საქმე №ას-1226-2021 21 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „კ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მენარდე“ ან „მიმწოდებელი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 075,88 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 654,34 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა N244 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის ახალშენის მეურნეობაში საფეხბურთო მინი მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2018 წლის 15 იანვარი (იხ. ს.ფ. 14-18).
2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 65 534,98 ლარს.
2.3. ხელშეკრულების 5.1, ასევე, 7.2-7.3 პუნქტების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ეტაპობრივად (ორ ეტაპად), გეგმა-გრაფიკის მიხედვით. პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 26 ნოემბრამდე, სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 50%-ის სამუშაოს შესრულებით და მეორე ეტაპი - 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ასევე, სამუშაოს 50%-ის შესრულებით.
2.4. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდიდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას, ხოლო მიმწოდებელს არ ექნებოდა პრეტენზია აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ანაზღაურებაზე.
2.5. ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში. მათ შორის: ხელშეკრულების 8.3.ბ პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულებისას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის შესრულების ვადას, დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით; ხოლო, ხელშეკრულების 8.3.გ პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
2.6. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა, რაზეც 2017 წლის 11 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 35 285,84 ლარი, რაც მას სრულად აუნაზღაურდა (იხ. ს.ფ. 47-48).
2.7. 2018 წლის 09 იანვარს მოსარჩელემ N360/05 წერილით მიმართა მოპასუხეს და წერილზე თნდართული ფორმა N2-ის საფუძველზე მოითხოვა მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 28 340,65 ლარის ოდენობით.
2.8. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები და 2018 წლის 12 იანვრის დათვალიერების აქტით დადგინდა, რომ სამუშაოთა ნაწილი შესრულებული იყო უხარისხოდ. კერძოდ, „უხარისხოდ იყო შესრულებული ფანჩატურის მოწყობა ხის კოჭებზე, სახურავის მოწყობა პროფნასტილით, ასევე, შეთანხმებული არ იყო შემსყიდველთან გარე ტერიტორიაზე ლამპიონებისა და ნაგვის ურნების შეძენა, რომელიც არის უხარისხო“. ხარვეზების შესახებ წერილობით ეცნობა მოსარჩელეს და დაევალა აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით. ბრძანებაში მითითებული ხარვეზის გარდა შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე სხვა პრეტენზია არ განუცხადებია (იხ. ს.ფ. 50-51).
2.9. მოსარჩელემ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
2.10. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 თებერვლის N419 ბრძანებით მოსარჩელეს N244 ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ოდენობის 5% - 3 273,75 ლარი, ასევე, ჯარიმა მეორე ეტაპის სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, ჯამში - 2 752,40 ლარი. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. დადგენილია, რომ ბრძანებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მოსარჩელემ მოპასუხეს აუნაზღაურა (ს.ფ. 47).
2.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები:
- სულ რა ღირებულების სამუშაო შასრულა მოსარჩელემ 2017 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N244 ხელშეკრულების საფუძვლზე?;
- რა რაოდენობით შემცირდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 2018 წლის 12 იანვრის დათვალიერების აქტში (ს.ფ. 50) მითითებული ნაკლის გამო? (ს. ფ. 208-210).
2.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 იანვრის N5000504620 დასკვნის თანახმად:
- მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N244 ხელშეკრულების დანართი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, შეადგინა - 63 626,19 ლარი (დღგ-ის გარეშე);
- 2018 წლის 12 იანვრის დათვალიერების აქტში (ს.ფ. 50) მითითებული ნაკლის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 60 361,72 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაც სამუშაოს უნაკლოდ შესრულების შემთხვევაში სამუშაოს ღირებულებაზე - 63 626,19 ლარზე (დღგ-ის ჩათვლით) 3 264,47 ლარით ნაკლებია.
2.13. ექსპერტიზისათვის დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, ექსპერტის მიერ მხარეთა თანდასწრებით ვიზუალურად დათვალიერებული, შესწავლილი და აზომილ იქნა საკვლევ ობიექტზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ..... მეურნეობაში მინი საფეხბურთო მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის მიერ შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს სათანადო საექსპერტო კვლევის შედეგად მოპოვებულ მონაცემებს, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას აღნიშნული დასკვნის სანდოობასთან მიმართებით.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდე შემკვეთისგან ითხოვს ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. შემკვეთის მიერ მოთხოვნის უარყოფა კი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მენარდემ ხელშეკრულება შეასრულა არაჯეროვნად და შემკვეთს ნაკლიანი შესრულება მიაწოდა, რაც ვადის განსაზღვრის მიუხედავად არ აღმოფხვრილა.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1, 629.1, 639-ე, 641.1 მუხლებით და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდის მიერ მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშაო მოიცავდა ნაკლიან შესრულებასაც, თუმცა მას არც იმ სამუშაოს ანაზღაურება მიუღია, რაც უნაკლოდ შეასრულა.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ჯამში 63 626,19 ლარის ღირებულების სამუშაო (დღგ-ის ჩათვლით), საიდანაც ხარვეზიანად ჩაითვალა 3 264,47 ლარის ღირებულების სამუშაო (მათ შორის: ფანჩატურის მოწყობა ხის კოჭებზე, სახურავის მოწყობა პროფნასტილით, გარე ტერიტორიაზე განათების ლამპიონების მოწყობა, ნაგვის ურნების შეძენა და მონტაჟი). დადგენილია ასევე, რომ შემკვეთმა მოსარჩელეს უნაკლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან აუნაზღაურა მხოლოდ 35 285,54 ლარი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მენარდის პრეტენზია უკავშირდება მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელსაც ხარვეზი არ გააჩნდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მართლზომიერია მხოლოდ უნაკლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, რაც 25 075,88 ლარს შეადგენს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მენარდის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად მიიჩნია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის დამატებით 5 926,34 ლარის (ჯამში 31 500,99 ლარის) დაკისრების თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
8.1. სასამართლომ უგულებელყო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა სასამართლო და სამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება;
8.2. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა ხარისხიანად და დადგენილ ვადაში, არ აღმოფხვრა ხარვეზები და არ გამოცვალა შემსყიდველის თანხმობის გარეშე შეძენილი მასალები. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მას დაეკისრა პირგასამტეხლო, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
8.3. მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და იმ გარემოების დადასტურება, რომ მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება აუდიტის დასკვნაში მითითებულ ოდენობას შეადგენს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
15. კასატორი დავობს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს/მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჯეროვნად არ შეუსრულებია, მას არ აქვს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, დასახელებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მხიედვით, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
19. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის მოსარჩელის/მენარდის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორივე ეტაპის სამუშაოების შესრულების ფაქტი; ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მეორე ეტაპის სამუშაოების ნაწილი არაჯეროვნად შეასრულა; დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც, სსიპ ლევან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 31 იანვარს შედგა N5000504620 დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N244 ხელშეკრულების დანართი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, შეადგინა - 63 626,19 ლარი (დღგ-ის გარეშე), ხოლო 2018 წლის 12 იანვრის დათვალიერების აქტში (ს.ფ. 50) მითითებული ნაკლის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 60 361,72 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაც სამუშაოს უნაკლოდ შესრულების შემთხვევაში სამუშაოს ღირებულებაზე - 63 626,19 ლარზე (დღგ-ის ჩათვლით) 3 264,47 ლარით ნაკლებია; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს მხოლოდ მის მიერ უნაკლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, ხოლო ხელშეკრულების 4.5 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდიდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას.
20. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის/ შემკვეთის მიერ მოსარჩელის/მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად მხოლოდ 35 285,84 ლარის გადახდის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა დამატებით 25 075,88 ლარის ანაზღაურება (60 361,72 - 35 285,84 = 25 075,88). კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო, დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მისთვის სასამართლო და სამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების არამართებულად დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი