Facebook Twitter

18 აპრილი, 2024 წელი,

საქმე #ას-191-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით შპს „მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 500 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლო; მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამგვარი ზომით შემცირება არაპროპორციული და არაგონივრულია, პირგასამტეხლოს უკარგავს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ფუნქციას და მთლიანობაში სცდება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2020 წლის 4 თებერვალს დაიდო #69 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მოდელის ავტომანქანების - „TOYOTA-სა“ და „LEXUS-ის“ ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

4.3.1. ხელშეკრულების სრული სავარაუდო ღირებულება - 1020000 ლარით განისაზღვრა.

4.3.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა განხორციელებულიყო.

კერძოდ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა მიმწოდებელმა სატრანსპორტო საშუალებები უნდა დაათვალიეროს და დეფექტური აქტი ხელმოსაწერად შემსყიდველს წარუდგინოს, სადაც უნდა მიეთითოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა (იხ. შეთანხმების 3.1 პუნქტი).

4.3.3. სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისთვის მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს 10 კალენდარული დღით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 3.2 პუნქტი).

4.3.4. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, მენარდე ვალდებული იყო შემსყიდველის მიერ დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო უხარისხო მომსახურების, წუნის გამოსწორება და შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4.3.5. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - 0.15% (იხ. ხელშეკრულების 9.3 პუნქტი).

4.4. 2020 წლის 13 ივლისს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ #28 შეთანხმება დაიდო, რომლითაც:

1). სახელშეკრულებო პრეისკურანტს დაემატა სამი პოზიცია ერთეულის შესაბამისი ღირებულებით. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება გაიზრდება - 179 ლარით და შეადგინა - 2406608.49 ლარის (უკანა ფრთის გასწორება ცალი 130 ლარი; ძრავის ნახევრადსინთეტიკური ზეთი 10W40 ერთეულის ღირებულება 14 ლარი, გარანტია 10000 კმ; 3. ძრავის ზეთის ფილტრი - ერთეულის ღირებულება 25 ლარი, გარანტია 10000 კმ).

2). 2020 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების გაზრდა დასაშვებად იქნა მიჩნეული პრეისკურანტის თავდაპირველი ღირებულების 10 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად - 236738,03 ლარია. ამასთან, წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების გათვალისწინებით დაკორექტირდა/შემცირდა მომდევნო ეტაპზე პრეისკურანტის ღირებულების გაზრდის მონეტარული ზღვარი და - 197406.72 ლარი შეადგინა.

3). დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.

4.5. 2020 წლის 24 ივნისს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA HILUX", სახ. N ....., სამღებრო/სათუნუქე სამუშაოების ჩატარების მიზნით, მიყვანილ იქნა მოპასუხის სერვისცენტრში, იმავე დღეს დეფექტური აქტიც შედგა.

4.6. მენარდემ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება 2020 წლის 21 აგვისტოს, 29 დღის ვადის დარღვევით შეასრულა. სამუშაოს სრული ღირებულება - 509.53 ლარით განისაზღვრა.

4.6.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებას შემდეგი მომსახურება გაეწია:

ერთი უკანა მაშუქის შეცვლა (მარჯვენა) - 10,79 ლარი;

ერთი უკანა ფრთის გასწორება (მარჯვენა) - 130 ლარი;

ერთი ნაჭერის შეღებვა (მასალით) (წინა მარჯვენა კარის, უკანა მარჯვენა ფრთის, საბარგულის კარის, სახურავის), მთლიანობაში - 4 ერთული - 77.63 ლარი - სულ 310.52 ლარი;

ერთი უკანა (მარჯვენა) მაშუქის ღირებულება - 58.22 ლარი.

4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრის #NMIA 2 20 03052573 წერილიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება/შეკეთება უნდა მოეხდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, რაც შესრულდა არაჯეროვნად და ვადის დაგვიანებით, კერძოდ:

სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება "TOYOTA HILUX", სახ. N ....., 2020 წლის 24 ივნისს, სამღებრო/სათუნუქე სამუშაოების ჩატარების მიზნით მიყვანილ იქნა მოპასუხის სერვის ცენტრში, რაზეც 2020 წლის 13 ივლისს შედგა დეფექტური აქტი.

მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 2.4 ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 2020 წლის 13 ივლისიდან - 10 კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს, 2020 წლის 23 ივლისისა.

ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 23 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 21 აგვისტოს - 29 კალენდარული დღის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების სრული ღირებულების 1 020 000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) ლარის 0.15% (1020000*0.15%*14), რაც - 44 370 ლარია.

4.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადაგადაცილებით შესრულდა, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 23 ივლისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 21 აგვისტოს, ვადაგადაცილებამ - 29 დღე შეადგინა.

4.9. მოპასუხის მიერ შესრულებელი სამუშაოს ღირებულება მთლიანობაში - 509. 53 ლარია.

5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.1 მუხლი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",

“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

8. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;

დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასმაართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

10. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

რაც შეეხება განსახილველ დავას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დარჩა, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე უცვლელადაა დასატოვებელი.

11. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ, არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია:

ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდემ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება 2020 წლის 21 აგვისტოს, 29 დღის დარღვევით შეასრულა. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოების ღირებულება - 509.53 ლარია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც არ არის არსებითი, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა, საერთოდ, ვალდებულების შეუსრულებლობაში და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე