საქმე №ას-673-2020 14 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.მ–ვი, მ.ა–ვი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ.მ–ვისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და მ.ა–ვის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.კ.ა–ას“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „სადაზღვევო კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 749,50 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 22 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ელექტრონული ტენდერის (სპა-170002465) საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №227 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანია ახორციელებდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2.2. 2018 წლის 29 ივლისს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 104-ე კილომეტრზე, სოფელ ......, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა Mercedes Benc XM998MX ბრალით, რომელსაც მეორე მოპასუხე მართავდა;
2.3. 2018 წლის 29 ივლისს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, თარჯიმნის თანდასწრებით, მეორე მოპასუხემ დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტი და სრულად აიღო პასუხისმგებლობა შეჯახების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასევე მეორე მოპასუხე დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა მის მიმართ სასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საჯარიმო ქვითარი (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება), რისთვისაც დაჯარიმდა 250 ლარით. საჯარიმო ქვითრის თანახმად, 2018 წლის 29 ივლისს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 104-ე კილომეტრზე, სოფელ ........., მძღოლმა - მეორე მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია;
2.4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის აქტი და მისი შინაარსი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მეორე მოპასუხემ დროულად და სრულად გადაიხადა ჯარიმა;
2.5. 2018 წლის 02 აგვისტოს №0208-004 წერილით დადგენილია, რომ დაზიანებულ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, რის გამოც შპს „ჰ.ა.ს–ომ“ შეაკეთა იგი, ხოლო 2018 წლის 06 აგვისტოს №013 ინვოისით დადგენილია, რომ შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ ავტომანქანას „HYUNDAI ELANTRA“, სახ. ნომრით ......., ესაჭიროება 11 749,50 ლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები და მომსახურება, რაც სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა შპს „ჰ.ა.ს–ოს“, რაც დასტურდება №14278 საგადახდო დავალებით.
3. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 29 ივლისს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 104-ე კილომეტრზე, სოფელ ........., ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა Mercedes Benc XM998MX ბრალით, რომელსაც მეორე მოპასუხე მართავდა. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 11 749,50 ლარი, რაც სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა შპს „ჰ.ა.ს–ოს“.
4. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეების პრეტენზია შპს „ჰ.ა.ს–ოს“ მიერ გაცემული 2018 წლის 06 აგვისტოს №013 ინვოისის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ შპს „ჰ.ა.ს–ოს“ მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემულ №013 ინვოისს და მის საფუძველზე სწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, მით უფრო, იმ პირობებში, როცა 2018 წლის 02 აგვისტოს №0208-004 წერილით დადგენილია, რომ დაზიანებულ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, რის გამოც ავტომანქანა შეაკეთა შპს „ჰ.ა.ს–ომ“. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის შპს „ჰ.ა.ს–ოს“ მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემული №013 ინვოისის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობას, შეეძლო წარმოედგინა ისეთი შინაარსის მტკიცებულებები, რომლებიც, შესაძლოა, გააქარწყლებდა მოსარჩელის პოზიციას ზიანის აღნიშნული ოდენობით შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ, ვინაიდან ავტომანქანამ ბევრად ნაკლები ღირებულების დაზიანება მიიღო, უნდა ჩატარებულიყო სასაქონლო ექსპერტიზა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
10. საკასაციო საჩივრის თანახმად:
10.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების დათვალიერება არ მომხდარა და არ განსაზღვრულა, გარეგნულად რა დაზიანებები მიიღო სამინისტროს მანქანამ, უფრო მეტიც, არ დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა ზარალის განსაზღვრის მიზნით. როგორც მეორე მოპასუხემ სასამართლოში განმარტა, შეჯახების შედეგად პოლიციის მანქანა უმნიშვნელოდ დაზიანდა. შპს „ჰ.ა.ს–ოს“ მიერ წარმოდგენილი კალკულაცია არარეალურია;
10.2. ავტომანქანის რეალური მფლობელი იყო მეორე მოპასუხე, მან შეიძინა იგი, მაგრამ იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, მანქანა პირველ მოპასუხეზე გააფორმა, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ამ ავტომანქანასთან.
11. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სარჩელი მიმართულია ერთდროულად როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის (პირველი მოპასუხის), ისე - მოსარგებლის (მეორე მოპასუხის) მიმართ დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
12. სადაზღვევო კომპანიის მიერ აღძრული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებია: სსკ-ის 832.1. მუხლი [თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით], 992-ე მუხლი (მეორე მოპასუხის მიმართ) [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 999.1. მუხლი [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება [თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან], 463-ე მუხლი [თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს], 408.1. მუხლი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].
13. სსკ-ის 832.1. მუხლით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ საქმე №ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2012 წელი). თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის შესაბამისი სამართლებრივი ინტერესის რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანა, შესაბამისად, სუბროგაციის საფუძველზე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სადაზღვევო კომპანიაზე (მზღვეველზე) გადავიდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზიანი პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია, რომელსაც შემთხვევის დადგომის დროს მეორე მოპასუხე მართავდა.
15. სსკ-ის 999.1. მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდ არის მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სსკ-ის 999.4. მუხლის პირველი წინადადება იურიდიულ მფლობელს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევისათვის, როცა მოსარგებლე მისი ნებისგან დამოუკიდებლად დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა კანონმდებელი აქვე შემდგომი წინადადებების სახით პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას უპირისპირებს შემთხვევას, როდესაც იურიდიული მფლობელის ბრალით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლება მოსარგებლის მხრიდან ან მოსარგებლე თავად იურიდიული მფლობელის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატატორი (იხ. სუსგ საქმე №ას-630-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი). ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4. მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანის მესაკუთრედ რეგისტრირებულია პირველი მოპასუხე, ხოლო მოსარგებლე არის მეორე მოპასუხე. კასატორი უთითებს, რომ ავტომანქანის რეალური მფლობელი იყო მეორე მოპასუხე, მან შეიძინა იგი, მაგრამ იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, მანქანა პირველ მოპასუხეზე გააფორმა, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ამ ავტომანქანასთან.
17. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ. სუსგ საქმე №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი). ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში განსახორციელებელი ვალდებულებაა და დამატებით წინაპირობას ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ წარმოადგენს. რეგისტრაციის აუცილებლობა მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, რაც თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება (იხ. სუსგ საქმე №ას-1184-1129-2013, 26 ნოემბერი, 2015 წელი).
18. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორების პრეტენზია შესაძლოა საფუძვლიანი ყოფილიყო, თუმცა, მათ არ მიუთითებიათ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც პირველი მოპასუხის მფლობელობას (საკუთრებას) გამორიცხავდა [სსკ-ის 102.1. მუხლი: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს].
19. ამდენად, პირველი მოპასუხე, მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ მისი არაბრალეული ქმედებისა, მოსარგებლესთან (მეორე მოპასუხესთან) ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.
20. რაც შეეხება შედავებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, კასატორებს არ მიუთითებიათ სათანადო და რელევანტურ მტკიცებულებაზე, რაც გააბათილებდა 2018 წლის 06 აგვისტოს №013 ინვოისით დადგენილ გარემოებას, რომ შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ ავტომანქანას „HYUNDAI ELANTRA“, სახ. ნომრით ......, ესაჭიროება 11 749,50 ლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები და მომსახურება. დადგენილია ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა აღნიშნული თანხა შპს „ჰ.ა.ს–ოს“, რაც დასტურდება №14278 საგადახდო დავალებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 587,47 ლარის 70% – 411,23 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ვისა და მ.ა–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.მ–ვსა (პ/ნ: ......) და მ.ა–ვს (პირადი კოდი: .....) დაუბრუნდეთ მ.ა–ვის მიერ 2020 წლის 7 აგვისტოს №9674328250 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 587,47 ლარის 70% – 411,23 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი