28 მარტი, 2024 წელი,
საქმე#ას-1540-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „მ.შ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,მ.შ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, რესტორანი ან შპს) სამეწარმეო საქმიანობა 2020 წლის 17 მარტს დაიწყო.
2. 2020 წლის 1 ივნისს შ.ი–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც დასაქმებული კომპანიაში შეფ-კონდიტერის თანამდებობაზე 3 - თვით დაინიშნა. მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება - 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა.
3. მოსარჩელეს ხელფასი არ მიუღია.
4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხიის წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. იგი ამტკიცებდა, რომ რესტორანში 2020 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 12 ნოემბრამდე იყო დასაქმებული და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 3000 აშშ დოლარს შეადგენდა. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, 2020 წლის 2 ივნისიდან შემცირებულ ხელფასს - 1500 აშშ დოლარს აიღებდა, შესაბამისად, სახელფასო დავალიანება - 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია.
5. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა არც 2020 წლის 2 თებერვლიდან დაწყებულა და არც დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება ყოფილა 3 000 აშშ დოლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სახელფასო დავალიანების - 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და მეორე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (ხელზე ასაღები ოდენობა) გადახდა; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
9.1. კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა მოსარჩელის 2020 წლის 17 მარტიდან დასაქმებისა და სახელფასო ანაზღაურების სახით - 3000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტები, რასაც შედეგად სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ასევე კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
12. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს.
13. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
14. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 41.1 (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) და 41.3. (შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ) მუხლებიდან გამომდინარეობს.
15. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, არასწორად დადგინდა, რომ მოსარჩლე 2020 წლის 17 მარტიდან იყო დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში და მისი სახელფასო ანაზღაურება - 3000 აშშ დოლარს შეადგენდა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
16.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
16.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
16.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა.
მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
16.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
16.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
16.6. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების, ვადის, ხელფასის ოდენობისა და მისი ანაზღაურების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, რომელმაც თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაციის ფარგლებში გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები;
კერძოდ, სასამართლოში მოსარჩელისა და მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ გახსნიდან რამოდენიმე დღეში - 2020 წლის 18 მარტს, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვების გამო, რესტორანი დაიხურა და მხოლოდ გატანის სერვისი მუშაობდა;
ამასთან, რესტორანში დასაქმებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება წერილობით ფორმდებოდა (იხ. მოწმე შ.შ–ვის, მ.ა–სა და მოპასუხის შუამდგომლობთ დაკითხული ი.ჰ–ის ჩვენებები). აღნიშნულ გარემოებებზე არც მხარეები არ დავობენ, შესაბამისად, პანდემიის დასაწყისთან დაკავშირებული მდგომარეობისა და რესტორნის შეზღუდული რეჟიმით მუშაობის პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო რესტორნის საკონდიტრო მიმართულების ფუნქციონირება, სადაც მოსარჩელე უნდა დასაქმებულიყო, სწორედ ამიტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ - 2020 წლის 1 ივლისს დაიდო.
მოსრჩელის მიერ გარკვეულ სარემონტო სამუშაოების შესრულებისა და დესერტის მომზადების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი, მხარეებს შორის 2020 წლის 17 მარტიდან შრომით სამართლებრივ ურთიერთობის არსებობისა და ხელფასის ოდენობის თაობაზე დასკვნის საფუძველს არ იძლევა, მით უფრო მაშინ, როცა მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეებიც ადასტურებენ, რომ კომპანიაში დასაქმებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება წერილობით ფორმდებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაშიც განხორცილედა კიდეც.
კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა წერილობითი შეთანხმება, სადაც გარკვევითაა მითითებული შომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადაც და ანაზღაურების ოდენობაც.
17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელე რესტორანში შეფ-კონდიტერის თანამდებობაზე 2020 წლის 1 ივნისს, 3 თვით დაინიშნა და მისი ყოველთვიური ანაზღაურება - 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა.
18. ამდენად, მოსარჩელის ხელფასის ოდენობა საქმეში დაცული მტკიცებულებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება და მის საფუძველზე უნდა განისაზღვროს (იხ. ხელშეკრულება). ასევე დადგენილია, რომ არსებული სახელფასო ვალდებულება კასატორის მიერ არ შესრულებულა შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 4500 (1500X3) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდა.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მ.შ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „მ.შ–ს“ შ.ი–ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
5. შ.ი–ს, შპს „მ.შ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1007.45 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე