საქმე №ას-1358-2023 15 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ს.ნ–ძე, ბ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა.ა–მა (შემდეგში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ნ–ძისა და ბ.ჭ–ძის (შემდეგში „მოპასუხეები“) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა.ა–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა მ.გ–მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ კასატორმა მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ დროისათვის მ.გ–ის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული.
ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში მსჯელობამდე კასატორის წარმომადგენლის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი განახლებული მინდობილობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ა.ა–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 15 (თხუთმეტი) დღით.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ქონება მოწინააღმდეგეთა მფლობელობაშია კასატორმა ვერ შეძლო განჩინებით დადგენილ ვადაში ქონების შეფასება. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ კასატორს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი და აღმოჩნდა მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა იშუამდგომლა კასატორის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის შემცირება - 300 ლარამდე. განცხადებას ერთვოდა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან რომლის მიხედვითაც 01.2019 წლიდან 01.2024 წლის ჩათვლით ა.ა–ს დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდებოდა.
ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა დამატებით წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება მაქსიმალური ვადით იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა.ა–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან/და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღით, რათა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ კასატორმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტის მოსამზადებლად, რითაც დადასტურდებოდა კასატორის გადახდისუუნარობა. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებას კი ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. განცხადებას ერთვოდა განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით ა.ა–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 16 (თექვსმეტი) დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით ა.ა–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 16 (თექვსმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს მ.გ–ს (იხ. მინდობილობა ს.ფ. 268-269) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........... საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2024 წლის 21 მარტს ჩაბარდა პირადად ადრესატს (იხ. ს.ფ. 307).
სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული თექვსმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 22 მარტს და ამოიწურა 2024 წლის 6 აპრილს. ვინაიდან 2024 წლის 6 აპრილი იყო არასამუშაო დღე, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2024 წლის 8 აპრილს.
ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ანუ კასატორისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, მ.გ–მა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ კასატორმა მისი გადახდისუუნარობის დაადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა მას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი პასუხი არ მიუღია. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ კასატორი მზად არის გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რისთვისაც მას ესაჭიროება დამატებით ერთი კვირა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან განცხადება სასამართლოში წარმოდგენილია ხარვეზის განჩინდებით დადგენილი ვადის გასვის შემდეგ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ განცხადებაზე. ამასთან, ხარვეზის განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2023 წლის 6 ნოემბერი) გასულია 90 დღეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის და საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური