საქმე №ას-122-2024 28 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ც.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ.რ.ე–ი’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ 2021 წლის 29 სექტემბრის ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება) ბათილად ცნობის, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურის, პრემიისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით შპს ,,მ.რ.ე–ის’’ (შემდეგში - მოპასუხე ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ ც.მ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი ან დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით:
2.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.2. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ნაწილში სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;
2.3. 2021 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს იძულებითი განაცდურის, ჯამურად 5 896.8 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;
2.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა 20 და არა უგვიანეს 30 დღისა მოსარჩელე სასამართლოში არ გამოცხადებულა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემა არ მოუთხოვია.
ასეთ ვითარებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 2591 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2023 წლის 27 ივლისი) მომდევნო დღიდან დაიწყო, რაც 2023 წლის 10 აგვისტოს (მე-14 დღე) ამოიწურა.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოსარჩელემ კანონით დადგენილი საპროცესო ვადის (სსსკ-ის 369-ე მუხლი) გასვლის შემდეგ შეიტანა, სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად დატოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, რადგან სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში შეიტანა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ვადის დარღვევით მოამზადა, რაც საქმეში არსებული შესაბამისი აქტითაც დასტურდება. გადაწყვეტილების მზაობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან აპელანტი მოსამართლის თანაშემწეს ყოველდღე უკავშირდებოდა, ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა აპელანტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილი ფაქტების მიმართ არ წარმოუდგენია.
8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იმ საფუძვლით დარჩა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა აპელანტმა დაარღვია.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:
1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და,
2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ან უკიდურეს შემთხვევაში სათანადო შინაარსის განცხადების (მოთხოვნის) წარდგენის გზით არაორაზროვნად გამოხატოს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სურვილი.
დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;
მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი).
დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).
12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოება:
სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2023 წლის 27 ივნისს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა აპელანტიც და წარმომადგენელიც.
13. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოში გამოცხადებულიყო და წერილობითი განცხადებით მოეთხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია და ეს გარემოება კერძო საჩივარში გაქარწყლებული არ არის, რის გამოც იგი პალატისათვისაც სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
აშკარაა, რომ აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაუცვია, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო თარიღს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.
14. განსახილველ შემთხვევაში, რაკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის 27 ივნისს გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად 2023 წლის 27 ივნისის (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე) მომდევნო რიცხვი 2023 წლის 28 ივნისი უნდა მივიჩნიოთ; ამავე მსჯელობიდან აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2023 წლის 10 აგვისტო (ხუთშაბათი).
საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2023 წლის 20 ნოემბერს ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-790-757-2016, 18.10.2016; №ას-221-208-2015, 29.05.2015).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.
17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მზაობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან მოსამართლის თანაშემწეს ის ყოველდღე უკავშირდებოდა, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება დაგვიანებით მომზადდა, ხოლო, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს შემდეგი მიზეზის გამო:
ზემოაღწერილი გარემოება, რაზეც მხარე მიუთითებს, გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის შეცვლის საფუძველს არ წარმოშობს, ვინაიდან დასახელებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ. სუსგ, №ას-1251-2013, 18.01.2024).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე