Facebook Twitter

საქმე №ას-1409-2020 8 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს–ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – შპს „თ.ჰ.ტ.კ–ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.დ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2016 წელს შპს „თ.ჰ.ტ.კ–ოს“ (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შემდგომში - „მესამე პირი“) და შპს „ჯ–ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენდა შპს „ჯ–ისათვის“ გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: 1) დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საბაზო სადგურებისათვის ადგილმდებარეობის მოძიება; 2) იმ მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება, რომელთა საკუთრებაშიც უნდა განთავსებულიყო საბაზო სადგურები; 3) შესაბამისი ნებართვების მიღება; 4) ხელშეკრულების გაფორმება და 5) სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

2.2. მესამე პირმა ქ. ბათუმში, ....... მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ს/კ .....) შპს „ჯ–ის“ ტექნიკის განთავსების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოა ამ ქონების მესაკუთრესთან - მოსარჩელესთან, რის შემდეგაც, შპს „ჯ–თან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მესამე პირმა მოსარჩელის კუთვნილ შენობაზე (15 კვ.მ. ფართი) განათავსა/დაამონტაჟა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები;

2.3. მოსარჩელის კუთვნილი შენობის სახურავზე შპს „ჯ–ის“ ტექნიკური მოწყობილობების განთავსებამ მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც, 2017 წლის 29 ნოემბერს ისე, რომ ექსპლუატაციაში გაშვებული არ ყოფილა, ტექნიკურ მოწყობილობებს გაუკეთდა დემონტაჟი და ტექნიკა გადაეცა შპს „ჯ–ს“;

2.4. მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ არ დადებულა;

2.5. საქმის განხილვის მომენტისათვის შპს „ჯ–ში“ განხორციელებულია რეორგანიზაცია, რის შედეგადაც იგი შეერწყა მოპასუხე კომპანიას;

2.6. მესამე პირის მიერ წარმოდგენილი, სხვა პირებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ შპს „ჯ–ი“ მობილური კავშირგაბმულობის აპარატურას ამონტაჟებდა შემდეგი წესით: მესამე პირი შპს „ჯ–ის“ დავალებითა და სახელით შეარჩევდა საბაზო სადგურებისათვის ადგილს, ქირავნობაზე მოელაპარაკებოდა მესაკუთრეს, ამონტაჟებდა მოწყობილობებს და მესაკუთრესთან დებდა ხელშეკრულებას. ქირას იხდიდა შპს „ჯ–ი“;

2.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე დ.ტ–ძემ აჩვენა, რომ იგი დასაქმებული იყო შპს „თ.ჰ.ტ.კ–ო“-ში. მოსარჩელესთან შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად ჩაურიცხავდნენ გადასახადების ჩათვლით 900 ლარს ან გადასახადების გარეშე დაახლოებით 700 ლარს. ანძის ჩართვამდე არც ხელშეკრულება გაფორმდებოდა და არც თანხა ჩაირიცხებოდა. მონტაჟის პერიოდზე ქირის თანხა არ გადაიხდებოდა. დ.ტ–ძის ჩვენება დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა რ.დ–ძემაც;

2.8. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ.ტ–ძემ აჩვენა, რომ იყო მესამე პირის წარმომადგენელი - ლიზინგის მენეჯერი. მოსარჩელესთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ანტენებს დაამონტაჟებდნენ, ხოლო თანხას გადაიხდიდნენ ანტენების ჩართვის შემდეგ.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს კვლევის საკითხს წარმოადგენდა შემდეგი: 1) რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეებს შორის; 2) არსებობდა თუ არა ქ. ბათუმში, ........ მდებარე 15 მ2 ფართის ქირავნობაზე (იჯარაზე) მხარეთა შორის ხელშეკრულება; 3) ქირავნობის (იჯარის) ხელშეკრულების დადასტურების შემთხვევაში, რას შეადგენდა ქირის ოდენობა და როგორი იყო ქირის გადახდის წესი; 4) არსებობს თუ არა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მესამე პირის მეშვეობით, მოპასუხესთან მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - სხვენის 15 კვ.მ. ფართზე ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად, ასევე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ქირის ოდენობა შეადგენდა თვეში 700 ლარს (გადასახადის გარეშე), რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთანხმების დადების დროიდან - 2016 წლის 15 ივლისიდან, მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, ქირავნობის ხელშეკრულების ასლსა და ფაქტების კონსტატაციის მასალებზე.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით საერთოდ უარყო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტი, ხოლო შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა თავისი პოზიცია, უარყო მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული პერიოდი (2016 წლის ივლისი - 2017 წლის 29 ნოემბერი) წარმოადგენდა აპარატურის დამონტაჟებისათვის საჭირო დროს, ამ პერიოდის თანხის გადახდაზე მხარეები არ შეთანხმებულან, თანხის გადახდა მოხდებოდა აპარატურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რისთვისაც გაფორმებული უნდა ყოფილიყო წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება ვერ გაფორმდა, ვინაიდან აპარატურის ექსპლუატაციაში გაშვება ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების, კერძოდ, თავად მოსარჩელის მეზობლების წინააღმდეგობის გამო, რამაც გამოიწვია აპარატურის დემონტაჟი.

6. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: სასამართლო სხდომებზე მხარეთა განმარტებებით, ასევე, მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებით, ქირავნობის ხელშეკრულების ასლით და ფაქტების კონსტატაციის მასალებით დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2016 წლის ივლისში მესამე პირმა შპს „ჯ–ის“ (ამჟამად სს „ს–ი“) სახელით, მოსარჩელესთან დადო გარიგება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს ,,ჯ–ს“ გადასცა ქ. ბათუმში, ........ მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ ........) სხვენის 15 კვ.მ. ფართი, სადაც მესამე პირი დაამონტაჟებდა შპს „ჯ–ის“ მობილური კავშირგაბმულობის აპარატურას, მოწყობილობებს, ანტენებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს;

6.2. ტექნიკის დამონტაჟებისათვის საჭირო პერიოდზე ფართის სარგებლობისათვის თანხა გადახდილი არ იქნებოდა, ხოლო აპარატურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ფართით სარგებლობის სანაცვლოდ შპს „ჯ–ი“, ქირის სახით, გადაიხდიდა თვეში 700 ლარს;

6.3. შეთანხმების შემდეგ, მესამე პირმა მოსარჩელის კუთვნილი შენობის ბოლო სართულზე (სახურავზე) განათავსა/დაამონტაჟა აპარატურა, თუმცა, მოსარჩელის მეზობლების წინააღმდეგობის გამო, მობილური სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და შესაბამისად, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარა. 2017 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელის შენობის სახურავზე დამონტაჟებულ ტექნიკურ მოწყობილობებს გაუკეთდა დემონტაჟი და ტექნიკა გადაეცა შპს „ჯ–ს“.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობდა სსკ-ის 317.1, 52-ე, 340-ე, 581.1 და 615-ე მუხლებიდან. სასამართლოს მოსაზრებით, მესამე პირმა შპს „ჯ–ის“ სახელითა და ხარჯით (სსკ-ის 709-ე მუხლი), როგორც წარმომადგენელმა, მოსარჩელესთან ზეპირი ფორმით დადო შერეული ხელშეკრულება, რაც მოიცავდა აპარატურის მონტაჟის პერიოდზე ფართის თხოვებაზე შეთანხმებას, ასევე გარკვეული წინაპირობის დადგომისას, კერძოდ, აპარატურის მეშვეობით მობილური სადგურის ექსპლუატაციაში გასვლის შემთხვევაში - იჯარაზე შეთანხმებას, რისთვისაც გაფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულება ქირის ოდენობისა და გადახდის წესზე მითითებით. ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილ პერიოდში მხოლოდ აპარატურის მონტაჟი განხორციელდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს არის თხოვების პერიოდი, რაც სარგებლობისათვის თანხის გადახდას არ ითვალისწინებდა.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, მოსარჩელის მეზობლების წინააღმდეგობის გამო მობილური სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება შეუძლებელი გახდა, 2017 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელის შენობის სახურავზე დამონტაჟებულ ტექნიკურ მოწყობილობებს გაუკეთდა დემონტაჟი და ტექნიკა გადაეცა შპს „ჯ–ს“, დასტურდებოდა, რომ მოსარჩელესთან იჯარაზე ხელშეკრულების წერილობითი გაფორმებისა და საიჯარო თანხის გადახდის წინაპირობა არ დამდგარა, რაც გამორიცხავდა 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდზე მოპასუხისათვის ქირის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

9. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ასევე არ არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების წინაპირობა, ვინაიდან ამ საფუძვლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს. ვინაიდან სადავო პერიოდში (2016 წლის ივლისიდან 2017 წლის 29 ნოემბრამდე) არსებობდა მხარეთა შორის თხოვების ხელშეკრულება, აღნიშნული გამორიცხავდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ ურთიერთობას და მისგან გამომდინარე თანხის დაკისრების შესაძლებლობას.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ იჯარა/ქირავნობა საჭიროებს წერილობით ფორმას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;

15.2. სახეზე არ არის თხოვების ხელშეკრულება. კასატორის მიზანს წარმოადგენდა სარგებლის მიღება და სწორედ ამიტომ შევიდა მხარესთან საიჯარო ურთიერთობაში. ორივე მხარის ნება იყო საიჯარო ურთიერთობა;

15.3. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს აპელირება მოწმის თითქოსდა განმარტებაზე, რომ იჯარის საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მას შემდგომ, რაც ანტენები შევიდოდა ექსპლუატაციაში. მსგავს შეთანხმებას მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია;

15.4. მოსარჩელე ერთი წლით უსასყიდლოდ არ გასცემდა მის ქონებას, რადგანაც მხარის მიზანს არ წარმოადგენდა თხოვების ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ამას სასამართლო განმარტავს;

15.5. მოწმედ დაკითხული პირი წარმოადგენს მესამე პირის თანამშრომელს, რომელმაც, ბუნებრივია, დააფიქსირა ის პოზიცია, რაც მოპასუხე მხარეს აწყობდა. მესამე პირი არ ეთანხმება სარჩელს. მესამე პირი და მოპასუხე მხარე ფაქტობრივად ერთსა და იმავე პირს წარმოადგენს. შესაბამისად, მოწმედ დაკითხული პირის განმარტება უნდა შეფასდეს, როგორც მხარის პოზიცია, ისევე როგორც კასატორის მიერ დაფიქსირებული პოზიცია.

16. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები). რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის სადავოა არა იჯარის [სსკ-ის 581.1. მუხლი: იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც], არამედ ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის [სსკ-ის 531-ე მუხლი: ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა] წარმოშობის საკითხი. საკასაციო პალატის განმარტებით, ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს [სსკ-ის 147-ე მუხლი] ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“) (იხ. სუსგ საქმე №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა კონკრეტული უძრავი ნივთი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იძლეოდა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ მესამე პირმა ქ. ბათუმში, ....... მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ს/კ .......) შპს „ჯ–ის“ ტექნიკის განთავსების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოა ამ ქონების მესაკუთრესთან - მოსარჩელესთან, რის შემდეგაც, შპს „ჯ–თან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მესამე პირმა მოსარჩელის კუთვნილ შენობაზე (15 კვ.მ. ფართი) განათავსა/დაამონტაჟა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი). შესაბამისად, მოპასუხეს სარგებლობაში გადაცემული უძრავი ნივთის გამოყენება და მისგან ნაყოფის (სარგებლის) მიღება შეეძლო მოსარჩელის კუთვნილ ფართზე მობილური კავშირგაბმულობის ტექნიკის განთავსების შემდგომ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავოა ქირავნობის (და არა - იჯარის) ხელშეკრულების დადების ფაქტი.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული შერეული ტიპის ხელშეკრულება მოიცავდა აპარატურის მონტაჟის პერიოდზე ფართის თხოვებაზე შეთანხმებას [სსკ-ის 615-ე მუხლი: თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის], ხოლო აპარატურის მეშვეობით მობილური სადგურის ექსპლუატაციაში გასვლის შემთხვევაში - ქირავნობაზე შეთანხმებას, რისთვისაც გაფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულება ქირის ოდენობისა და გადახდის წესზე მითითებით.

20. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიზანს თხოვების ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენდა და არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ საფასურის გადახდა მხოლოდ აპარატურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დაიწყებოდა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.2. ქვეპუნქტი).

21. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

22. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი].

23. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

24. განსახილველ შემთხვევაში სწორედ კასატორის (მოსარჩელის) მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ქირავნობის ურთიერთობაზე, ქირის საფასურსა და ვადაზე შეთანხმება, თუმცა, მოსარჩელემ ვერ მოახდინა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გახდა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოწმის არასანდოობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 140.1. მუხლზე, რომლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის, დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. სუსგ საქმე №ას-392-2021, 29 სექტემბერი, 2021 წელი). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ მესამე პირი და მოპასუხე წარმოადგენს ერთსა და იმავე პირს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მესამე პირის თანამშრომლის ჩვენების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 766 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 189,67 ლარი და დარჩენილი 576,33 ლარის 70% – 403,43 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.დ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ნ.ტ–ის (პ/ნ: ......) მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 766 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 189,67 ლარი და დარჩენილი 576,33 ლარის 70% – 403,43 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი