საქმე №ას-1583-2019 3 აგვისტო, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ-ა“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.კ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „ქ.კ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით შპს „დ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „კასატორი“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ქ.კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7183,62 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 12 სექტემბერს შპს „თ–ს“ (მოსარჩელე კომპანია ცნობილ იქნა შპს „თ–ის“ უფლებამონაცვლედ) და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება №889, რომლის თანახმად, მენარდეს დამკვეთის დავალების საფუძველზე უნდა შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: გათბობის, წყლის სისტემის („კანალიზაციის“) და ვენტილაციის მონტაჟი მისამართზე: ქ. თბილისში, ......, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო დროულად მოემარაგებინა მენარდე ყველა საჭირო მასალით, მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა სამუშაოს საფასური სრული მოცულობით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაკვეთა ხორციელდებოდა ხელშეკრულების დანართი №1, №2 და №3-ის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 30 259.23 ლარს. დამკვეთი წინასწარ იხდიდა მთლიანი თანხის 50%-ს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. სამუშაოს მთელი მოცულობის 80%-ის შესრულების შემდგომ უნდა გადაეხადა მთლიანი თანხის 30%. დარჩენილი 20% დამკვეთს უნდა გადაეხადა სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შესახებ მენარდეს უნდა ეცნობებინა დამკვეთისთვის 2 სამუშაო დღით ადრე. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, გარანტია ავტომატურად მოქმედებდა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 12 თვის ვადით, მესამე მხარის მიერ დაზიანების გამორიცხვით;
2.2. 2014 წლის 19 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა მოპასუხეს და შპს „თ–ს“ შორის, მხარეებმა დაადგინეს, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის №889 ხელშეკრულების დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3-ის თანახმად, მიმწოდებელმა - შპს „თ–მა“ ურთიერთშეთანხმებული გეგმის საფუძველზე მოახდინა მასალის მიწოდება ობიექტზე, გათბობის, წყლის სისტემის („კანალიზაციის“) და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი და სისტემის შემოწმება, აღნიშნული სისტემები აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნილებებს, რაც დასტურდება ხელმოწერით. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს „თ–ის“ ტექ. დირექტორის - ლ.ს–ძისა და მოპასუხე კომპანიის დირექტორის - ვ.შ–ას მიერ;
2.3. მოპასუხემ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, შპს „თ–ს“ გადაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 26 000 ლარის ოდენობით;
2.4. 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ (2014 წლის მარტი) ფართში ჩატარებული იქნა სრული მასშტაბით სარემონტო/კოსმეტიკური სამუშაოები;
2.5. სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ მისამართზე: ქ. თბილისი, ......., ფუნქციონირებს ესთეტიკური სილამაზის ცენტრი/კლინიკა, რომლის სამუშაო სპეციფიკა მოიცავს სპეციალური აპარატურის (მათ შორის, ლაზერული ეპილაციის) გამოყენებას.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და შეუსრულებელი ვალდებულების - 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების - 6100 ლარისა და ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 573.62 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოპასუხემ, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ, ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასა და დამდგარ ზიანზე მიუთითა და სადემონტაჟო სამუშაოების თანხისა და უხარისხოდ დამონტაჟებული სისტემის შედეგად (წყლის ჩამოდინებით) მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე, რომელშიც მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მიღებულ სამუშაოში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ხასიათის არაერთი ფარული ნაკლის გამოვლენისა და ამ პრობლემის მიმართ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მიზეზით, მოპასუხე იძულებული გახდა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრამდე შეეჩერებინა სახელშეკრულებო თანხის ბოლო ნაწილის გადახდა. ფართში ფუნქციონირებს კლინიკა და იქ განლაგებული ძვირადღირებული ლაზერის აპარატურის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია შესაბამისი ტემპერატურული და სავენტილაციო რეჟიმის დაცვა. ფართის დანიშნულების, ამ ფართში დასამონტაჟებელი აპარატურისა და მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შესახებ (ტემპერატურული და სავენტილაციო რეჟიმი) მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სამუშაოების დაწყებამდე, რაც მან არ შეასრულა ჯეროვნად. მოპასუხის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
5. სააპელაციო პალატამ მოპასუხის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მხარის ინტერესია ხარვეზიანი მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება და სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოებისა და დაზიანებული აპარატურის აღდგენისთვის თანხის, როგორც ზიანის, ანაზღაურება. სასამართლოს მითითებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნის ციფრობრივი და ფაქტობრივი საფუძვლები განიცდიდა მუდმივ ცვლილება/დაზუსტებას. სსკ-ის 639-ე, 642-ე, 643-ე, 644-ე, 405-ე და 352-ე მუხლების დეფინიციის შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილდება მითითებული ნორმების ნორმატიული კონსტრუქციის შესაბამისად, უპირველესად, საჭიროებდა თავად სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივი წინაპირობის არსებობას.
6. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის და შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები ფაქტობრივად იდენტურია (კერძოდ, შეგებებული სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოება (ხმაური) შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოების (3.2. პუნქტის) იდენტურია; შეგებებული სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოება (სავენტილაციო რეჟიმის დაუცველობა) შესაგებლის 1-ლი ფაქტობრივი გარემოების იდენტურია; შეგებებული სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება (არხული კონდიციონერის მონტაჟის ადგილიდან წყლის ჩამოდინება) შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოების (2.4. პუნქტის) იდენტურია; შეგებებული სარჩელის მე-5 ფაქტობრივი გარემოება (გაუმართავი სავენტილაციო სისტემა და ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო ლაზერის აპარატის მწყობრიდან გამოსვლა) შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოების (2.3. პუნქტი) იდენტურია).
7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელი უპერსპექტივოდ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მხარემ შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით და გამომდინარე იქედან, რომ გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხის მიერ გასაჩივრებული არ არის და კანონიერ ძალაშია, შეგებებულ სარჩელში მითითებულ სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები ასევე კანონიერ ძალაშია, აღნიშნული გარემოება კი საფუძველს აცლის სარჩელის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის პერსპექტივას, ვინაიდან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების იდენტურია. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხემ სასამართლოს დასკვნა შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაუსაბუთებლობის თაობაზე სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გახადა, რითაც შეგებებული სარჩელის განხილვის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სავალდებულო ძალა მიეცა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოცემულობა მოპასუხის მიერ შესაგებლით განხორციელებულ შედავებას საფუძველს აცლიდა დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
8. სააპელაციო პალატამ მოპასუხის შედავება ასევე არსებითადაც უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მოსარჩელის მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულებები შესრულდა არაჯეროვნად, რამაც განაპირობა მთელი რიგი ხარვეზების წარმოშობა მოპასუხის მიერ დაქირავებულ შენობაში, კერძოდ, ჰაერის არასწორი კონდიცირების გამო კლინიკის სათავსში არასასიამოვნო სუნის არსებობა, ასევე კონდიციონერის ხმაურის დონის სტანდარტების დარღვევა, ტემპერატურული რეჟიმის გაუმართაობა, დამონტაჟებული გამწოვის სტანდარტებთან შეუსაბამობა.
9. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გაწერილ მხარეთა უფლება-მოვალეობებს და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოს ფარგლებს. სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მხარეებს შორის დეტალური შეთანხმება არ განხორციელებულა, მაგალითად, შეთანხმება იმაზე, რომ სამზარეულოში სავენტილაციო სისტემა უნდა ყოფილიყო ან სხვადასხვა ფართში სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი უნდა ყოფილიყო და ა.შ.; მოპასუხის შედავების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 19 მარტით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მხარეები ორმხრივად ადასტურებენ, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის №889 ხელშეკრულების დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3-ის თანახმად, მიმწოდებელმა - შპს „თ–მა“ ურთიერთშეთანხმებული გეგმის საფუძველზე ობიექტს მიაწოდა მასალები; დამონტაჟდა გათბობის, წყლის („კანალიზაციის“) და ვენტილაციის სისტემები; აღნიშნული სისტემები შემოწმდა და ისინი აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნილებებს, რაც დასტურდება მხარეთა ხელმოწერით. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს „თ–ის“ ტექ. დირექტორის - ლ.ს–ძის და მოპასუხე კომპანიის დირექტორის - ვ.შ–ას მიერ.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემდგომ ფართში ჩატარებული იქნა რიგი სარემონტო/კოსმეტიკური სამუშაოები, მოხდა ფართის გადატიხრვა სამზარეულოს ფართის შექმნის მიზნით და ა.შ.; სწორედ სარემონტო სამუშაოების შედეგად მიმაგრებულ ჭერზე ღიობების არარსებობის გამო, ექსპერტების მიერ ვერ მოხდა კონკრეტული პრობლემების კვლევა, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ პრობლემად არის დასახელებული.
11. სააპელაციო პალატის განმარტებით, არსებული მოცემულობით, როდესაც დამკვეთმა შეამოწმა სისტემის მუშაობა და მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტში ორმხრივი ნების გამოვლენით დაადასტურეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ექსპერტიზების დასკვნები იმ ვითარების დასადასტურებლად, რომ სადავო ფართში მენარდე კომპანიის მიერ სამონტაჟო სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო, კლინიკაში არასათანადო პირობები შეიქმნა, არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტთა დასკვნები არ ადასტურებს უშუალო მიზეზობრივ კავშირს შპს ,,თ–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და დამდგარ ზიანს შორის, მით უფრო, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც მოპასუხე მიუთითებს, წარმოადგენს ისეთი ტიპის უსწორობას (არ ხდება ჰაერგაცვლა, ტემპერატურული რეჟიმები ოთახებში სხვადასხვაა, წნევა, არ ხდება ჰაერის განიავება, სისტემის მუშაობის ხმაურის დონე და სხვა), რაც სისტემის შემოწმებისას საწყის ეტაპზევე უნდა გამოვლენილიყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არსებული პრობლემების პირდაპირი დაკავშირება მენარდის შესრულებასთან დაუსაბუთებლად მიიჩნია.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. საკასაციო საჩივრის თანახმად:
17.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით №002805915 და ამავე ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით №005152915, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტის დ.მ–ის ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელეს არ შეუსრულებია;
17.2. ექსპერტებმა დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელეს სამუშაოები ნაწარმოები აქვს პროექტის გარეშე, რაც ერთ-ერთ მთავარ და აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსგავსი სისტემების დამონტაჟებისა და სისტემის სრულყოფილი და გამართული მუშაობისთვის, რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ რა სიმძლავრის მოწყობილობები უნდა დამონტაჟდეს ფართში. ამავე ექსპერტების მიერ სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად დაისვა საკითხი იმის თაობაზე, საერთოდ ჰქონდა თუ არა მოსარჩელე კომპანიას ასეთი სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების უფლება, რაზეც მისმა წარმომადგენელმა ვერ უპასუხა, ხოლო მოსამართლემ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ექსპერტის გამოკითხვა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
17.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე, მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხა მოწმე ბ.დ–ი, რომელიც იყო მოსარჩელე კომპანიის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მისივე მითითებით, პროექტის გარეშე, ახორციელებდა სამონტაჟო სამუშაოებს მოპასუხე კომპანიის ფართში. აღნიშნული მოწმის განმარტებით აღმოჩნდა, რომ ის არის სულ სხვა პროფესიის ადამიანი და მას არ გააჩნია კვალიფიკაცია მსგავსი სამონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად. ამავე დროს, იმ სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ბატონი ბ. აძლევდა მითითებს, არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა მსგავსი სამონტაჟო სამუშაობის განხორციელებისთვის (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). ამავე მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სატესტო რეჟიმის გარეშე შედგა ის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც სასამართლო მიუთითებს თავის გადაწყვეტილებაში მოსარჩელის სასარგებლოდ. ამავე მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოპასუხის კლინიკის ფართში, როდესაც შევიდნენ, იყო ტიხრები, რომლებიც ერთმანეთისგან ყოფდა სხვადასხვა ოთახებს და მათ შორის, - სამზარეულოს. სამზარეულოს ფართში არ დაამონტაჟეს სავენტილაციო ქსელი, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ არ დასრულდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. აღნიშნულის გამო, დგება გაუსაძლისი სუნი და იქმნება ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც მნიშვნელოვნად საზიანო გავლენას ახდენს კლინიკის ფართზე. ფაქტობრივად, მოპასუხის კლინიკის სამზარეულო იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებაც მას გააჩნია, გამოუსადეგარია სწორედ მოსარჩელის ბრალეული ქმედებით;
17.4. ორმა მოწმემ - ზ.მ–მა და გ.ვ–ძემ დაადასტურეს, რომ ფართში იყო ტიხრებიც და სამზარეულოც, როდესაც მოსარჩელე კომპანია შევიდა სამონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად;
17.5. ვინაიდან მოპასუხეს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, შეგებებული სარჩელის ნაწილში, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გამო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. გაუგებარია, რა კავშირშია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფარგლებთან.
18. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა [სსკ-ის 629.1. მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; 648-ე მუხლი: შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას]. ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361.2. მუხლის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
19. განსახილველ შემთხვევაში მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს საზღაურის ნაწილის გადახდა, ამ უკანასკნელმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო მოპასუხის კუთვნილი მტკიცების საგანი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
21. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი].
22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
23. დადგენილია, რომ 2014 წლის 19 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა მოპასუხეს და შპს „თ–ს“ შორის, მხარეებმა დაადგინეს, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის №889 ხელშეკრულების დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3-ის თანახმად, მიმწოდებელმა - შპს „თ–მა“ ურთიერთშეთანხმებული გეგმის საფუძველზე მოახდინა მასალის მიწოდება ობიექტზე, გათბობის, წყლის სისტემის („კანალიზაციის“) და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი და სისტემის შემოწმება, აღნიშნული სისტემები აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნილებებს, რაც დასტურდება ხელმოწერით. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს „თ–ის“ ტექ. დირექტორის - ლ.ს–ძისა და მოპასუხე კომპანიის დირექტორის - ვ.შ–ას მიერ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი).
24. დადგენილია ისიც, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ (2014 წლის მარტი) ფართში ჩატარებული იქნა სრული მასშტაბით სარემონტო/კოსმეტიკური სამუშაოები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი).
25. კასატორი უთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №002805915 დასკვნაზე, ამავე ექსპერტიზის ბიუროს №005152915 დასკვნაზე, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტის დ.მ–ის ექსპერტიზის დასკვნაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ასევე ეკისრებოდა მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და გამოვლენილ ხარვეზებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადასტურება, რაც აღნიშნული დასკვნებით არ მტკიცდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შესრულების თაობაზე დეტალური შეთანხმება არ განხორციელებულა და შემოწმებისას შემკვეთის მიერ მისაღები იყო ჩატარებული სამუშაოების ხარისხი, ამასთან, მოპასუხის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მან სადემონტაჟო სამუშაოების თანხისა და უხარისხოდ დამონტაჟებული სისტემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, არ დაკმაყოფილდა და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6-მე-7 პუნქტები).
26. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ გამოვლენილი ხარვეზები სწორედ მოსარჩელის ნაკლიანი შესრულების შედეგს წარმოადგენდა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 359,18 ლარის 70% – 251,43 ლარი.
29. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „დ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „დ–ას“ (ს/კ: ........) დაუბრუნდეს მ.ა–ძის (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 22 ნოემბერს №8715149983 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 359,18 ლარის 70% – 251,43 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. შპს „დ=ას“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ელექტრონული მიმოწერის ასლები), მთლიანობაში „14“ ფურცლად (ტ. 3., ს.ფ. 188-201);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი