საქმე №ას-1430-2023 22 მარტი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური მეწარმე ლ.ვ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მიმწოდებელი) სარჩელი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, კასატორი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5077 ლარის გადახდა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, იმავე განჩინებით, წინამდებარე საქმეზე ზეპირი განხილვა დაინიშნა 2023 წლის 14 ივნისს, 14:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. 2023 წლის 13 ივნისის განცხადებით, აპელანტის შუამდგომლობისა და მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, 14 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის.
4. აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს ბ.ლ–ს 2023 წლის 26 ივნისს, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ სააპელაციო სასამართლოს მომდევნო სხდომის თარიღი - 2023 წლის 12 ივლისი, 17:00 საათი. ამასთან, მხარეებს განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგებიც (იხ. აქტები ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისს, 17:00 საათზე ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღი. აპელანტის წარმომადგენელმა გელა მალაყმაძემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება (იხ. სხდომის ოქმი საქმეში).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 177 ლარის გადახდა;
6.1. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, 2023 წლის 8 აგვისტოს საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.2. მოპასუხის განმარტებით, საჯარო მოხელესთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ეცნობა სხდომის თარიღი, 2023 წლის 17 ივლისი, 17:00 საათი; აღნიშნულ დროს 2023 წლის 17 ივლისს მერიის წარმომადგენელი ბ.ლ–ი გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე სხდომა ჩატარდა 2023 წლის 12 ივლისს და სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით შეტყობინების ჩაბარება და შელახა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთან, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. კერძოდ, დადგენილია, რომ შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის 2019 წლის 4 ივნისს გაფორმდა N121 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეედგინა, ქ. დ–დან სოფელ გ–დე (ე.წ. „კ–ის“ ტერიტორია) გზის გასწვრივ და ვ. ბ–ის და .......... ქუჩების მიმდებარედ შემოღობვის (კედლის მოწყობის), ასევე დმანისი-ამამლო-საფარლოს გზიდან სოფ. ...... გადასახვევთან ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოების საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 9177 ლარით;
7.2. ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების აქტების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 29 თებერვალი; ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება დასრულებულად ჩაითვლებოდა ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის შემსყიდველთან წარდგენის შემდეგ, რის საფუძველზეც გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და მოხდებოდა ანგარიშსწორება;
7.3. მოსარჩელემ, 2020 წლის 27 იანვრის წერილით, შემსყიდველს წარუდგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ინსპექტირების ანგარიშები და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ დმანისი-ამამლო საფარლოს გზიდან სოფ. .......... გადასახვევთან ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი - აკლდა ტერიტორიის მოსწორების და სამშენებლო ნაგვისგან გასუფთავების სამუშაოების, ნოყიერი ნიადაგის მოწყობის და სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების საპტროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების პროექტზე დამატებით მნიშვნელოვნად იზრდებოდა პროექტის ღირებულება, რაც მიუღებელი იყო შემსყიდველისათვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დროს ხელშეკრულების 3.2.2 და 8.1 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, გათვალისწინებულ იქნა შემკვეთის - მუნიციპალიტეტის მერის - გ.ტ–ის და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტ გ.ა–ის ზეპირი რეკომენდაციები და მითითებები, შესაბამისად, მათთან შეთანხმებით მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც პროექტზე ჩატარდა ექსპერტიზა და წარედგინა მოპასუხეს (შემკვეთს).
7.4. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შემსყიდველმა (შემკვეთმა) 2019 წლის 2 დეკემბერს, ქ.დმანისში ....... და ...... ქუჩების მიმდებარედ, შემოღობვის შესყიდვასთან დაკავშირებით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად, შემკვეთის მითითებისამებრ შეასრულა ვალდებულება და შესაბამისად წარმოეშვა ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოს შესრულების საფასურის - 9177 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 316-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 317-ე (ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 361-ე (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 629.1-ე (ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებზე. ამასთან, ამავე კოდექსის 639-641-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა; ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და, მისი უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის, განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
10.2. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თანამშრომელმა შეტყობინების ჩაბარებისას არასწორად ჩაინიშნა თარიღი და სხდომის გამართვის დრო 17:00 საათი, ჩაინიშნა როგორც 17 ივლისი, ვინაიდან იმყოფებოდა ავტომობილში და მოცემულ მომენტში ვერ მოახერხებდა ამ თარიღის რაიმე სახით მონიშვნას. შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს სხდომაზე, რაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
10.3. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მენარდის სარჩელში მითითებული გარემოებები, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადასტურებულად მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა.
10.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვარს მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების გამოკვლევისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. კასატორი სადავოდ ხდის, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად არ ჩააბარა სასამართლო შეტყობინება, ასევე სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
13. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის გამოლენილი საამისო კანონით გათვალისწინებული წინაპირობები ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მოპასუხე მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ-ები Nას-1410-1330-2017, 30.01.2017წ.; №ას-803-803-2018, 27.09.2018 წ.; Nას-1306-2019, 21.05.2022წ.; Nას-1494-2020, 31.05.2021წ.; Nას-783-2020, 2.07.2021წ.; Nას-373-2021, 11.03.2022წ.; Nას-306-2021, 29.11.2022წ.; Nას-183-2023, 31.05.2023წ.; Nას-937-2023, 15.09.2023წ.; Nას-1003-2023, 4.12.2023წ.;).
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები, ხოლო საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
16. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლოს სხდომაზე მიწვეული არ იყო სსსკ-ის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა სასამართლო მოხელე და აცნობა, რომ სხდომა განსახილველ საქმეზე ჩაინიშნა 2023 წლის 12 ივლისს 17:00 საათზე, თუმცა მერიის თანამშრომელმა ჩანიშნული საათი - 17:00 აღიქვა, როგორც სხდომის ჩანიშვნის თარიღი - 17 ივლისი, ვინაიდან იმყოფებოდა ავტომობილში და მოცემულ მომენტში ვერ მოახერხებდა ამ თარიღის რაიმე სახით მონიშვნას. ზემოაღნიშნული ნორმები ადგენენ, რომ გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს ისე, რომ ობიექტურად დასტურდებოდეს ადრესატის მიერ ინფორმაციის სწორად მიღების ფაქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ინფორმაციის მიწოდება ხდება სატელეფონო შეტყობინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის შეფასებით სასამართლომ ვერ უზრუნველყო სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი წესის ჯეროვნად განხორციელება.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 ივნისს, მოსარჩელეს და მოპასუხის წარმომადგენელს ბ.ლ–ს კანონით დადგენილი წესით - სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ სააპელაციო სასამართლოს მომდევნო სხდომის თარიღი და დრო (იხ. ტ.2, ს/ფ 61-62). თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისს 17:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
18. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე გამოკვლეული და მოისმენილია მოსამართლის თანაშემწის თ. ი–ის სახელზე რეგისტრირებული “აიპი” ტელეფონიდან მოპასუხის წარმომადგენელთან -ბ.ლ–ის მობილურ ნომერზე 2023 წლის 26 ივნისს განხორციელებული სატელფონო ჩანაწერი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი მხარეს არათუ გარკვევით აცნობა, ასევე დეტალურად განუმარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ტ.2, 2023 წლის 20 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლო სხდომის თაობაზე მისი არასათანადოდ ინფორმირების შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან ვერც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელ სხვა ობიექტური გარემოებაზე მიუთითა.
20. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტია და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმების მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმების აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 2.03.2017წ. პ. 202; სუსგ-ები №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.; Nას-1306-2019, 21.06.2022წ.; Nას-1086-2020, 12.03.2022წ.; Nას-363-2021, 13.04.2022წ.; Nას-205-2022, 5.05.2022წ.; Nას-1306-2019, 21.05.2022წ.; Nას-747-2022, 13.10.2022წ.; Nას-1578-2022, 26.01.2023წ.; Nას-1416-2022, 7.02.2023წ.; Nას-1483-2022, 17.03.2023წ; Nას-270-2023, 31.05.2023წ.; Nას-1523-2023, 26.01.2024წ.).
21. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე კასატორის შედავებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საზღაურის დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629.1, 639-641-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, რაზედაც იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და კანონად დატოვა იგი ძალაში. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 410-ე, 264.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო) და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური