საქმე ას-982-2022
16 იანვარი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.შ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.შ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, ი.შ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე) ნ.შ–ისთვის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) საერთო ვალის ნაწილის 36 110 აშშ დოლარისა (დაზუსტებული მოთხოვნით 25 000 აშშ დოლარის) და 1 400 ლარის დაკისრება მოითხოვა.
1.2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში აიღეს საერთო ვალი, რომელიც მოხმარდა ოჯახის ინტერესებს. 2016 წლის 25 აგვისტოს, სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგება, რომლის საფუძველზეც ისინი განქორწინდნენ და გაიყვეს ერთობლივი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება. თუმცა, სასესხო ვალდებულების გაყოფა არ ყოფილა აღნიშნული მორიგების საგანი. გამსესხებელმა სს „თ.ბ–მა“ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების (მხარეების) წინააღმდეგ და მოითხოვა საერთო ჯამში 72 220 აშშ დოლარის დაკისრება. 2019 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით, მხარეებს ვალდებულება დაეკისრათ სრულად და სოლიდარულად. ასევე, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, თანხის ამოღების მიზნით აუქციონზე უნდა გასულიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - ბინა და სახლი კ–ში. გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოსარჩელემ სრულად დაფარა დაკისრებული თანხა და სახელმწიფო ბაჟი, რის შემდეგაც დაიკავა კრედიტორის ადგილი და აღნიშნული თანხის ნახევარზე გაუჩნდა კანონიერი უკუმოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ. ვალი გახლდათ მეუღლეთა სოლიდარული ვალდებულება, რომლის გადახდაც დაეკისრათ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამ თანხით შეძენილი ქონება გაიყო მხარეთა შეთანხმებით. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია საერთო ვალის ნახევარი აუნაზღაუროს მოსარჩელეს.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ვალის, როგორც ქონებრივი აქტივის საკითხი გადაწყვეტილია, 2016 წლის 25 აგვისტოს, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგებით, რის საფუძველზეც მოდავე მხარეებმა გაიყვეს ერთობლივი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება. ამ გარემოების გათვალისწინებით, იგივე დავაზე, იგივე მხარებს შორის, იგივე საგნითა და საფუძვლით საქმეს სასამართლო ვეღარ განიხილავს. ამასთან, ერთობლივი თანაცხოვრების დროს სესხი აიღო ი.შ–მა. მოსარჩელე წარმოადგენდა არა ძირითად მსესხებელს, არამედ თავდებ პირს. მართალია სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს სოლიდარულად დაეკისრათ ვალდებულება, თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, მსესხებელს თავდები პირის მიმართ არ აქვს უკუმოთხოვნის უფლება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
3.2. მოსარჩელემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 25 000 აშშ დოლარი;
4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ, ბანკიდან სესხის სახით აღებული თანხა მოხმარდა მხარეთა ოჯახის ინტერესებს, რაც მეუღლეთა საერთო ვალის აღიარების წინაპირობა და ამავე ვალის გაყოფის საფუძველია.
4.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ერთობლივი თანაცხოვრების დროს შეძენილი კონკრეტული ქონების ჩამონათვალი. საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებებით და არ დგინდებოდა თუ რა სახის საერთო ქონებას ფლობდნენ მხარეები და შესაბამისად, ვის რა წილი დარჩა განქორწინების შემდეგ და საპირისპიროდ საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე მიუთითა, კერძოდ საქმეში არსებული, ამჟამინდელი მოპასუხის მიერ სხვა საქმეზე წარდგენილი სარჩელით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე (ამჟამინდელი მოპასუხე) ითხოვდა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან ½ წილის გამოყოფას - ქ.ბათუმში, ......., ბინა 25, ს/კ ...... და იმავე მისამართზე არსებული მანსარდის, ს/კ ......, შავი კარკასის შემდეგ ნაწარმოები საამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების ½-ის - 35 368.51 ლარის დაკისრებას; ქ.ბათუმში, ........, ბინა 25, ს/კ ......... და იმავე მისამართზე არსებული მანსარდის, ს/კ ......., არსებული მოძრავი ქონების ½ წილის გამოყოფას; უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისში, დაბა კ–ი, სოფელ კ–ში არსებული უძრავი ქონების-ფართით 215.45 კვ.მ., ს/კ ......-ის ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობას; ავტომანქანა მლ 350, გამოშვების წელი 2007, რელიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნახევრის - 5 500 აშშ დოლარის დაკისრებას; მხარეების მიერ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი სხვადასხვა საოჯახო ნივთების, რომელთა ღირებულება სულ შეადგენდა 36 716 ლარს - ნახევრის გაყოფას. სარჩელის ფასად მოსარჩელემ თავადვე მიუთითა - 112 096,02 ლარი.
4.4. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დგინდებოდა ერთობლივი თანაცხოვრების დროს შეძენილი კონკრეტული ქონების ჩამონათვალი და მისი ღირებულება, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 224 192,04 ლარს, საიდანაც ამჟამინდელი მოპასუხე ითხოვდა მის ½-ს ანუ 112 096,02 ლარის ღირებულების ქონებას.
4.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებულ თავდაპრველი დავის დასრულების შემდეგ, სადავო ქონება დარჩა მოპასუხეს (ამჟამინდელ მოსარჩელეს) რის სანაცვლოდაც გადაიხადა 50 000 აშშ დოლარი.
4.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 1169-ე მუხლის შესაბამისად ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების, არამედ ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის საერთო ქონება გაყოფილია თუ არა. საკასაციო პალატამ სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის გამოყენებისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალი, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (შდრ. სუსგ. №ას-569-540-2015, 01 ივლისი, 2016.) მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით (შდრ. სუსგ. №ას-1029-964-2012, 23 ივლისი, 2012.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, 19.02.2016წ., მოსარჩლემ ბანკისაგან აიღო 61 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. დადგენილია და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კრედიტის თანხა მოხმარდა მხარეთა ოჯახის საერთო ინტერესებს, კერძოდ, უძრავი ქონების შეძენას, მის რემონტსა და კეთილმოწყობას.
4.7. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება ბანკის წინაშე. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.05.2019წ. გადაწყვეტილებით, მოსარჩლესა და მოპასუხეზე დაკისრებული საკრედიტო დავალიანება და სახელმწიფო ბაჟი - 72 220,80 აშშ დოლარი და 2300 ლარი სრულად დაფარა ი.შ–მა.
4.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებულ თავდაპირველ დავაში დავის საგანი მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა იყო, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფაა, რაც სხვადასხვა დავის საგანს წარმოადგენს და ვერ გახდება საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და პრეტენზიები
5.1. მოპასუხემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით მხარეთა შორის არსებული თავდაპირველი დავის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ შეწყვიტა საქმისწარმოება.
5.3. კასატორის მტკიცებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა მორიგება მხოლოდ ქონებაზე და ვალები არ ყოფილა გათვალისწინებული.
5.4. კასატორის განმარტებით, მორიგების მიხედვით, მოპასუხემ (ამჟამინდელმა მოსარჩელემ) გადაიხადა 50 000 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო იპოთეკით დატვირთული ქონება, რაც სწორედ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას, როგორც აქტივებზე ასევე პასივების გაყოფაზე მიუთითებდა.
5.5. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ბანკიდან აღებული სესხის თანხა არა ოჯახის საერთო ინტერესებს, არამედ მოსარჩელის პირად საჭიროებებს მოხმარდა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მათი შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2010 წლის 23 სექტემბრიდან 2016 წლის 25 აგვისტომდე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 19-22).
8. სს „თ.ბ–სა“ (ბანკი) და მოსარჩელეს (მსესხებელი) შორის 2016 წლის 19 თებერვალს დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ N2658440-8266521 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხად აიღო 61 000 აშშ დოლარი, ავტომობილის შეძენისა და პირადი ხარჯების დაფინანსების მიზნით. საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა წლიური 10%-ით, ხოლო საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 1823 დღით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-23). ბანკსა და მოპასუხეს შორის ამავე სესხთან დაკავშირებით დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზომად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში (ტ.1,ს.ფ.24-25).
9. კრედიტის თანხა მოხმარდა მხარეთა ოჯახის საერთო ინტერესებს, კერძოდ უძრავი ქონების შეძენას, მის რემონტსა და კეთილმოწყობას (ტ.1,ს.ფ.1-14, 58-66).
10. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც N2658440-8266521 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამური დავალიანება, 02.11.2016წ. მდგომარეობით, შეადგენდა 61 823.10 აშშ დოლარს, ხოლო 15.07.2017წ. მდგომარეობით - 64 180.92 აშშ დოლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-18).
11. ბანკმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსესხებლისა და თავდების წინააღმდეგ, საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
12. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული საკრედიტო დავალიანება და სახელმწიფო ბაჟი სრულად დაფარა მოსარჩელემ (მსესხებელმა).
13. მოპასუხემ, 2016 წლის 22 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ, მოითხოვა ალიმენტის დაკისრება და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან ½ წილის გამოყოფა. სარჩელის ფასი განისაზღვრა 112 096 ლარით. ამავე პერიოდში სარჩელი ჰქონდა წარდგენილი ამჟამინდელ მოსარჩელესაც, მოპასუხესთან განქორწინების მოთხოვნით.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმე. ქონების გაყოფის ნაწილში მხარეები შეთანხმდნენ შემდეგნაირად:
14.1. ი.შ–ი თანახმაა მის მიერ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 5 წლის ვადაში გადაიხადოს ნ.შ–ისათვის 50 000 აშშ დოლარი;
14.2. ი.შ–ი თანახმაა მის მიერ მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტის სრულყოფილად შესრულებამდე ნ.შ–მა შვილებთან ერთად იცხოვროს ი.შ–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, ს/კ ........;
14.3. იმ შემთხვევაში თუ ი.შ–ის მიერ ვერ იქნებოდა შესრულებული მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტი, ი.შ–ი თანახმა იყო ნ. შ–თვის საკუთრების უფლებით უსასყიდლოდ გადაეცა მის საკუთრებაში არსებული მანსარდი, მდებარე ქ. ბათუმში, .........., ს/კ ......, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით;
14.4. .ი.შ–ი თანახმა იყო ნ.შ–ის განცხადების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის №295- უზრ/2016 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩენილიყო უცვლელად მორიგების აქტში მითითებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულებამდე;
14.5. ი.შ–ი თანახმა იყო საპროცესო ხარჯები სულ 1 000 აშშ დოლარი გადაეხადა ნ.შ–ისათვის მორიგების აქტის ხელმოწერიდან 3 წლის ვადაში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 34-35; ტ. 2, ს.ფ. 19-22).
15. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების კონტექსტში მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის წესებზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ სკ-ის 1158-ე „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.“, 1169-ე „მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად“,
16. საკასაციო სასამართლო დასახელებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (შდრ. სუსგ №ას-7-7-2016, 16.03.2016წ; №ას-708-708-2018, 26.07.2019წ.).
17. ამასთან, საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ვალი საერთოა. იყო თუ არა ვალის აღება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს სასამართლომ. სასამართლომ ყოველ შემთხვევაში უნდა გაარკვიოს ვალის აღების მიზანი და მისი გამოყენების შედეგები (შდრ. რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2015, 131; სუსგ №ას-1451-2019, 12.02.2021წ.).
18. საკასაციო სასამართლო, კასატორის იმ პრეტენზიაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც შეეხება საპროცესო ნორმების არასწორ გამოყენებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი და 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ რომ მხარეთა შორის, ალიმენტისა და ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონების გაყოფასთან დაკავშირებით საქმეზე, შედგა მორიგება, რომლის მიხედვით, მოპასუხემ (მსესხებელმა) გადაიხადა 50 000 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო იპოთეკით დატვირთული ქონება, რაც სწორედ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას, როგორც აქტივების, ასევე პასივების გაყოფაზე მიუთითებდა. აღნიშნული მორიგების აქტი, დამტკიცებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. კერძოდ, მოპასუხე სადავოდ ხდის, რომ მოცემულ საქმეზე, რომლის დავის საგანია ქორწინების განმავლობაში დაგროვილი საერთო ვალის გაყოფა, სახეზე იყო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. კერძოდ, მისი განმარტებით, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიაზე. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, იმისათვის, რომ კონკრეტულ საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება სახეზე უნდა იყო შემდეგი წინაპირობა: დავა - იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძლით. ერთ-ერთი მათგანის გამორიცხვის შემთხვევაში, საქმე ახალ დავად დაკვალიფიცირდება.
19. საქმის წარმოების შეწყვეტას კანონმდებელი უკავშირებს სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობას, კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდა დავა იმავე მხარეებს შორის, ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამო. „სარჩელის საფუძვლები“ მოცემული ნორმის მიზნებისათვის გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასაბუთებას, თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ გამოსაყენებელ სამართლის ნორმას თავად სასამართლო განსაზღვრავს, თუნდაც მხარეს იგი მითითებული არ ჰქონდეს. ამასთან, ზემოაღნიშნული წანამძღვრები წარმოდგენილ უნდა იქნეს კუმულაციურად, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო ვერ შეწყვეტს საქმის წარმოებას. კანონმდებლის ამგვარი ნება გამომდინარეობს სსსკ-ის 266-ე მუხლის შინაარსიდანაც და განპირობებულია მითითებულ ნორმაში ასახული აკრძალვით, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა აღძრა იგივე სარჩელი, იმავე მხარეების მიმართ საქმეზე, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.“ (შდრ: სუსგ №ას-1089-2018, 24 დეკემბერი, 2018 წ, პ.26;34).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედს მართლმსაჯულების განხორციელების სტაბილურობა წარმოადგენს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების ე.წ მუდმივობის პრინციპით ხასიათდება. აღნიშნული პრინციპი გარანტირებულია არაერთ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო სამართლის დანაწესში, რომელთაგან ერთ-ერთს სსსკ-ის 272-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველი ნორმა გარკვეული „ინკვიზიციურობით“ ხასიათდება და მიუხედავად იმისა, შუამდგომლობს თუ არა მხარე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სასამართლოს ავალდებულებს, გამოიკვლიოს, სახეზე ხომ არ არის ნორმით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. მოხმობილი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, თუ რას წარმოადგენს ნორმის მიზნებისათვის სარჩელის/დავის „საგანი“ და „საფუძველი“: ა) სარჩელის/დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი; ბ) რაც შეეხება „საფუძველს“, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად.
21. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას დადებული მორიგება არის როგორც ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება, ისე საპროცესო მოქმედება. ვალდებულებითსამართლებრივი თვალსაზრისით მორიგება, როგორც წესი, გამოიწვევს მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებას, ხოლო როგორც საპროცესო მოქმედება - დავის საგანზე საქმის წარმოების შეწყვეტას.
22. სამართლის დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრებების მიხედვით "მორიგება ხელშეკრულებაა, რომლითაც მხარეები ადგენენ თავიანთ ორმხრივ უფლებებსა და ვალდებულებებს. აღნიშნული უფლება-მოვალეობები არსებულად ან არარსებულად მიჩნეული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, მორიგების მიზანი კი სამართლებრივი მშვიდობის და უსაფრთხოების მიღწევაა". "მორიგება, როგორც პროცესუალური ხასიათის შეთანხმება, სასამართლოში საქმის წარმოების დროს მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებაა, რომლითაც მოსარჩელე და მოპასუხე ურთიერთდათმობის გზით, ახლებურად განსაზღვრავენ თავიანთ სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს, რის საფუძველზეც წყვეტენ თავიანთ დავას სასამართლოში" (იხ. კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბ., 2014, 76).
23. სასამართლო გადაწყვეტილებით/განჩინებით მორიგების დამტკიცებით საქმე სრულდება და მხარეთა მიერ ასეთი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. საქმისწარმოების დასრულებას მორიგებით, კონკრეტული საპროცესოსამართლებრივი შედეგები მოყვება, რაც გამოიხატება ანალოგიური საქმის თაობაზე განმეორებით სარჩელის აღძვრის შეუძლებლობაში.
24. მორიგების შედეგი, რომელიც კრძალავს სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, თავის მხრივ, თავად სასამართლო სისტემის რეგულირებიდან გამომდინარეობს. შეუძლებელია სასამართლო მიუბრუნდეს საკითხს და შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები დაუსრულებლად, როცა მხარეს ამის სურვილი გაუჩნდება.
25. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის არსებული თავდაპირველი დავის ფარგლებში დამტკიცებული მორიგების აქტზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებითაა დამტკიცებული და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
26. გადაწყვეტილების კანონიერი ძალის სუბიექტური ფარგლები იმ პირთა წრეს გულისხმობს, რომლებზეც გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება. სსსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 998).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აღნიშნული ნორმების ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, #ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.).
28. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებულ თავდაპირველ დავაზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით, მხარეებს შორის შეწყდა ქორწინება, მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, განაწილდა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის ვალდებულებებით დატვირთული ქონება. ამგვარად, მხარეებმა, ურთიერთდათმობის გზით, ახლებურად განსაზღვრეს თავიანთი უფლებები და მოვალეობები. მოპასუხემ (ამჟამინდელმა მოსარჩელემ) გადაიხადა 50 000 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო იპოთეკით დატვირთული ქონება, რაც ადასტურებს მეუღლეთა თანაცხოვრებიდან გამომდინარე ვალდებულებებისა და ქონების გადანაწილებას მხარეთა შორის. ამასთან, შემდეგში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ბანკის მიერ სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მხარეების წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ საბანკო ვალდებულების შესრულება (სადაც იგი ძირითად მოვალეს წარმოადგენს), სამაგიეროდ კი სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში შენარჩუნება, დამატებით რწმენას უქმნის სასამართლოს, მორიგების აქტის ფარგლებში მხარეთა შეთანხმების თაობაზე, როგორც მეუღლეთა საერთო ქონების, ასევე ვალების გაყოფასთან დაკავშირებით.
29. საკასაციო სასამართლო კასატორის კიდევ ერთ პრეტენზიაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ მიღებული სესხი, არა საოჯახო, არამედ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა.
30. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ ბანკიდან აღებული კრედიტი სრულად ან ნაწილობრივ მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს ან პირიქით უშუალოდ მსესხებლის პირად ინტერესს, უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტით. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „რაც შეეხება სესხის აღების მიზნობრიობის შესახებ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მეუღლეთა საერთო ქონებად პრეზუმირებასთან კავშირში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია, როგორც მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, აგრეთვე, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხემ (კასატორმა) იკისრა პასუხისმგებლობა აღებულ სესხზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო, საპირისპირო მტკიცებულებებისა და გარემოებების არარსებობის პირობებში ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სესხის მხოლოდ მოსარჩელის პირადი მიზნების გამოყენებასთან დაკავშირებით (ას-1646-2018 22 მარტი, 2019 წელი).
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394.„ე“ მუხლის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, რაკი არსებობს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი, მითითებული ნორმისა და სსსკ-ის 187.2 მუხლის (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს) მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმის წარმოება სარჩელზე. კერძოდ, უნდა გაუქმდეს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება ი.შ–ის სარჩელზე, მოპასუხე ნ.შ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ დავაზე საკასაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 542.75 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე „ბ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.შ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება ი.შ–ის სარჩელზე, მოპასუხე ნ.შ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებები;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. ი.შ–ს დაეკისროს მ.დ–ძის მიერ ნ.შ–ის საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით (სს „თიბისი“ ბანკში 13.09.2022წ. N0 საგადასახადო დავალებით) გადახდილი 3542,75 ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე