№ა-5044-შ-151-2023
28 მარტი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ტ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, მ.ტ–ის განცხადება გვარის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაიმატა ე.წ. „შუა სახელი“ და გახდა მ.ტ–ი მონრო. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მ.ტ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მ.ტ–ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მ.ტ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, მ.ტ–ის განცხადება დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაიმატა ე.წ. „შუა სახელი“ და გახდა მ.ტ–ი მონრო. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ტ–ის განცხადება დაკმაყოფილდა და დაიმატა ე.წ. „შუა სახელი“ და გახდა მ.ტ–ი მონრო, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ტ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ტ–ის განცხადება სახელის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა და სახელი შეიცვალა შემდეგნაირად: მ.ტ–ი მონრო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე