Facebook Twitter

26 იანვარი, 2024 წელი,

საქმე #ას-498-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - გ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ & ლ“ (მოპასუხე)

II კასატორი - შპს „ბ & ლ“

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ბ & ლ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი, დამსაქმებელი, საწარმო) დამფუძნებელი და 34%-იანი წილის მესაკუთრეა ხ.მ–ი.

2. ხ.მ–სა და მოპასუხეს შორის, ხ.მ–ის კუთვნილ ავტომანქანაზე (სახელმწიფო ნომრით .....) იჯარის ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა.

3. გ.ბ–სა (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი ან დასაქმებული) და მოპასუხეს შორის, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

4. მოპასუხე საწარმოს, დამტკიცებული საშტატო ნუსხა არ გააჩნია, მასში დასაქმებული არიან დირექტორი, ფინანსისტი, ორი მთავარი მცხობელი, ორი დამხმარე მცხობელი, ბუღალტერი, ორი მძღოლი და დამხმარე/დიასახლისი.

5. დამსაქმებელ საწარმოში მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურება განსაზღვრულია ყოველთვიურად 1 020.41 ლარით.

6. მოსარჩელისათვის მოპასუხეს შრომითი ანაზღაურების სახით თანხა არ ჩაურიცხავს.

7. სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

8.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 2021 წლის 8 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.4. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის თებერვლის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის თებერვლის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2021 წლის 8 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.6. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის მარტის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.7. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის მარტის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 2021 წლის 8 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.8. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის აპრილის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.9. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის აპრილის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 2021 წლის 8 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.10. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის მაისის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.11. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის მაისის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 2021 წლის 8 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.12. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის ივნისის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.13. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის ივნისის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2021 წლის 8 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.14. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის ივლისის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.15. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის ივლისის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2021 წლის 8 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.16. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის აგვისტოს თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.17. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის აგვისტოს თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 2021 წლის 8 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.18. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 2021 წლის სექტემბრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

8.19. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს სახით 2021 წლის სექტემბრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების - 1 020.41 ლარის 0.07%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 2021 წლის 8 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.20. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

ზემოაღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხე საწარმოს მიერ სხვადასხვა პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი ზედნადებები, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლად და აღნიშნული ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიმტან პირად მოსარჩელეა მითითებული.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2022 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში მითითებულია დამქირავებლის საიდენტიფიკაციო კოდი და დაქირავებულების პირადი ნომრები და გვარ-სახელები.

აღნიშნულ სიაში დაქირავებულ პირად მოსარჩელეცაა მითითებული, რომლის რეესტრში შეტანის თარიღად მითითებულია 2021 წლის 28 თებერვალი, ხოლო, შეწყვეტის თარიღად - 11 ოქტომბერი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემომითითებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარის საფუძველს ქმნის მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის თაობაზე დასკვნის დასაბუთებისთვის. ამდენად, დადასტურებულად ჩაითვალა, რომ მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელე შრომით საქმიანობას ეწეოდა.

10.2. რაკი საწარმოს მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში მოსარჩელე 2021 წლის 28 თებერვალს შეიყვანეს, ხოლო, მხარეთა განმარტებით მოპასუხესთან დასაქმებულ პირებს შრომითი ანაზღაურება მომდევნო თვეში ერიცხებოდათ, სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2021 წლის იანვრიდან - 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით არსებობდა.

10.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე საწარმოში მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული მოსარჩელის შრომის ანაზღაურება დარიცხული ოდნობით 1 020.41 ლარს შეადგენდა და, არა - 1 500 ლარს (ხელზე ასაღები ოდენობით).

10.4. ვინაიდან სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება დადასტურდა, ხოლო, დასაქმებულისათვის სახელფასო დავალიანების გასტუმრების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა, 2021 წლის იანვრის თვიდან - 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შრომითი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის 41.4 მუხლი).

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

11.1. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე.

სასაქონლო ზედნადებებსა და შემოსავლების სამსახურის ცნობაში მოსარჩელეზე მითითება იმით იყო გამოწვეული, რომ, ამ უკანასკნელმა, მეუღლესთან (საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი) და მეორე დამფუძნებელთან ერთად გადაწყვიტა აღნიშნული საწარმოს დაფუძნება.

საწარმოს სასარგებლოდ პროდუქტების მიტანას მოსარჩელე ნამდვილად ახორციელებდა, თუმცა ამას თავისი ინიციატივით აკეთებდა, რადგან ამით თავის მეუღლეს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებოდა.

ამდენად, მოსარჩელე საწარმოს თანამშრომელი არ ყოფილა და მისი ხელფასი 1 020.41 ლარს არ შეადგენდა.

11.2. საკასაციო საჩივარს დასაქმებული შემდეგნაირად ასაბუთებს:

მართალია, სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, თუმცა ამ ურთიერთობის დაწყების თარიღად არასწორად მიიჩნია 2021 წლის იანვარი, რადგან საქმეზე წარმოდგენილია 2020 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდშიც მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.

დასახელებულ მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 41-ე (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ; შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით; შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ; დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48.9 მუხლის გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე) და 44-ე (დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებშია წარმოდგენილი.

15. საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, იყვნენ თუ არა მოსარჩელე და მოპასუხე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში.

ზემომითითებული საკითხის გაანალიზების პროცესში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სათანადო არგუმენტები ამომწურავად წარმოადგინა და მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი მართებულად დაადგინა.

დასახელებული დასკვნის საფუძველი შექმნა საქმეზე წარმოდგენილმა შემდეგმა მტკიცებულებებმა, კერძოდ:

ა). მოპასუხე საწარმოს მიერ სხვადასხვა პროდუქციის შეძენის დამადასტურებელმა ზედნადებებმა, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლად და აღნიშნული ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიმტან პირად მოსარჩელეა მითითებული;

ბ). სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებმა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში მითითებულია დამქირავებლის საიდენტიფიკაციო კოდი, დაქირავებულების პირადი ნომრები და გვარ-სახელები. აღნიშნულ სიაში დაქირავებულ პირად მოსარჩელეცაა მითითებული, რომლის რეესტრში შეტანის თარიღად მითითებულია 2021 წლის 28 თებერვალი, ხოლო, შეწყვეტის თარიღად - 11 ოქტომბერი.

ზემომოხმობილი გარემოებების გამაქარწყლებელი არგუმენტების (მტკიცებულებების) არქონის პირობებში წარმოქმნილია კანონისმიერი და საკმარისი საფუძველი იმის შესახებ, რომ 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობა დადასტურებულად მივიჩნიოთ.

16. შრომის ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებითაც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება გასაზიარებელია, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილ ზედნადებში მოსარჩელე მძღოლად არის მითითებული, მისი სხვა პოზიციაზე (მომმარაგებლად და დისტრიბუტორად) საქმიანობა არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.

რაკი მოპასუხე საწარმოში მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურება ყოველთვიურად 1 020.41 ლარით (დარიცხული ოდენობა) არის განსაზღვრული, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ხსენებულ საწარმოში მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული მოსარჩელის შრომის ანაზღაურებაც 1 020,41 ლარს შეადგენდა.

17. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა წარმატებულია, გამომდინარე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების ანალიზისა და სშკ-ის ზემოთ მოყვანილი ნორმების დეფინიციის გათვალისწინებით.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი საქმეზე არ იკვეთება, ვინაიდან სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების საფუძველზე სასამართლო ხარჯების განაწილების კუთხითაც გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა გასაზიარებელია, რომლის უარმყოფელი სათანადო არგუმენტაცია კასატორებს არ წარმოუდგენიათ.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მეორე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. რაც შეეხება მეორე კასატორს, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. შპს „ბ & ლ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. შპს „ბ & ლ–ს“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს ი.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 810.76 ლარის (საგადახდო დავალება #6270, გადახდის თარიღი 15.05.2023წ.), 70% - 567.32 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე