Facebook Twitter

საქმე №ას-1171-2021 18 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით თ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; №5356880-ა 5356880 სესხზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 38 804,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 31782,32 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 5969,43 ლარს, საკომისიო - 72 ლარს, პირგასამტეხლო - 980,34 ლარს; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 786,72 ლარის გადახდა; დადგინდა, რომ მოპასუხეზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....; დადგინდა ასევე, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან; მოთხოვნის სხვა ნაწილში ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 27 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №5356880-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 27 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5356880-ა-5356880, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 32 900 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა 23%-ს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ს;

2.2. 2017 წლის 27 თებერვალს კრედიტის უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N5356880-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ......, ს.კ .....;

2.3. მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მან დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხემ სესხის (№4244696) დასაფარად სულ ცამეტი გადახდა განახორციელა (2017 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით). მათ შორის შვიდი გადახდა განხორციელებულია არაჯეროვნად, რის გამოც მსესხებელს ჯარიმა დაერიცხა. 2018 წლის 16 მარტიდან მსესხებელს - მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია (ს.ფ. 51). ამდენად, მსესხებელს გადაუხდელი თანხისთვის დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო;

2.4. ბანკმა სარჩელი წარადგინა 2019 წლის 22 მარტს;

2.5. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის -31782 ლარის, სარგებლის - 3969,43 ლარისა და საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების - 786,72 ლარის მოთხოვნის ნაწილში (საქალაქო სასამართლოს 21.11.19წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17:15:15, ს.ფ. 120);

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საურავისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა 1.5%-დან უნდა შეემცირებინა არა 0.05%-მდე, არამედ - 0.01%-მდე (ს.ფ. 140), ხოლო სარგებლის ანუ პროცენტის სახით, ნაცვლად 5 949 ლარისა, 2000 ლარი უნდა დაეკისრებინა;

2.7. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 22 მარტს სარჩელის შეტანით;

2.8. მოპასუხე სესხის დაფარვებს, გადახდებს აწარმოებდა 2017 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 16 მარტამდე პერიოდში, ამასთან, - არაჯეროვნად. მაგალითად, 2017 წლის 1 ივნისს მას, პროცენტის სახით, უნდა გადაეხადა 637.80 ლარი, თუმცა ამ თვეში მას, პროცენტის სახით, გადახდა უფიქსირდება 0 ლარი; 2017 წლის 1 სექტემბერს მოპასუხეს, პროცენტის სახით, უნდა გადაეხადა 633,51 ლარი. ნაცვლად ამისა, პროცენტის სახით გადახდილი აქვს 16.90 ლარი; 2 ოქტომბერს, 632.14 ლარის ნაცვლად, გადახდილი აქვს 594 ლარი და ა.შ. (იხ. სესხის გრაფიკი ს.ფ. 20-იდან და ასევე სესხის დაფარვის გრაფიკი ს.ფ. 51-დან).

3. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოა, რომელი პერიოდის (საიდან სადამდე) საპროცენტო დავალიანების დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის, პროცენტის სახით, 5969,43 ლარის ოდენობით: 2018 წლის 16 მარტიდან 2018 წლის 24 დეკემბრამდე (ბანკის პოზიციით, სწორედ ამ პერიოდის დავალიანებას წარმოადგენს 5969,43 ლარი) თუ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ე.ი. 2019 წლის 22 მარტამდე პერიოდისათვის. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ბანკი სარჩელით სწორედ 2018 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდის პროცენტს ითხოვს, მაგრამ ეს თანხა 5969,43 ლარი (პროცენტის სახით) ამ პერიოდზე ანუ 2018 წლის 24 დეკემბრამდე მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ ეკუთვნის.

4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ პროცენტის გადახდა შეწყვიტა 2018 წლის 16 მარტს. 2017 წლის 07 მარტიდან 2018 წლის 16 მარტამდე მან რამდენჯერმე დაარღვია გადახდის გრაფიკი. შესაბამისად, მან, პროცენტის სახით, გადაიხადა, ნაკლები თანხა, ვიდრე ეს გრაფიკით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ ბანკის მოთხოვნა სარგებლის (პროცენტის) ნაწილში შეეხება 2018 წლის 16 მარტიდან 2018 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდს, ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს, პროცენტის სახით, ბანკისათვის უნდა გადაეხადა სწორედ ის თანხა, რასაც მას მოსარჩელე სთხოვს (2018 წლის 16 მარტიდან 2018 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდისათვის) -5903 ლარი. სასამართლოს მითითებით, სწორედ ეს თანხა - 5903 ლარი იყო გრაფიკით გაწერილი საპროცენტო სარგებელი, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ბანკისათვის 2018 წლის 16 მარტიდან 2018 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდისათვის და ამ თანხის შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (იხ. თანხის დაფარვის გრაფიკი). უფრო მეტიც, სასამართლოს მოსაზრებით, ბანკს უფლება ჰქონდა საპროცენტო სარგებელი მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის ე.ი. 2019 წლის 22 მარტამდე, თუმცა, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მან 2018 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდისათვის მოითხოვა საპროცენტო სარგებელი, რაც მისი უფლებაა.

5. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ ბანკის მოთხოვნა, სარგებლის ანუ პროცენტის სახით, მოპასუხისთვის 5903 ლარის დაკისრების თაობაზე კანონშესაბამისად მიიჩნია.

6. რაც შეეხება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეთა მიერ წერილობით იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1.5%-ის ოდენობით (ს.ფ. 18).

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა შეთანხმებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და შედეგად მივიდა სწორ დასკვნამდე, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სწორად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,05%, გრაფიკის დარღვევიდან 2018 წლის 16 მარტიდან, რამაც 980,34 ლარი შეადგინა.

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამსესხებელს ანიჭებს მხარეთა შორის შეთანხმებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს სარგებელი 5949 ლარიდან უნდა შეემცირებინა 2000 ლარამდე, რადგან აღნიშნული სხვაობა მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში. ასევე, სასამართლოს პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა 1,5%-დან 0,01%-მდე.

15. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა [სსკ-ის 867-ე მუხლი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით; 868.1. მუხლი: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი].

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

17. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

18. სადავო არ არის, რომ მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.

19. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მარტიდან მსესხებელს - მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი). ამასთან, მოპასუხე სესხის დაფარვებს, გადახდებს აწარმოებდა 2017 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 16 მარტამდე პერიოდში არაჯეროვნად (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8. ქვეპუნქტი); დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 24 დეკემბრამდე დარიცხული პროცენტის ანაზღაურებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია მისთვის დაკისრებული სარგებლის შემცირების თაობაზე, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს [სსკ-ის 420-ე მუხლი: სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო], საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-1686-2019, 8 მაისი, 2020 წელი).

22. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა 1,5%-დან შემცირდა 0,05%-მდე, რამაც შეადგინა 980,34 ლარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და არ არსებობს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.გ–ძეს (პ.ნ. ......) დაუბრუნდეს მ.გ–ძის (პ.ნ. ........) მიერ 2021 წლის 23 დეკემბერს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი