საქმე №ას-416-2024 19 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ც–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის განსაზღვრისა (ძირითად სარჩელში) და ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ.კ–ძემ და მ.წ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ნ.ც–იას მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის განსაზღვრის თაობაზე.
მოპასუხე ნ.ც–იამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს კ.კ–ძის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ.კ–ძის და მ.წ–ის სარჩელი (დაზუსტებული) ნ.ც–ის მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა. არასრულწლოვან ნ.კ–ძესთან (დაბ. 19.09.2019 წ.), მამას - კ.კ–ძეს და ბებიას - მ.წ–ს ურთიერთობისათვის განესაზღვრათ ყოველი კვირის სამშაბათის 17:00 საათიდან ოთხშაბათის 19:00 საათამდე დროის მონაკვეთი ღამე მამასთან და ბებიასთან სახლში დარჩენის უფლებით, ხუთშაბათს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და ასევე პარასკევს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდი ბავშვის დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ნ.ც–იას შეგებებული სარჩელი კ.კ–ძის მიმართ, ალიმენტის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ.კ–ძეს არასრულწლოვანი შვილის - ნ.კ–ძის (დაბ. 19.09.2019 წ.) რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2022 წლის 31 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე. ამასთან, ალიმენტის თანხის ოდენობის დაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა კ.კ–ძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის განჩინებით (დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ) დაკისრებული და გადახდილი თანხა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.კ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.კ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით კ.კ–ძის წარმომადგენელ ნ.ა–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ ნ.ა–ას ჩაბარდა 2024 წლის 2 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ.კ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი წარმომადგენელ ნ.ა–ას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2024 წლის 2 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.359). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 3 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 8 აპრილს, ვინაიდან 7 აპრილი იყო დასვენების დღე - კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი