Facebook Twitter

29 თებერვალი, 2024 წელი,

საქმე №ას-1063 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - შპს „ა.ბ.ბ.კ–ი“, შპს „ა.ბ.ს–ო“, შპს „ა.ბ.თ–ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა.ბ.ბ.კ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), შპს „ა.ბ.ს–ო“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ა.ბ.თ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ზიანის - 5 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

კასატორების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის მე-19 მუხლის გამოყენებისას, კანონი არასწორად განმარტეს, შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და გარდაცვლილი ადამიანის გამოსახულების გამოყენებაზე (ასევე გარდაცვლილის სახელი, ხმა და სხვ.) დადგინდეს სწორი სასამართლო პრაქტიკა. სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლში მოცემულია პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის ხოლო არაქონებრივი უფლებების დაცვა მემკვიდრეებს შეუძლიათ მაგალითად მამკვიდრებელზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში. გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე გარდაცვლილი პირის სიცოცხლეში მისაღები კომპენსაციის მოთხოვნის უფლება პირთა განუსაზღვრელ წრეს და არაერთჯერადად ენიჭება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ირაკლი ჩარკვიანი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მამა, მამკვიდრებელი ან მუსიკოსი) 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა. მოსარჩელე მისი პირველი რიგის მემკვიდრეა/შვილი (სსკ-ის 1306.1 და 1328-ე მუხლები).

4.4. 2018 წლის 27 ნოემბერიდან 2019 წლის 11 იანვრის მდგომარეობით (წაიშალა 16.01.2019წ), სოციალური ქსელში www.facebook.com/b., მუსიკოსის გამოსახულება აიტვირთა შემდეგი ტექსტით - „რაც დრო გადის, მისი მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და შეიძლება ითქვას, აქტუალობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკისა და არამარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის“.

4.5. გამოსახულებაზე დატანილია „ბ–ი“ და „ბ–ის“ მინერალური წყლის ფერთა პალიტრა.

4.6. გამოსახულება 1100-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა, აქვს 16 კომენტარი და 49-ჯერ გაზიარდა, ხოლო გვერდი 157 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა.

4.7. მუსიკოსის გამოსახულება სასაწავლო, სამეცნიერო, კულტურული ან სხვა კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის არ გამოყენებულა.

4.8. გამოსახულების დამუშავებისა და სოციალურ ქსელში რეკლამის მიზნით განთავსებასთან დაკავშირებით, არც გამოქვეყნებამდე და არც შემდეგ, მოპასუხეებს მუსიკოსის მემკვიდრეებისთვის ნებართვა არ უთხოვიათ.

4.9. 2018 წლის 24 დეკემბრის, 2019 წლის 23 იანვრისა და 21 მაისის წერილებით, მოსარჩელემ მოპასუხეებს მუსიკოსის გამოსახულების განთავსებასთან დაკავშირებით საკითხის მორიგებით გადაწყვეტა შესთავაზა, რაც უპასუხოდ იქნა დატოვებული.

4.10. დომენური სახელის <b..com/ge> მფლობელი და საქართველოს „ბ–ის“ ოფიციალური მწარმოებელი მეორე მოპასუხეა. ვებ-გვერდზე: <ids-b..ge> განთავსებული ინფორმაციით, მეორე მოპასუხე წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბ–ი“.

4.11. მესამე მოპასუხის წესდებით, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანი - მინერალური წყალი „ბ–ისა“ და დამფუძნებლის მიერ წარმოებული სხვა პროდუქციის, საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუცია-რეალიზაციაა.

5. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის (კონკრეტული პროდუქციისა და ამ პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის რეკლამირებისთვის მუსიკოსის სახელისა და გამოსახულების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება), სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 18.1 (ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე) 18.2 (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან), 18.3 (ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო, ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოები (ვიდეო და ა.შ.) საზოგადო ვითარებაში გადაიღეს, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური), 18.6 (ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად) და მე-19 (მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია) მუხლები წარმოადგენს.

6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) 3.1. მუხლით, რეკლამა განიმარტება, როგორც საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში- საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. 12.1 მუხლის მიხედვით, სოციალური რეკლამა განიმარტება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას), 12.2 ნაწილით კი, სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.

7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მუსიკოსის გამოსახულება არა სასაწავლო, სამეცნიერო, კულტურული ან სხვა კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, არამედ, კომერციული რეკლამისთვის გამოქვეყნდა, კერძოდ, გამოსახულებაზე დატანილია „ბ–ი“ და „ბ–ის“ მინერალური წყლის ფერთა პალიტრა. ასევე დადგენილია, რომ დომენური სახელის <b..com/ge> მფლობელი და საქართველოს „ბ–ის“ ოფიციალურ მწარმოებელი მეორე მოპასუხეა. ვებ-გვერდზე: <ids-b..ge> განთავსებული ინფორმაციით, მეორე მოპასუხე წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბ–ი“.

მესამე მოპასუხის წესდებით კი, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანი - მინერალური წყალი „ბ–ისა“ და დამფუძნებლის მიერ წარმოებული სხვა პროდუქციის, საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუცია-რეალიზაციაა.

8. დადგენილია, რომ გამოსახულების დამუშავებისა და სოციალურ ქსელში რეკლამის მიზნით განთავსებასთან დაკავშირებით, არც გამოქვეყნებამდე და არც შემდეგ, მოპასუხეებს მუსიკოსის მემკვიდრეებისთვის ნებართვა არ უთხოვიათ.

2018 წლის 24 დეკემბრის, 2019 წლის 23 იანვრისა და 21 მაისის წერილებით, მოსარჩელემ მოპასუხეებს მუსიკოსის გამოსახულების განთავსებასთან დაკავშირებით საკითხის მორიგებით გადაწყეტაც შესთავაზა, რაც უპასუხოდ იქნა დატოვებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-19 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენებას სხვა პირის მხრიდან, თუ ამ პირს აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს, როგორც მუსიკოსის პირველი რიგის მემკვიდრეს, გარდაცვლილის არაქონებრივი უფლებების დაცვის ღირსი ინტერესი ცალსახად გააჩნია.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ ასევე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი, კერძოდ, წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები და დაადასტურა მოპასუხეთა მიერ, მოსარჩელის მამის გამოსახულების კომერციული რეკლამისთვის გამოქვეყნება, ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს საპირწონე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას გააქარწყლებდა და ეჭვქვეშ დააყენებდა.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

ამდენად საკასაციო პალატა გაანალიზებს და იმსჯელებს მხოლოდ საკასაციო პრეტენზიაში აღწერილ კასატორის ძირითად არგუმენტებზე.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

12. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გ.ჯ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #13968993826, გადახდის თარიღი 26.07.2022წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ბ.ბ.კ–ის“, შპს „ა.ბ.ს–ოსა“ და შპს „ა.ბ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა.ბ.ბ.კ–ის“ (ს/კ .........), შპს „ა.ბ.ს–ოს“ (ს/კ ......) და შპს „ა.ბ.თ–ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეთ გ.ჯ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #13968993826, გადახდის თარიღი 26.07.2022წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე