№ა-1707-გან-3-2024
8 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინების (№ას-182-2024) განმარტება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით მოსარჩელე გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე განცხადება შეიტანა მოსარჩელე მხარემ და მოითხოვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად, განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ. 172-174).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით (№ას-182-2024) გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.
2024 წლის 28 მარტს, გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინების (№ას-182-2024) განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატის მიერ, საქმისწარმოების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოძიებული იქნა №ას-182-2024 სამოქალაქო საქმის მასალები, რომელთა შესწავლის შემდგომ პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება (განჩინება) უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).
საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ უშუალოდ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (იხ.: Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.; Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). ამასთან, საკითხი მასზე, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის განჩნების როგორც მთლიანი ტექსტი ისე სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა. განჩინება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილულ საქმესთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ვერც გ.ბ–ძის განცხადებაშია აღნიშნული დასახელებული განჩინების განმარტების კანონისმიერი საფუძველი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე