Facebook Twitter

№ა-1709-გან-4-2024

8 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინების (№ა-6412-ა-36-2023) განმარტება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, მოსარჩელე გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, გ.ბ–ძის კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

2022 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, გ.ბ–ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ: გ.ბ–ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ასევე დაევალა კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2023 წლის 06 ივნისს.

2023 წლის 16 ივნისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება ითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა ა) კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით (კერძო საჩივრის მოტივების); ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (№ას-636-2023) გ.ბ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.

2023 წლის 25 დეკემბერს გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინების (№ას-636-2023) განმარტება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით (№ა-6412-ა-36-2023) გ.ბ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2024 წლის 28 მარტს, გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინების (№ა-6412-ა-36-2023) განმარტება იმ მოტივით, რომ მისთვის გაუგებარია თუ რას ეხება ზემოაღნიშნული დავა, ვინაიდან, მას უამრავი დავა აქვს შპს ,,ჯ.მ–ის'' მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატის მიერ, საქმისწარმოების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოძიებული იქნა (№ა-6412-ა-36-2023) სამოქალაქო საქმის მასალები, რომელთა შესწავლის შემდგომ პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს.

გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება (განჩინება) უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).

საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ უშუალოდ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (იხ.: Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.; Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). ამასთან, საკითხი მასზე, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განჩნების როგორც მთლიანი ტექსტი ისე სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა. განჩინება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილულ საქმესთან მიმართებაში. გარდა ამისა, მხარის მიერ განჩინების (№ა-6412-ა-36-2023) განმარტების მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მას არ ახსოვს თუ რას ეხება თავად მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი (საჩივარი), ყოვლად დაუშვებელია. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, მხარეს გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს და მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა, ასევე საქმის ასლების გადაღება.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ვერც გ.ბ–ძის განცხადებაშია აღნიშნული დასახელებული განჩინების განმარტების კანონისმიერი საფუძველი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე