საქმე №ას-1488-2023 29 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ....“ (მოპასუხე)
II კასატორი - შპს „ჯ....“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგ - მოსარჩელე, სამინისტრო, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ....-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ პირგასამტეხლოს – 255 877.50 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, სამინისტროსა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 26 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №313 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, სამინისტროსათვის მიეწოდებინა საპოლიციო დანაყოფებისათვის ქურთუკები.
3. მოპასუხემ დაარღვია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, რის გამოც, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით დაეკისრა პირგასამტეხლო 255 877.50 ლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების, 545 000 ლარის, 0.15%-ის ოდენობით), რაც არ აუნაზღაურებია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო 6 928.04 ლარის მოთხოვნის ნაწილში და არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ პირგასამტეხლოს დაანგარიშებას და მიუთითა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების მიხედვით საქონელი მიწოდებული აქვს ეტაპობრივად, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას.
5. პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების ჯამური, არამედ თითოეული საქონლის მიუწოდებელი რაოდენობის ღირებულებიდან. ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 33 561.91 ლარის გადახდა დაეკისრა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ – გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 33 561.91 ლარი შეესაბამება როგორც ხელშეკრულების საერთო ღირებულებას (545 000 ლარს), ასევე, ვალდებულების დარღვევის ხარისხს (ვალდებულება ნაწილ-ნაწილ სრულდებოდა), ვადაგაცილებული დღეების რაოდენობას, დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (ნასყიდობის საგანი იყო ზამთრის ქურთუკები, რომლებიც შემსყიდველს მიეწოდა ზამთრის სეზონამდე). ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვდენილია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან და შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ რეკომენდაციებთან, შესაბამისად, დაუსაბუთებელია 255 877.50 ლარის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სამინისტროს მოთხოვნა. თავის მხრივ, მეორე აპელანტის/მოპასუხის პერეტენზიაც დაუსაბუთებელია რადგან ეს უკანასკნელი ვერ ასაბუთებს დაკისრებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძვლიანობას.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, 6928.04 ლარის ნაწილში დაკმაყოფილება.
12. პირველი კასატორის (სამინისტროს) განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელსაც ხელშეკრულების დადების ეტაპზე პრეტენზია არ გამოუთქვამს ხელშეკრულებაში არსებულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე. პირგასამტეხლოს 255 877.50 ლარიდან 33 561.91 ლარამდე შემცირება არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
13. მეორე კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა აითვალოს არა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან, არამედ თითოეული საქონლის მიუწოდებელი რაოდენობის ღირებულებიდან. ამასთან, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას არ გაიზიარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი კი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველმა კასატორმა (სამინისტრომ) წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
18. პირველი კასატორი (სამინისტრო) სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას, ხოლო მეორე კასატორი მიუთითებს, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების წინაპირობები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
19. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
21. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ. სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.).
22. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წ.).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
24. საკასაციო პალატა განმარტებით, პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამდენი პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ.: სუსგ №ას-626-2021, 14.07.2021წ.; №ას-1819-2019 19.02.2020წ.; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 33 561.91 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. ამასთან, პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მისაწოდებელი საქონელი იყო ზამთრის ტანსაცმელი, რომელიც, მართალია, ვადაგადაცილებით, მაგრამ ზამთრის სეზონის დადგომამდე მიეწოდა შემსყიდველს, რაც ერთ-ერთი საფუძველია პირგასამტეხლოს 33 561.91 ლარამდე შემცირებისა და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული პირგასამტეხლოს მინიმუმამდე შემცირების საფუძველი ვერ გახდება. მეორე მხრივ, პალატის განსჯით, კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 255 877.50 ლარი, არაგონივრულია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (ვადაგადაცილებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს.
27. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაში. ამასთან, ვინაიდან საქმის გარემოებებით დგინდება, არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფულადი ეკვივალენტი და ვადაგადაცილების დღეების ოდენობა, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან გადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სამინისტროს 97 200 ლარის ღირებულების უბნის ინსპექტორის ქურთუკი მიეწოდა 53 დღის დაგვიანებით (პირგასამტეხლო 97200x0.15%x53=7727 ლარი), 79 000 ლარად ღირებული დეტექტივ-გამომძიების ქურთუკი მიეწოდა 54 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 79000x0.15%x54=6399 ლარი), 76 500 ლარად ღირებული უბნის ინსპექტორის თბილი ქურთუკი 58 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 96 500x0.15%x58=6656 ლარი), 30 600 ლარად ღირებული უბნის ინსპექტორის თბილი ქურთუკი 61 დღის დაგვიანებით (პირგასამტეხლო 30 600x0.15%x61=2800 ლარი), 23 000 ლარად ღირებული დეტექტივ-გამომძიებლის ქურთუკი 61 დღის დაგვიანებით (პირგასამტეხლო 23 000x0.15%x61=2105 ლარი), 52 200 ლარად ღირებული უბნის ინსპექტორის თბილი ქურთუკი 67 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 52 200 x0.15%x67=5246 ლარი), 10 000 ლარად ღირებული უბნის ინსპექტორის ზამთრის ქუდი 67 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 10 000x0.15%x67=1005 ლარი), 47 800 ლარად ღირებულიდეტექტივ-გამომძიებლის ქურთუკი 68 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 47 800 x0.15%x67=4876 ლარი), 34 200 ლარად ღირებული უბნის ინსპექტორის თბილი ქურთუკი 73 დღის დაგვიანებით (პირგასამტეხლო 34 200x0.15%x73=3745 ლარი), 43 700 ლარად ღირებული უბნის ინსპექტორის ზამთრის ქუდი - 73 დღის დაგვიანებით (პირგასამტეხლო 43 700 x0.15%x73=4785 ლარი), 10 500 ლარად ღირებული ზამთრის ქუდი 75 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 10 500 x0.15%x75=1181 ლარი), 40 100 ლარად ღირებული ექსპერტ-კრიმინალისტების ქურთუკი მათბუნებლით 90 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 40 100 x0.15%x90=5414 ლარი), 200 ლარად ღირებული დეტექტივ-გამომძიებლის ქურთუკი 90 დღის ვადაგადაცილებით (პირგასამტეხლო 200x0.15%x90=27 ლარი), რისი გათვალისწინებითაც, პირგასამტეხლოს უნდა განისაზღვროს 51 966 ლარით (7727+6399+6656+2800+2105+5246+1005+4876+3745+4785+1181+5414+27), რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას.
28. რაც შეეხება მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიას, პალატა ზემოაღნიშნულის მსჯელობის გათვალისწინებით დამატებით განმარტავს, რომ ამ უკანასკნელს თავისი მტკიცების ფარგლებში არ დაუდასტურებია პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების კანონიერება. ამასთან, მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე არარელევანტურია და ვერ გახდება პირგასამტეხლოს მინიმუმამდე შემცირების სამართლებრივი საფუძველი
29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 51 966 ლარის გადახდა.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31. განსახილველ შემთხვევაში, რაკი პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მეორე კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6236 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ჯ....-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ჯ....-ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 51 966 ლარის გადახდა;
6. შპს „ჯ....-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6 236 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე