საქმე №ას-1526-2023 22 მარტი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ე–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს.ბ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ.ე–ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან დამსაქმებელი, ბანკი) წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტის N24-კ ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დასაქმებულის სარჩელი პირვანდელ სამუშაოზე - მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 3000 (სამი ათასი) ლარის და იძულებითი განაცდურის - 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაბეგრილი - 1725 ლარის ანაზღაურება; დასაქმებულს უარი ეთქვა დამსაქმებლისთვის 2022 წლის 23 მარტიდან ყოველთვიური ბონუსის სახით დაბეგრილი 1 333 (ათას სამას ოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო ბანკმა - მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 9 სექტემბრის N2020090901007011670 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული დაინიშნა ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე უვადოდ.
2.2. დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტის ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ ან ორგანულო კანონი) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური შრომის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე და შრომითი ურთიერთობის ბოლო თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტი. დასაქმებულის მუშაობის პერიოდში - 2022 წლის 22 მარტამდე მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება.
2.3. დასაქმებულმა 2022 წლის 4 აპრილს დამსაქმებელს მოსთხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის განმარტება, ასევე ყველა დოკუმენტის (მათ შორის - შინაგანაწესი და კოლექტიური ხელშეკრულება) გადაცემა, რომელიც დაკავშირებული იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან.
2.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიდან გამომდინარე, სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა და სიმძიმე, რის გამოც მსუბუქი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია.
2.5. მოსარჩელე 2020 წლის 9 სექტემბრიდან დასაქმებული იყო ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე უვადოდ. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ნაწილია შრომის შინაგანაწესი, ხელშეკრულების დანართები, თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამდებობრივი ინსტრუქცია. შრომითი ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების პოლიტიკებისა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობას, რომლებიც ხელშეკრულების შემადგენელი/განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მასთან ერთად და რომლებიც აუცილებელი წესით მოიცავენ: „თანამშრომლების კორპორატიულ სახელმძღვანელოს“; „მექრთამეობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას“; „ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკას“; „შეტყობინების მართვის პოლიტიკას“; იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებას, ინსტრუქციას, მეთოდოლოგიას ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტს, სადაც საქმიანობს დასაქმებული და ნებისმიერ სხვა დებულებას თუ სახელმძღვანელოს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად დასაქმებულის მიერ.
2.6. შრომის ხელშეკრულების Nე დანართის 2.1 პუნქტით, დასაქმებულს შესაძლოა მიეცეს წლიური ბონუსი ფულადი სახით, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ. ფულადი ბონუსის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება დამსაქმებლის და დამსაქმებლის ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური შედეგები და დასახული გეგმების შესრულების ხარისხი საანგარიშო წლის განმავლობაში, ასევე დასაქმებულის საქმიანობის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: დასაქმებულის მუშაობის ხარისხი/დადგენილი მიზნების და გეგმების შესრულება, პროფესიული ცოდნა და უნარები, კორპორატიულობა, კოლეგიალობა, გუნდური მუშაობის უნარი, მენეჯერული უნარები და დამსაქმებლის შეფასების სისტემით დადგენილი სხვა კრიტერიუმები;
2.7. ბანკის „თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელო“- „ქცევის კოდექსი“ წარმოადგენს თანამშრომლების სავალდებულო ქცევის წესებს, რომლის თანახმად, ყველა თანამშრომლის ვალდებულებას წარმოადგენს აცნობიერებდეს, რომ ბანკის დადებითი იმიჯი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ბანკის მიზნების მისაღწევად და თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ბანკის ინტერესი და იმიჯი მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე.
2.8. „თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელოს“ 2.1.14 პუნქტით, თანამშრომელი ვალდებულია ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებელს ქონებრივი ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები. ამავე სახელმძღვანელოს 2.1.9 პუნქტით, თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ქმედება; 2.1.11 პუნქტით, თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილი განცხადებებსა და მოქმედებებში; ბანკის „თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელო“- „ქცევის კოდექსის“ თანახმად, სახელმძღვანელოს 2.1.5; 2.1.8; 2.1.10-2.1.15; 2.1.17; 2.1.19-2.1.23, 2.1.26; 25 2.1.27; 2.1.28 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს უხეშ დარღვევას.
2.9. მცირე და საშუალო ბიზნესის უფროსი ბანკირის ფუნქციებია: 1. ანგარიშების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; 2. პოტენციური კლიენტების მოძიება; 3. პოტენციური კლიენტებისათვის სესხის/დოკუმენტური ოპერაციების შეთავაზება; 4. პოტენციური კლიენტებისათვის საკრედიტო/არასაკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია; 5. კლიენტის ბიზნეს ანალიზი; 6. კლიენტის ბიზნეს ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა; 7. საკრედიტო/დოკუმენტური ოპერაციების ხელშეკრულებების/ განცხადების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ხელმოწერა; 8. სესხის/დოკუმენტალური პროგრამული ოპერაციების პროგრამული რეგისტრაცია; 9. იპოთეკის რეგისტრაცია; 10. სესხის უზრუნველყოფის საგნის შეფასების ორგანიზება/შეფასება; 11. მომსახურების ინდივიდუალური პირობების, ტარიფების, ლიმიტების შეთანხმება; 12. დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა; 13. სესხის წინსწრებით დაფარვის უზრუნველყოფა; 14. სესხის რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა სახის მონიტორინგი; 15. კლიენტებისთვის ბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება; 16. პორტფელური მართვა; 17. პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა; 18. დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულება იურიდიულ პირებსა და ბანკის სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებს შორის; 19. მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა; 20. ჯგუფის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში თანამშრომლების კოორდინაცია; 21. ახალი თანამშრომლებისათვის ონ-ჯობ ტრეინინგი, მხარდაჭერა;
2.10. უდავო გარემოებაა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ე.მ–მა, როგორც შპს „მ–ის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ახალი (მეორე) სესხის აღების სურვილით მიმართა ბანკს. მსესხებელი ოფიციალურად გადაამისამართა კორპორატიულმა ბანკირმა ი.გ–მა.
2.11. ე.მ–მა სასურველი ფართის შეძენის პროცესში მოიძია მრავალი სხვადასხვა ღირებულების მქონე უძრავი ქონება. სესხის განაცხადი დაეწერა დასაქმებულს (მოსარჩელეს), რომელმაც მისი დამუშავება დაიწყო 2021 წლის 28 სექტემბერს. შესასყიდ ქონებად ე.მ–მა მიუთითა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ........., ფართი 485.69. კვ.მ; კომიტეტისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომერციული ფართის შესყიდვის მიზანი იყო მისი შემდგომი გაქირავება ფიტნეს დარბაზისათვის, კლიენტი ფართს ყიდულობდა 390 000 აშშ დოლარად, თუმცა ნასყიდობა ფორმდებოდა 290 000 აშშ დოლარზე (ნაკლები დღგ-ის გადახდის მიზნით), სხვაობა 100 000 აშშ დოლარი კლიენტს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის ხელზე. რისკ-მენეჯერის მოთხოვნით ჩატარებული შიდა შეფასებით უძრავი ნივთის ღირებულებად განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარი. განმეორებით ჩატარებული შეფასების თანახმად, უძრავი ქონების რეკომენდირებული ღირებულება განისაზღვრა 650-700 აშშ დოლარით 1 კვ.მ-ზე.
2.12. ნ.ა–ძე, რომელიც ბანკის რისკების უფროსი მენეჯერია, არ ეთანხმებოდა ბანკირისა და ჯგუფის უფროსის განსხვავებულ პოზიციას ნივთის რეალურ შესასყიდ ფასთან დაკავშირებით, რის გამოც საბოლოოდ ოქმით მოითხოვა 100 000 აშშ დოლარის ანგარიშზე დაფიქსირება. კომიტეტისათვის მიწოდებული ინფორმაციით კლიენტის ფართს იჯარით იღებდა ი/მ რ.ბ–ი, ფიტნეს დარბაზის გახსნისთვის. რისკ-მენეჯერისთვის ცნობილი იყო, რომ ხსენებულ პირს უკვე ჰქონდა ფიტნეს დარბაზი ისანში, “ფ–” შენობაში და აპირებდა მის ახალ ფართში გადმოტანას, ბანკის დაფინანსებით. იჯარის ღირებულებად ფიქსირებული იყო 7000 აშშ დოლარი. რისკ-მენეჯერმა არარეალურად მიიჩნია თანხის ოდენობა, რ.ბ–ის ფინანსებთან დაკავშირებით (იჯარების გადახდა, შემოსავლები) მოითხოვა დოკუმენტაცია, თუმცა უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ფინანსურ სამსახურში გაითვალისწინეს ბანკის შემფასებლების მიერ მითითებული თანხა.
2.13. ბანკის აქტივების შეფასებისა და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის შეფასებით უძრავი ქონების ყოველთვიური იჯარის ქირა საშუალოდ შეადგენდა 12 000 ლარს. ბანკმა 2021 წლის 13 ოქტომბერს ე.მ–ს დაუმტკიცა ფართის შეძენის დაფინანსება, საკრედიტო კომიტეტის ოქმით დადგინდა სპეციალური პირობებიც: 1. რემონტის სესხის გაცემისას (20 000 ევრო) - კლიენტი საკუთრებაში გადაიფორმებს ქონებას პირველი ტრანშის გაცემამდე; სესხის ტრანშის გაცემა დადასტურდეს რისკ მენეჯერის მიერ; 2. ქონების შესასყიდი სესხის გაცემისას (214 000 ევრო) - სესხი გაიცეს მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნება იჯარის ხელშეკრულება სავალდებულო პირობებით: მოიჯარე რ.ბ–ი, იჯარის ვადა არანაკლებ 5 წელი, ფართის მდგომარეობა, იჯარის ფასი - არანაკლებ 7000 აშშ დოლარი; სესხის გაცემამდე თანამონაწილეობის თანხის - 100 000 აშშ დოლარის დაფიქსირება კლიენტის კუთვნილ ანგარიშზე; სესხის ტრანშის გაცემა დადასტურდეს რისკ-მენეჯერის მიერ.
2.14. რისკ-მენეჯერმა დამატებით მოითხოვა შპს „ტ.მ–ის“ (რომლის დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მფლობელია ე.მ–ი) თავდებობა, თუმცა პირობა მიუთითა არა უზრუნველყოფის გრაფაში, არამედ გენერალურ პირობებში მიაწერა ხელით. საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 13 ოქტომბრის წერილობითი ხელშეკრულებით შპს „ჯ-ის“ და შპს „მ–ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, …......, ს.კ........ ფართით 485.69 კმ. ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 290 000 აშშ დოლარით.
2.15. ბანკის რისკების უფროსმა მენეჯერმა (იხ. 2.12 ქვეპუნქტი) 2021 წლის 20 დეკემბერს შიდა კონტროლის დეპარტამენტს მისწერა ინფორმაციული “მეილი” ე.მ–ის (შპს „მ–ის“) მიერ სესხის აღებისას მიმდინარე, მისი მოსაზრებით, საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით შემდეგი საკითხების დადგენის მიზნით: არსებობს თუ არა კავშირი/კვეთა რ.ბ–ს, ე.მ–ს და შესაბამისად მათ ბიზნესებს შორის; რატომ გაიცა პარალელურად ერთი და იგივე მიზნობრიობით 2 სესხი, რისკ მენეჯერების ინფორმირების გარეშე; იყო თუ არა ბანკის თანამშრომლების დაინტერესება აღნიშნულ სქემაში;
2.16. ბანკის შიდა კონტროლის დეპარტამენტმა, განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბერს დაიწყო მოკვლევა მცირე და საშუალო ბიზნესის ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ შპს „მ–სა“ და შპს „მ–ზე“ გაცემული სესხების დამუშავების/გაცემის პროცედურებში ბანკის თანამშრომლების სავარაუდო გადაცდომის ფაქტებზე, რაზეც მომზადდა შესაბამისი დასკვნა. შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, 2021 წლის 29 დეკემბერს, დასაქმებულს (მოსარჩელეს) ჩამოართვა განმარტება ე.მ–ზე გაცემულ სესხებთან დაკავშირებით.
2.17. შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მოკვლევის შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნია SME ბანკირთან, რომელიც მოცემული დავის მოსარჩელეა, და მცირე და საშუალო ბიზნეს ჯგუფის უფროსთან - დ.თ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვან ბანკირს - ნ.ზ–ძეს და კორპორატიულ ბანკირს - სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, ხოლო კორპორატიულ ბანკირს - ი.გ–ს გაფრთხილება მიეცა.
2.18. დასკვნის მიხედვით მასში აღწერილი ფაქტები დასტურდება: რისკების უფროსი მენეჯერის - ნ.ა–ძის 2021 წლის 20 დეკემბრის წერილით; ნ.ზ–ძის მიერ შიდა კონტროლის დეპარტამენტისათვის მიცემული 2021 წლის 29 დეკემბრის ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ რ.ბ–თან სატელეფონო და ამავე დღეს ე.მ–თან პირადი გასაუბრებებით; ი.გ–ის მიერ მიცემული 2022 წლის 12 იანვრის ახსნა-განმარტებით; დასაქმებულის (მოსარჩელის) მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს მიცემული ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 30 დეკემბერს ი.ძ–ასა და 2022 წლის 22 იანვარს დ.თ. მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით; კომუნიკაციის ამსახველი მასალებით; საკრედიტო კომიტეტის ოქმით, საბანკო ანგარიშის ამონაწერით, სასესხო ფაილინგითა და სხვა დოკუმენტაციით; სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული დოკუმენტაციიდან მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ რისკების უფროსი მენეჯერის - ნ.ა–ძის 2021 წლის 20 დეკემბრის წერილი, დასაქმებულის (მოსარჩელის) მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს მიცემული ახსნა-განმარტება, შიდა კომუნიკაციის ამსახველი მასალა.
3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტს მიღებული ბრძანება დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ არამართლზომიერია.
4. გათავისუფლების შესახებ დასაბუთებაში მოპასუხე ბანკმა მიუთითა „კორპორატიული სახელმძღვანელოს“ (2.1.14 პუნქტი - ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებლის ქონებას ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები; 2.1.11 პუნქტი - არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილ განცხადებებსა და მოქმედებებში) და „მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების (N5 - კლიენტის ბიზნესის ანალიზი; N6 - კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა) დარღვევა/არაჯეროვან შესრულებაზე.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად ადასტურებენ მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების უხეშად დარღვევას. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო მტკიცებულებების გამოყენებით, დაადასტურა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება.
6. მოპასუხემ/აპელანტმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება დააფუძნა საქმეში წარმოდგენილ შიდა კონტროლის დეპარტამენტის 2022 წლის 1 მარტს შედგენილ დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია პასუხისმგებელი პირების, მათ შორის დასაქმებულის (მოსარჩელის) განზრახ ერთობლივი მოქმედება ბანკის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. დასკვნის მიხედვით, ქმედება მიმართული იყო ე.მ–ის დაფუძნებული შპს “მ–ისათვის”, სესხის გაცემის მიზნით, ბიზნეს ანალიზის ჩატარებასა და პროექტის მომზადებაზე იმ სახით, რომ დაკმაყოფილებულიყო კრედიტის გაცემის ყველა აუცილებელი კრიტერიუმი.
7. დასაქმებულის (მოსარჩელის) სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია: შპს “მ–ისათვის” სესხის გაცემა შემდეგი შინაარსობრივი და ფორმალური დარღვევებით: კომერციული ფართის შეძენის რეალური მიზნობრიობის დამალვა; კომიტეტისათვის არსებული და სამომავლო იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდება; შესაძენი ქონების რეალური ღირებულების გაზრდილი მოცულობით მიწოდება; შესაძენი ქონების მხოლოდ რისკის მენეჯერის მხრიდან აღმოჩენის შემდეგ გაფორმება, სესხის ტრანშის გაცემა რისკ მენჯერის დასტურის გარეშე.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება, კრედიტის გაცემის მიზნით, პასუხისმგებელი პირების განზრახ ერთობლივად არაკეთილსინდისიერად მოქმედების თაობაზე, ამ მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, დასაქმებულის მხრიდან კომიტეტისათვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, მსესხებლის მიერ შესაძენი ქონების რეალური ღირებულებისა და იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდებაზე, რაც წარმოადგენს დასაქმებულის მიერ მოვალეობების უხეშ დარღვევას. მოსარჩელემ დაარღვია ,,კორპორატიული სახელმძღვანელოს“ 2.1.14 (ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებლის ქონებას ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები) და 2.1.11 პუნქტებით (არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილ განცხადებებსა და ქმედებებში) განსაზღვრული დანაწესის მოთხოვნები, ასევე, გამოიკვეთა „მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 და N6 პუნქტების არაჯეროვანი შესრულება (5-კლიენტის ბიზნესის ანალიზი; 6-კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა).
9. საქმეში წარმოდგენილია შიდა კონტროლის აუდიტის დასკვნა, სადაც აღწერილია დასაქმებულის მიერ სესხის გაცემის პროცედურის დარღვევა და ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ბანკი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ ე.მ–ი ქონებას ყიდულობდა 290 000 აშშ დოლარად. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 2, ს.ფ. 7), სადაც ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებულია 290 000 აშშ დოლარი.
10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ (ტ. 2, ს.ფ. 70), დასაქმებულსა (მოსარჩელესა) და დ.თ. (ბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს ჯგუფის უფროსს) შორის შიდა მიმოწერაზე, სადაც დასაქმებული წერს, რომ ესაუბრა ე.მ–ს და იცის 290 000 აშშ დოლარად ე.მ–ის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ბანკს მიაწოდა არასწორად, რასაც ასევე ადასტურებს დასაქმებულის 2022 წლის 19 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი N092140722004 სისხლის სამართლის საქმეზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 321-326), სადაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებას კლიენტი ყიდულობდა 390 000 აშშ დოლარად. აქედან უშუალოდ მისი თანამონაწილეობა შეადგენდა 100 000 აშშ დოლარს. ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდებოდა 290 000 აშშ დოლარზე, იმისთვის, რომ ნაკლები დამატებული ღირებულების გადასახადი გადაეხადათ. დასაქმებული თავის ჩვენებაში ასევე აღნიშნავს, რომ ფართის ქირით აღებით დაინტერესებული მხარეს, “ფ–გან” ფართი 30 დაქირავებული ჰქონდა - 10 000 აშშ დოლარად, ხოლო შესაძენ ფართში იჯარის საფასურს გადაიხდიდა 7000 აშშ დოლარს, რადგან იგივე ტერიტორიაზე ფართის ნაკლებ თანხად აღება, მისთვის ხელსაყრელი იყო.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაიკითხა ე.მ–ი. მოწმემ განმარტა, რომ უძრავი ქონება შეიძინა 290 000 აშშ დოლარად და ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ბანკის თანამშრომლები. მან 100 000 აშშ დოლარი ანგარიშზე განათავსა გადამხდელუნარიანობის შესამოწმებლად, როგორც ეს უთხრეს და აღნიშნული თანხა უკან გაიტანა კრედიტის დამტკიცების დღესვე. მოწმემ უარყო ინფორმაცია, რომ ფართის ქირით აღებით დაინტერესებული მხარე - რ.ბ–ი, “ფ–გან” ფართს ქირაობდა - 10 000 აშშ დოლარად (იხ. 2023 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი), როგორი სახითაც ეს ინფორმაცია დასაქმებულმა მიაწოდა კომიტეტს. 290 000 აშშ დოლარად უძრავი ქონების გაყიდვას ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ.ჯ–ძე, რომელიც არის შპს „ჯ–ის“ დირექტორი. საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „ფ.შ.ც–სა“ და ი/მ რ.ბ–ს შორის გაფორმებული 2019 წლის 25 აპრილის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........ (ს.კ. ........) შენობა II-ში განთავსებული ფართიდან 374 კვ.მ ფართი სპორტული დარბაზის მოსაწყობად, დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა ი/მ რ.ბ–ს, რომლის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 2618 აშშ დოლარს (ტ.2. ს.ფ. 20-25).
11.1. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ბანკის სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, საქმეს დაერთო. ამ მტკიცებულებების მიხედვით დგინდება, რომ 2023 წლის 13 მარტის დადგენილებით N092140722004 სისხლის სამართლის საქმეზე ბანკი ცნობილ იქნა დაზარალებულად. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში შპს „მ–ის“ მიერ ბანკისთვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდების შედეგად უკანონოდ გაიცა კრედიტი. სააპელაციო საჩივარს ასევე ერთვის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 28 ოქტომბერს დაკითხული ე.მ–ის დაკითხვის ოქმი, სადაც მოწმე აღნიშნავს, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში დაუკავშირდა დასაქმებულს (მოსარჩელეს) ან დ.თ. (ზუსტად ვერ იხსენებს) და განუცხადა, რომ ჰქონდა სურვილი, აეღო ახალი სესხი, რათა შეეძინა ფართი, რაზეც უთხრეს, რომ მისულიყო ბანკის ცენტრალურ ფილიალში. ე.მ–ი მივიდა ბანკის ცენტრალურ ფილიალში, სადაც დახვდნენ დ.თ–ა და განსახილველი დავის მოსარჩელე (დასაქმებული). მოწმემ მათ აუხსნა, რომ უნდოდა 290 000 აშშ დოლარად შეეძინა ..... N71ბ-ში მდებარე 485.69 კვ.მ ფართი, რათა სამომავლოდ გაექირავებინა რ.ბ–ზე... 2021 წლის 28 სექტემბერს შეავსო განაცხადი ბანკირთან - მოსარჩელესთან. ჩვენებაში მითითებულია, რომ სესხის გაცემის დღეს, ბანკის თანამშრომლების რჩევით, 100 000 აშშ დოლარი შეიტანა შპს „მ–ის“ ანგარიშზე... 2021 წლის 13 ოქტომბერსვე 100 000 აშშ დოლარი გამოიტანა კომპანიის ანგარიშიდან.
11.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დამსაქმებელს და უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება, სესხის გაცემის პროცედურა. აღნიშნული წარმოადგენს „კორპორატიული სახელმძღვანელოს“ 2.1.14 (ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებლის ქონებას ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები) და 2.1.11 პუნქტებით (არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილ განცხადებებსა და ქმედებებში) განსაზღვრულ დარღვევას, ასევე - „მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 და N6 პუნქტების არაჯეროვან შესრულებას (5-კლიენტის ბიზნესის ანალიზი; 6-კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა).
11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე დასაქმებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირის თანამდებობაზე. შესაბამისად, მას, როგორც სესხის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, უნდა უზრუნველეყო მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის მიწოდება თავისი დამსაქმებლისთვის, რათა ბანკს ჰქონოდა სრული სურათი, მოთხოვნილი სესხის ოდენობის, მსესხებელი პირის, სესხის მიზნობრიობის, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესახებ. ბანკი, როგორც კომერციული საზოგადოება, სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს კრედიტს. შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებული პირი წარმოადგენს კომპანიის ნდობით აღჭურვილ პირს და მის მიერ ინფორმაციის არასწორად მიწოდება პირდაპირ აისახება როგორც კომპანიის საქმიანობაზე, ასევე დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობაზე.
11.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დარღვევის დადგენასთან ერთად, ასევე აღსანიშნავია დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიცია, მისი სამუშაოს სპეციფიკა და ის ძირითადი ვალდებულება, რაც მას აკისრია - ზუსტი ინფორმაციის გადაცემა დამსაქმებლისთვის, ვინაიდან ამგვარი ვალდებულების განზრახ დარღვევა იწვევს მის მიმართ ნდობის დაკარგვას და შეუძლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მისი კვლევის საგანი არ არის ის გარემოება, მიადგა თუ არა ბანკს ზიანი დასაქმებულის ქმედებით, ვინაიდან სადავო გარემოება - კრედიტის გაცემისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შრომის ხელშეკრულებთ ნაკისრი ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რაც პოტენციურად ყოველთვის ზიანის შემცველია დამსაქმებლისთვის, ასევე არღვევს მხარეთა შორის ნდობის პრინციპს.
11.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასაქმებულის მიერ ნაკისრი ძირითად ვალდებულებების დარღვევა უარყოფითად აისახება დამსაქმებლის ნდობაზე. მოსარჩელის ქმედება მართებულად შეფასდა უხეშ დარღვევად, რის გამოც დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტის N24-კ ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არის მართლზომიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
11.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების წინაპირობას წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შეფასება. შესაბამისად, ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, არ არსებობს დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერად მიჩნევის შემთხვევაში მისი თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების (სამუშაოზე აღდგენა ან კომპენსაციის გადახდა) დაკმაყოფილების საფუძველი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დასაქმებულმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ოთხ ძირითად გარემოებაზე - საიჯარო ურთიერთობის თვალთმაქცურობა და საიჯარო ქირის ღირებულების არასწორად მითითება; შესასყიდი ქონების ღირებულების არასწორად მითითება; სესხის გაცემის პროცედურების დარღვევა; დასაქმებულის შეთანხმებული მოქმედება, სხვა პირებთან ერთად, ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ. სააპელაციო სასამართლომ ამ გარემოებებიდან მხოლოდ ერთზე, შესასყიდი ქონების არასწორად მითითების თაობაზე იმსჯელა, ხოლო დანარჩენ სხვა არსებით საკითხებზე არ უმსჯელია;
12.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ შეაფასა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების პროპორციულობა, მის მიერ ჩადენილ გადაცდომასთან. ამასთან, დაუსაბუთებელია სხვადასხვა დროს მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების მიზანშეწონილობა და კავშირი. კასატორი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების დროსვე უნდა არსებობდეს სათანდო მტკიცებულებები, რომელიც შექმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი მტკიცებულებები სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის საერთოდ არ იკვეთებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ვალდებულების ისეთ უხეშ დარღვევას, რომელიც გათავისუფლების საფუძველი იქნებოდა;
12.4. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია დასაქმებულის განზრახი ქმედება სესხის გაცემის პროცედურებში დაშვებულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი იყო;
12.5. კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად ადასტურებს მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების უხეშ დარღვევას. საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს დასაქმებულის მიერ ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
12.6. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დასაქმებულის მიმართ გამოყენებულ დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ მიდგომაზე. კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯგუფთან ერთად მოქმედება. დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ გამოიყენა არაპროპორციული სანქცია სხვა დასაქმებულებთან შედარებით, რომელთაც ერთნაირი დარღვევის პირობებში განსხვავებული, უფრო მსუბუქი სანქცია შეეფარდათ;
12.7. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, რომ სესხის გაცემით ბანკს არც ზიანი მიდგომია და არც ზიანის საფრთხე შექმნია. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, ზიანის არსებობა ან ზიანის მიყენების საფრთხე;
12.8. კასატორის პრეტენზიის თანახმად, ბანკმა არასწორად დაადგინა დასაქმებულის მიერ ძირითადი ვალდებულებების დარღვევის უარყოფითი გავლენა დამსაქმებლის ნდობაზე და ქმედება შეაფასა უხეშ დარღვევად. დამსაქმებლის განმარტებით, მას არ ჩაუდენია არც ერთი დარღვევა, ყოველთვის კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად ასრულებდა მოვალეობებს. თუმცა, ბანკს საქმის შესწავლის არც ერთ ეტაპზე დაუშვია, რომ კლიენტი სესხის განაცხადის შევსებამდე არასწორ ფაქტებს აწვდიდა სესხის გამცემს და დასაქმებულს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის ცნობილი იყო კლიენტთა შემოსავლები, ხარჯები ფინანსები იყო „შავი“. კასატორის განმარტებით, ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი მტკიცებულებებით დასტურდება დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევა. ამასთან, დამსაქმებელს 2022 წლის 22 მარტისთვის არ ჰქონდა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა, რომ დასაქმებულმა იცოდა ან მაღალი ალბათობით უნდა შექმნოდა იჯარის ხელშეკრულების მონაწილეთა შორის სხვაგვარი სქემის არსებობის ვარაუდი;
12.9. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ ე.მ–თან ბანკის წარმომადგენლების მხრიდან კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის გამორკვევის მიზნით კომუნიკაციის ფაქტი. ე.მ–მა არ უარყო პირადი გასაუბრება, თუმცა დეტალურად და გარკვევით დაასახელა სხვა თარიღი და გარემოებები. მოწმის ჩვენების თანახმად, 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მაისის შემდეგ, რადგან ვარაუდობდა, რომ ვერ შეძლებდა შეთანხმებული გრაფიკით პირველად გამოტანილი სესხის დაფარვას, თვითონვე დაუკავშირდა ბანკს დათქმული ვადების შეცვლის თხოვნით. ბანკის წარმომადგენელმა მსესხებელი დაიბარა ცენტრალურ ფილიალში, სადაც მას დაუსვეს კითხვები არა პირვანდელ, არამედ უკვე შპს „მ–ის“ სესხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოწმის მიერ დასახელებული საუბრის დრო არა მხოლოდ დღეებით, არამედ თვეებით არის აცდენილი შიდა კონტროლის დეპარტამენტის მიერ მითითებულ კომუნიკაციის თარიღს. მოწმის ჩვენების საპირისპირო მტკიცებულება, დასკვნაში მითითებულ დროს, 2021 წლის 28 დეკემბერს მესხებელთან საუბრის დასტურად, წერილობითი ოქმის ან ტექნიკური ფორმით ჩანაწერის სახით, საქმეში არაა წარმოდგენილი.. საპელაციო სასამართლო დასაქმებულის მიერ ინფორმაციის არასწორად მიწოდების საკითხის შეფასებისას დაეყრდნო მხოლოდ ე.მ–ის ჩვენებას, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა.
12.10. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება დასაქმებულის მიერ ბანკისთვის შესაძენი ქონების შესახებ ღირებულების განზრახ არასწორად მიწოდების შესახებ, დაუსაბუთებელია. სასამართლომ აღნიშნული შეფასება გააკეთა საქმეში ბანკის მიერ წარმოდგენილი შიდა მიმოწერის საფუძველზე, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია და არ დგინდება რომელი ქონების ღირებულებაზე საუბრობენ დასაქმებული და დ.თ–ა. აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას მნიშვნელოვანი იყო უდავო გარემოება, რომ ე.მ–ის მიერ სასურველი ფართის შეძენის პროცესში მოძიებულ იქნა სხვადასხვა ღირებულების მქონე უძრავი ქონება, გარდა ამისა, ირკვევა, რომ ე.მ–ს იმ ფართის შეძენა, რომელზეც მიმოწერაშია საუბარი სურს იმ შემთხვევაში, თუ 20 000 აშშ დოლარს დაუკლებენ. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მიმოწერით არ დგინდება, რომ დასაქმებულმა ბანკს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია. ასევე უსაფუძვლოა დასკვნა, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი დასტურდება დასაქმებულის 2022 წლის 19 ოქტომბრის N092140722004 გამოკითხვის ოქმით სისხლის სამართლის საქმეზე. გამოკითხვის ოქმში სწორად არის მითითებული არსებული გარემოებები, თუმცა სასამართლოს მიერ აღქმული და შეფასებულია არასწორად. მოსარჩელე ახსნა-განმარტებაშიც და გამოკითხვის ოქმშიც აღნიშნავს, რომ მას ინფორმაცია მიაწოდა კლიენტმა, რომელიც შემდეგ მიუთითა ბანკის პროგრამა „კრიფში“. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება გამოკითხვის ოქმის, როგორც დასაქმებულის მიერ ბანკისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტზე მაშინ როდესაც, უდავოდ დგინდება, რომ ბანკს მიეწოდა მოსარჩელისთვის ცნობილი ინფორმაცია. ამასთან, ბანკს სესხის დამტკიცების მომენტში არც პრეტენზია გამოუთქვამს და სესხი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დამტკიცდა. ამასთან, დამსაქმებელს, სამსახურიდან გათავისუფლების დროს დასაქმებულისთვის საერთოდ არ დაუსვამს შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული არ იყო არსებითი საკითხი სესხის გაცემისას;
12.11. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, დასაქმებულის ინფორმირებულობა ე.მ–ის განზრახვის, მისი განზრახ დამალვისა და ცრუ ინფორმაციის ბანკის კომიტეტისთვის მიწოდების თაობაზე;
12.12. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასაქმებულის სასარგებლოდ, დამსაქმებლისთვის კომპენსაციისა და განაცდურის, ბონუსის გათვალისწინებით, დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე.
12.13. კასატორი შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, რათა წარმოაჩინოს საკუთარი საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობა, ასევე, მოითხოვს საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დ.თ. მიმართ მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება, სადაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დასაქმებულის სარჩელი გაიზიარეს და ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12.14. საქმეში წარმოდგენილია კასატორის მოწინააღმდეგე ბანკის ვრცელი მოსაზრება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
12.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
12.16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და, შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის, რაც არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
13.1. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ-ები.№ას-807-2020, 12.11.2020წ.; №ას-1150-2020, 29.11.2021წ.; Nას-1558-2022 1.03.2023წ.; Nას-654-2022, 2.03.2023წ.;). ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.11.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (№ას-806-2021, 22 თებერვალი, 2022 წ, პ.8).
13.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს, სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ. სუსგ-ები: №ას-1098-2023, 4.12.2023 წ.; №ას-270-2023, 31.05.2023 წ.; №ას-1142-2020, 20.04.2021წ.; №ას-102-2021, 31.03.2021წ.; №ას-968-2020, 21.12.2020 წ.; №ას-670-2020, 15.09.2020 წ.; №ას-1208-2019, 21.11.2019წ.). ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე (ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32); ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
14. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, შრომითი დავების განხილვას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც დამსაქმებლის მტკიცებითი უპირატესობისა და დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის - „favor prestatoris” პრინციპების სასამართლოეული კონტროლისა და დაბალანსების გზით უნდა განისაზღვოს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ-ები Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; №ას-368-2019, 31.07. 2019წ.; Nას-1378-2022, 1.03.2023წ.; Nას-555-2023, 28.02.2023წ.; Nას-582-2023, 24.07.2023წ.; Nას-1090-2023, 20.10.2023წ.; Nას-1599-2023, 26.01.2024წ;).
16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
17. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1677-2018, 5.07.2022წ; N ას-309-2022. 7.07.2022წ; N ას-471-2022, 8.07.2022წ; N ას-582-2022, 16.09.2022წ; N ას-808-2021, 10.06.2022წ; N ას-34-2022, 21.06.2022წ; N ას-1114-2022, 23.12.2022წ: N ას-1573-2022, 17.03.2023წ.).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,„იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება,“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
20. მოცემულ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ორგანული კანონი, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, ამავე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, დასახელებული ნორმებით, კანონმდებელი დასაქმებული პირის უფლებრივი რესტიტუციის საკითხს (პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას, ან მომდევნო ალტერნატიული რიგითობით ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, ან კომპენსაციას), უკავშირებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
21.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (იხ. სუსგ-ები №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.; №ას-252-2023, 8.06.2018წ.; Nას-523-2023, 6.07.2023წ.; Nას-146-2023, 11/04/2023წ.; Nას-1284-2023, 26.12.2023წ.; Nას-1392-2023, 25.01.2024წ.). ამასთან, უნდა შეფასდეს არა ბრძანების მიღების შემდეგ, თუნდაც სამართალწარმოების პროცესში, მოგვიანებით გამოვლენილი თუ წარმოდგენილ მტკიცებულება, არამედ მხოლოდ ის, რაც ცნობილი იყო დამსაქმებლისათვის გადაწყვეტილების მიღებისას და რასაც იგი დაეყრდნო ამგვარი ნების გამოვლენის დროს. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, ასევე, სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა ცნობილი და რომელსაც არ დაყრდნობია დამსაქმებელი სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა შექმნის დამსაქმებლის მხრიდან, უფლების ბოროტად გამოყენების მუდმივ საფრთხესა და სამომავლო რისკებს, შემდგომ მტკიცებულებათა მოპოვებით გაამყაროს მიღებული გადაწყვეტილება. დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია იყო როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
22. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, შესაბამისად სადავოა დაარღვია თუ არა დასაქმებულმა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დარღვევის სიმძიმე და გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების ადეკვატურობა და პროპორციულობა დარღვევასთან.
23. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება. ამასთან, დამსაქმებელმა დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო მტკიცებულების გამოყენებით დაადასტურა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 და მე-7 პუნქტები).
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ბრძანებაში მითითებული შინაარსობრივი დარღვევები არ მიუთითებენ დასაქმებულის არამართლზომიერ ქმედებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მან ბანკის კომიტეტზე წარადგინა უშუალოდ მსესხებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როგორც შესაძენი ქონების ღირებულების, ისე ფართის შეძენის მიზნისა და სამომავლო იჯარის თანხის თაობაზე. რაც შეეხება სესხის გაცემისას დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის თავდებობის მოგვიანებით გაფორმებას, სესხი გაიცა უფლებამოსილი პირის, „იპოადმინის“ საბოლოო დასტურის შემდეგ, ხოლო თავდებობის მოთხოვნა რისკ მენეჯერის მიერ არ იყო დაფიქსირებული შესაბამის გრაფაში, მიწერილი იყო ხელით. საკასაციო სასამართლო შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის უმეტესი ნაწილი ეკისრება დამსაქმებელს, ვინაიდან შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელია ე.წ. „ძლიერი მხარე“ და მას მეტი საშუალება აქვს თანმიმდევრულად ასახოს დასაქმებულთან არსებული სამართალურთიერთობა შესაბამისი დოკუმენტებით. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა დამსაქმებლის მიერ „კორპორატიული სახელმძღვანელოს“ ან/და„მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების ისეთი ხარისხით დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც გახდა დასაქმებლის მიმართ უკიდურესი ღონისძიების - გათავისუფლების გამოყენების საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ფუნქციაა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეაფასოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება.
26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორი, სხვა პირებთან ერთად, მოქმედებდა ბანკის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, ე.მ–ის დაფუძნებული შპს „მ–ისათვის“, სესხის გაცემის მიზნით, ბიზნეს ანალიზის იმ სახით ჩატარებისა და პროექტის მომზადებით, რომ დაკმაყოფილებულიყო კრედიტის გაცემის ყველა აუცილებელი კრიტერიუმი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დამსაქმებლის შეფასებას, რომ პასუხისმგებელი პირები, კრედიტის გაცემის მიზნით განზრახ, ერთობლივად და არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. ამასთან, გაიზიარა მოპასუხის პოზიცია დასაქმებულის მიერ კომიტეტისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, მოსარჩელის მიერ შესაძენი ქონების რეალური ღირებულებისა და იჯარის თანხის განზრახ გაზრდილი ოდენობით მიწოდებაზე, და აღნიშნული მიიჩნია დასაქმებულის მიერ მოვალეობების უხეშ დარღვევად; კერძოდ, „კორპორატიული სახელმძღვანელოს“ 2.1.14 (ბრალეული ქმედებით არ მიაყენოს დამსაქმებლის ქონებას ზიანი ან არ შექმნას ასეთი ზიანის წარმოშობის საფუძვლები) და 2.1.11 პუნქტებით (არ დაუშვას ფაქტების განზრახ დამახინჯება და ტყუილ განცხადებებსა და ქმედებებში) განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევად, ასევე „მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 და N6 პუნქტების არაჯეროვან შესრულებად (5 - კლიენტის ბიზნესის ანალიზი; 6 - კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროქეტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა).
27. სააპელაციო სასამართლო თვითონვე უთითითებს, შიდა კონტროლის დასკვნაში აღწერილი ფაქტები დასტურდება: რისკების უფროსი მენეჯერის - ნ.ა–ძის 2021 წლის 20 დეკემბრის წერილით; ნ.ზ–ძის მიერ შიდა კონტროლის დეპარტამენტისათვის მიცემული 2021 წლის 29 დეკემბრის ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ რ.ბ–თან სატელეფონო და ამავე დღეს ე.მ–თან პირადი გასაუბრებებით; ი.გ–ის მიერ მიცემული 2022 წლის 12 იანვრის ახსნა-განმარტებით; დასაქმებულის (მოსარჩელის) მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს მიცემული ახსნა-განმარტებით; 2021 წლის 30 დეკემბერს ი.ძ–ასა და 2022 წლის 22 იანვარს დ.თ– მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით; კომუნიკაციის ამსახველი მასალებით; საკრედიტო კომიტეტის ოქმით, საბანკო ანგარიშის ამონაწერით, სასესხო ფაილინგითა და სხვა დოკუმენტაციით; თუმცა, დასახელებული დოკუმენტაციიდან მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ რისკების უფროსი მენეჯერის - ნ.ა–ძის 2021 წლის 20 დეკემბრის წერილი, დასაქმებულის (მოსარჩელის) მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს მიცემული ახსნა-განმარტება, შიდა კომუნიკაციის ამსახველი მასალა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, დასაქმებულის საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა აკმაყოფილებს თუ არა “Ultima Ratio”-ს სტანდარტს.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1-2.18 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებები, ასევე, სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე საქმეს დაერთო აპელანტი ბანკის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები (იხ. 11.1 ქვეპუნქტი), რომელთა შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასაქმებული, როგორც სესხის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებული იყო უზრუნველეყო მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის მიწოდება თავისი დამსაქმებლისთვის, რათა ბანკს ჰქონოდა სრული სურათი, მოთხოვნილი სესხის ოდენობის, მსესხებელი პირის, სესხის მიზნობრიობის, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესახებ. ბანკი, როგორც კომერციული საზოგადოება, სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს კრედიტს. შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებული პირი წარმოადგენს კომპანიის ნდობით აღჭურვილ პირს და მის მიერ ინფორმაციის არასწორად მიწოდება პირდაპირ აისახება როგორც კომპანიის საქმიანობაზე, ასევე დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობაზე.
29. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და იზიარებს ყოფილი დასაქმებულის საკასაციო საჩივრის არგუმენტს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტს. ამასთან, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, დასაქმებულის მიერ ბანკისთვის შესაძენი ქონების ღირებულების განზრახ არასწორად მიწოდების თაობაზე.
30. მხარეთა მტკიცების ტვირთისა და შრომით დავებზე დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე ბანკის არგუმენტებზე, რომელსაც, მისი მტკიცებით, ეფუძნება დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერება. საქმეში წარმოდგენილი შიდა კონტროლის დეპარტამენტის 2022 წლის 1 მარტს შედგენილი დასკვნის (ტ.1, ს.ფ. 92-98) თანახმად, პასუხისმგებელი პირები, მათ შორის - დასაქმებული, განზრახ ერთობლივად მოქმედებდნენ ბანკის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. დასკვნაში მითითებული ფაქტების დასტურად კი მოპასუხემ მიუთითა სხვადასხვა მტკიცებულებებზე, საიდანაც საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ რისკ მენეჯერის ნ.ა–ძის 2021 წლის 20 დეკემბრის წერილი (ტ.1, ს.ფ 104), თავად დასაქმებულის ახსნა-განმარტება (ტ.1, ს.ფ. 99-103), ბანკის თანამშრომლებს შორის არსებული კომუნიკაციის მასალები და სესხის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საქმეს მტკიცებულებად არ ერთვის 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ რ.ბ–თან და ამავე დღეს ე.მ–თან დასაქმებულის პირადი გასაუბრების ამსახველი მტკიცებულებები.
31. რაც შეეხება საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა განმარტებებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მათი განმარტებების საფუძველზე შეუძლებელია დასაქმებულის (კასატორის) ქმედებების ბანკის საზიანოდ, განზრახ ქმედებებად შეფასება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელმაც დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა 2021 წლის 28 დეკემბერს მსესხებელ ე.მ–თან ბანკის წარმომადგენლების მხრიდან კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის გამორკვევის მიზნით კომუნიკაციის ფაქტი (იხ. ტ.2, ს.ფ. 272-273), სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამ გარემოების შეფასება დამყარებულია კასატორსა და დ.თ– შიდა მიმოწერაზე, (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი), რისკ-მენეჯერის - ნ.ა–ძის წერილზე, ბანკირის 2022 წლის 19 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმზე, რომელიც დასაქმებულთან ბანკის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს -2022 წლის 22 მარტს - არ არსებობდა.
32. პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას მოწმეებმა ე.მ–მა და რ.ბ–მა გადმოსცეს იდენტური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იყვნენ ნაცნობები, შეხვდნენ კვების ობიექტში, სადაც საუბრისას ცნობილი გახდა, რომ რ.ბ–ი იჯარით ფლობდა სატრენაჟორო დარბაზს ფ. კუთვნილ ფართში, მას უწევდა ქონების დაცლა და ეძებდა ალტერნატიულ ფართს დარბაზის გადატანის მიზნით. ე.მ–მა რ.ბ–ს შესთავაზა, რომ თავად იყიდდა საბანკო კრედიტით კომერციულ ფართს, გაარემონტებდა სასურველი პირობებით და იჯარით გასცემდა მასზე ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის გადახდის პირობით, რაზედაც შედგა შეთანხმება. პარტნიორობა კი გადაწყდა მოგვიანებით, ფართის ყიდვისა და იჯარის გადახდის შემდეგ. მოწმეთა ჩვენება ქონების შეძენის რეალურ მიზანსა და საიჯარო ქირის ოდენობაზე თანხვედრაშია მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის ოქმებში გაცემულ ინფორმაციასთან. მოწმეები ადასტურებენ ბანკისთვისაც სწორედ ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას. მტკიცებულება იმისა, რომ ხსენებული პირები სესხის განაცხადის შევსებამდე განზრახ არასწორ ფაქტებს აწვდიდნენ სესხის გამცემ ორგანიზაციას და დასაქმებულს (კასატორს), მაღალი ალბათობით, უნდა დაეშვა საპირისპიროს არსებობა, საქმეში არ არის წარმოდგენილი. ბანკირს, რომელიც მოცემულ საქმეზე კასატორია, მსესხებელმა წარუდგინა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის მიხევითაც ე.მ–ი არის შპს ,,მ–ის“ ერთადერთი პარტნიორი და დამფუძნებელი. ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მხარეთა (ე.მ–სა და რ.ბ–ს) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებაც 7000 აშშ დოლარზე, ჩაირიცხა წინსწრებით 1 თვის გადასახადიც. ამასთან, როგორც რისკ მენეჯერ ნ.ა–ძის წერილითაც ირკვევა, ბანკისათვის ისედაც ცნობილი იყო რ.ბ–ის შემოსავლისა თუ გასავლის თაობაზე დოკუმენტური დადასტურების არქონის შესახებ, რის გამოც ფინანსურ ნაწილში გაითვალისწინეს შიდა შემფასებლების მითითებული 12000 ლარი. სადავო არ იყო, რომ აღნიშნული თანხა იყო სრულიად საკმარისი სესხის გაცემისთვის, კრედიტი უზრუნველყოფილი იყო დამატებით არაერთი უძრავი ნივთით, შესაბამისად, სამომავლო თუ არსებულ იჯარასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების არსებითი საჭიროება, არ იკვეთებოდა. საკრედიტო კომიტეტმა შიდა შემფასებელთა მხრიდან მითითებული საიჯარო ქირის ოდენობა საკმარისად ჩათვალა, რაც დასტურდება რისკ მენეჯერის წერილითა და სესხის დამტკიცებით. რაც შეეხება იჯარის ხელშეკრულების წერილობით გაფორმების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და საქმის მასალების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენდა დამატებით, სესხის უფრო მეტად დაცვის მიზნით განხორციელებულ ქმედებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი სხვა ღონისძიებების გამოუყენებლობა, დასაქმებულის განზრახ, არაკეთილსინდისიერი ფორმით, სხვა პირებთან შეთანხმებით ვალდებულების უხეშ დარღვევად, არ უნდა შეფასდეს.
33. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია რისკ-მენეჯერის - ნ.ა–ძის წერილში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ერთი და იგივე მიზნობრიობით პარალელურად გაიცა მეორე სესხიც, შპს ,,მ–ზე“, რომლის დამფუძნებელი რ.ბ–ია და სადაც არსებულ იჯარის თანხად ფიქსირდება განსხვავებული თანხა - 2700 აშშ დოლარი. ორივე სესხი დამუშავდა ერთი და იმავე ანალიტიკოსის მიერ, თუმცა მტკიცებულება, რომ დასაქმებულმაც, მოცემული დავის კასატორმა, იცოდა ეს ინფორმაცია და განზრახ არ აწვდიდა ბანკს, არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი, 2022 წლის 22 მარტისთვის დასაქმებულისთვის ცნობილი ისეთი სარწმუნო მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა, რომ ბანკირმა იცოდა ან მაღალი ალბათობით უნდა ევარაუდა მაინც, რომ იჯარის ხელშეკრულების მონაწილეები რეალურად სხვა სქემაზე შეთანხმდნენ. არც ის გარემოებაა დადგენილი, რომ ასეთი გეგმა ბანკირმა (კასატორმა) წინასწარ მიაწოდა მსესხებელს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2022 წლის 25 იანვარს კასატორის მიერ ზ.კ–ისათვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებაც („მეილი“, იხ. სტ.1, ს.ფ.168) იჯარის მონაწილე მხარეთა შემდგომ პარტნიორობაზე, მოიჯარე რ.ბ–ის მიერ, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეიჯარისათვის თანხის ჩარიცხვის დაყოვნების მიზეზის თაობაზე ვერ მიიჩნევა დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევის საფუძვლად, მით უფრო, რაიმე ფორმით ბანკის საზიანო ქმედებად.
34. მოსარჩელის (კასატორის) მიერ ქონების ღირებულების განზრახ გაზრდილი ოდენობით ბანკისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებშია რისკ-მენეჯერის - ნ.ა–ძის წერილი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ თანხის ოდენობა თავიდანვე ამ სახით იყო ცნობილი ბანკის კომიტეტისათვის, ქონების არარეალურ ღირებულებაზე რისკ-მენეჯერს თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რის გამოც მან დამატებითი შეფასება მოითხოვა და ამ შეფასების გათვალისწინებით დამტკიცდა სესხი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.12-2.14 ქვეპუნქტები) . საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დასაქმებულმა (კასატორმა) იცოდა მითითებული ფაქტი, განზრახ დაუმალა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ბანკის კომიტეტს. შიდა მოკვლევის აქტი ამგვარ მტკიცებულებად უთითებს ფინანსურ დოკუმენტაციასა და 2021 წლის 28 დეკემბერს ე.მ–თან კომუნიკაციაზე, თუმცა, ეს გარემოება მითითებული დროისათვის, დასაქმებულის გათავისუფლებამდე, არ დასტურდება. თუ სადავოა მსესხებლის (ე.მ–ის) თანამონაწილეობა თანხის საბანკო ანგარიშზე დროებით განთავსების სახით, ეს ფაქტი ბანკისათვის ისედაც იყო ცნობილი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.1-11.2 ქვეპუნქტები). საქმეშია რისკ-მენეჯერის ინფორმაციული წერილი, სადაც რისკ მენეჯერი აღწერს მსესხებელ-ე.მ–ზე ორჯერ გაცემული დაფინანსების პროცედურებს და, რადგან მას მუდმივად ჰქონდა ეჭვი ქონების რეალურ ღირებულებასთან მიმართებით, მოითხოვა „ოქმით, რომ ეს 100 000 აშშ დოლარი ანგარიშზე დაეფიქსირებინა მაინც“ (იხ. ტ.1, ს.ფ.104-106). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ როგორც თანამონაწილეობის თანხა, მსესხებელმა საბანკო ანგარიშზე დროებით განათავსა 100 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ რისკ-მენეჯერს ეჭვი ქონების რეალური ღირებულების შესახებ მცდარი ინფორმაციის არსებობაზე არ გაქარწყლებია, ამგვარი დაშვებითაც კი, დამატებით შიდა შეფასებების მხედველობაში მიღებითა და არაერთი უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ბანკმა მაინც გასცა სესხი მსესხებელ - ე.მ–ზე.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ ქმნის იმ სამართლებრივი შეფასების საფუძველს, რომ კასატორის (ყოფილი დასაქმებულის) ქმედებები, თუნდაც გარკვეული გადაცდომებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებით უნდა დასრულებულიყო, რადგან დამსაქმებლის მიერ გათავისუფლების არგუმენტად მითითებული გარემოება, რომ დასაქმებულმა, სხვა პირებთან ერთად, ბანკის მოტყუებით, მსესხებელზე კრედიტის გაცემის მიზნით, ქონების გაზრდილი ღირებულების შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა კრედიტორს, პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ხოლო სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ამგვარი ფაქტის მაღალი ალბათობით არსებობის ვარაუდს გააჩენდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებულ გარემოებების გარდა, დასაქმებულის გათავისუფლების დროისათვის - 2022 წლის 22 მარტისათვის დამსაქმებლის ხელთ არსებული ბანკის ორ თანამშრომელს შორის მიმოწერა (იხ. მე-10 პუნქტი), ტრანზაქციის მონაწილე პირთა გამოკითხვისა და დამატებითი მოკვლევის გარეშე, არ ადასტურებს რომ დასაქმებული, დამსაქმებლის მოტყუების მიზნით მოქმედებდა. საქმეში წარმოდგენილი მიმოწერა კასატორსა და დ.თ–ს შორის, სექტემბრიდან, არაერთ უძრავ ქონებას მიემართება, მოპასუხის მიერ მითითებული ეპიზოდი კი არ იძლევა ნივთის კონკრეტულად და სარწმუნოდ იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, არც ამ მხრივ დგინდება 2022 წლის 22 მარტის მდგომარეობით დამსაქმებლის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელის მხრიდან, სხვა თანამშრომლებთან ერთად, წინასწარ განზრახული შეთანხმებული ქმედებით, ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
37. დამსაქმებელი ბანკის დასაბუთება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ეყრდნობა ,,მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის“ თანამდებობრივი ინსტრუქციის ფუნქციების N5 (კლიენტის ბიზნესის ანალიზი) და N6 (კლიენტის ბიზნესის ანალიზის საფუძველზე პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა) პუნქტების არაჯეროვან შესრულებას. მოსარჩელე აღიარებს ტრანშის გაცემას რისკ მენეჯერის დასტურის გარეშე, თუმცა აცხადებს, რომ მას დასტური მიღებული ჰქონდა ამისათვის უფლებამოსილი პირის მხრიდან. დამსაქმებლის წერილობით განსაზღვრული აღწერილობა სესხის გაცემის პროცესში უშუალოდ მოსარჩელის, როგორც ბანკირის, ასევე სხვა პირთა მიერ, შესასრულებელი მოქმედებების შესახებ, არ არის წარმოდგენილი. დადგენილია და უდავოა, რომ თავდებობის შესახებ მოთხოვნა ჩაიწერა არა შესაბამის გრაფაში, არამედ მინაწერი გაკეთდა ხელით, რამაც მისი შეუსრულებლობის რისკი შექმნა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.14 ქვეპუნქტი) .
38. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, მხოლოდ ზემოაღნიშნული დარღვევები, დასაქმებულის სრული პასუხისმგებლობის დადასტურების შემთხვევაშიც, სესხის სხვა დამატებითი ღონისძიებებით უზრუნველყოფებისა და დარღვევათა იმავე დღეს გამოსწორების პირობებში, მაინც არ ქმნის მათი „უხეშ დარღვევად“ შეფასებისა და დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის - გამოყენების საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ნაწილობრივ დაასაბუთა თავისი პრეტენზიის კანონიერება, რაც საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მოპასუხის, როგორც დამსაქმებლის, კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სარწმუნოდ და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ გაქარწყლდება. დამსაქმებლის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გარემოებების და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის 2022 წლის 22 მარტს არსებული საკმარისი, მართლზომიერი ფაქტობრივი საფუძვლის დასაბუთება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რისკ-მენეჯერის, იურისტის, ბანკირის თუ ჯგუფის უფროსის ინდივიდუალურად შესასრულებელი სამუშაო ვალდებულებების აღწერილობები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა თითოეული ტრანზაქციის მონაწილე პირთა ვალდებულებებზე და მათი პასუხისმგებლობის გამიჯვნის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი (მოსარჩელე) არ უარყოფს, რომ გარკვეული გადაცდომები არსებობდა, იმასაც აღნიშნავს, რომ კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელებისას სხვა პირებიც მონაწილეობდნენ და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია, პროცედურული დარღვევები სესხის გაცემის დღესვე აღმოიფხვრა და მას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია, რაიმე განზრახი ქმედება ამ მხრივ, მოსარჩელის მხრიდან არ დასტურდება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის დროს აღიარა მისი ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმეში (იხ. ტ.1, ს.ფ.321-326) მოთავსებულ, მოსარჩელის გამოკითხვის 2022 წლის 19 ოქტომბრის ოქმს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც, ჯერ ერთი, არ არსებობდა ბანკის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების დროს და არ ყოფილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული, მეორე რიგში კი, მასში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ არა მხოლოდ თვითონ მოსარჩელე, არამედ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ კრედიტის დამტკიცებისა და გაცემის პროცესში, ხოლო გარკვეული გადაცდომები არა მხოლოდ ამ ჩვენებაში, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესშიც დაადასტურა მოსარჩელემ, თუმცა, ისინი მაინც არ ქმნის დამსაქმებელი ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ და დასაბუთებულ საფუძველს.
39. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, არ ვლინდება დასაქმებულის მხრიდან ისეთი ქმედება, რომლის „უხეშ დარღვევად“ იურიდიული კვალიფიკაციაა შესაძლებელი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, ამ შემთხვევაში გამოიყენება სწორედ ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ-ები №ას-941-891-2015, 29.01.2016 წ; №ას-1502-1422-2017, 20.02.2018.; Nას-1493-2022, 21.04.2023წ.; Nას-1392-2023, 25.01.2024წ.; Nას-982-2023, 26.01.2024წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები შრომით დავებზე დამსაქმებლის ბუნებრივი მტკიცებითი უპირატესობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას დასაქმებულზე უკეთესად ხელეწიფება მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-360-2023, 11.05.2023წ; N ას-1365-2022, 30.03.2023წ; N ას-724-2023, 20.07.2023წ; N ას-1190-2022, 25.05.2023წ.);
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელი (მოპასუხე ბანკი) ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა დასაქმებულის (მოსარჩელის) მიერ, მასზე ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით იმას ნიშნავს, რომ „ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
42. საკასაციო სასამართლო განამრტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება, მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, როცა მნიშვნელოვან დონეს მიაღწევს. სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. გარდა ამისა, გათავისუფლების მიზნებისათვის, დარღვევის კანონით დადგენილ საფუძველთან მისადაგებასთან ერთად, საჭიროა მისი ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. (იხ. სუსგ-ები №ას-106-101-2014, 2.10.2014წ.; №ას-1183-1125-2014, 13.02.2015წ.; Nას-1300-2022, 25.05.2023წ.; Nას-1446-2023, 27.12.23.; Nას-650-2023, 7.07.2023წ.; Nს-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-1501-2023, 9.02.2024წ.)
43. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ-ები: №ას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015 წ.; №ას-127-123-2016, 13.06.2016 წ.; N ას-416-399-2016, 29.09.2016წ.; N ას-1350-2019, 27.11.2019წ; N ას-368-2019, 31.07. 2019წ; Nას-253-253-2018, 30.04.2020წ.; Nას-1259-2019, 28.02.2020წ.; Nას-124-2020, 30.09.2020წ.; N ას-465-2022, 18.10.2022წ; Nას-521-2022, 7.07.2022წ.; N ას-1072-2022, 25.02.2022წ; N ას-808-2021, 10.06.2022წ; Nას-222-2023, 27.07.2023წ.; Nას-463-2023, 16.06.2023წ.; Nს-1284-2023, 26.12.2023წ. )
44. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა და საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ის უკანონოდ გათავისუფლდა, შესაბამისად დამსაქმებლის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არამართლზომიერად არის მიჩნეული, რადგან სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძველი არ გამოვლინდა. სშკ-ის 48-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, მე-9 ნაწილის თანახმად კი „დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ-ები Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; Nას-931-881-2015., 29.01.2015წ. Nას-1083-1020-2015, 15.04.2016წ.; Nას-703-2023, 20.10.2023წ.; Nას-1521-2023, 31.02.2024წ.). პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენის წინაპირობებია: აღდგენის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა. აღდგენის შესაძლებლობა, საკუთარ თავში მოიცავს 1) მოპასუხე ორგანიზაციაში იმ თანამდებობის არსებობას, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა თანამდებობიდან განთავისუფლებამდე და 2) ამავე თანამდებობის ვაკანტურობას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპისათვის.
45. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ბანკში პირვანდელ პოზიციაზე აღდგენას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შეიცვალა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ორგანიზაციული სტრუქტურა, დეპარტამენტი გაიყო ორ ნაწილად, გაუქმდა მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის თანამდებობა. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა ორი ფუნქციურად განსხვავებული თანამდებობა: მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირის და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის. მითითებული პირვანდელი სამუშაო აღარ არსებობს. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაუშვებელია დამსაქმებლის იძულება, შექმნას დამატებითი საშტატო ერთეული. მოსარჩელეს ტოლფას პოზიციაზე არ მიუთითებია, რაც მისი მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა, შესაბამისად, პირვანდელი პოზიციის გაუქმების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებთან ერთად ითხოვს იძულებითი განაცდურის დაკისრებას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციაზე, რაც სშკ-ის 48.9-ე მუხლითაა მოწესრიგებული.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით იძულებითი განაცდური განიმარტება იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც დასაქმებული მიიღებდა იმ შემთხვევაში, დამსაქმებელს არამართლზომიერად რომ არ დაერღვია მისი უფლებები. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლით კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
47. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად, იძულებითი განაცდურის დაკისრებას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. იძულებითი განაცდურის განსაზღვრისთვის კი არსებითი მნიშვნელობის მქონეა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის - შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობისა და შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენა. მხარეთა შორის არსებული გარიგების ამ ორ პირობათაგან, მხარეთა შორის უდავოა, რომ დასაქმებული ბანკში დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით, მისი შრომის ფიქსირებული ანაზღაურება ყოველთვიურად 2200 ლარს შეადგენდა, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით. რაც შეეხება მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნას, იძულებითი განაცდურის განსაზღვრისას გარდა, სახელფასო სარგოს ყოველთვიური ბონუსის მიკუთვნებაზე, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის ამ ნაწილს არ იზიარებს. დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის 2020 წლის 9 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების Nე დანართის 2.1 პუნქტით, დასაქმებულს შესაძლოა მიეცეს წლიური ბონუსი ფულადი სახით, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ. ფულადი ბონუსის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება დამსაქმებლის და დამსაქმებლის ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური შედეგები და დასახული გეგმების შესრულების ხარისხი საანგარიშო წლის განმავლობაში, ასევე დასაქმებულის საქმიანობის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: დასაქმებულის მუშაობის ხარისხი/დადგენილი მიზნების და გეგმების შესრულება, პროფესიული ცოდნა და უნარები, კორპორატიულობა, კოლეგიალობა, გუნდური მუშაობის უნარი, მენეჯერული უნარები და დამსაქმებლის შეფასების სისტემით დადგენილი სხვა კრიტერიუმები. ამდენად, როგორც შრომითი ხელშეკრულებით და მისი დანართი ნაწილით განსაზღვრული პირობებიდან ირკვევა, ბონუსის გაცემა დამოკიდებულია, დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს გარკვეული ხარისხით შესრულებაზე და მთლიანად დამსაქმებლის ნებაზე. იგი საალბათო გასაცემელს წარმოადგენს და არა - დამსაქმებლის ვალდებულებას,რის გამოც, მიუღებელი შემოსავლის სახით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მთლიან პერიოდზე და იძულებითი განაცდურის დადგენის მიზნებისათვის, მისი გათვალისწინება, დაუსაბუთებელია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი (სარჩელი) ამ ნაწილში უარყოფილია. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: ,,დამსაქმებლის ნებაზე დამოკიდებული გასაცემი საალბათო გასაცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს არც მომავალში არ გააჩნია საალბათო გასაცემის გაცემის ვალდებულება, ანუ წარსულში ამ უკანასკნელის მიერ დამსაქმებლისათვის ბონუსის გაცემა არ გამორიცხავს, რომ მომავალში დამსაქმებელმა აღნიშნული ანაზღაურება არ გასცეს....მოპასუხის მიერ წარსულში მოსარჩელისათვის ბონუსის მიცემის ფაქტები, მომავალში მისი ანაზღაურების სავალდებულობას არ ასაბუთებს“ (იხ. სუსგ Nას-1304-2020, 11.06.2021წ) .
48. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულების ვადის, სახელფასო ანაზღაურების და სასარჩელო მოთხოვნაში იძულებითი განაცდურის ხელზე მისაღები ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე ბანკს დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად დაბეგრილი 1725 ლარის ოდენობით (ყოველთვიურად დარიცხული 2200 ლარის გაანგარიშება საშემოსავლო და საპენსიო შენატანის გარეშე). იმის გათვალისწინებით, რომ სრული უფლებრივი რესტიტუცია - პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა შეუძლებელია, გამოვლენილია დასაქმებულის არამართლზომიერი გათავისუფლების გამო, მის სასარგებლოდ, დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობაც. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა.
49. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ ,,კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები Nას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8 მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები №ას-1623-2018, 29.01.2019 წ.; Nას-1203-2022, 23.12.2023წ.; Nას-552-2023, 20.06.2023წ.) .
50. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.სუსგ-ები №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; Nას-1421-2020, 5.03.2021წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.). მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც განსხვავებით მანამდე მოქმედი რედაქციისგან კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ, რაც 2022 წლის 22 მარტს, ვადაზე ადრე შეწყდა. მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ პოზიციაზე შეუძლებელია. შესაბამისად, დასაქმებულს მისი მოთხოვნის ფარგლებში, უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ და სამართლიან ოდენობად სასამართლო, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში - დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის, სხვაგან დაუსაქმებლობის, დაკისრებული იძულებითი განაცდურის, ასევე, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის, უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით - მიიჩნევს 3000 (სამი ათასი) ლარს.
51. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
52. სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასრგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი). ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 411-ე, 264.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გ.ე–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. გ.ე–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4.1 გ.ე–ის სარჩელი სს ,,ს.ბ–ის“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
4.2. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ს.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 22 მარტს მიღებული ბრძანება N24-კ გ.ე–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
4.3. გ.ე–ის სარჩელი პირვანდელ სამუშაოზე - მცირე და საშუალო ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4.4. სს ,,ს.ბ–ს“ გ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
4.5. სს ,,ს.ბ–ს“ გ.ე–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 23 მარტიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაბეგრილი 1725 ლარის ოდენობით;
4.6. გ.ე–ს უარი ეთქვას სს ,,ს.ბ–ისათვის“ 2022 წლის 23 მარტიდან ყოველთვიური ბონუსის სახით დაბეგრილი 1333 (ათას სამას ოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე;
5. სს „ს.ბ–ს“ გ.ე–ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
6. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 4193 (611+1362+2220) ლარის გადახდა.
7. გ.ე–ს (პ/ნ.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2023 წლის 7 ნოემბერს #0 საგადახდო დავალებით, ნ.ქ–ის მიერ, არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან:თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური