Facebook Twitter

საქმე №ას-1422-2023

28 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.მ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე დ.მ–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ..........., საკადასტრო კოდი ........ და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს სს "ს.ბ–ს".

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ს.ბ–მა” ,,სააღსრულებო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აუქციონზე შეიძინა დ.მ–იას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ......., საკადასტრო კოდი ......... აღნიშნული ქონება, 13.09.2018წ. №181126708 განკარგულების საფუძველზე, აღირიცხა სს „ს.ბ–ის“ სახელზე.

2.2 უძრავი ქონება, 2018 წლის 13 სექტემბრიდან, წარმოადგენს მოსარჩელე სს "ს.ბ–ის" საკუთრებას. ამჟამად აღნიშნულ უძრავ ქონებას კვლავ ფლობს მოპასუხე, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას.

3. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკრედიტო დაწესებულების მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ.მ–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმი, ........., საკადასტრო კოდი .......... და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე სს ”ს.ბ–ს”.

4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა საქმეში მესამე პირებად გ.მ–ას და მ.მ–იას ჩაბმაზე უარის თქმის და მ.მ–იას ადმინისტრაციული სარჩელის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თაობაზე, ამავე სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებების გაუქმებაც მოითხოვა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.

5.3 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

5.4 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და განმარტა - მოპასუხემ თავისი მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის ოჯახის წევრის მიერ სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, რომლითაც სადავო ნივთი მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

5.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ სარჩელში მითითებული სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დავის განხილვისას, რა ახალი ფაქტები იქნება დადგენილი, რომლის გარეშეც, უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი გახდება, მით უმეტეს, სადავო ნივთის შემძენის (მოსარჩელის) კეთილსინდისიერება სადავო არ არის.

5.6 სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოპასუხესთან ერთად მცხოვრები პირების ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე და სსსკ-ის 89-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირად ამა თუ იმ სუბიექტის მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სუბიექტური ინტერესის არსებობა. ასეთ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის, ვის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ქონება გამოითხოვა მხოლოდ მოპასუხის(აპელანტის) უკანონო მფლობელობიდან, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მას შეეხება და სხვა მფლობელების არსებობის პირობებში, იგი მათ უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.მ–იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კასატორის მიმართ, ხელოვნურად, გაუგებარ ვითარებაში მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ სადავო ქონების აუქციონზე გატანა და მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა, მაშინ, როდესაც ძირითადად რეგულარულად იხდიდა თანხას.

6.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ შეაჩერა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სარჩელის განხილვამდე. არასწორად არ ჩართო საქმეში მესამე პირად მოპასუხის ოჯახის წევრები გ. და მ.მ–იები, რომელთაც პირდაპირ ეხებათ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, ამდენად, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; სასამართლომ არაფერი გააკეთა მხარეთა მორიგების მიზნით.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, დ.მ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება ქონება მდებარე, ქ. ბათუმი, ..........., საკადასტრო კოდი ......... რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია, განკარგულება, დამოწმების თარიღი 13.09.2018წ. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022წ.).

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.

18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

21. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის/კასატორის არგუმენტები ვერ დაედება საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმებას (შდრ. №ას-1474-2023, 10.01.2024წ., Nას-1532-2023, 30.01.2024წ).

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ: სუსგ №ას-528-2021,18.12.2021წ;) საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების მიხედვით, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (შდრ: სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020 წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მისი ოჯახის წევრის მიერ სასამართლოში წარდგენილია ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, რომლითაც სადავო ნივთი მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებულ პრეტენზიას და კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს: ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოვლინდა. ამდენად, სხვა საქმის გადაწყვეტამდე, მიმდინარე დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს, მითუმეტეს, რომ სადავო ნივთის შემძენის (მოსარჩელის) კეთილსინდისიერება სადავო არ არის.

25. ასევე, გასაზიარებელი არ არის კასატორის პრეტენზია, ოჯახის წევრების საქმეში მესამე პირებად ჩართვასთან დაკავშირებით. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 90-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ჩართვის თაობაზე დაყენებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის სასამართლოს სხდომაზე.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის, ანუ მესაკუთრის მიერ ვინდიკაციური სარჩელი წარდგენილი იქნა მხოლოდ დ.მ–იას მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელეს სწორედ მითითებული პირის მიმართ აქვს წარდგენილი პრეტენზია. შესაძლებელია სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხის გარდა ნამდვილად ცხოვრობენ სხვა პირები, თუმცა მათ მიმართ სარჩელი არ არის აღძრული და მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ უფლებებსა თუ ვალდებულებებზე. მოცემულ შემთხვევასი, მესამე პირებს სამართლებრივი კავშირი საქმესთან დაკავშირებით არა აქვთ. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოპასუხესთან ერთად სხვა პირებიც ცხოვრობენ და ისინი მესამე პირის სტატუსით უნდა იქნენ ჩაბმულნი, საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, განსახილველ სამოქალაქო საქმეში მესამე პირების ჩართვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ.სუსგ. Nას-1567-2019, 03.07.2020წ).

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ.მ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, გ.მ–ას მიერ, სს „ს.ბ–ში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 21 ნოემბერს, N19459208664 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% 105 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი