საქმე №ას-1492-2022
31 მაისი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა.მ–მა, (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე, ზ.ა–ის, მიმართ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე“ მხარე) და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული N-171232804 სესხის ხელშეკრულების და 2020 წლის 22 თებერვლალს გამოწერილი N-200192040 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 მოსარჩელის განმარტებით, 2017 წელს, ა.მ–მა დაიწყო მშენებლობა ვარკეთილში, ე.წ სვანების ბაზრის მიმდებარედ. მისი ობიექტის გვერდით მდებარეობდა ნაკვეთი, რომლის მეპატრონეც იყო ზ.ა–ი. მოსარჩელეს უწევდა, მოპასუხის ნაკვეთით სარგებლობა. აღნიშნულის გამო, ზ.ა–მა უკანონო მშენებლობის საფუძვლით, საჩივარი შეიტანა თბილისის მერიაში. ზ.ა–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.2 მოსარჩელემ, ნაკვეთის ნაწილის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო ზ.ა–თან. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. კერძოდ, "ნასყიდობის ხელშეკრულების" გაფორმებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მოსარჩელე გადაიხდიდა 20 000 (ოცი ათას) აშშ დოლარს. ზ.ა–მა, ამ მიზნით მოსარჩელე თავის ნაცნობ ნოტარიუსთან, თ.ბ–ძესთან მიიყვანა. მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულება წინასწარ არ შეუდგენიათ. ხელშეკრულება თავად ნოტარიუსს უნდა შეედგინა. ნოტარიუსთან დახვდათ დიდი რიგი. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ, ზ.ა–ი შევიდა ნოტარიუსთან, დაბრუნებულმა ა.მ–ს განუცხადა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მომზადებას დიდი დრო სჭირდებოდა, რის გამოც შესთავაზა "ვალის აღიარების" ხელშეკრულების გაფორმება. ვინაიდან უკვე შეთანხმებული იყვნენ მხარეები ნაკვეთზე, ა.მ–ს ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ასათიანი სთავაზობდა და ხელს აწერინებდა, საფრთხეს შეუქმნიდა. საფრთხეში იგულისხმება ნაკვეთის სხვაზე გასხვისება და თანხის გამოძალვა. მოსარჩელე აცხადებს, რომ ნოტარიუსს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, არც კი უნახავს იგი. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებაზე მას ხელი მოაწერინეს მოსაცდელ დარბაზში, რის შემდეგაც ზ.ა–მა ხელშეკრულება ნოტარიუსს შეუტანა დასამოწმებლად. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ნოტარიუსთან ზ.ა–ს "ვალის აღიარების" ხელშეკრულების ნაცვლად, გაუმზადებია "სესხის ხელშეკრულება". მოსარჩელე აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცოდა, ხელშეკრულება იყო ექვსთვიანი, რადგან ამ ექვს თვეში უნდა შეესყიდა მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, აღარც კი უნახავს ზ.ა–ი. ნაკვეთის გამიჯვნის მოლოდინში იყო, რა დროსაც გაიგო, რომ ნაკვეთი სრულად იყო გასხვისებული.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა.მ–ის მიერ დაწყებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შედეგად კორპუსის აივნები გადადიოდა ზ.ა–ის მეუღლის, ი.ჩ–ძის საკუთრებად რიცხულ მიწის ნაკვეთზე. ასევე, კორპუსის მაცხოვრებლებს კორპუსში შესასვლელი უნდა ჰქონოდათ ი.ჩ–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან. აღსანიშნავია, რომ ა.მ–ის მიერ დაწყებული გენერალური გეგმის მოსაპოვებლად, განმცხადებლად მითითებული იყო ი.ჩ–ძე. ამ ყველაფრის შესახებ მოპასუხემ გაიგო ძალიან გვიან და საჩივარი შეიტანა მერიაში, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა და საბოლოოდ საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ ი.ჩ–ძემ მიწა გაყიდა და საჩივარზე უფლებამოსილ სუბიექტს აღარ წარმოადგენდა. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულებას, ზ.ა–მა თანხა სესხად გადასცა ა.მ–ს. მისივე, განმარტებით, ეს თანხა ესაჭიროებოდა ი.ჩ–ძის მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ახალი პროექტისთვის. სესხის თანხა მოიცავს იმ შეთანხმებას და იმ ურთიერთობას, რაც მხარეებს შორის, შედგა. მოპასუხე აცხადებს, რომ ა.მ–თან ერთად იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში, ხოლო თუ ა.მ–ს არ სურდა სადავო ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის თანდასწრებით.
3.2 მოპასუხის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.მ–ის სარჩელი ზ.ა–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა - მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით, ა.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიული ფაქტები:
5.3 2017 წლის 19 ოქტომბერს, ა.მ–მა და ზ.ა–მა, მიმართეს ნოტარიუს თ.ბ–ძეს და მოითხოვეს სესხის ხელშეკრულების შედგენა. ხელშეკრულების მიხედვით ზ.ა–მა ასესხა ა.მ–ს 49600 ლარი, 6 თვის ვადით, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 19 აპრილს.
5.4 2020 წლის 22 თებერვალს, ზ.ა–მა მიმართა ნოტარიუს ნ.ს–ძეს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 19.10.2017წ. დადასტურებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
5.5 2020 წლის 29 თებერვალს, ა.მ–ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
5.6 საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ს.კ ....... რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს 21.02.2017 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა ი.ჩ–ძე, (რომელიც არის ზ.ა–ის მეუღლე), ხოლო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ს.კ. ....... მესაკუთრეს, იმ დროისთვის წარმოადგენდა ა.მ–ი.
5.7 პალატამ განმარტა, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები, ანუ იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით.
5.8 პალატამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ იგი მოატყუეს, სხვა სახის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი და განმარტა, რომ მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე, როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს, რაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული.
5.9 სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის, 07 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2 კასატორმა განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022წ. 07 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებები მიუხედავად იმისა, რომ მასზე პრეტენზიები საფუძვლიანი იყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა და ბათილად ეცნო ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება N-171232804 და 2020 წლის 22 თებერვლის გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი N-200192040.
6.3 კასატორმა განმარტა, რომ მოპასუხესთან, ზ.ა–თან, მიწის ნაკვეთის ნაწილის შესყიდვის გამო დაიწყო მოლაპარაკება, რაც საბოლოოდ ზეპირ დონეზე, სანოტარო აქტის გაფორმებამდე, იმ შეთანხმებით დასრულდა, რომ კასატორი 6 თვეში, 20 000 აშშ დოლარად შეიძენდა ზ.ა–ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ, მშენებლობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ნაწილს. სწორედ ამ შეთანხმების გამო მიმართეს მხარეებმა ნოტარიუს თ.ბ–ძეს, სადაც მოწინააღმდეგე მხარის/მოპასუხის მიერ კასატორის/მოსარჩელის განსაკუთრებულ ნდობაში დარწმუნების ხარჯზე დაიდო სხვა სამართლებრივი ტიპის ხელშეკრულება, ნაცვლად მიწის ნაკვეთის ექვსთვიან ვადაში ფასზე წინასწარი შეთანხმებით შესყიდვის ვალდებულებაზე ხელშეკრულებისა, დაიდო სესხის ხელშეკრულება.
6.4 მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ, კასატორისათვის ცნობილი გახდა 2018წ. დეკემბერში, შპს „დ–ეს“ წარმომადგენლებისაგან.
6.5 კასატორმა, სარჩელი აღძრა სადავო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, ინფორმაციის მიღების შემდეგ. მოწინააღმდეგის, როგორც სახელშეკრულებო მხარის ქცევა ვერანაირად ვერ ამართლებს კეთილსინდისიერების სტანდარტს და ცალსახად ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ბოროტად გამოიყენა და ისარგებლა უძრავ ქონებაზე გარიგების ნაცვლად კასატორის მოტყუების ხარჯზე დადებული სესხის ხელშეკრულებით, რის საფუძველზეც მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე და შემდეგში ეს ფურცელი აღსასრულებლად კერძო აღმასრულებელთან წარადგინა.
6.6 კასატორი, ასევე სადავოს ხდის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წ. 16 ივნისის განჩინებას და განმარტავს, რომ საქმის სააპელაციო განხილვისას სასამართლოს წარუდგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2022 წ. 24 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N004/22) და 2022 წ. 16 ივნისის სხდომაზე შუამდგომლობით მოითხოვა, როგორც აღნიშნული მტკიცებულების საქმისათვის დართვა. ასევე, საქმეზე მოწმეების სახით ვ.ხ–ის, ნ.გ–ის და დ.კ–ის გამოკითხვა. შუამდგომლობაში განმარტა, რომ ეთიკის კომისიის 24.03.2022წ. გადაწყვეტილება დასაშვები მტკიცებულება იყო, ვინაიდან იგი მიღებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (16.11.2021წ.) მიღების შემდეგ და ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორის ადვოკატ, ა.ჩ–ძის მიმართ დისციპლინური დევნა აღიძრა და დადგინდა, რომ ადვოკატმა არ იმოქმედა კლიენტის კანონიერი მითითებებით და სასამართლოს არ წარუდგინა მოწმეები. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით მხარემ მოითხოვა საქმეზე მოწმეების დაშვება იმ გარემოებათა დასადასტურებლად, რომ ა.მ–სა და ზ.ა–ს ჰქონდათ წინარე შეთანხმება უძრავი ქონების 6 თვეში შეძენაზე, მაგრამ მათ სანოტარო ბიუროში სხვა ტიპის (მოჩვენებითი) გარიგება გააფორმეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1 2017 წლის 19 ოქტომბერს, ა.მ–მა და ზ.ა–მა, მიმართეს ნოტარიუს თ.ბ–ძეს და მოითხოვეს სესხის ხელშეკრულების შედგენა. ხელშეკრულების მიხედვით ზ.ა–მა ასესხა ა.მ–ს 49600 ლარი, 6 თვის ვადით, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 19 აპრილს.
10.2 2020 წლის 22 თებერვალს, ზ.ა–მა მიმართა ნოტარიუს ნ.ს–ძეს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 19.10.2017წ. დადასტურებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
10.3 2020 წლის 29 თებერვალს, ა.მ–ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
10.4 საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ს.კ ........ რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს 21.02.2017 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა ი.ჩ–ძე, (რომელიც არის ზ.ა–ის მეუღლე), ხოლო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ს.კ. ....... მესაკუთრეს, იმ დროისთვის წარმოადგენდა ა.მ–ი.
10.5 ი.ჩ–ძის მიერ მრავალგზის წარედგინა საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე ს.კ. ......... არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული, საჩივარზე უარის თქმის გამო.
11. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად მოსარჩელე მიუთითებს სსკ-ის 56-ე, 81-ე, 82-ე, 623-ე მუხლებს.
12. საკასაციო პალატა, უპირველესად განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში განმტკიცებული ნორმების თანახმად (54-56-ე,81-83-ე მუხლები) ნებისმიერი გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია.
14. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
16. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ.სუსგ საქმე №ას-182-171-2014,16.06.2014წ.; საქმე №ას-1117-1051-2015, 20.01.2016წ.).
17. მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს მისთვის არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
18. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება 6 თვიან ვადაში, ზ.ა–ის ოჯახის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ნაწილის ნასყიდობასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, სწორედ ამ შეთანხმების გამო მიმართეს ნოტარიუსს, სადაც მოწინააღმდეგე მხარის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამო, მისი დარწმუნების გზით, დაიდო სხვა ტიპის ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორი თავად მიუთითებს გარიგების ბათილობის გამომრიცხველ გარემოებაზე, კერძოდ, სასესხო კერძოსამართლებრივი გარიგების დადება გარიგებაში მონაწილე მხარის მიმართ განსაკუთრებული ნდობის არსებობის გამო, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელის "არანამდვილი ნების" ფორმირება მოტყუების საფუძველზე არ მომხდარა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ასევე ვერ დაადასტურა, თუ რატომ არ შეეძლო გაცნობოდა ხელშეკრულებას, რომელსაც აწერდა ხელს და გამოევლინა ნამდვილი ნება. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად „ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, თუ რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს. ლ.პ-ი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის - ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო“ (სუსგ №ას-193-180-2015, 30.04.2015წ.).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ხელშეკრულების დადება მოხდა ნოტარიუსთან.
21. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ განსხვავებით მოჩვენებითი გარიგებისაგან, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი, თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (იხ. სუსგ №ას-694-665-2016, 31.03.2017 წ).
22. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ № ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
23. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ასეთ შემთხვევაში, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლის არსებობა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რამდენადაც გარიგების ბათილობის გარემოებების დადასტურება ეკისრება იმ პირს, რომელიც ითხოვს გარიგების ბათილობას (შდრ: სუსგ. Nას-1090-2021,18.05.2022წ., №ას-1029-2019, 30.10.2019წ., №ას-3-2020, 16.06.2020წ).
24. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სხვა გარიგების დადების მიზანი და სურვილი არ დგინდება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა იმ მოცემულობაზე, რომ თუ მხარე თავიდანვე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სურვილსა და მზადყოფნას გამოთქვამდა, აღნიშნული ხელშეკრულება მოცემულ მხარეებს შორის მაინც ვერ დაიდებოდა, რადგან თუნდაც ნოტარიუსთან გამოცხადების ეტაპზეც, მისთვის(კასატორისთვის) ცნობილი იყო, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ზ.ა–ის მეუღლე და არა თავად ზ.ა–ი. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში ზ.ა–ი მონაწილეობას ვერ მიიღებდა. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რა გარიგება დაფარეს მხარეებმა დადებული გარიგებით.
25. რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გასაჩივრებულ საოქმო განჩინებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, საპატიო მიზეზად, რის გამოც არ მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა დაკითხვა, მიუთითებს ეთიკის კომისიაში კასატორის ადვოკატის, ა.ჩ–ძის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების შესახებ დადგენილებაზე, რაც სააპელაციო პალატამ, სავსებით მართებულად არ გაიზიარა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობის წარუდგენლობის პატივსადებ მიზეზად ჩათვლის საფუძველს არ წარმოადგენს ადვოკატის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების დადგენილება. მართალია, ამ დადგენილებით, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატმა ა.ჩ–ძემ არ იმოქმედა კლიენტის კანონიერი მითითებებით და არ გამოკითხა მოწმის სახით ის პირები, რომელთაც გააჩნდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიენტის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-ნაწილის დანაწესების შესაბამისად, არ შეიძლება მიჩნეული იქნას იმგვარ გარემოებად, რომელიც ჩაითვლება შუამდგომლობის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად. ამ შემთხვევაში, დადგა თუ არა მოსარჩელისთვის საზიანო შედეგი მტკიცების კუთხით, წარმოადგენს დელიქტური ვალდებულებების წინაპირობების: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
26. საკასაციო პალატა, საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვისა და გამოთხოვის შესახებ კასატორის შუამდგომლობებთან დაკავშირებით, მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, არამედ, იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1368-2019, 05 ოქტომბერი, 2020 წელი; №ას-1419-2018, 10 ივლისი, 2020 წელი; საქმე№ას-1453-2022, 30 მარტი 2023 წელი; №ას-64-2023, 02 ივნისი, 2023 წელი; №ას-760-2013, 17 ივლისი, 2023 წელი; №791-2023, 21 ივლისი, 2023 წელი). საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა.
27. საკასაციო პალატა, ასევე განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. პროცესის ხარჯები
33.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
33.2 ვინაიდან კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის, 4157.73 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ა.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 %-ის - 1247,319 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა.მ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; კასატორ ა.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 09 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4157,73 ლარის 30% - 1247,319 ლარის გადახდა; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე