საქმე №ას-1021-2023
19 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „მ.მ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 116280 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ.მ–ს“ შორის, 2020 წლის 04 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია ამ უკანასკნელის ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „TOYOTA“-ს და „LEXUS“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების 3.2.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ვადად აგრეგატებისთვის განისაზღვრა არაუმეტეს 08 კალენდარული დღე. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას - „TOYOTA LAND CRUISER 70“-ს, სახელმწიფო ნომრით ........(......), ტექნიკური მომსახურება, 2020 წლის 28 მაისის ნაცვლად, გაეწია 2020 წლის 12 აგვისტოს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის
გადაცილებისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 1020000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც თანხობრივად შეადგინა 116 280 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის განმარტებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ.მ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
5.3 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე, 417-418-ე მუხლების დისპოზიციის საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა.
5.4 სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).
5.5 ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019).
5.6 ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი 1500 ლარის ოდენობით.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ისე შეამცირა, რომ არ გაითვალისწინა რიგი მნიშვნელოვანი გარემოებები. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელიც წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის გადახდას. მოპასუხე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების დადგომის შესახებ, ამასთან, თავისუფალი ნება ჰქონდა, რომ ხელშეკრულების დადების ეტაპზევე ეთქვა უარი აღნიშნულ პირობაზე, თუმცა, მხარეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია, რაც დაადასტურა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. გარდა ამისა, მოსარჩელეს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულება, რომლისათვისაც სწორად დადებული ხელშეკრულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ძირითადი ფუნქცია პირნათლად შესრულდეს. მოსარჩელე ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა როგორც სადამსჯელო ფუნქციას, არამედ როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფას.
6.3 კასატორის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა, როგორც პირგასამტეხლოს, ისე ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ.მ–ს“ შორის 2020 წლის 04 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტად განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „TOYOTA“-ს და „LEXUS“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1020000 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31იანვრის ჩათვლით.
11. ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის მიხედვით განსაზღვრული იქნა მომსახურების გაწევის ვადები, ასევე ხელშეკრულების 9.3 პუნქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით (ს.ფ. 19-23; 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N69 ხელშეკრულება);
12. ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER 70”-ის (სახელმწიფო ნომერი .....), 2020 წლის 20 მაისს, შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შპს „მ.მ–ის“ სერვისცენტრში, სადაც ავტომანქანას დაუდგინდა საწვავი სისტემის დაზიანება. აღნიშნულის თაობაზე, 2020 წლის 20 მაისს შედგა დეფექტური აქტი; მოპასუხემ დაარღვია მომსახურების გაწევის ვადა და ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 28 მაისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 12 აგვისტოს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაც დასტურდება შესრულებული სამუშაოს აქტით, (ს.ფ. 35; 2020 წლის 12 აგვისტოს დეფექტური აქტი).
13. 2020 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა შპს „მ.მ–ს“ და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER 70”-ის (სახელმწიფო ნომერი .......), ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 28 მაისისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 12 აგვისტოს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 116280 ლარს;
14. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო შპს “მ.მ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია.
15. შესრულებული სამუშაოს აქტების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER 70”-ის (სახელმწიფო ნომერი ........), შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 283.4 ლარი.
16. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს სწორედ დასახელებული ნორმა წარმოადგენს.
19. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ.№ას-553-2023 28.09.2023წ). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
20. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13.11 2018; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
22. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019. 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 05.09.2019წ.).
23. პალატა ყურადღებას გაამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT190021327 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესახებ 2020 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულებაზე, რომლითაც მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადად მიუთითეს 2021 წლის 31 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრეს 1020000 ლარი. სადავო შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს პირგასამტეხლოს არსისა და დანიშნულებიდან. შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათისა, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად შეამცირა და განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან; შესაბამისად:
- ვინაიდან, შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 283.4 ლარს, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA LAND CRUISER 70”-ის (სახელმწიფო ნომერი ........), შეკეთების ვადის 76 კალენდარული დღით გადაცილებისთვის, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1500 ლარით და არა 283.4X 0,15%X76 ლარით, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს პრევენციულ მნიშვნელობას
24. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 116280 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიდან და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია.
25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.№ას-971-2019, 28.10.2019წ.; №ას-1819-2019, 19.02.2020წ.; №ას-626-2021, 14.07.2021წ.).
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები
კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე