Facebook Twitter

საქმე №ას-404-2021 08 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.რ.ლ–“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს.რ.ლ–ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე” ან „აპელანტი”) და შპს „გ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე”, „დამკვეთი” ან „კასატორი”) შორის 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა განაცხადი N A-860/07/2017, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება იტალიიდან საქართველოში.

2. განაცხადის თანახმად, არასწორად გაფორმებული საბუთების ან ჩატვირთვა/გადმოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში, დამკვეთს უნდა გადაეხადა150 ევრო დგომის ყოველ დღე-ღამეში (თავისუფალი დროის ოდენობა - 48 საათი).

3. ტვირთი იტალიიდან საქართველოში გამოემგზავრა 2017 წლის 05 სექტემბერს.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 3 150 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

5. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. მხარეთა შორის 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული განაცხადის მიხედვით, მოსარჩელემ იკისრა ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები იტალიიდან საქართველოში. დატვირთვის მისამართი: Siprem Internacional SPA, Via lazio n.8, 61122, პეზარო, იტალია, Siprem international - ბერტო რ. დატვირთვის თარიღს წარმოადგენდა 21-23.08.2017, ხოლო გადაზიდვის ვადა შეადგენდა 10 დღეს (საზღვარზე რიგების გარეშე). ამავე განაცხადით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა განაცხადით გათვალისწინებული მომსახურების საფასური 9 700 ევროს ოდენობით, ასევე, ის ჯარიმები, რაც მისი ქმედების შედეგად წარმოიშობოდა. მოპასუხეს მომსახურების საფასური უნდა გადაეხადა 2017 წლის 04 სექტემბერს, ლარში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, თუმცა მას საფასური სრულად არ გადაუხდია;

5.2. აღნიშნული განაცხადის თანახმად, მოპასუხის მხრიდან არასწორად გაფორმებული საბუთების ან ჩატვირთვის/გადმოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში, დამკვეთს (მოპასუხეს) უნდა გადაეხადა 150 ევრო დგომის ყოველ დღე-ღამეში (თავისუფალი დროის რაოდენობა 48 საათი);

5.3. შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები ჩატვირთვის ადგილზე იმყოფებოდა 2017 წლის 21 აგვისტოს;

5.4. მოპასუხის ბრალით ერთი მანქანა დატვირთვისას დაყოვნდა 8 დღით, ხოლო მეორე მანქანა 11 დღით. ამის თაობაზე მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაერიცხებოდა მოცდენის ხარჯი 8 დღეზე 1 200 ევრო და 11 დღეზე 1 650 ევრო, ჯამში 2 850 ევრო. მოპასუხეს ეს საკითხი არ გაუპროტესტებია. აღნიშნული ინვოისების საფუძველზე მოახდინა ჩამოტანილი ტვირთის განბაჟება და მიღება. გადაზიდვებზე გამოიწერა საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ ტვირთი საკუთრებაში მიიღო;

5.5. ამასთან, ერთ მანქანას მოუწია დამატებით 300 კმ-ის გავლა, რადგან ტვირთი შეთანხმებულ ადგილას არ აღმოჩნდა და სხვა მისამართზე იმყოფებოდა. ეს საკითხი მოპასუხემ მოსარჩელეს თავიდანვე არ აცნობა. მოსარჩელისათვის აღნიშნული ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე მისვლის შემდგომ. შესაბამისად, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რომლის შესახებაც ასევე ეცნობა მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით და დაეკისრა ჯარიმა 150 ევროს ოდენობით. მოპასუხეს არც ეს საკითხი გაუპროტესტებია. გამოწერილი ჯარიმის საფუძველზე, რომელიც დაფიქსირებულია ინვოისში, მოახდინა ტვირთის ჩამოტანა და მიღება;

5.6. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა მომსახურებისა და ჯარიმის გადასახადი ჯამში 12 700 ევროს ოდენობით, საიდანაც მან 2017 წლის 18 სექტემბერს გადაიხადა მხოლოდ 9 550 ევროს ეკვივალენტი ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 3 150 ევრო, რომელსაც მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ იხდის.

6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი მტკიცებით, ტვირთის ჩატვირთვა, რეალურად, მოსარჩელის პერსონალის ადგილზე არყოფნის გამო დაგვიანდა. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა შეთანხმებული თანხა, ხოლო ჯარიმის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მძღოლს 300 კმ არ გაუვლია.

7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 150 ევროს ანაზღაურება ლარში, გადახდის დროს არსებული კურსის შესაბამისად.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

11. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოხდა მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული დროით დაყოვნება და მოცდენის ფაქტი მოპასუხის ბრალით იყო გამოწვეული.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა ელექტრონული მიმოწერებით, კერძოდ:

- 2017 წლის 07 სექტემბრის ელექტრონული შეტყობინების თანახმად, აპელანტი ატყობინებს დამკვეთს „ამჯერად მოგაწვდით ინფორმაციას ბოლო სამი მანქანის დატვირთვის თაობაზე: შეთანხმებისამებრ, პირველი და მეორე მანქანა მისამართზე მისული იყო 21 აგვისტოდან, რადგან 21-23.08 ში ვერ მოხერხდა აღნიშნული ორი ავტომანქანის დატვირთვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეკისრებათ ჯარიმა თითო მანქანაზე 150 ევროს ოდენობით. პირველი მანქანის მოცდენის დრო იყო 8 დღე, ხოლო 1 სექტემბერზე, როდესაც მძღოლის გამო ვერ მოხერხდა დატვირთვა, ჯარიმა არ გეკისრებათ. რაც შეეხება მეორე მანქანას, უნდა დატვირთულიყო 4 სექტემბერს, მაგრამ რადგანაც თქვენი მოთხოვნის თანახმად, ორი მანქანის დატვირთვა გინდოდათ ერთდროულად, დატვირთვის თარიღი გადაგიწიეთ 5 სექტემბრისთვის, შესაბამისად, 4 სექტემბერზეც არ გეკისრებათ ჯარიმა. აქედან გამომდინარე, მეორე მანქანაზე მოცდენა იყო 11 დღე. აგრეთვე, რაც შეეხება ბოლო ორი მანქანის დატვირთვას, წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმებული იყავით დატვირთვის ერთ მისამართზე, მაგრამ თქვენი მიმწოდებლის ინფორმაციის თანახმად, ტვირთის მეორე ნაწილი აღმოჩნდა სხვა მისამართზე და მანქანებს მოუხდათ ერთი მისამართიდან მეორემდე და შემდეგ უკან 300 კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა. მინდა გაცნობოთ, რომ ევროპაში ერთი კმ-ის ტარიფი 1 ევროა, მაგრამ გადამზიდთან გავისაუბრეთ და დავითანხმეთ თითოეულ მანქანაზე 150 ევროს გადახდაზე” (იხ. ტ. 1, ს.ფ. 33).

- 2017 წლის 23 აგვისტოს ელექტრონული შეტყობინების თანახმად, აპელანტი დამკვეთს ატყობინებს შემდეგს: „ჩვენ შევთანხმდით, რომ დაიტვირთებოდა 2 სატვირთო მანქანა 21.08-დან 23.08-მდე 61122 ტერიტორიაზე, ხსენებულ დღეებში სატვირთო მანქანები არ დატვირთულა და დგას ქარხნის ტერიტორიაზე მოლოდინის რეჟიმში. თუ სატვირთო მანქანები დღესვე არ დაიტვირთა, მოგვიწევს თქვენთვის ჯარიმის დაკისრება დღეში 150 ევროს ოდენობით თითოეულ სატვირთო მანქანაზე”(იხ. ტ. 1, ს.ფ. 129).

- 2017 წლის 23 აგვისტოს ელექტრონული შეტყობინებით აპელანტი დამკვეთს ატყობინებს შემდეგს: "რადგანაც ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ ორი მანქანა უნდა დატვირთულიყო 21-დან 23 აგვისტომდე, ამ პერიოდის განმავლობაში მანქანები იცდიან ქარხნის ტერიტორიაზე. თუ დღესაც ვერ მოხერხდება დატვირთვა, ხვალიდან დაიწყება ჯარიმების დარიცხვა თითო მანქანაზე თითოეულ გადაცილებულ დღეზე 150 ევროს ოდენობით. რაც შეეხება დატვირთვის მეორე მისამართს, გეგმის და შეთანხმების მიხედვით, მესამე მანქანა დაიტვირთება ხვალ" (იხ. ტ. 1, ს.ფ. 136-137).

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მანქანები ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ 21 აგვისტოს, დატვირთვის თარიღი იყო 21-23 აგვისტო, რაც მოიცავდა როგორც მისვლას, ასევე, დატვირთვას. წარმომადგენლის განმარტებით, 21 აგვისტოს მოსარჩელის დაქირავებული მანქანები მივიდნენ, მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ არ მოხდებოდა დატვირთვა მოლოდინის რეჟიმში აღარ იყვნენ, თუმცა როდის წამოვიდნენ უკან არ იცის და აღნიშნულის კონტროლირება მათი მხრიდან არ მომხდარა. მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ზემოაღნიშნული მიმოწერა და მათი შინაარსი, როგორც ავტომობილების დანიშნულების ადგილას 21 აგვისტოდან გამოცხადების და მოცდენის, ასევე, დამატებით 300 კმ-ზე მეტი მანძილის გავლისა და, შესაბამისად, დამატებით 300 ევროს გადახდის დაკისრების თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 163-164).

14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოცდენისა და დამატებითი კილომეტრაჟის გავლის თანხები შესულია ინვოისებში და საბაჟო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით, მოპასუხემ მიიღო და განაბაჟა ტვირთი მის ღირებულებასთან ერთად ტრანსპორტის მოცდენისა და დამატებითი მანძილის ღირებულებების ჩათვლით, რითაც აღიარა მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება სარჩელით მოთხოვნილ ფარგლებში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38-47).

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, შეძლო დაედასტურებინა მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მან მხოლოდ ზეპირი განმარტება და ,,SIPREM INTERNATIONAL”-ის წერილის ასლი წარადგინა, რაც საფუძვლიანი არ არის. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ შესაგებელთან ერთად წარდგენილი საფოსტო მიმოწერა მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

16. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, ხოლო მოსარჩელემ დაადასტურა მისი ბრალის არარსებობა და მოთხოვნის საფუძვლიანობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნებისა და მოცდენის ფაქტი მოპასუხის ბრალეულობით იყო გამოწვეული. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ავტომობილების მოცდენასთან და დამატებით 300 კმ-ის გავლასთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხესთან ელექტრონული ფოსტით ჰქონდა გაგზავნილი წერილები, ამასთან, საბაჟო დოკუმენტაციაში შესული იყო მოცდენისა და დამატებითი კილომეტრაჟის გავლის თანხები, სახეზე იყო მოპასუხის ბრალეულობა და მისი მხრიდან ვალდებულების აღიარება;

18.2. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია. მთავარი უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და საბაჟო დოკუმენტაცია მიიჩნია მოპასუხის „ბრალეულობის“ დადასტურებად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის დეტალური გაცნობითა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შესწავლით ნათლად ჩანს, რომ მოპასუხე მისი მხრიდან რაიმე სახის ბრალეულობას ვერ დაეთანხმებოდა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მის ერთ-ერთ ვალდებულებას თავი აარიდა და მანქანები მოლოდინის რეჟიმში არ გააჩერა;

18.3. ამავდროულად სამოქალაქო ურთიერთობებისთვის მიუღებელი ქცევით ინვოისსა და საბაჟო დოკუმენტაციაში გაზარდა თანხა, რომლის რედაქტირების ან მათზე რაიმე სახით ზემოქმედების შესაძლებლობა მოპასუხეს არ გააჩნდა. მოსარჩელეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც მის საარჩელო მოთხოვნას გაამყარებდა. იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ელექტრონულ მიმოწერასა და საბაჟო დოკუმენტაციაზე აფუძნებდა მოთხოვნას;

18.4. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ავტომანქანები იდგნენ 21 აგვისტოდან მათ დატვირთამდე, თუმცა პროცესის განმავლობაში არაერთხელ მოხდა ამ ფაქტის გამომრიცხავი გარემოებების წარმოჩენა: რიგ შემთხვევაში მხარე მიუთითებდა, რომ მანქანები 10 მეტრში იყვნენ დანიშნულების ადგილიდან გაჩერებული; რიგ შემთხვევებში ეს მანქანები 10 კილომეტრის მოშორებით იყვნენ; ასევე, გაჟღერებული იყო, რომ მანქანები კი იყვნენ, თუმცა მძღოლები არ იყვნენ ადგილზე;

18.5. გაურკვევლობას იწვევს ისიც, რომ განაცხადში სხვა მანქანები (სახელმწიფო ნომრებით: ..... და ....) არის მითითებული, ხოლო უშუალოდ დატვირთვის დღეს სულ სხვა მანქანები ფიგურირებენ საბუთებში (სახელმწიფო ნომრებით: ....... და .....). მანქანის ნომრები, რომლებიც მხარეთა შორის ხელმოწერილ დოკუმენტშია მითითებული, არათუ ლოდინის რეჟიმში, საერთოდ არც კი დატვირთულა, სექტემბერში საერთოდ სხვა მანქანების დატვირთვა მოხდა. რადგანაც მხარისათვის ცნობილი იყო, რომ აგვისტოში შეიძლებოდა მანქანები არ დატვირთულიყო, ისინი გაუშვა და მხოლოდ მოთხოვნის შემდეგ (ისიც 2-3 დღეში) უზრუნველყო მოპასუხე ამ ავტომობილებით;

18.6. მთელი რიგი ბუნდოვანი, მრავალჯერ შეცვლილი და საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ვერ დადასტურდა. მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო დატვირთვის ადგილას მანქანების მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რაც არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დადასტურებულა;

18.7. მოსარჩელის მთავარი მტკიცებულების (ელექტრონული კორესპონდენციის) შინაარსი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა, იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოჩენილი, რათა ესა თუ ის სიტყვა სხვაგვარად ყოფილიყო აღქმული;

18.8. სააპელაციო სასამართლომ განხილვის მიღმა დატოვა საბაჟო დოკუმენტაცია, ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული დეტალები და მხოლოდ ზედაპირული მსჯელობით შემოიფარგლა. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გამოთვლისას ხელმძღვანელობს საერთო თანხიდან გამომდინარე. სწორედ ასე დაანგარიშებულ თანხას აწვდის გადამხდელს და გადამხდელიც მოთხოვნის შესაბამისად იხდის თანხას. შესაბამისად, გაურკვეველია რა როლი უნდა ჰქონოდა ამ შემთხვევაში მოპასუხეს საბაჟო დეპარტამენტთან იმ დროს, როდესაც საბაჟო ხელმძღვანელობს წარდგენილი დოკუმენტაციით (რაც მოხდა აპელანტის მიერ) და ის არ შედის იმის დეტალურ განხილვაში არის თუ არა რაიმე სახის უთანხმოება მხარეთა შორის. უფრო მეტი სიცხადისთვის, გაანალიზებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის მდგომარეობა - იმ პერიოდში, როდესაც აქტიურ ფაზაშია შესული კახეთში რთველი, ხოლო მოპასუხის, როგორც მეწარმე სუბიექტის, ბენეფიტები ამ პროცესის წარმატებულად წარმართვასთან პირდაპირპროპორციულადაა კავშირში, ნათელია, რომ იმ მომენტისათვის საბაჟოზე ავტომობლების გაჩერება, რომლითაც ელოდებოდა რთველის ჩასატარებელ აუცილებელ ტექნიკას, დავის სასამართლოში დაწყება და დავის დასრულებისათვის თვეობით (თუ არა წლობით) ლოდინი, ვერანაირად იქნებოდა მომგებიანი. სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ზუსტ დროში უნდა მოსწრებულიყო, მოპასუხე თანახმა იყო მანქანები მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყვნენ და ამისთვის დამატებითი საფასური გადაეხადა. თუმცა, ფაქტებით საპირისპირო დადასტურდა და ვერც მოსარჩელემ წარადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა;

18.9. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხისათვის დრო წარმოადგენდა პრიორიტეტს, მოხდა იმ პროცენტის გადახდა, რაც საბაჟომ მას მოსთხოვა, სხვაგვარად მას მოუწევდა გაუთვალისწინებელი დროით ლოდინი. ამავდროულად, საბაჟო დოკუმენტაციაში გადახდის წესში დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ ჩაერეოდა;

18.10. მოცემულ შემთხვევაში ასევე დიდი მნიშვნელობის იყო იტალიური მხარის წერილი, რომელიც გამოგზავნილ იქნა ელ. ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული წერილი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ აპელანტის მანქანები, რომლებიც უწყვეტად, მოლოდინის რეჟიმში უნდა ყოფილიყვნენ, არ იდგნენ, ხოლო უშუალოდ დატვირთვის დღეს გამოიგზავნა სხვა მანქანები სხვა სახელმწიფო ნომრებით. აღნიშნული წერილი ხელმოწერილია ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო თარგმანი დამოწმებულია ნოტარიულად საქართველოში. შესაბამისად, სხვა რა არის ეს დოკუმენტი თუ არა ე.წ. დედანი;

18.11. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი კილომეტრაჟის გავლა რეალურად მოხდა, მაშინ, როდესაც ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარდგენილა, მტკიცების ტვირთი კი სრულად მოსარჩელის მხარეზეა, რადგან ნეგატიური ფაქტების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ვერ დაეკისრება;

18.12. ამდენად, სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მთხოვნათა დარღვევით სრულყოფილად არ გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა არასწორად და მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საზღაურის, ასევე, გადამზიდველის სატრანსპორტო საშუალების დაყოვნებისა და ტვირთის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მისამართიდან წამოღებისათვის დამკვეთისთვის ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.

22. კასატორის პრეტენზია საქმეში არსებული მტკიცებულებების არასათანადო შეფასებას და ფაქტების არასწორად დადგენას ემყარება.

23. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება განაცხადის სახით (განაცხადი N A-860/07/2017), რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა დამკვეთის ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება იტალიიდან საქართველოში; გადაზიდვის საზღაური შეადგენდა 9 700 ევროს; განაცხადის თანახმად, დატვირთვის თარიღს წარმოადგენდა 21-23.08.2017წ., ხოლო გადაზიდვის ვადა 10 დღეს; სადავო არ არის, რომ ტვირთის დატვირთვა და საქართველოში (გურჯაანში) ჩამოტანა განაცხადში მითითებულ ვადაში არ განხორციელებულა; განაცხადის მიხედვით, არასწორად გაფორმებული საბუთების ან ჩატვირთვა/გადმოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში, დამკვეთს უნდა გადაეხადა150 ევრო დგომის ყოველ დღე-ღამეში (თავისუფალი დროის ოდენობა - 48 საათი).

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთვევაში ადგილი ჰქონდა გადამზიდველის სატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული დროით დაყოვნებისა და მოცდენის ფაქტს, რაც მოპასუხის ბრალით იყო გამოწვეული. აღნიშნულს კასატორი (მოპასუხე) არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, მოსარჩელის ავტომანქანები დატვირთვის ადგილას მოლოდინის რეჟიმში არ ყოფილან. როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში შეიძლება მანქანები არ დატვირთულიყო, მან ისინი გაუშვა და მხოლოდ მოთხოვნის შემდეგ უზრუნველყო მოპასუხე ავტომანქანებით; მხარეთა შორის გაფორმებულ განაცხადში მითითებული ავტომანქანები არათუ ლოდინის რეჟიმში არ იყვნენ, არამედ საერთოდ არც კი დატვირთულა, ვინაიდან სექტემბერში სულ სხვა მანქანების დატვირთვა მოხდა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლით განსაზღვრულია გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლები. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისათვის; გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. იმავე კოდექსის 688-ე მუხლის მიხედვით, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში – იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

26. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გადაზიდვის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობით ხასიათდება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 687-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმის მტკიცება, რომ ტვირთის მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, გადამზიდველს ეკისრება.

27. სამოქალაქო კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა (იხ. სუსგ საქმე Nას-887-1160-04, 01 მარტი, 2005 წელი; Nას-667-667-2018, 28 ივნისი, 2018 წელი; Nას-599-2019, 14 ივლისი, 2021 წელი).

28. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

29. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მხარეთა კომუნიკაციის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ავტომანქანები ტვირთის წარმოსაღებად დატვირთვის ადგილზე ჩავიდნენ განაცხადით გათვალისწინებულ დროს (21-23.08.2017წ.), თუმცა ტვირთი მზად არ იყო. კერძოდ, საქმეშია მოსარჩელის გაყიდვების მენეჯერის, დ.ქ–ას 23.08.2017წ. ელექტრონული წერილი, რომლითაც იგი მოპასუხეს ატყობინებს შემდეგს: „ჩვენ შევთანხმდით, რომ დაიტვირთებოდა 2 სატვირთო მანქანა 21.08-დან 23.08-მდე 61122 ტერიტორიაზე. ხსენებულ დღეებში სატვირთო მანქანები არ დატვირთულა და დგას ქარხნის ტერიტორიაზე მოლოდინის რეჟიმში. თუ სატვირთო მანქანები დღესვე არ დაიტვირთა, მოგვიწევს თქვენთვის ჯარიმის დაკისრება დღეში 150 ევროს ოდენობით თითოეულ სატვირთო მანქანაზე“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 129); მოსარჩელის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის, ა.გ–ის 01.09.2017წ. ელექტრონული წერილი, რომლითაც იგი მიმწოდებელ კომპანიას, Siprem International-ს ატყობინებს შემდეგს: „ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის სატვირთო მანქანების გამო. 2 სატვირთო მანქანა თქვენი საწყობიდან 10 კილომეტრში არის, მაგრამ მძღოლები წავიდნენ. 1 მძღოლი იქნება დღეს საღამოს, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ დატვირთოთ 1 სატვირთო მანქანა ხვალ. მეორე იქნება ორშაბათს დატვირთვის დროს. მესამე სატვირთო მანქანა იქნება სამშაბათს 05.09.2015წ.“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 101); ასევე, მოპასუხის დირექტორის, გ.მ–ის 01.09.2017წ. ელექტრონული წერილი, რომლითაც იგი მოსარჩელეს ატყობინებს შემდეგს: „გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ მანქანა, რომელიც დღეს უნდა დატვირთულიყო ხვალ დილით იქნება დატვირთვის მისამართზე, ასევე, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ორშაბათს დამატებით ორი მანქანა იქნება დასატვირთად მზად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იღებთ პასუხისმგებლობას, გადაიხადოთ ამწეს მოცდენის ხარჯები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სანამ მანქანა არ იქნება SIPREM INTERNATIONAL SPA-ში დატვირთვის მისამართზე“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 34-35);

30. ამდენად, აღნიშნული კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ ტვირთი ჩასატვირთად გამზადდა 01 და 04 სექტემბერს, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, თუ სად იმყოფებოდა დატვირთვის ადგილზე ჩასული მოსარჩელის ერთი ავტომანქანა 23.08.-დან 01.09.2017წ.-მდე, ხოლო მეორე 04.09.2017წ.-მდე შუალედში.

31. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 21 აგვისტოს გაფორმებულ განაცხადში მითითებული და დატვირთული ავტომანქანების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს. განაცხადში მითითებული იყო სხვა ავტომანქანები (ავტომანქანების მონაცემები: 35ETS53, 35N0387), ხოლო ტვირთი საქართველოში სხვა ავტომანქანებმა წარმოიღეს (ავტომანქანების მონაცემები: 35EPL19/35R8426, 35HD3242/35AH7307) (იხ. განაცხადი, ინვოისები და საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებები CMR, ტ.1, ს.ფ. 38-47).

32. ამასთან, მხარეთა მიმოწერის თანახმად, მოსარჩელე აცხადებდა, რომ 2017 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით ავტომანქანები იმყოფებოდნენ საწყობიდან 10 კილომეტრში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 101), ხოლო მძღოლები წასულები იყვნენ. ერთ მძღოლს დააგვიანდა ერთი დღე და ეს დღე არ არის ჩათვლილი მოთხოვნაში, ხოლო მეორე გამოცხადდა დანიშნულ დროს. თუმცა, რეალურად გაურკვეველია სად იდგნენ და იდგნენ თუ არა მანქანები 2017 წლის 23 აგვისტოდან პირველ და 04 სექტემბრამდე.

33. მოსარჩელემ ვერ ახსნა რატომ გამოცხადდნენ სხვა ავტომანქანები ტვირთის წამოსაღებად, თუ მისი მანქანები იქ უკვე იდგნენ.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, როგორც გადამზიდველმა, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადოდ ვერ დაადასტურა დატვირთვის ადგილას ჩასული მისი ავტომანქანების მოცდენის (დაყოვნების) ფაქტი. კერძოდ, ის გარემოება, რომ ვინაიდან 21-23.08.2017წ. ტვირთი არ იყო ჩასატვირთად მზად, მისი კუთვნილი ავტომანქანები ტვირთის გამზადებასა და ჩატვირთვას დატვირთვის ადგილას ელოდებოდნენ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა მოსარჩელის ავტომანქანების დაყოვნების ფაქტი, რომელიც მოპასუხის ბრალით იყო გამოწვეული.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ავტომანქანების ზენორმატიული დროით მოცდენის გამო მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამდენად, გადაზიდვის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც გადამზიდავი იღებს პასუხისმგებლობას, გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაზიდვის ხელშეკრულების დადებისა და გადაზიდვის ანაზღაურების სადავოობისას მტკიცების ტვირთის განაწილება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

38. წინამდებარე საქმეში სარჩელზე დართული საგადასახადო დავალებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30) დასტურდება, რომ მოპასუხემ 2017 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელეს ტვირთის გადაზიდვის საფასურის ასანაზღაურებლად ჩაურიცხა 28 140,98 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით (2,9467), შეადგენს 9 550 ევროს. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით გადაზიდვის საზღაური შეადგენდა 9 700 ევროს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადაზიდვის საფასურის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს 150 (9 700 – 9 550=150) ევროს გადახდა.

39. წინამდებარე საქმეში არსებული მხარეთა მიმოწერით ასევე დასტურდება ტვირთის წამოსაღებად მოსარჩელის ავტომანქანის დამატებით სხვა ადგილას გამოცხადება. კერძოდ, საქმეშია მიმწოდებელი კომპანიის - Siprem Internatinal-ის მიერ 01.09.2017წ. მოსარჩელის მიმართ გაგზავნილი ელექტრონული წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მეორე და მესამე სატვირთო მანქანები ჯერ უნდა მისულიყვნენ პესაროში, სადაც დატვირთავდნენ ორ საწურს, ხოლო შემდეგ წავიდოდნენ ღვინის ქარხანაში: Vini Firmanum. Via Ete Vivo 18.63843 Montottone, სადაც ამწეს საშუალებით უნდა დაედოთ ორი წნეხი; ასევე, მოსარჩელის 01.09.2017წ. ელექტრონული წერილი, სადაც იგი მოპასუხეს ატყობინებს შემდეგს: „ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 სატვირთო მანქანა უნდა დაიტვირთოს ორშაბათს, 04.09.2017 წელს ამწესთან ერთად. ეს არის ახალი დატვირთვის გეგმა ჩვენთვის. ამ ეტაპზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთი სატვირთო მანქანა ხვალ, მეორე - ორშაბათს და მესამე - სამშაბათს. ჩვენ გთავაზობთ მეორე და მესამე სატვირთო მანქანის დატვირთვას სამშაბათს, 05.09, რომ აირიდოთ ამწეს ჯარიმა“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 103-108).

40. როგორც ზემოთ აღინიშნა, განაცხადის თანახმად, არასწორად გაფორმებული საბუთების ან ჩატვირთვა/გადმოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა დამკვეთის მიერ ჯარიმის გადახდა დგომის ყოველ დღე-ღამეში 150 ევროს ოდენობით (თავისუფალი დროის ოდენობა - 48 საათი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ერთი ავტომანქანის მიერ ტვირთის სხვა მისამართიდან წამოღების ფაქტი, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას ჩატვირთვის მისამართის ცვლილების გამო სატრანსპორტო საშუალების დაყოვნებისათვის მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 150 ევროს დაკისრების შესახებ.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

44. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო, ასევე, სააპელაციო მოთხოვნის 9,52%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 303 ლარის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20) 9,52%-ის, 28,85 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 230) - 405 ლარის 9,52%-ის, 38,56 ლარი გადახდა.

45. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით კი, დაკმაყოფილდა მისი საკასაციო მოთხოვნის 90,48%. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 641,17 ლარის (იხ. ტ. 2, ს.ფ. 78, 89) 90,48%-ის, 580,13 ლარის გადახდა.

46. საბოლოო ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სახელწიფო ბაჟის სახით ეკისრება - 67,41 ლარის, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ 580,13 ლარის გადახდა, რომელთა გაქვითვის შედეგად მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 512,72 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს.რ.ლ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „გ–ს“ შპს „ს.რ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. შპს „ს.რ.ლ–ს“ შპს „გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 512,72 (ხუთას თორმეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი