საქმე №ას-916-2023 12 აპრილი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი– თ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "3- G.G. G." (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით:
1.1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. შპს „3- G.G. G.”-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა, კერძოდ, მოსარჩელე თ.მ–ძის სასარგებლოდ მოპასუხე შპს “3- G.G. G.”-ისათვის 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით იძულებითი მოცდენისათვის სახელფასო ანაზღაურების უარყოფის ნაწილში და უვადო შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტისათვის მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ნაწილში, შესაბამისად, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.4. თ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.5. თ.მ–ძის სასარგებლოდ მოპასუხე - შპს “3- G.G. G.”-ს დაეკისრა 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით იძულებითი მოცდენისათვის სახელფასო ანაზღაურება, ყოველთვიური ხელზე ასაღები 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის (დარიცხული ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 5220 ლარს შეადგენს) გათვალისწინებით;
1.6. ბათილად იქნა ცნობილი შპს “3- G.G. G.“-ის 2019 წლის 12 აპრილის ბრძანება თ.მ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.7. თ.მ–ძის სასარგებლოდ მოპასუხე შპს “3- G.G. G.”-ს დაეკისრა უვადო შრომითი ურთიერთობის 2019 წლის 12 აპრილს არამართლზომიერად შეწყვეტის გამო კომპენსაცია - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა;
1.8. დანარჩენ ნაწილში (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და 1.4 ქვეპუნქტების უცვლელად დატოვების თაობაზე) უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;
1.9. მოსარჩელე თ.მ–ძის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის ფარგლებში, მოპასუხე შპს „3- G.G. G.”-ს დაეკისრა მოსარჩელისათვის გაწეული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხარჯის 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება;
1.10. შპს „3- G.G. G.”-ს თ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სამივე ინსტანციის სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
1.11.შპს „3- G.G. G.”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 6 249.6 (ექვსი ათას ორასორმოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
2. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 5 აპრილს, განცხადებით მომართა თ.მ–ძის წარმომადგენელმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება იშუამდგომლა.
3. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია: "თ.მ–ძის სასარგებლოდ მოპასუხე - შპს “3- G.G. G.”-ს დაეკისრა 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით იძულებითი მოცდენისათვის სახელფასო ანაზღაურება, ყოველთვიური ხელზე ასაღები 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის (დარიცხული ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 5220 ლარს შეადგენს) გათვალისწინებით".
4. განმცხადებლის განმარტებით, 2018 წლის 3 დეკემბრის ნაცვლად უნდა დაფიქსირდეს 2018 წლის 1 ნოემბერი, რადგან თ.მ–ძე 2018 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდა. მოპასუხემ გადაიხადა 15 ოქტომბრამდე ნამუშევარი და შემდეგ კომპენსაციის სახით შეავსო ოქტომბრის ხელფასი. ანუ გათავისუფლების შემდგომი ჩარიცხვებით 2018 წლის ოქტომბრის ხელფასი დაიფარა. შესაბამისად, განაცდურის დაანგარიშებისას ნოემბრის თვეც უნდა იყოს გათვალისწინებული.
5. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და სარეზოლუციო ნაწილში თარიღი - 2018 წლის 3 დეკემბერი - შეიცვალოს თარიღით - 2018 წლის 1 ნოემბერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ.მ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორის შეცდომა ან უზუსტობა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო აქტში დაშვებული იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გამომდინარე იქედან, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაში რაიმე შეცდომა ან უზუსტობა არ არის დაშვებული, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით გამორიცხავს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას.
8. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით მოსარჩელეს არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით შეტყობინება მასთან 2018 წლის 15 ოქტომბერს უკანონოდ შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის დამსაქმებელი კომპანიის ინიციატივით აღდგენისა და შრომითი ვალდებულებების დაუყოვნებლივ - 2018 წლის 3 დეკემბრიდან (იხ. ტ. 2, ს.ფ.45) შესრულების შესახებ, გამოვლენილია დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებითი მოცდენა (არა 2018 წლის 29 ნოემბრიდან, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს) 2018 წლის 3 დეკემბრიდან (როდესაც დასაქმებული უნდა შედგომოდა შრომითი მოვალეობის შესრულებას, თუკი მას ჩაბარდებოდა შეტყობინება) 2019 წლის 11 აპრილამდე (როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ (დამსაქმებელმა კომპანიამ) იშუამდგომლა საქმისწარმოების შეწყვეტა 2018 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების (თ.მ–ძის გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველეზე) ბათილად ცნობის გამო მისივე იმავე წლის 29 ნოემბრის ბრძანებით). სწორედ ამ პერიოდისათვის, დასაქმებულის იძულებითი მოცდენის გამო, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელფასო ანაზღაურება, ყოველთვიური ხელზე ასაღები 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის (დარიცხული ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 5220 ლარს შეადგენს) გათვალისწინებით (ვრცელი დასაბუთება მოცემულია უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
9. ამდენად, საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის პრეტენზია, თითქოს სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით მიუთითა დასაქმებულის იძულებითი მოცდენისათვის სახელფასო ანაზღაურების ვადის დასაწყისი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.მ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
მ. ერემაძე