18 აპრილი, 2024 წელი,
საქმე №ას-1507-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 27 ნოემბერს, შპს ,,ი.ჯ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან გამყიდველი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა იყო.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.7 პუნქტით, ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება 73 077 497.50 ლარს შეადგენდა.
3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, გამყიდველი გარანტიას იძლეოდა, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი, ხელშეკრულების პირობებს უპასუხებდა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
4. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის მიხედვით, მხარეები აცხადებდნენ და ადასტურებდნენ, რომ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის მიწოდებული პროდუქტების, ასვე, მათი მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) ხელშეკრულების არსებით პირობას და გამყიდველის ვალდებულების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, რომლის დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების) შემთხვევაშიც, ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე მითითების/დაყრდნობის უფლება გამყიდველს არ ჰქონდა.
5. ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად უწყვეტად უნდა შესრულებულიყო.
6. ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის თანახმად, გამყიდველის მიერ კვების მენიუში ცვლილებების შეტანა დაუშვებელი იყო მყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.
7. ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებული იყო, ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულ(ებ)ის, მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა) უზრუნველეყო: ასევე უზრუნველეყო ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულების კვება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, რაც უნდა განეხორციელებინა საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით.
8. ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო, მისაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მიწოდება, მწარმოებელ კომპანიებთან (დანართი №5) გაფორმებული ხელშეკრულებისა და საკვები პროდუქტების სტანდარტების (დანართი №1) შესაბამისად უზრუნველეყო.
9. ხელშეკრულების 8.3.1 პუნქტით მყიდველს უფლება ჰქონდა, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან შეემოწმებინა. ამ უფლებამოსილებათა შესამოწმებლად საჭირო მექანიზმების არჩევის პროცესში მყიდველის შეზღუდვა დაუშვებელი იყო. მყიდველი, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავდა შემოწმების მასშტაბებს, ფორმებს, პერიოდულობას და ა.შ. ასეთი შემოწმების შედეგად ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების დადგენის შემთხვევაში, შემოწმების ხარჯები მყიდველს დაეკისრებოდა.
10. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევდა პასუხისმგებლობას თითოეული დარღვევისთვის ცალ-ცალკე, წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ხელშეკრულების 9.11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს ეკისრებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების გამყიდველის მიერ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მყიდველს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა გამყიდველისთვის.
11. 2020 წლის 4 თებერვლის წერილით, №5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მიწოდების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობიდან გამომდინარე გამყიდველს პირგასამტეხლო დაეკისრა: კერძოდ, სხვა მწარმოებლის რძის მიწოდების გამო - 21 923.25 ლარი, სხვა მწარმოებლის კეფირის მიწოდების გამო - 21 923.25 ლარი; ერთჯერადი კონტეინერების გამოყენების გამო - 21 923.25 ლარი, ჯამურად - 65 769.75 ლარი.
12. 2020 წლის 28 თებერვლის წერილით, №11 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მიწოდების გამო გამყიდველს პირგასამტეხლო დაეკისრა, კერძოდ, საკვების ტრანსპორტირებისას ხელშეკრულებასთან შეუსაბამო კონტეინერის გამოყენების გამო - 21 923.25 ლარი, ხაჭოს გახსნილ მდგომარეობაში შენახვისა და მასზე გახსნის დროის მიუთითებლობის გამო - 21 923.25 ლარი, რძის დეკლარაციის არქონის გამო - 21 923.25 ლარი, ხორცის არასათანადო ტემპერატურაზე შენახვის გამო - 7 307.75 ლარი, კვების მენიუში ცვლილების შეტანის გამო - 21923.25 ლარი და, კარაქზე ეტიკეტის არარსებობის გამო - 21 923.25 ლარი ჯამურად - 116 924 ლარი.
13. 2020 წლის 4 თებერვლისა და 2020 წლის 28 თებერვლის წერილებით დაკისრებული პირგასამტეხლო (მთლიანობაში - 182 693.75 ლარი) გამყიდველს მყიდველისთვის არ აუნაზღაურებია.
14. 2019 წლის 30 დეკემბრის დარღვევის ოქმით დასტურდება, რომ კვების ინსპექტირების კომისიამ 2019 წლის 30 დეკემბერს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სასადილოს კვებითი უზრუნველყოფა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები შეამოწმა, რა დროსაც დადგინდა, რომ სასადილოში რძის ნაწარმი (შპს „ს. ჯ.პ–ბის“ ფირმის რძე და შპს „ს. ჯ. პ–ბის“ ფირმის კეფირი), ასევე, მსჯავრდებულის/ბრალდებულის გადაყვანისას, საკვების ტრანსპორტირებისათვის ხელშეკრულებასთან შეუსაბამო კონტეინერი - გამოიყენეს.
15. ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი ვალდებული იყო, ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულ(ებ)ის, მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა) უზრუნველეყო, ასევე, უზრუნველეყო ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულების კვება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, რაც უნდა განეხორციელებინა საკვების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდებოდა, რომ გამყიდველი პლასტმასის ერთჯერად კონტეინერებს იყენებდა. მხარეთა განმარტებებით და მოწმის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ გამოყენებული პლასტმასის კონტეინერები ვერ უზრუნველყოფდა გადასატანი საკვების ტემპერატურის დაცვა/შენარჩუნებას, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნეოდა.
16. ხელშეკრულების №1 დანართის მე-7 პუნქტის თანახმად, ხაჭო შეფუთული (ჰერმეტული შეფუთვა) და სათანადოდ ეტიკეტირებული უნდა ყოფილიყო. ხაჭოს ეტიკეტის მიხედვით, გახსნიდან ხაჭოს შენახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ 48 საათი.
შემოწმების დროს, ხაჭო გახსნილ მდგომარეობაში იყო და გახსნის დრო მასზე მითითებული არ ყოფილა, საიდანაც პროდუქტის ვარგისიანობა დადგინდებოდა. მოცემული ფაქტი სხდომაზე გამოკითხულმა მოწმე ნ.ც–ძემ დაადასტურა, რომელმაც მიუთითა, რომ ხაჭო გახსნილი იყო დილით, ვინაიდან იმ დღის მენიუში იყო შესული, თუმცა მზარეულს მასზე გახსნის თარიღის მითითება გადაავიწყდა.
17. ხელშეკრულების №1 დანართი მე-10 პუნქტის მიხედვით, რძის შემთხვევაში, ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანარეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა შესრულებულიყო, თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა დართვოდა. მოწმის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ შემოწმებისას შესაბამისობის დეკლარაცია რძეს თან არ ახლდა.
18. ხელშეკრულების №1 დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხორცის შენახვის ვადა უნდა ყოფილიყო, სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი - +2-+6 გრადუსი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.
ამის საწინააღმდეგოდ, საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდებოდა, რომ შემოწმებისას ხორცის ტემპერატურა +7-+8 გრადუსს შეადგენდა, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევა იყო.
19. ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის თანახმად, მყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, გამყიდველის მიერ კვების მენიუში ცვლილებების შეტანა დაუშვებელი იყო. მოცემული პირობის დარღვევის გამო, გამყიდველს 21 923.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაერიცხა.
20. ხელშეკრულების №1 დანართის მე-6 პუნქტის მიხედვით, კარაქი შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული უნდა ყოფილიყო. მოცემული პირობის დარღვევის გამო გამყიდველს 21 923.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაერიცხა. შესყიდულ კარაქს ნამდვილად ჰქონდა ეტიკეტი, მაგრამ ვინაიდან იგი პატარა ზომებად დაანაწევრეს, პატარა შეფუთვებზე ცალ-ცალკე იგი არ დაუტანებიათ, რაც არც ხელშეკრულებით არ იყო მოთხოვნილი.
21. მყიდველის წინააღმდეგ გამყიდველმა სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც 2020 წლის 4 თებერვლისა და 2020 წლის 28 თებერვლის წერილებით დაკისრებული 182 693.75 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გაუქმება იმ გარემოებაზე მითითებით მოითხოვა, რომ ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია და, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
22. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო 65 769.75 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გამყიდველისთვის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი მყიდველმაც შეიტანა, რომელმაც შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:
- 2019 წლის 30 დეკემბერს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარული-ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით კვების ინსპექტირების კომისიამ №5 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში ინსპექტირება შეასრულა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ პატიმრებზე შპს „ა–ის“ ნაცვლად შპს „ს.ჯ.პ–ბის“ ფირმის მიერ წარმოებული რძე და კეფირი გაიცემოდა.
შესაბამისად, გამყიდველმა ხელშეკრულების 8.1.38 პუნქტი დაარღვია, რომელიც მის მიერ წარმოდგენილი მიწოდების ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების №5 დანართის შესაბამისად (რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია) კონკრეტული რძის ნაწარმის შემოტანას ავალდებულებდა, გარდა ამისა, გამყიდველმა დაარღვია ამავე ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტი, კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანისას, ტრანსპორტირების დროს, საკვების გადასატანად ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერები გამოიყენებოდა.
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით:
23.1. გამყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
23.2. მყიდველის 2020 წლის 28 თებერვლის წერილის საფუძველზე დარიცხული 21 923.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო (რაც მოსარჩელეს კვების მენიუში წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე ცვლილების შეტანისთვის დაერიცხა) და 21 923.18 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო (რაც მოსარჩელეს კარაქის არასათანადოდ შეფუთვისა და ეტიკეტირების გამო დაერიცხა) გაუქმდა;
23.3. მყიდველის 2020 წლის 4 თებერვლის წერილის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 65 769.75 ლარიდან 6 576.97 ლარამდე შემცირდა;
23.4. 2020 წლის 28 თებერვლის წერილის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 73 077.5 ლარიდან 7 307.75 ლარამდე შემცირდა;
23.5. დანარჩენ ნაწილში გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
23.6. მყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
23.7. მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს 2020 წლის 4 თებერვლის წერილის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოდან 6 576.97 ლარის გადახდა დაეკისრა;
23.8. დანარჩენ ნაწილში მყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
25.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-20 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნა, რომ მოცემული დავის კვლევის საგანი ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა იყო, რის შემდეგაც ასეთი დასკვნები ჩამოაყალიბა:
25.1.1. გასაზიარებელი არ იყო მოსარჩელის (გამყიდველის) პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მას სხვა მწარმოებლის პროდუქციის შეტანა ხელშეკრულებით აკრძალული არ ჰქონდა.
ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1.38 და 8.3.1 პუნქტების თანახმად, მისაწოდებელი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მიწოდება, გამყიდველს, მწარმოებელ კომპანიებთან (დანართი №5) გაფორმებული ხელშეკრულებისა და საკვები პროდუქტების სტანდარტების (დანართი №1) შესაბამისად უნდა უზრუნველეყო.
მყიდველს კი, უფლება ჰქონდა, შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან შეემოწმებინა. ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო მექანიზმების არჩევის პროცესში მყიდველის შეზღუდვა დაუშვებელი იყო. შემოწმების მასშტაბებს, ფორმებს, პერიოდულობას და ა.შ., მყიდველი დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავდა, ხოლო, ასეთი შემოწმების შედეგად ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულების დადგენის შემთხვევაში, შემოწმების ხარჯები გამყიდველს დაეკისრებოდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების შესახებ. წარმოდგენილი უნდა იყოს, პროდუქტების მიწოდებაზე პრეტენდენტს ასევე ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგინდა, რომ სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს 2019 წლის 17 ოქტომბერს მასსა და შპს „ა–ს“ შორის გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულება წარუდგინა, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს საქონელი (რძის ნაწარმი: რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, შესქელებული რძე, კეფირი, ნაღები დიეტური - №1 დანართ-ში მითითებული კვების სტანდარტების შესაბამისად) ეტაპობრივად მიაწოდოს, ხოლო, მყიდველი, საქონლის მიღებასა და მასში შეთანხმებული ფულადი თანხის გადახდაზეა ვალდებული.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა არა შპს „ა–ის“ წარმოებული პროდუქცია, არამედ შპს „ს. ჯ.პ–ის“ ფირმის საკვები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1.38 პუნქტისა და სატენდერო პირობების შეფასება შემდეგი დასკვნის საფუძველს ქმნიდა: მწარმოებელ კომპანიაზე მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ, არჩევანი თავად გამყიდველმა გააკეთა, ხოლო, ხელშეკრულების დადების შემდეგ აღნიშნული გარემოების ცვლილების შესახებ, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა ეცნობებინა. ვინაიდან მწარმოებლის ცვლილების თაობაზე გამყიდველი მყიდველს არ შეუთანხმდა და დასაბუთებულად ვერც ის ახსნა, თუ რატომ არ წარადგინა შპს „ა–ის“ მიერ წარმოებული პროდუქცია, ამდენად, მითითებულ ნაწილში ხელშეკრულების პირობა დაირღვა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.
25.1.2. მოსარჩელის ვერც ის პრეტენზია ვერ იქნებოდა გაზიარებული, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა საკვები პროდუქტების სპეციალური კონტეინერებით მიწოდების თაობაზე გამყიდველის ვალდებულება, რამდენადაც ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულ(ებ)ის, მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა): უზრუნველყოს ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულების კვება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას.
რაც საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით უნდა შესრულდეს.
ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ სპეციალური კონტეინერები მიწოდების ეტაპისათვის გამყიდველს არ ჰქონია, ამიტომ ამ უკანასკნელმა ხსენებული ვალდებულებაც დაარღვია.
25.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების №1 დანართის მე-7 პუნქტის თანახმად, ხაჭო უნდა იყოს შეფუთული (ჰერმეტული შეფუთვა) და სათანადოდ ეტიკეტირებული.
იმ პირობებში, როდესაც ხაჭოს სათანადოდ ეტიკეტირების ვალდებულება (ხაჭოს ეტიკეტის მიხედვით, გახსნიდან ხაჭოს შენახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ 48 სთ-ში) ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მითთებული გარემოება, შესაბამისი მტკიცებულებით - ეტიკეტით უნდა დადასტურდეს.
შესაბამისად, მოწმის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ხაჭო დილით გაიხსნა, რელევანტური ვერ იქნებოდა და სადავო გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა.
25.1.4. მოსარჩელის ერთ ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ ხელშეკრულების N1 დანართის მე-10 პუნქტი არ დაურღვევია, კერძოდ, მისი განმარტებით, შესაბამისობის დეკლარაციები მყიდველს გადაეგზავნა, რაც მას უნდა გადაემოწმებინა. დასახელებული პუნქტის თანახმად, რძის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
25.1.5. დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის ის პრეტენზიაც, რომ ხელშეკრულების N1 დანართის პირველი პუნქტი არ დაუღვევია, კერძოდ, ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს, სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი, +2-+6 გრადუსი ტემპერატურის რეჟიმის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ შემოწმების დროს ხორცის ტემპერატურა +7-+8 გრადუსს შეადგენდა, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევაა, ხოლო, საწინააღმდეგო პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
25.2. რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე მოპასუხის პრეტენზიას, აღნიშნული არ უნდა გაზიარებულიყო, შემდეგი გარემოებების გამო:
25.2.1. მყიდველს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც ხელშეკრულების 8.1.1 პუნქტის (გამყიდველის მიერ კვების მენიუში დაუშვებელია ცვლილების შეტანა, მყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე) პირობების დაცვის ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს დასკვნა გაქარწყლებოდა.
ხელშეკრულების №1 დანართის მე-6 პუნქტის (კარაქი უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული) დარღვევასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შესყიდულ კარაქს ნამდვილად ჰქონდა ეტიკეტი, მაგრამ შემდეგ იგი პატარა ზომებად დაანაწევრეს, პატარა შეფუთვებზე ეტიკეტის დატანა ცალ-ცალკე აღარ განხორციელებულა და აღნიშნული არც ხელშეკრულებით არ ყოფილა მოთხოვნილი; შესაბამისად, მოცემულ ნაწილშიც პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნა დასაბუთებული იყო.
25.2.3. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს არაგონივრულად შემცირების თაობაზე მყიდველის პრეტენზიაც, გაზიარებული ვერ იქნებოდა. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოქმედებს, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 420-ე მუხლი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების
მიუხედავად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს, კერძოდ, როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და, კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება შეაფასოს.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მყიდველმა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოიანგარიშა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, თუმცა მისი ოდენობა ათჯერ შეამცირა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რაკი მოპასუხემ ხელშეკრულება მხოლოდ ნაწილობრივ დაარღვია, პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან უნდა მომხდარიყო, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულებასთან ბევრად ნაკლები იყო, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე სასამართლომ დარიცხული პირგასამტეხლო შეამცირა.
შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაში იყო, როგორც სსკის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან და შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებთან. მეორე აპელანტის მოსაზრებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ იყო, ამიტომ სასამართლოს ის არ უნდა შეემცირებინა.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით მოითხოვა:
26.1. ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტი სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა. რძისა და ხორცის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მყიდველთან წარდგენა იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, მის მიერ ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობა დაემტკიცებინა.
მოცემულ შემთხვევაში, მყიდველს გამყიდველმა შპს „ს. ჯ–ის“ მიერ წარმოებული რძე მიაწოდა, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მიმწოდებელია და, რომლის ხარისხიც, არანაირ ეჭვს არ იწვევს.
თუკი გამყიდველისთვის მოპასუხეს სხვა მწარმოებლის პროდუქციის შეტანის აკრძალვა სურდა, აღნიშნული ნორმა მას ნათლად და არაორაზროვნად უნდა ჩამოეყალიბებინა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საწინააღმდეგოდ განმარტა.
26.2. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის დარღვევის, კერძოდ, ხელშეკრულებასთან შეუსაბამო კონტეინერით საკვების ტრანსპორტირების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა.
ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა მოსარჩელის ვალდებულება იმის შესახებ, რომ ყველა სამზარეულოში მას მუდმივად სპეციალური კონტეინერები უნდა ჰქონოდა. განსახილველ შემთხვევაში, შემოწმება საკვების ტრანსპორტირებისას კი არ შესრულდა, არამედ - სამზარეულოში. არცერთ დოკუმენტში მოპასუხის წარმომადგენლები კონკრეტულ ტრანსპორტირებაზე არ მიუთითებენ, შესაბამისად, არც დარღვევის ოქმში და არც სხვა რაიმე მტკიცებულებაში, მოსარჩელის მხრიდან დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. ერთჯერადი კონტეინერებიც, კომისიამ ადგილზე მისვლისას, ცარიეულ მდგომარეობაში დააფიქსირა და, არა - მათი გამოყენებისას.
26.3. ზოგადად, გახსნის თარიღის ეტიკეტზე მიუთითებლობა, ეტიკეტირების წესის ან ხელშეკრულების დარღვევას არ წარმოადგენს. პროდუქტის ეტიკეტს მწარმოებელი ამზადებს და, ცხადია, ეტიკეტირებისას მასზე გახსნის თარიღი ვერ დაიწერება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ეტიკეტი სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას გამორიცხავს.
26.4. ის გარემოება, რომ დეკლარაციების ასლები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ გადაგზავნილა, არ შეიძლება ხელშეკრულების დარღვევად ჩაითვალოს, რადგან მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას, ვალდებულება შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
26.5. ხორცის ტემპერატურა კომისიამ მისი შეტანიდან რამდენიმე წუთში შეამოწმა. შესაბამისად, ასეთ მცირე პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტემპერატურამდე ხორცი მთლიანად ვერ გაცივდებოდა. ამასთან, შემოწმებისას ტემპერატურა არა მაცივარში (სადაც ხორცი ინახებოდა), არამედ, ხორცის შიგნით გაიზომა.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
28. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
29. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
30. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია სარჩელი, მოპასუხის (მყიდველი) მიერ 2020 წლის 4 თებერვლისა და 2020 წლის 28 თებერვლის წერილებით მოსარჩელისთვის (გამყიდველი) დარიცხული პირგასამტეხლოს (182 693.75 ლარის) სრულად გაუქმების თაობაზე.
31. განსახილველი საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც სწორი დასკვნები ჩამოაყალიბა, კერძოდ:
31.1.1. ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1.38 და 8.3.1 პუნქტებისა (მისაწოდებელი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მიწოდება, გამყიდველს, მწარმოებელ კომპანიებთან (დანართი №5) გაფორმებული ხელშეკრულებისა და საკვები პროდუქტების სტანდარტების (დანართი №1) შესაბამისად უნდა უზრუნველეყო. მყიდველს კი, უფლება ჰქონდა, შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან შეემოწმებინა. ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო მექანიზმების არჩევის პროცესში მყიდველის შეზღუდვა დაუშვებელი იყო. შემოწმების მასშტაბებს, ფორმებს, პერიოდულობას და ა.შ., მყიდველი დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავდა, ხოლო, ასეთი შემოწმების შედეგად ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულების დადგენის შემთხვევაში, შემოწმების ხარჯები გამყიდველს დაეკისრებოდა) და სატენდერო პირობების (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების შესახებ. წარმოდგენილი უნდა იყოს, პროდუქტების მიწოდებაზე პრეტენდენტსა და ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას) შინაარსი საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მისაწოდებელი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაზე მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ, არჩევანი თავად გამყიდველმა გააკეთა, ხოლო, ხელშეკრულების დადების შემდეგ აღნიშნული პირობის ცვლილების შესახებ, გამყიდველს მყიდველისთვის უნდა ეცნობებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელემ მყიდველს შეთანხმებულის ნაცვლად სხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მიაწოდა, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ აღნიშნულით ხელშეკრულების პირობა დაირღვა, რაც მითითებულ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა.
31.1.2. სამართლებრივად ვარგისად ვერც მოსარჩელის ის პრეტენზია ვერ მიიჩნევა, რომ საკვები პროდუქტების სპეციალური კონტეინერებით მიწოდების თაობაზე გამყიდველის ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, რამდენადაც ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულ(ებ)ის, მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს ისინი მათი ექიმის მიერ დანიშნული კვების ულუფით (დიეტა): უზრუნველყოს ბრალდებულ(ებ)ის/მსჯავრდებულების კვება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, რაც საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით უნდა შესრულდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოება იმის თაობაზე, რომ სპეციალური კონტეინერები მიწოდების ეტაპისთვის გამყიდველს არ ჰქონია, მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს.
31.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების №1 დანართის მე-7 პუნქტის თანახმად, ხაჭო უნდა იყოს შეფუთული (ჰერმეტული შეფუთვა) და სათანადოდ ეტიკეტირებული.
იმ პირობებში, როდესაც ხაჭოს სათანადოდ ეტიკეტირების ვალდებულება (ხაჭოს ეტიკეტის მიხედვით, გახსნიდან ხაჭოს შენახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ 48სთ-ში) მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ზემომითთებული გარემოება, შესაბამისი მტკიცებულებით - ეტიკეტით უნდა დადასტურებულიყო. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, სადავო გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგება.
31.1.4. ნასყიდობის ხელშეკრულების N1 დანართის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ, რძის ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს და თითოეულ მიწოდებულ პარტიას შესაბამისობის დეკლარაცია თან უნდა ერთვოდეს. ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ ხსენებული დეკლარაცია მიწოდებისას რძეს არ ერთვოდა, ხელშეკრულების დასახელებული პუნქტის დარღვევის არარსებობის შესახებ მოსარჩელის პრეტენზია უსაფუძვლოა.
31.1.5. იგივე შეიძლება ითქვას გამყიდველის მიერ ხორცის შენახვის წესის დაცულობის საკითხზე, კერძოდ, ხელშეკრულების N1 დანართის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან ხორცის შენახვის ვადა 48 საათს უნდა შეადგენდეს, +2-+6 გრადუსი ტემპერატურის რეჟიმის პირობებში. როგორც საქმეზე გამოირკვა, შემოწმებისას ხორცის ტემპერატურა +7-+8 გრადუსს შეადგენდა, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე მიუთითებს და რისი გამომრიცხავი მტკიცებულებაც მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
32. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს რაოდენობა, რაც გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დარჩა, კონკრეტული საქმის მახასიათებლების გათვალისწინებით დამატებით შემცირებას აღარ უნდა დაექვემდებაროს და ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა გასაზიარებელია.
33. წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა არ იმსჯელებს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც უცვლელად დარჩა მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილობრივ გაუქმების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან მითითებულ ნაწილში (რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი) მოპასუხეს საკასაციო საჩივარი არ შემოუტანია.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.
35. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
37. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ი.ჯ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 695 ლარის (საგადახდო დავალება №3739, გადახდის თარიღი - 08.01.2024) 70% - 486.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე