საქმე №ას-1373-2023 01 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ზ.თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნის შეცვლა
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ზ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
- ძირითადი ვალდებულების ანაზღაურების სახით, 290 000 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს სულ 763,16 კვ.მ მოცულობის უძრავი ქონება მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი,........., რომელიც რეგისტრირებულია შემდეგი საკადასტრო კოდებით:
N........., მე-2 სართული, ბინა 9, 47,57 კვ.მ;
N........., მე-3 სართული, ბინა 18, 39,43 კვ.მ;
N.........., მე-6 სართული, სასტუმრო 66, 40,05 კვ.მ;
N........., მე-11 სართული, სასტუმრო 151, 97,10 კვ.მ;
N........., მე-6 სართული, სასტუმრო 76, 59,80 კვ.მ;
N......, მე-12 სართული, სასტუმრო 160, საერთო 218,53 კვ.მ-დან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 39,34 კვ.მ;
N........, პირველი სართულის მე-2 ბინა, საერთო 221,1 კვ.მ-დან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 132,93 კვ.მ;
N........, მე-3 სართული, ბინა 17, 80,51 კვ.მ;
N........, მე-6 სართული, სასტუმრო 72, 28,54 კვ.მ;
N........., მე-12 სართული, სასტუმრო 153, 58,69 კვ.მ-დან 23,96 კვ.მ;
N........., მე-11 სართული, სასტუმრო 150, 275,62 კვ.მ-დან 173,93 კვ.მ;
- 10 თვეზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილში, 29 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, ......., 76,31 კვ.მ-ის მოცულობის შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება:
N......, მე-12 სართული, სასტ. 153, 58,69 კვ.მ-დან 34,73 კვ.მ;
N......., მე-12 სართული, სასტუმრო 152, 53,21 კვ.მ-დან 41,58 კვ.მ;
- მოპასუხეს 2021 წლის 15 მაისის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ძირითადი ვალდებულების 1%-ის სახით, მიუღებელი ზიანის ნაწილში, ვალდებულების ანაზღაურება და, შესაბამისად, ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე, ყოველი 380 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს პროპორციული მოცულობის უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........., შემდეგი საკადასტრო ერთეულებიდან:
N........, მე-12 სართული, სასტუმრო 152, 53,21 კვ.მ-დან დარჩენილი 11,63 კვ.მ;
N........., მე-11 სართული, სასტუმრო 149, 312,17 კვ.მ;
N.........., სართული 1, საოფ. ფართი N1, 126,50 კვ.მ;
N.........., სართული 2, ბინა N12, 51,52 კვ.მ;
N.........,ავტოსადგომი N10, -1 სართული, 14,85 კვ.მ;
N..........,ავტოსადგომი N11, -1 სართული, 14,85 კვ.მ;
N..........., ავტოსადგომი N12, -1 სართული, 14,85 კვ.მ;
ასევე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ......., ს.კ. N......., საერთო ფართით 157 კვ.მ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ქ. თბილისი, ........, ბინა N18, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ......., სასტუმრო N149, სართული 11, ს.კ. N......;
- ქ. თბილისი, ........., სასტუმრო N153, სართული 12, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ......., ბინა N9, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ......., სასტუმრო N72, სართული 6, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ...... სასტუმრო N66, სართული 6, ს.კ. N.........;
- ქ. თბილისი, ......... სართული 2, ბინა N12, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ........, სართული 3, ბინა N17, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, .........., სასტუმრო N150, სართული 11, ს.კ. N.......;
- ქ. თბილისი, ........, სასტუმრო N152, სართული 12, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ........, საოფისე ფართი N1, სართული 1, ს.კ. N.......;
- ქ. ჭიათურა, ქუჩა ........., ს.კ. N..........
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ......, მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N.......) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ს.კ N.........., სართული 11, სასტუმრო 151, 97,10 კვ.მ;
- ს.კ N.........., სართული 6, სასტუმრო 76, 59,80 კვ.მ;
- ს.კ N.........., სართული 1, ავტოსადგომი 10, 14,85 კვ.მ;
- ს.კ N.........., სართული 1, ავტოსადგომი 11, 14,85 კვ.მ;
- ს.კ N.........., სართული 1, ავტოსადგომი 12, 14.85 კვ.მ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემულ საქმეზე იმავე სასამართლოს 2020 წლის 03 აგვისტოს, 2020 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში განეხორციელებინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით.
9. ვინაიდან მოსარჩელემ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს არ წარუდგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..........; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. კასატორმა საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ......... მდებარე მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ს.კ. N.........., 39,43 კვ.მ; ს.კ. N.........., 80,51 კვ.მ; ს.კ. N.........., 28,54 კვ.მ; ს.კ. N.........., 58,69 კვ.მ.
14. მოსარჩელემ 2024 წლის 26 მარტს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა წინამდებარე საქმეზე გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნის შეცვლა. კერძოდ, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს, ნაცვლად უძრავი ქონებისა: ავტოსადგომები ს.კ. N.........., ფართი 14.85 კვ.მ, .........., ფართი 14.85 კვ.მ; N.........., ფართი 14.85 კვ.მ და საზაფხულო ფართი ს.კ. N.........., ფართი 39,34 კვ.მ, აეკრძალოს მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს.კ. N.........., ფართი 51,52 კვ.მ და იმავე მისამართზე სართული 12, სასტუმრო 152, ს.კ. N.........., ფართი 53,21 კვ.მ, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
15. განცხადებაში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე:
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ჯამში 207,17 კვ.მ უძრავი ქონების: ს.კ. N.........., N.........., N.......... და N.........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ჯამში 420 კვ.მ-ის მესაკუთრედ, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......... საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთებიდან უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ 207,17 კვ.მ ფართის (და არა 420 კვ.მ ფართის) უძრავ ნივთებზე გამოყენებულ იქნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე ძალაშია:
- სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა თბილისში, სოფელ დიღომში, .........., მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N..........) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
- სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განჩინება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ს.კ. N.........., სართული 11, სასტუმრო 151, ფართი 97,10 კვ.მ; ს.კ. N.........., სართული 6, სასტუმრო 76, ფართი 59,80 კვ.მ; ს.კ. N.........., სართული 1, ავტოსადგომი 10, ფართი 14,85 კვ.მ; ს.კ. N.........., სართული 1, ავტოსადგომი 11, ფართი 14,85 კვ.მ; ს.კ. N.........., სართული 1, ავტოსადგომი 12, ფართი 14,85 კვ.მ;
15.2. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხისათვის უძრავი ნივთების გადაცემის მომენტისათვის ერთი კვ.მ ფართის ღირებულება 380 აშშ დოლარით განისაზღვრა სწორედ საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონებისათვის, რაზეც მიუთითებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 24 დეკემბერს დადებული აღნაგობის პირობების კორექტირებისა დ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. მე-5 მუხლი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტი);
15.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთებით და არა არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთებით (ავტოსადგომი ან საზაფხულო ფართი), როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებიდან გამომდინარეობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
22. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია ასევე სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა; სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას; ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
23. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის (იხ. სუსგ საქმე Nას-1185-1114-2012, 13 ნოემბერი, 2012 წელი; Nას-5-5-2015, 10 თებერვალი, 2015 წელი).
24. სასამართლოს საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება. აღნიშნულის გადაწყვეტის წინაპირობა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა (იხ. სუსგ საქმე Nას-1185-1114-2012, 13 ნოემბერი, 2012 წელი).
25. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში,.........., მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N..........) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღსანიშნავია, რომ მოცემული საზაფხულო ფართის საკუთრებაში გადაცემა მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს სარჩელით ძირითადი ვალდებულების ანაზღაურების სანაცვლოდ.
26. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული კიდევ რამდენიმე უძრავი ქონების, მათ შორის, ავტოსადგომების: ს.კ N.........., ს.კ N.........., ს.კ N.........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული ავტოსადგომების საკუთრებაში გადაცემა კი, მის ჩასანაცვლებლად წინამდებარე განცხადებაში მითითებულ უძრავ ნივთებთან: ს.კ. N.......... (ბინა), N.......... (სასტუმრო) ერთად, მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს მიუღებელი ზიანის ანაზღაურების სახით ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე ყოველი 380 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, როგორც პროპორციული მოცულობის უძრავი ქონება.
27. სარჩელში არ არის მითითებული, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების 1 კვ.მ-ის ღირებულებას შორის განსხვავებაა და ამის საფუძველზე უპირატესად რომელიმე სახის უძრავი ნივთის გადაცემა უნდა მოხდეს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა ქალაქ თბილისში,.........., N2-ში მდებარე სადავო უძრავი ქონებიდან 420 კვ.მ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ არის განსაზღვრული მოსარჩელისათვის მიკუთვნებული უძრავი ნივთების ჩამონათვალი. აღნიშნული არ არის მითითებული არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე კი სასამართლო მსჯელობს სწორედ გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული უფლების ფარგლებში. განმცხადებელს უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლის დასაბუთების თვალსაზრისით სხვა გარემოებაზე არ მიუთითებია. შესაბამისად, მისი მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუსაბუთებელია, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, გამორიცხავს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 196-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ზ.თ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი