საქმე №ას-349-2024 1 აპრილი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ნ.ქ.ქ.“, ლ.ო–ი, გ.ლ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ.ლ–მა“ (შემდეგში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.ქ.ქ.ის“, ლ.ო–ის და გ.ლ–ძის (შემდეგში „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით სს „თ.ლ–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 4 365,84 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს მომართა სს „თ.ლ–ის“ წარმომადგენელმა საჩივრის გახმობის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებაზე სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში მსჯელობამდე კასატორის წარმომადგენელმა დამატებით წარმოადგინა განცხადება, რომელშიც დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური