Facebook Twitter

28 მარტი, 2024 წელი,

საქმე №ას-1420-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ააიპ „ს.მ.ს.თ. პ.მ.თ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ააიპ „ს.მ.ს.თ. მ.პ.თ–რი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან თეატრი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის ერთი თვით განსაზღვრის შესახებ დამსაქმებლის 2021 წლის 23 ივლისის #18 ბრძანება, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანება და იმავე წლის 1 სექტემბრის #22 ბრძანება;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე 2021 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 600 ლარის (გადასახადების ჩათვლით) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, 2021 წლის 1 სექტემბრის #22 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მისი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, ხანდაზმულია. მოსარჩელე დამატებით დასაქმებული იყო სხვა სამსახურშიც რაც დაბრკოლებას უქმნიდა მოპასუხე თეატრის საქმიანობას და კასატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2014 წლიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე, მასთან პერიოდულად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თეატრში მსახიობის თანამდებობაზე უწყვეტად იყო დასაქმებული.

4.3.1. მხარეებს შორის 2021 წლის 1 თებერვალს დადებული ბოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 600 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2021 წლის 31 ივლისამდე განისაზღვრა.

4.4. დამსაქმებლის 2021 წლის 23 ივლისის ბრძანებთ, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა იმავე წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამავე ბრძანებით, მოსარჩელემ 2021 წლის 1 სექტემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გაფრთხილება მიიღო.

4.4.1. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს ელექტრონულ ფოსტაზეც გაეგზავნა, რომლითაც დამსაქმებელმა მოსარჩელეს ახალი შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, რომელიც მხარის საჭიროებისამებრ, პერიოდულ დასაქმებას ითვალისწინებდა.

საპასუხო წერილით მოსარჩელემ შტატიანი თანამშრომლის პოზიციიდან გადასვლაზე უარი განაცხადა.

4.5. იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე დასაქმებულია სხვა თეატრში, რაც მუდმივად ქმნიდა უხერხულობას რეპერტუარისა და სარეპეტიციო პროცესების დაგეგმვაში, დამსაქმებლის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით, იმავე თარიღიდან დასაქმებული გადაყვანილ იქნა სარეპერტუარო უკვე არსებულ სპექტაკლებში გამოძახებით მონაწილეობაზე.

4.6. 2021 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელემ დამსაქმებელს მიმართა და გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთება მოითხოვა. თუმცა, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.

4.7. 2021 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სამუშაო არ შეუსრულებია.

4.8. მხარეებს შორის უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა.

4.9. საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა), მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითიხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ანსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მასთან დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუცია. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა); დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს აჩვენებს, რომ მათ ნამდვილად მოუსმინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73).

როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (რუიზ ტორია ესპანეთის წინააღმდეგ- Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 30, Series A N 303-A; § 30; ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; § 28 ), შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ -Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006;).

სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII;).

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე - განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ორგანული კანონით ორი ტიპის ვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაა შესაძლებელი:

ა) ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტული კალენდარული ვადით;

ბ) ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა უკავშირდება გარკვეულ მიზანს. ამასთან, შრომის კოდექსით, ასევე, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაში უნდა იქნას მიჩნეული მიმდევრობით დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები უვადო შრომით ურთიერთობად.

შრომის კოდექსის 12.4 მუხლის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.

ამრიგად, დასაქმებულის შრომითი უფლებების დასაცავად, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის ერთადერთ საფუძველს ხელშეკრულებაში მისი განუსაზღვრელი ვადით მოქმედების თაობაზე აღნიშვნა არ წარმოადგენს, არამედ საკითხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის საერთო ხანგრძლივობა და ხელშეკრულებების დადების თარიღებს შორის არსებული პერიოდები. თუკი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ვადა დასახელებული ნორმით გათვალისწინებულ ხანგრძლივობას ემთხვევა, მაშინ შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დადებულად უნდა შეფასდეს.

9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 2014 წლიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე მასთან ყოველწლიურად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თეატრში მსახიობის თანამდებობაზე უწყვეტად იყო დასაქმებული, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების საერთო ვადა აღემატება 30 თვეს. ამდენად, აშკარაა, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა უვადო შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება სსკ-ის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე ბათილია, რაც დასაქმებულის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია.

10. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის კოდექსის 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) და საქართველოს კონსტიტუციის 26.1 (შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება) მუხლებზე რომელთა მიხედვით, მოსარჩელე თავისუფალი იყო თავად გადაეწყვიტა სურდა თუ არა ახალი სამუშაო პირობებით შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

ამდენად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით. სშკ-ის 20.2 მუხლი), რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით არ ვლინდება.

11. შესაბამისად, გამოვლენილია მოპასუხის გადაწყვეტილების შრომის კოდექსთან არსებითი შეუსაბამობა, რაც გამოხატულია დასაქმებულის ჯერ სარეპერტუარო უკვე არსებულ სპექტაკლებში გამოძახებით მონაწილეობაზე გადაყვანში, ხოლო შემდგომ ვადის გასვლის საფუძვლით მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაში.

12. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის სპექტაკლებში გამოძახებით მონაწილეობის შესახებ 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით იზიარებს ქვემდომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სადავო ბრძანება არ შეეხებოდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საკითხს, მის მიმართ ვერც საქართველოს შრომის კოდექსის 48.6 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 1 თვიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა.

13. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით.

13.1. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

13.2. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება.

13.3. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

13.4. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).

13.5. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.

13.6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).

13.7. უდავოა, რომ მოსარჩელესთან რომელიც უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან, შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათისა და ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით, მართებულად დაეკისრა კომპენსაციის - 2000 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

14. საკასაციო სასამართლო შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, იზიარებს სააპელაციო პალატის დაკვნას მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის იძულებთი განაცდურის დაკისრების თაობაზეც (სშკ-ის 48.9 მუხლი) და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სწორედ ის ზიანია, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი კანონსაწინააღმდეგო გარემოება.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად გაანალიზოს და შეაფასოს კასატორის მხოლოდ უძირითადესი არგუმენტები.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი).

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 460 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #01356, გადახდის თარიღი 04.12.2023წ), 70% - 322 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ „ს.მ.ს.თ. პ.მ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ააიპ „ს.მ.ს.თ. პ.მ.თ–ს“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 460 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #01356, გადახდის თარიღი 04.12.2023წ), 70% - 322 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე