნოტარიუსმა მიუთითა სსკ-ის 1424-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, ხოლო 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ბიუროში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;

2.4. მოსარჩელეთათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ცნობილი გახდა, რომ მამის სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი გარდაბანი, სოფ. ......., საჯარო რეესტრში სრულად დარეგისტრირდა საკუთრების უფლებით, მათ შორის - 2009 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლ. ი.ს–ის კუთვნილი წილი (სამკვიდროში შემავალი ქონება) თ.ს–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საარქივო ცნობა #15/105532, დამოწმების თარიღი: 30/07/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი - ქვემო ქართლის რეგიონალური არქივი; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 06/12/2018 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 1989 წლის სააღრიცხვო მასალა NTT2018149458, დამოწმების თარიღი: 14/11/2018;

2.5. 30/07/2018 წ. საარქივო ჩანაწერებით, ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ....... საკრებულოს სოფელი ....... 1986-1995 წწ. საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ს.ი. ს. ძე, კომლის წევრები არიან: ს.დ. შ. ასული - ცოლი; ს.თ. ი. ძე - შვილი; ს.მ. ი. ასული - შვილი, ს.ლ. ი. ასული - შვილი (გადახაზულია. ამოწერილია 26.04.1988 წ). კომლს ერიცხება 1986-1988 წწ. – 1979 წელს აშენებული 100 კვ.მ ფართის საცხ. სახლი; მიწის ნაკვეთი 1986-1990 წწ. – 0.45 ჰა ( 1991-1995 წწ. მიწა არ ფიქსირდება) 1996-2000 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს.ი. ს. ძე, კომლის წევრები არიან: ს.თ. ი. ძე - შვილი, ს.მ. ი. ასული - შვილი. კომლს ერიცხება 1996-1999 წწ. საცხ. სახლის საერთო (სასარგებლო) ფართი 117.46 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი ფართი - 89.92 კვ.მ (2000 წ.სახლზე მონაცემები არ არის). მიწის ნაკვეთი 1996-2000წწ - 1.00 ჰა, (0.53+0.47). 2001-2206 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს.ი. ს. ძე, კომლის წევრები არიან: ს.თ. - შვილი; ს.მ. - შვილი. კომლის პირად საკუთრებაშია საცხ. სახლი 117.46 კვ.მ; საცხ. ფართი - 89.92 კვ.მ; მიწის ნაკვეთი 2003 წ. – 1.00 ჰა;

2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით მესაკუთრეა ს.ი. ს. ძე. სააღრიცხვო მასალა, აღრიცხვის თარიღი 1989 წ. ნაკვეთის ფაქტიური ფართობია 4961.00 კვ.მ. ლიტერ „ა“ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 416 კვ.მ; ლიტერ „ბ“ დამხმარე 78.00 კვ.მ; ლიტერ „ვ“ დამხმარე 49.00 კვ.მ; ლიტერ „გ“ დამხმარე 33.00 კვ.მ; ლიტერ „ვც“ დამხმარე 1.00 კვ.მ;

2.7. რაიონი სამგორი, სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდის # ........, საბაზრო ღირებულებაა 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი;

2.8. მოსარჩელეების განმარტებით, მათ სამკვიდრო ქონება, მდებარე: რაიონი სამგორი, სოფელი ......., მიიღეს ფაქტობრივი დაუფლების გზით. მართალია, მათ არ მიუმართავთ სანოტარო ორგანოსთვის განცხადებით კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების შესახებ, თუმცა მათ სამკვიდრო მიღებული აქვთ ფაქტობრივი დაუფლების გზით. ისინი მამის ი.ს–ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების დღიდანაც ფლობენ სამკვიდრო ქონებას. დაუფლებულნი არიან როგორც ზემოხსენებულ უძრავ ქონებას, ასევე - მოძრავ ნივთებს, მათ შორის, ძვირფასეულობას; მოსარჩელეების მიერ 2009 წლის ნოემბერს გარდაცვლ. მამის ი.ს–ის სამკვიდროში შემავალი ქონების მემკვიდრეობის მიღების კანონით დადგენილ ვადაში ფლობის ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებენ მოწმეებიც;

2.9. მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე წარადგინეს მოწმეები: მ.ს–ი, ივანე ობგაიძე და ი.ქ–ძე, რომელთაცგანმარტეს, რომ 2009 წელს, ი.ს–ის გარდაცვალების შემდეგ, სოფელ ახალ სამგორში მდებარე სამკვიდრო სახლში მუდმივად ცხოვრობდა თ.ს–ის ოჯახი, რომლებიც უვლიდნენ სახლს და მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება მოსარჩელეებს, ისინი პერიოდულად, თვეში ერთხელ, შეიძლება უფრო ხშირადაც მიდიოდნენ სოფელში და ეხმარებოდნენ ძმის ოჯახს, რომელთაც ეკონომიკურად უჭირდათ;

2.10. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მოწმეები ფაქტობრივად არ ადასტურებენ მოსარჩელეების მიერ გაცხადებული ფაქტის - მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მისი დანაშთი ქონების ფაქტობრივად დაუფლების კონკრეტულ გარემოებებს. მოწმეების ჩვენებებში მითითებული, მამისეულ სახლში მოსარჩელეთა პერიოდული სტუმრობა, არ ნიშნავს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ დაუფლებას;

2.11. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სადავო გარემოების-სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დამადასტურებელ სათანადო და უტყუარ მტკიცებულებას. მოპასუხე მხარემ მოსარჩელეების მიერ სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი სადავო გახადა და სასამართლოს წარუდგინა მოწმე ლ.მ–ი, რომელმაც განმარტა, რომ ი.ს–ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას დაეუფლა თ.ს–ის ოჯახი. რაც შეეხება მოსარჩელეებს, მათ შექმნილი აქვთ თავიანთი ოჯახები, აქვთ თავიანთი სხვა საცხოვრებელი სახლები რუსთავში, ერთი მოსარჩელე კი წასულია საზღვარგარეთ. მოწმე ესწრებოდა მ.ს–ის მიერ თავისი წილის მოპასუხისათვის გადაფორმებას და სამკვიდრო ქონებაზე რაიმე პრეტენზია არ ჰქონია;

2.12. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით მოსარჩელე მხარის პოზიცია არ დასტურდება, სხვა მტკიცებულება კი, გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ. მოსარჩელეებმა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის პერიოდში სამკვიდროს მიღების ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაადასტურეს;

2.13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სადავო უძრავი ქონების საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულ და მცხოვრებ პირებს, ამასთან, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავთ და სამკვიდრო ქონება არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღიათ, შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, ასევე ამის თანმდევი კუთვნილი წილის რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 128-ე, 129-ე, 1450-ე, 1421-ე, 1451-ე, 1500-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ს–ის, ლ.ს–ის, მ.ს–ისა და ე.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ.ს–ი, ლ.ს–ი და ე.ნ–ძე ცნობილ იქნენ 2009 წლის 17 ნოემბერს გარდაცვლ. მამის - ი.ს–ის მემკვიდრეებად და უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: რაიონი გარდაბანი, სოფელი ......., საკადასტრო კოდი № ........, მიწის ნაკვეთი ფართობით 4961.00 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების №1, №2, №3) მამკვიდრებლის კუთვნილი 2/5 (40%) წილის მესაკუთრეებად; ცვლილება შევიდა ზემოხსენებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, რომლითაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება მთელი უძრავი ქონების 2/5 წილი: ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სახელზე; მ.ს–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1-ე (გარდაცვლ. პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.1-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები...), 1421.2-ე (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1421.3-ე (თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედებების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება.

6. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ. №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; №ას-203-193-2016, 02.06.2016; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ; №ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება (იხ. სუსგ №ას-851-800-2010, 16.02.2011 წ.).

8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინეს მოწმეები. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 140-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოწმე არის პირი, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველია და რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ, თუმცა, კანონის ეს დანაწესი არ ნიშნავს ამ პირის ჩვენების უალტერნატივოდ გაზიარებას.

9. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეების მიერ მამკვიდრებლის უძრავი ქონების, როგორც სამკვიდროს ნაწილის, დაუფლების საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღება მიაქცია საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ:

9.1. მოწმე მ.ს–ის განმარტებით (ნათესავი, ბიცოლა), „1990 წლიდან ვცხოვრობ სამგორში, მისი დედინაცვალი, დ.ს–ი 1995 წელს გარდაიცვალა, ი.ს–ი 2009 წლის ნოემბერში, დედ-მამიშვილებს არასოდეს გაუწყვეტავთ ურთიერთობა, დებს იმათ სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც ოჯახს ხედავდნენ, ძმისშვილებს პატრონობდნენ, როცა ცუდად იყვნენ მშობლები, დები მაშინაც აქცევდნენ ყურადღებას, ისინი დღემდე პატრონობენ თ.ს–ის შვილებს... დები მოდიოდნენ, რჩებოდნენ, უვლიდნენ სახლს, ეხმარებოდნენ ძმისშვილებს... ვადასტურებ, რომ დაუფლებულები არიან მამის სამკვიდრო ქონებას...იქვე ვცხოვრობ, რაც დავინახე იმას ვამბობ...ფინანსურად ეხმარებოდნენ..შეშაც მოუტანიათ, გაზი მაშინ არ იყო, თ–ის შვილების პატრონები იყვნენ თ–ის დები... საცხოვრებლად იმ სახლში დარჩნენ თა–ის ყოფილი მეუღლე და შვილები, ცოტა ხნით ცხოვრობდნენ, დები ცოტა ხნით მოდიოდნენ და მიდიოდნენ... თვე არ გავიდოდა, რომ არ მოსულიყვნენ... სამკვიდრო განაწილებასთან დაკავშირებით, ლაპარაკს არ დავსწრებივარ, მიწის ნაკვეთს უვლის თ–ის შვილები“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:39:28 წუთიდან;

9.2. ი.ო–ის განმარტებით (ნათესავი, დეიდაშვილი), „ძალიან ხშირად მქონდა ურთიერთობა მათთან, ახლოს ვცხოვრობ, მესამე სახლია.. ი. გარდაცვალების მერე დები ამოდიოდნენ, პატრონობდნენ ბავშვებს, მე არ დამინახავს ღამე რჩებოდნენ თუ არა, დღე დამინახავს, რომ იყვნენ...სახლს უვლიდა თ–ის ყოფილი მეუღლე. მუდმივად ცხოვრობდნენ ბავშვები და ლია (თ–ის ყოფილი მეუღლე)“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:50:14 წუთიდან);

9.3. ი.ქ–ძის განმარტებით (ნათესავი, მამიდაშვილი), „თ–მა მიატოვა ცოლ-შვილი, უპატრონოდ იყვნენ...მამიდები აქცევდნენ ყურადღებას, უჭირდათ თუ ულხინდათ მამიდები ედგნენ გვერდით, ფაქტიურად იყვნენ მათ იმედად, ხან შეშით ეხმარებოდნენ, ხან პროდუქტებით... კი მოდიოდნენ და რჩებოდნენ, მაგრამ არა კვირების განმავლობაში, რადგან მათ საკუთარი ოჯახები ჰქონდათ...ბავშვები იყვნენ უპატრონოდ, მამიდები აწვდიდნენ საკვებს, ეხმარებოდნენ... ურთიერთობა ხშირად მქონდა დებთან, სტუმრად მოდიოდნენ და ხშირად რჩებოდნენ იმ სახლში“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:55:48 წუთიდან);

9.4. ლ.მ–ის განმარტებით (მოპასუხის მეგობარი), „თ.ს–ს 1990 წლიდან ვიცნობ, მის მამას არ ვიცნობდი... თ.ს–ი წლების შემდეგ ნოტარიუსთან შემხვდა, ვნახე ბინას აფორმებდა, ბინის გაფორმებაზე დების მხრიდან წინააღმდეგობა და შეცილება არ ყოფილა...როგორც გადმოცემით, ვიცი ყოფილ ცოლთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა...გაფორმების პერიოდში დები არ იყვნენ...მ–თან და ლ–თან მქონდა ურთიერთობა, არც ერთ დას არ უცხოვრია იმ ბინაში, ყოფილი მეუღლის გარდა, დები გათხოვილები არიან, ერთი და უცხოეთშია...თ.ს–თან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, სოფელ სამგორთან არ მაქვს ურთიერთობა, მე რუსთავში ვცხოვრობ, თ.ს–ისგან ვიცი, რომ დებს იქ არასდროს არ უცხოვრიათ...იქ არავის არ უცხოვრია, თ.ს–ის კერძო საკუთრებაა.. არავის აქვს უფლება იქ შევიდეს თ–ის ნებართვის გარეშე.. შეიძლება სტუმრად ასულიყვნენ, შეიძლება ჰქონდათ უფლება დარჩენილიყვნენ სახლში...იქ ისეთი პირობებია იმ ბინაში არავინ არ იცხოვრებს...2015 წლის მერე გავიგე ეს ყველაფერი...მ.ს–თან მქონდა საუბარი ქონების მემკვიდრეობაზე, მე გავყევი ამათ და მოწმე ვიყავი, რომ მ.ს–მა თავისი წილი გადაუფორმა თ–ის, ლ. მ–გან გავიცანი, მ.ს–თან ახლო ურთიერთობა მაქვს“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:07:10 წუთიდან).

9.5. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის ახსნა-განმარტებას, „სახლში კი ავდივარ მაგრამ არ შევდივარ შიგნით, ავდივარ ხოლმე, შარშან ვიყავი აღდგომას სახლში... შიგნით არ შევდივარ, ეზოსთან გამივლია ხოლმე“. მოსამართლის კითხვაზე იყვნენ თუ არა დები დაკრძალვაზე, მოპასუხემ უპასუხა, რომ „კი, იყვნენ დაკრძალვაზე, ჩამოვიდნენ და წავიდნენ... იმის შემდეგ ჩემს მეუღლესთან დაიწყო კონფლიქტი...საფლავი და საფლავის ქვა ერთობლივად გავაკეთეთ დედ-მამიშვილებმა”, მოსამართლის კითხვაზე შესაწირავი ვინ აიღო, მოპასუხემ უპასუხა, რომ დებმა აიღეს. მოსამართლის კითხვაზე მამის გარდაცვალებიდან როდის გაიფორმა მან უძრავი ქონება, მოპასუხემ კონკრეტული წელი ვერ დაასახელა (არ ახსოვდა) და აღნიშნა, რომ „დებმა ასე მითხრეს, შენ თავს მიხედეო, ჩვენ არ გვინდაო და გავიფორმე მერე, მ–მ მისი წილი გაუფორმებელი მომყიდა“...ე. და მე ვიყავით სახლში, როცა მამა გარდაიცვალა..ცუდად, როცა იყო ამოდიოდნენ დები...მამასთან ქონების გაყოფაზე არ იყო ლაპარაკი“ (07.03.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:21:06 წუთიდან).

10. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოწმედ დაკითხულმა პირებმა მიუთითეს მოსარჩელეების მიერ მამის სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში მიღების ფაქტი. მოწმეთა უმეტესობამ (მ.ს–ი, ი.ქ–ძე, ი.ო–ე) დაადასტურა ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების მერეც მოსარჩელეები სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლნენ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეების (მ.ს–ი, ი.ქ–ძე, ი.ო–ე), რომლებიც იმავე სოფელში ცხოვრობენ, სადავო უძრავი ქონების მეზობლად, ჩვენება არსებითი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებაა, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან რა ხდება სინამდვილეში და როგორც თავად აღნიშნავენ, სადავო ფაქტის მომსწრეებიც არიან. გასათვალისწინებელია, რომ ამ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ იკვეთება რაიმე ისეთი სახის წინააღმდეგობა, რაც მათ ჩვენებებს საეჭვოდ აქცევდა. რაც შეეხება ლ.მ–ის ჩვენებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ის პირადად არ იცნობდა მოსარჩელეების მშობლებს, მას სადავო ფაქტები საკუთარი თვალით არ უნახავს და მათ შესახებ იცოდა მხოლოდ მოპასუხის მონათხრობიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დასახელებული მოწმის ჩვენება არ მიიჩნია სანდოდ და შესაბამისად, არც გაიზიარა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ლ.მ–ის ჩვენება ვერ აქარწყლებს ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს, რადგან ის ვერ იქნებოდა ყველა იმ ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი, რაზეც დანარჩენი მოწმეები მიუთითებენ.

11. მოსარჩელეთაგან (აპელანტი მხარე) მ.ს–ის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად, რადგანაც, როგორც საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, მან მისი კუთვნილი ½ წილი სადავო უძრავ ქონებაში გაასხვისა მოპასუხეზე. მ.ს–მა შესაბამისი, წონადი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მემკვიდრეობით მისაღები სამკვიდროს წილს არ მოიცავდა.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებას (14/11/2018წ), საიდანაც ირკვევა, რომ უძრავი ქონების: ახალი, სამგორი, ...... მესაკუთრედ მითითებულია - ს.ი. ს. ძე, სააღრიცხვო მასალა, აღრიცხვის თარიღი 1989 წელი (იხ. ტ. I, ს.ფ. 39). 30/07/2017 წლის საარქივო ცნობის N15/105532 თანახმად, მესაკუთრეებად მითითებული იყვნენ: ს.ი. (გარდაცვლ.), ს.დ. (გარდაცვლ.), ს.თ. და ს.მ., ხოლო სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (06/12/2018წ) საფუძველზე, 2018 წლის 11 დეკემბერს სადავო უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მხოლოდ მოპასუხის საკუთრება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება იმთავითვე ეკუთვნოდა ი.ს–ს და არა - საკოლმეურნეო კომლს. მამკვიდრებლის ოჯახის წევრები, როგორც საკოლმეურნეო კომლის წევრები და თანამესაკუთრენი არ ყოფილან.

13. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ლ.ს–ი, ლ.ს–ი და ე.ნ–ძე, ფაქტობრივად შეუდგნენ მამის სამკვიდრო სადავო ქონების ფლობას, ითვლება, რომ მათ მიიღეს მამის სამკვიდრო ქონება (სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. შესაბამისად, ისინი, როგორც მამის მემკვიდრეები, აღიარებულ უნდა იქნენ სადავო უძრავი ქონებიდან მამის კუთვნილი წილის 2/5 (40%) ნაწილის მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.ს–მა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა მამის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს. მამისეულ სახლში პერიოდული სტუმრობა სამკვიდროს მიღებად არ მიიჩნევა;

14.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმე ლ.მ–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ სამკვიდროს მხოლოდ თ.ს–ი დაეუფლა;

14.4. კასატორის განმარტებით, მ.ს–მა თავისი წილი, სამკვიდროდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ.ს–ზე გაასხვისა.

14.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით მოპასუხე თ.ს–ის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

16. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა იმას განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც მ.ს–ის მოთხოვნას შეეხება, არ განიხილავს, რადგან მ.ს–ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ.ს–ს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მ.ს–ის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264-ე მუხლი) (სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ს–ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან, როგორც საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, მან მისი კუთვნილი ½ წილი სადავო უძრავ ქონებაში გაასხვისა მოპასუხეზე. მ.ს–მა შესაბამისი, წონადი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მემკვიდრეობით მისაღები სამკვიდროს წილს არ მოიცავდა). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების საგანია მოსარჩელეთა (რომელთა მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა) მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დასაბუთებულობა და კანონიერება.

17. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

18. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები.

20. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

21. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

22. საკასაციო სასამართლო, ზემოთ მოხმობილი მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცების ტვირთის დაძლევის სტანდარტის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს აფუძნებენ (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი). ცხადია, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დადგენა მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია და ამ მიმართებით არსებობს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა., საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება, რაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით სარწმუნოდ და დამაჯერებლად არ დასტურდება. მოსარჩელეთა ძირითადი არგუმენტი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დასადგენად ის არის, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი მამის დანაშთ საცხოვრებელ სახლში მიდიოდნენ სტუმრად, ზოგჯერ რჩებოდნენ კიდეც იქ და ძმისშვილებზე მატერიალურად ზრუნავდნენ. კონკრეტულ გარემოებაზე, რომლითაც მოსარჩელეთა ნების გამოვლენა სამკვიდროს მიღების თაობაზე დადასტურდებოდა, მოწმეებს არ მიუთითებიათ.

23. მოწმეთა განმარტებებზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეების: მ.ს–ის, ი.ქ–ძის, ი.ო–ის, რომლებიც იმავე სოფელში ცხოვრობენ, სადავო უძრავი ქონების მეზობლად, ჩვენება არსებითი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებაა, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან რა ხდება სინამდვილეში და როგორც თავად აღნიშნავენ, სადავო ფაქტის მომსწრეებიც არიან. საკასაციო სასმაართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ იკვეთება რაიმე ისეთი სახის წინააღმდეგობა, რაც მათ ჩვენებებს საეჭვოდ აქცევდა. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები სარჩელის საფუძვლიანობასთან მიმართებით უფრო მეტად წინააღმდეგობრივია, ვიდრე - მოთხოვნის გამამყარებელი:

23.1. მოწმე მ.ს–ი (ბიცოლა) – „...საცხოვრებლად იმ სახლში დარჩნენ თ–ის ყოფილი მეუღლე და შვილები, ცოტა ხნით ცხოვრობდნენ, დები ცოტა ხნით მოდიოდნენ და მიდიოდნენ... თვე არ გავიდოდა, რომ არ მოსულიყვნენ... სამკვიდრო განაწილებასთან დაკავშირებით, ლაპარაკს არ დავსწრებივარ, მიწის ნაკვეთს უვლის თ–ის შვილები“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:39:28 წუთიდან);

23.2. მოწმე ი.ო–ე (დეიდაშვილი) – „...ი. გარდაცვალების მერე დები ამოდიოდნენ, პატრონობდნენ ბავშვებს, მე არ დამინახავს ღამე რჩებოდნენ თუ არა, დღე დამინახავს, რომ იყვნენ...სახლს უვლიდა თ–ის ყოფილი მეუღლე. მუდმივად ცხოვრობდნენ ბავშვები და ლ. (თ–ის ყოფილი მეუღლე)“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:50:14 წუთიდან);

23.3. მოწმე ი.ქ–ძე (მამიდაშვილი) – „...კი მოდიოდნენ და რჩებოდნენ, მაგრამ არა კვირების განმავლობაში, რადგან მათ საკუთარი ოჯახები ჰქონდათ...ბავშვები იყვნენ უპატრონოდ, მამიდები აწვდიდნენ საკვებს, ეხმარებოდნენ... ურთიერთობა ხშირად მქონდა დებთან, სტუმრად მოდიოდნენ და ხშირად რჩებოდნენ იმ სახლში“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:55:48 წუთიდან);

23.4. მოწმე ლ.მ–ი (თ.ს–ის მეგობარი) – „...თ.ს–ი წლების შემდეგ ნოტარიუსთან შემხვდა, ვნახე ბინას აფორმებდა, ბინის გაფორმებაზე დების მხრიდან წინააღმდეგობა და შეცილება არ ყოფილა...როგორც გადმოცემით, ვიცი ყოფილ ცოლთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა...გაფორმების პერიოდში დები არ იყვნენ...მ–თან და ლ.სთან მქონდა ურთიერთობა, არც ერთ დას არ უცხოვრია იმ ბინაში, ყოფილი მეუღლის გარდა, დები გათხოვილები არიან, ერთი და უცხოეთშია...“ (იხ. 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:07:10 წუთიდან).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ-ებს: N ას-923-2022, 22.02.2024წ; N ას-1449-2023, 9.02.2024წ; Nას-167-2021, 28.02.2023წ; Nას-134-2022, 6.06.2022წ.;. Nას-728-2020, 16.06.2021წ.; N ას-283-268-2017, 07.07.2017; Nას-186-175-2017, 2.06.2017წ.; N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; N ას-203-193-2016, 02.06.2016; Nას-433-410-2014, 18.05.2016წ.; N ას-972-921-2015, 15.12.2015წ; N ას-482-455-2012, 31.05.2012წ). სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლებით განმარტებულია, რომ სამკვიდროს მიღება თავისი სამართლებრივი ბუნებით ცალმხრივი გარიგებაა. გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს და მემკვიდრის ნებას. შესაბამისად მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისთვის მიმართვა; სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატოს სამკვიდროს მიღების სურვილი თუნდაც სამკვიდროს ნაწილის დაუფლების გზით, თუმცა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეს ეკისრება აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისასამკვიდროს მიღების უფლება შეიძლება განხორციელდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე - კონკლუდენტური მოქმედებებით, კერძოდ როცა მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება, მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა, მაგალითად მამკვიდრებლის საცხოვრებელი სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მართვა, მოვლა და სხვა (იხ. სუსგ-ები: Nას-283-268-2017, 7.07.2017წ.; Nას-773-740-2016, 8.09.2017წ.; Nას-1172-1127-2016, 31.03.2017წ. Nას-402-2021, 4.11.2021წ.; Nას-50.2022, 27.01.2023წ.; Nას-1258-2022, 1.03.2023წ; N ას-1449-2023, 9.02.2024წ;)

25. იურიდიული დოქტრინაც ასე განმარტავს, რომ „სამკვიდროს ფაქტობრივი მართვაა ისეთი შემთხვევა, როცა მემკვიდრე, მართალია, არ ფლობს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ თავისად მიიჩნევს - იხდის ქონების გადასახდს, განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და სხვ.“ (შენგელია რ., შენგელია ე., მემკვიდრეობის სამართალი, მეორე გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი, 2011, გვ: 146).

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სსსკ-ის 140.1-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით (სსსკ-ის 105.2-ე მუხლი).

27. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება მოსარჩელეთა მხრიდან მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე, თავიანთ ბატონობას - ფაქტობრივ ფლობას დაადასტურებდა. არ დასტურდება მოსარჩელეთა კონკლუდენტური მოქმედებები, არც მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების დაუფლებისა და განკარგვის ფაქტობრივი გარემოება. სადავო არაა, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, არც ისაა სადავო, რომ მოსარჩელეთაგან ერთმა - მ.ს–მა მისი კუთვნილი ½ წილი სადავო უძრავ ქონებაში გაასხვისა მოპასუხეზე (კასატორზე). საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, მოპასუხის მიერ მამის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივად, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში დაუფლების ფაქტს, ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 9.5 ქვეპუნქტში ასახული დასკვნები, რადგან მოპასუხე ჯერ კიდევ წერილობით წარდგენილი შესაგებლით კვალიფიციურად, ამომწურავად შეედავა მოსარჩელეებს (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 93-106), რომლებმაც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ აღძრეს სარჩელი, ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად დაეუფლენ სამკვიდროს არ დასტურდება საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი გარემოებების მიხედვით საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით. მოპასუხე კანონით დადგენილი წესით აღირიცხა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ჯერ კიდევ 2018 წელს რეესტრში. 2018 წელს რეგისტრირებული საკუთრების უფლების ჩანაწერი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია, ხოლო მოსარჩელეებმა მხოლოდ 2020 წელს აღძრეს სარჩელი მემკვიდრეობის მოთხოვნით, ამასთან, მათგან ერთს უკვე განკარგული ჰქონდა კუთვნილი წილი სამკვიდროდან, რომელიც მოპასუხეს მიჰყიდა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციის გზაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ საპროცესოსამართლებრივი უფლებების ეფექტურ და კანონიერ გამოყენებას, რომელიც მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ საპროცესო უფლებების განკარგვას და კუთვნილი მტკიცების ტვირთის ჯეროვნად შესრულებას გულისხმობს.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და მას შესაბამისი იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ მემკვიდრე კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების გზით გამოხატავს ნამდვილ ნებას, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდროს მიღებას, ანუ მემკვიდრე ამ ქონებას უნდა განიხილავდეს თავის საკუთრებად. იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია, მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და შესატყვისი მტკიცებულებებით დაადასტუროს.

31. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია, რადგან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ დაუდასტურებიათ მათ მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამოიწვევდა.

32. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო საკასაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

33. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითი ასახულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 411-ე, 264.3-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ.ს–ის, მ.ს–ის, ლ.ს–ისა და ე.ნ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ.ს–ს (პ/ნ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილის, მდებარე:რაიონი გარდაბანი, სოფელი ........, ს/კ ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. ლ.ს–ს, მ.ს–ს, ლ.ს–სა და ე.ნ–ძეს თ.ს–ის სასარგებლოდ, დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური