საქმე №ას-1463-2020 08 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ვ.კ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „ი.ვ.კ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, ოპერატორმა უზრუნველყო აბონენტის სატელეფონო ქსელში ჩართვა და ასევე უზრუნველყოფდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას. აბონენტს, მხარეთა მიერ დანართი №1-ით შეთანხმებული მომსახურების გაწევის ტარიფების ოდენობის მიხედვით, უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან (აბონენტის ქსელში ჩართვა განხორციელდებოდა მის მიერ ქსელში ჩართვის საფასურის გადახდის შემდეგ) და მოქმედებდა ერთი წლის ვადით. თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარეები წერილობითი ფორმით არ გამოხატავდნენ ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ყოველი მომდევნო ერთი წლის ვადით;
2.2. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, აბონენტს მომსახურება მიეწოდებოდა იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გააჩნდა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს;
2.3. 2014 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო ნომრიდან ადგილი აქვს უჩვეულოდ დიდი მოცულობის ტრაფიკს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება გასული საანგარიშო პერიოდისათვის საშუალოდ განხორციელებულ ტრაფიკს, ანდა ადგილი აქვს უჩვეულო ოდენობის ტრაფიკს ისეთ საერთაშორისო მიმართულებებზე ან ფასიან ნომრებზე, როცა აღნიშნულ საერთაშორისო მიმართულებებზე ან ფასიან ნომრებზე გასულ საანგარიშო პერიოდში ზარები არ დაფიქსირებულა. ამ შემთხვევებში მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა;
2.4. ამავე ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების პასუხისმგებლობისგან, თუ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია ისეთი სახის გარემოებებით (დაუძლეველი ძალა), რომლებიც წარმოიშვა მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არ ექვემდებარება მის გონივრულ კონტროლს ან ნებას (ფორსმაჟორული გარემოებები), ხოლო 9.2. პუნქტის თანახმად, 9.1. პუნქტში მითითებული ფორსმაჟორული გარემოებები გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სახის მოვლენებით: სტიქიური უბედურებები, ბუნებრივი კატაკლიზმები და მოვლენები, მათ შორის: მიწისძვრა, სეტყვა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ხანძარი, ეპიდემია ან პანდემია, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, კრიმინალური ან ტერორისტული აქტი, ოფიციალურად გამოცხადებული ან გამოუცხადებელი საომარი მოქმედებები და შეიარაღებული კონფლიქტები, საგანგებო ან საომარი მდგომარეობები, ბლოკადა, ემბარგო, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედებები, სანქციები ან აქტები, ოპერატორის მიმწოდებლების, კონტრაქტორების ან ქვეკონტრაქტორების მიზეზით გამოწვეული შემთხვევები და ა.შ.;
2.5. 2015 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს დილით 11:29 საათზე, 24 საათის გასვლის შემდეგ აცნობა ზარების განხორციელების თაობაზე. მოსარჩელემ ასევე №15/239-3 წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მოსარჩელემ, შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომერს შეუზღუდა მომსახურების მიწოდება;
2.6. მოპასუხის 28.12.2015 წლის წერილის პასუხის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააბონენტო ნომრიდან 0322 .... სისტემაში დაფიქსირებული ზარები არ ეკუთვნოდა მოპასუხეს, სისტემა აღმოჩნდა „ჰაკერული“ შეტევის ქვეშ და აღნიშნული შეტევით განხორციელდა არასანქცირებული საერთაშორისო ზარები;
2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 06 ივნისის №1379139 ცნობის თანახმად, 2016 წლის 25 იანვრიდან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ნომრით 009150116004, მოპასუხის სერვერზე შეღწევით უნებართვოდ ზარების განხორციელების ფაქტზე. დაზარალებულად ცნობის შესახებ (საქმეზე №009150116004) 2018 წლის 28 მაისის დადგენილებით 2015 წლის 24-25 დეკემბერს გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული მოპასუხის კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპანიის სააბონენტო ნომრიდან (0322 ......) 13 873,69 ლარის ღირებულების ზარების (456 550) განხორციელების შედეგად მოპასუხე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ დავალიანება წარმოადგენს მოპასუხის მომსახურებით სარგებლობის შედეგად წარმოშობილ დავალიანებას, რადგან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევა განხორციელდა 2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრის - 032 2 …… (მათ შორის სერვერის) მეშვეობით, რის საფუძველზეც მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება 13 873.69 ლარის ოდენობით. ამასთან, მართალია, მხარეებმა ხელშეკრულებით კრიმინალური აქტი მიიჩნიეს ფორსმაჟორად, თუმცა მხოლოდ ამ ნიშნით კონკრეტული მოვლენის შეფასება პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად ვერ გამოდგება.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.1. და 9.2. პუნქტებზე, რომელთაც თანახმად, მხარეებმა გაითვალისწინეს პირობები დაუძლეველი ძალის შესახებ. 9.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ისეთი სახის გარემოებებით (დაუძლეველი ძალა), რომლებიც წარმოიშვა მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არ ექვემდებარებოდა მხარის გონივრულ კონტროლს ან ნებას (ფორსმაჟორული გარემოებები) (ხელშეკრულების 9.1 პუნქტი). 9.2. პუნქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ფორსმაჟორული გარემოება, მათ შორის სხვა ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, გულისხმობდა კრიმინალურ აქტს.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურება გაუწია 2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრის - 032 2 …… მეშვეობით, რაზეც დავალიანება შეადგენს 13 873.69 ლარს, თუმცა დადგენილია, რომ სააბონენტო ნომრიდან 0322 ….. სისტემაში დაფიქსირებული ზარები არ ეკუთვნოდა მოპასუხეს, რადგან მოპასუხის სერვერზე შეღწევით განხორციელდა უნებართვო ზარები, რაც დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 06 ივნისის №1379139 ცნობის თანახმად. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა აბონენტის ტექნიკური მოწყობილობის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხეს არ ავალდებულებდა რაიმე ტექნიკური მოწყობილობის არსებობას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს ზარების განხორციელების თაობაზე ეცნობა მეორე დღეს, რის გამოც მას დროულად არ მიეცა ზარების შეწყვეტის საშუალება, რაც არსებულ დავალიანებას არ წარმოშობდა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეს პირველივე ზარიდან ჰქონდა ინფორმაცია, მას შეეძლო დაებლოკა ზარების განხორციელების შესაძლებლობა და ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად სააბონენტო ნომრისთვის დროულად შეეზღუდა მომსახურების მიწოდება.
6. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ, ვინაიდან მოპასუხის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრის - 032 2 .......... (მათ შორის სერვერის) მეშვეობით განხორციელდა სატელეფონო ზარები, მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება 13 873.69 ლარის ოდენობით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხეს ზარები არ განუხორციელებია, ზარები განხორციელდა დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის პირობებში დანაშაულებრივი გზით, შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების 9.1. პუნქტი. ამასთან, 9.2. პუნქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ფორსმაჟორული გარემოება, მათ შორის სხვა ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, გულისხმობდა კრიმინალურ აქტს. გარდა აღნიშნულისა, მხარეებს ხელშეკრულებით არ შეუთანხმებიათ სპეციალური პირობა, რაც აბონენტს - მოპასუხეს დააკისრებდა მის ქსელზე (კომპიუტერულ სისტემაში) კრიმინალური, ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის პრევენციის მიზნით, გარკვეული ვალდებულების შესრულებას, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო დაუძლეველი ძალით შეთანხმებული კრიმინალური აქტის შემთხვევა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმა მხარეთა შეთანხმებით განეკუთვნა დაუძლეველ ძალას და ასევე ლოგიკურად, იგი ატარებს ფორსმაჟორული გარემოებების მოულოდნელობის, უმართავობისა და გადაულახავობის მახასიათებლებს, მით უფრო, იმგვარ პირობებში, როცა აბონენტისათვის დაცვის დამატებითი სპეციალური ღონისძიებები მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტების შესაბამისად, აბონენტი გათავისუფლებულია კრიმინალური აქტით ოპერატორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუძლეველი ძალისათვის დამახასიათებელი გარემოებების არარსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც მოპასუხეს დამატებითი მოწყობილობის არსებობას ავალდებულებდა, რითაც დაბლოკილი იქნებოდა საერთაშორისო ზარები. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მოპასუხეს ზარები არ განუხორციელებია და ზარები განხორციელდა დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ დანაშაულებრივი გზით, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანება არ წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე აბონენტის - მოპასუხის მიერ მომსახურებით სარგებლობის შედეგად წარმოშობილ დავალიანებას.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. სასამართლომ ისე გაათავისუფლა მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან, რომ არ დაუდგენია მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, თუ არ არსებობს აღნიშნული ფაქტი, უცნობია, როგორ მოხდა მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ფორსმაჟორის საფუძვლით;
14.2. ფორსმაჟორის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, რომელიც იყენებს ამ საფუძველს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა ფორსმაჟორული გარემოების არსებობის ფაქტი (მისი ყველა ელემენტის არსებობა) და არა - პირიქით.
15. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა [სსკ-ის 629.1. მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური]. ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361.2. მუხლის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
16. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურება გაუწია 2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრის - 032 ...... მეშვეობით, რაზეც დავალიანება შეადგენს 13 873.69 ლარს, თუმცა დადგენილია ისიც, რომ სააბონენტო ნომრიდან 0322 40 24 24 სისტემაში დაფიქსირებული ზარები არ ეკუთვნოდა მოპასუხეს, რადგან მოპასუხის სერვერზე შეღწევით განხორციელდა უნებართვო ზარები, რაც დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 06 ივნისის №1379139 ცნობის თანახმად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი). მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა აბონენტის ტექნიკური მოწყობილობის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხეს არ ავალდებულებდა რაიმე ტექნიკური მოწყობილობის არსებობას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს ზარების განხორციელების თაობაზე ეცნობა მეორე დღეს, რის გამოც მას დროულად არ მიეცა ზარების შეწყვეტის საშუალება, რაც არსებულ დავალიანებას არ წარმოშობდა.
17. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანება არ წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე აბონენტის - მოპასუხის მიერ მომსახურებით სარგებლობის შედეგად წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა მისი ანაზღაურების ვალდებულება.
18. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 693,68 ლარის 70% – 485,58 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 11 იანვარს №14069 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 693,68 (ექვსას ოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის 70% – 485,58 (ოთხას ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი