საქმე №ას-1191-2020 26 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „თ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „კასატორი“) და შპს „თ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7387,2 ლარის გადახდა; სამინისტროს უარი ეთქვა მოპასუხისთვის დარჩენილი 7387,2 ლარის გადახდის დაკისრებაზე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 11 სექტემბერს სამინისტროს (ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - შემსყიდველი) და მოპასუხე კომპანიას (მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 30 იანვრამდე პერიოდზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების (კახეთის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხების საფუძველზე ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1223637 ლარით;
2.2. ხელშეკრულების ფარგლებში სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობდა წინასწარ დათქმული ადგილებიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების განხორციელებას ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული მიმართულებისა და გრაფიკის მიხედვით (მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 25 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა - სასწავლო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 წუთისა). მომსახურების გაწევის ვადაა 2015 წლის 14 სექტემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი (სასწავლო დღეების სავარაუდო რაოდენობა ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში - 75 დღე, პანსიონის ტიპის სკოლებში - 34 დღე, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შაბათ დღეს - 90 დღე);
2.3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, სადაც აღნიშნული იქნება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დეფექტები და ხარვეზები. დასკვნა (მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ტაბელთან ერთად) იქნება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი. მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მხარეებს შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და ფინანსური დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველია ტაბელი, რომელიც ივსება ყოველდღიურად, ასევე სამინისტროს ზოგადი განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის დასკვნა;
2.4. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება არ გამოავლენს ხარვეზებს, იქნება ხარისხიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას, კერძოდ: ა) თუ თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების რაოდენობა არ აღემატება 3 დღეს (ზედიზედ ან ჯამში), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის განმავლობაში ხარვეზით განხორციელებული და/ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 3 დღეს, დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 3 დღეზეც გამოიყენება „ბ“ პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა. აღნიშნული პრინციპით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს ჯამში 14774,4 ლარს;
2.5. სახელშეკრულებო პერიოდში მოპასუხე კომპანიამ ფაქტიურად შეასრულა 1219182,97 ლარის ღირებულების სამუშაოები. შემსყიდველის მიერ ანაზღაურება მეტობით განხორციელდა და მოპასუხემ 2016 წლის 22 იანვარს მეტობით ჩარიცხული თანხა უკან დააბრუნა;
2.6. ყოველ კონკრეტულ შესრულებაზე მხარეთა შორის დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელსაც ერთვოდა ცხრილის სახით წარმოდგენილი დანართი N1. მათი გაფორმების საფუძველი იყო როგორც მიმწოდებლის შედგენილი ტაბელები, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დასკვნები. შემსყიდველი ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის სამსახურებრივი ბარათებით (იგივე, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დასკვნებით), ასევე დანართი N1-ის სახით წარმოდგენილი ცხრილებით დგინდება შემდეგი: ა) ვაკე-საბურთალოს რაიონის 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება არ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების არყოფნის გამო; ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლებში ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა, ვინაიდან კონტრაქტორმა ფირმამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მოძიება ან ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყო; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რიგ სკოლაში არაჯეროვანი შესრულების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ტრანსპორტირება განხორციელდა 7-ადგილიანი ავტომობილით 2 რეისად და მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო საშუალებაში მოსწავლეები სრულად ვერ განთავსდნენ, ხოლო რიგ შემთხვევაში ტრანსპორტირება ვერ მოხდა ტექნიკური გაუმართაობის გამო; დ) თელავის მუნიციპალიტეტში მოპასუხემ ან საერთოდ არ უზრუნველყო რიგ სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტირება ან სატრანსპორტო საშუალების სიმცირის გამო არ მოახდინა ყველა მოსწავლის ტრანსპორტირება; ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ტრანსპორტირება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ განხორციელდა; ვ) გლდანი-ნაძალადევის რაიონის N175-ე საჯარო სკოლის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო ვალდებულების შეუსრულებლობას; ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტში აწყურის საჯარო სკოლის შემთხვევაში ასევე ტექნიკური გაუმართაობის გამო არ განხორციელდა მომსახურება; თ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სულდის საჯარო სკოლის მიმართულებაზე მომსახურების გაწევაზე მოქმედმა მძღოლმა განაცხადა უარი და მოსწავლეთა ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა; ი) დმანისის მუნიციპალიტეტშიც ხარვეზიანი შესრულების საფუძველი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა იყო;
2.7. საერთო შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს 1219182,97 ლარის სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულებაც მოპასუხის სასარგებლოდ სამინისტროს ანაზღაურებული აქვს. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს არაჯეროვანი შესრულებისთვის, რასაც მომსახურების გაწევის ამა თუ იმ ეტაპზე ადგილი ჰქონდა. ხარვეზიანი შესრულების არსებობა კი დგინდება მიღება-ჩაბარების აქტებით, რომელსაც ერთვოდა ცხრილი დანართი N1-ის სახელწოდებით. აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და ცხრილში კონკრეტულად არის მითითებული ხარვეზები შესრულების განხორციელებისას.
3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ პირგასამტეხლო, რომელიც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა, დაანგარიშებული იქნა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ მიმართულების ღირებულებიდან, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა.
4. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, 11.09.2015 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N09-101/2 ხელშეკრულების 5.2 და 11.1 პუნქტების თანახმად, განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო შემდეგნაირად: ა) თუ თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების რაოდენობა არ აღემატება 3 დღეს (ზედიზედ ან ჯამში), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის განმავლობაში ხარვეზით განხორციელებული და/ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 3 დღეს, დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 3 დღეზეც გამოიყენება „ბ“ პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, სწორედ აღნიშნულის შესაბამისად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ მსგავსი პრინციპით დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 14774,4 ლარს, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლო დაიანგარიშა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ კონკრეტული მიმართულების ჯამური ღირებულებიდან, თუმცა სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, რაც გაიზიარა ასევე სააპელაციო პალატამ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და დარღვევების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. შესაბამისად, მართებული იყო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განახევრება და მოპასუხეზე 7387,2 ლარის დაკისრება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების საგნის ღირებულება მთლიანად შეადგენდა 1 223 637 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო მოპასუხეს დაეკისრა არა მთლიანი ღირებულების, არამედ - მხოლოდ მიმართულების ჯამური ღირებულების, ერთ შემთხვევაში, 1%-ის, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5%-ის ოდენობით, ხარვეზის ან/და შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 14 774.40 ლარი შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა იგი, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა სკოლის მოსწავლეების სრულფასოვანი განათლების მიღებას და მათ უსაფრთხოებას. სასამართლოს ამგვარი მიდგომა მიმწოდებლის ერთგვარი წახალისებაც იქნება, არ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება;
11.2. სასამართლოს უნდა გამოეკვლია მხარის ქონებრივი მდგომარეობა. მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზეც აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამას მხოლოდ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
13. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
14. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
15. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
16. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს არაჯეროვანი შესრულებისთვის (14774,40 ლარის ოდენობით), რასაც მომსახურების გაწევის ამა თუ იმ ეტაპზე ადგილი ჰქონდა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. ქვეპუნქტი).
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ ფაქტიურად შესრულებულ, 1219182,97 ლარის ღირებულების სამუშაოებთან მიმართებით გამოვლენილი ხარვეზები არ წარმოადგენდა მისთვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად განახევრდა პირგასამტეხლოს ოდენობა 7387,2 ლარამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. ზამბახიძე