საქმე №ას-1073-2020 31 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მერია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანება 29 219,35 ლარის ოდენობით; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სხვა ნაწილში (მე-3 პუნქტი, მე-4 პუნქტი და მე-2 პუნქტი 5000 ლარის (პირგასამტეხლო) დაკისრების ნაწილში) დარჩა უცვლელი.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 8 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას (მეიჯარე) და მოპასუხეს (მოიჯარე) შორის 5 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. მარნეულში, ........ ქუჩაზე მდებარე, მეიჯარის საკუთრებაში არსებული 120 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: ........);
2.2. საიჯარო ქირა წელიწადში განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე 70 ლარით, ხოლო ჯამური წლიური გადასახადი - 8400 ლარით. საიჯარო ქირა გადაიხდევინება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით, საანგარიშო თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
2.3. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით;
2.4. 2018 წლის 18 აპრილს მოპასუხემ წერილობით მიმართა მერიას და მოითხოვა 2015 წლის 8 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 2018 წლის 20 მაისიდან შეწყვეტა. 2018 წლის 12 ივნისს მერიამ მოპასუხეს აცნობა, რომ მას გააჩნია დავალიანება იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოითხოვა საიჯარო ქირისა და შესაბამისი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამავე წერილით მერიამ მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებას ვადამდე შეწყვეტდა, თუ მხარე წარმოადგენდა ახალ გადახდისუნარიან მოიჯარეს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა იჯარის ხელშეკრულების იმავე პირობების მიღებაზე;
2.5. მერიამ გადაწყვიტა, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოეშალა იჯარის ხელშეკრულება, რის შესახებაც 2019 წლის 7 თებერვალს წერილობით აცნობა მოპასუხეს.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 588-ე მუხლით და განმარტა, რომ, თუ მოიჯარე ვადამდე წყვეტს ხელშეკრულებას და ამასთან, მეიჯარეს არ სთავაზობს თავის სანაცვლოდ ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს, იგი ვალდებულია საიჯარო ქირა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ცალმხრივად გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა და 2018 წლის 18 აპრილს წერილობით აცნობა მერიას 2018 წლის 20 მაისიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, მოპასუხეს არ შეუთავაზებია მეიჯარისათვის ახალი გადახდისუნარიანი და მისთვის მისაღები მოიჯარე, რომელსაც მას სთხოვდა მერია 2018 წლის 12 ივნისის წერილით. შესაბამისად, კომპანიას დარჩა ვალდებულება ეხადა საიჯარო ქირა საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საიჯარო თანხის გადახდის ვალდებულებასთან მიმართებაში, რომელსაც მოსარჩელე მოითხოვს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აზრი ეკარგება იმ საკითხის კვლევას, მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 20 მაისს თუ 2018 წლის 31 დეკემბერს, ანუ როდესაც მერიამ თავადაც გამოთქვა სურვილი შეწყვეტილიყო მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა, ისე რომ არ მოუთხოვია ახალი გადახდისუნარიანი მოიჯარე და რა პერიოდამდეც იგი ითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას 29 219,35 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, 2015 წლის 8 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას (მეიჯარე) და მოპასუხეს (მოიჯარე) შორის 5 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ......). ხელშეკრულების მე-2 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების მოქმედების ვადა და 2.4 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტონ ხელშეკრულება ვადის გასვლამდეც ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მოიჯარეს უფლება აქვს მოშალოს იჯარის ხელშეკრულება ვადამდე, 1 თვით ადრე მეიჯარის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება, რომელიც მეიჯარეს შეუზღუდავდა უფლებას, სსკ-ის 588-ე მუხლიდან გამომდინარე მოეთხოვა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მოიჯარისათვის, თუ ეს უკანასკნელი ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას, ისე რომ არ შესთავაზებდა ახალ გადახდისუნარიან მოიჯარეს. პალატის განმარტებით, სსკ-ის 588-ე მუხლით გათვალისწინებული მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულება თავისი ბუნებით წარმოადგენს მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მეიჯარისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო საშუალებას და იგი სწორედ ისეთ პირობებში მოქმედებს, როდესაც მხარემ ცალმხრივად შეთანხმების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება.
7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე კომპანია არ უარყოფდა საიჯარო თანხის გადაუხდელობას და დავალიანების არსებობას, პალატამ მიიჩნია, რომ მერიის მოთხოვნა მოპასუხისთვის საიჯარო ქირის, 29 219.35 ლარის ოდენობით (2015 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით) გადახდის თაობაზე, საფუძვლიანი იყო.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე-418-ე და 420-ე მუხლებით, მიუთითა ხელშეკრულების 3.4. პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, ასევე - იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს საიჯარო თანხა გადახდილი არ აქვს და ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო ზიანის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის პროპორციული შემცირება, კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, 561 988.85 ლარიდან შეამცირა 5000 ლარამდე.
9. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 588-ე მუხლი. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საიჯარო ხელშეკრულება დადებულია გარკვეული ვადით, მაგრამ კონტრაქტი არ ითვალისწინებს მისი ცალმხრივად, ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას;
15.2. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის რამდენიმე პირობას, მათ შორის, როგორც მხარეთა შეთანხმებით, ასევე ცალმხრივად, მოიჯარის მიერ მესაკუთრის 1 თვით ადრე წერილობითი გაფრთხილების გზით;
15.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში, აზრს კარგავს ხელშეკრულებაში ზემოაღნიშნული ჩანაწერის არსებობა, ამასთან, მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება გამოიწვევს მხარეთა შორის მხოლოდ მოკლევადიანი საიჯარო კონტრაქტების გაფორმებას, რაც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. აღნიშნული ვადა ხელშეკრულებაში მითითებულია სწორედ იმ მიზნით, რომ მესაკუთრე, ერთი მხრივ, მოემზადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მონახოს ალტერნატიული მოიჯარე. სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში, აზრს მოკლებულია მესაკუთრის წინასწარი გაფრთხილება, თუ მოიჯარე არ გათავისუფლდება საიჯარო ქირის გადახდისაგან. მას შემდეგ, რაც მესაკუთრემ იჯარის ხელშეკრულებით მხარეს მიანიჭა გარკვეული უფლება, იმის მოლოდინიც უნდა ჰქონოდა, რომ შესაძლებელი იყო მეორე მხარეს ესარგებლა ამ უფლებით;
15.4. არსებობს საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მესაკუთრისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. მსგავსი დანაწესი მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ ყოფილა, თუმცა, სასამართლომ მაინც დააკისრა კასატორს კომპენსაციის გადახდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლებით სარგებლობის სანაცვლოდ;
15.5. სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისთვის არ უნდა დაეკისრებინა, პირგასამტეხლოს სახით, 5000 ლარის გადახდა.
16. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე [სსკ-ის 581-ე მუხლი: იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული].
17. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნით სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-294-294-2018, 8 მაისი, 2018 წელი).
18. სსკ-ის 588-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
19. სსკ-ის 588-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ისაა, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ამ ნორმამ მეიჯარე საიჯარო შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის (მინიმუმ ადრინდელ მოიჯარესთან არსებული პირობებით) გადაცემამდე.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 18 აპრილს მოპასუხემ წერილობით მიმართა მერიას და მოითხოვა 2015 წლის 8 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 2018 წლის 20 მაისიდან შეწყვეტა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი). დადგენილია ისიც, რომ მოპასუხეს არ შეუთავაზებია მეიჯარისათვის ახალი გადახდისუნარიანი და მისთვის მისაღები მოიჯარე, რომელსაც მას სთხოვდა მერია 2018 წლის 12 ივნისის წერილით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). მერიამ გადაწყვიტა, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოეშალა იჯარის ხელშეკრულება, რის შესახებაც 2019 წლის 7 თებერვალს წერილობით აცნობა მოპასუხეს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი).
21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება მხარეთა ნების ავტონომიურობისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს, ამასთან, თავად სსკ-ის 588-ე მუხლიც სწორედ იმ შემთხვევას არეგულირებს, როდესაც მოიჯარე ხელშეკრულებას ვადამდე წყვეტს, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებაზე, არ გამორიცხავს სსკ-ის 588-ე მუხლის მოქმედებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 588-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვის თაობაზე პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში.
22. რაც შეეხება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 5000 ლარის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-833-799-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა. იჯარის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 532 769,50 ლარიდან შემცირდა 5000 ლარამდე, რაც უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
25. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.; პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-1686-2019, 8 მაისი, 2020 წელი).
26. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ვალდებულების დარღვევის ხარისხისა და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მართებულია პირგასამტეხლოს ოდენობის 5000 ლარამდე შემცირება და არ არსებობს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ან მისი გაუქმების საფუძველი.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 521 ლარის 70% – 364,7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.რ–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 27 მარტს №597 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 521 (ხუთას ოცდაერთი) ლარის 70% – 364,7 (სამას სამოცდაოთხი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი