ბს-811-777(გ-06) 6 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. წკეპლაძე,
ნ. ქადაგიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
20.02.06წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტრომ და მოპასუხე თ. შ-სათვის 792.57 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროსთან 05.06.05წ. გააფორმა ხელშეკრულება 4 წლის ვადით. ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხა. მოსარჩელის განცხადებით, თ. შ-მ დაარღვია კონტრაქტის პირობები და იგი ვალდებულია აუნაზღაუროს თავდაცვის სამინისტროს მასზე დახარჯული თანხა, რომელიც შეადგენს 792.57 ლარს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ კონტრაქტის 8.4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად განსჯად სასამართლოდ სამინისტროს ადგილსამყოფელის რაიონული სასამართლო ან მისი უფლებამონაცვლე უნდა ჩათვლილიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.08.06წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სარჩელზე დართული ხელშეკრულება დადებულია თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის. ხელშეკრულების საგანია სამხედრო სამსახური, მისი გავლის წესი და “სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული პირობები. “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს პრეზიდენტის 05.04.04წ. ¹119 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში. თ. შ- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.08.05წ. ¹2172 ბრძანებით დანიშნული იყო საცეცხლე ჯგუფის მსროლელად და მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება _ “კაპრალი”. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აზრით, თავდაცვის სამინისტროსა და თ. შ-ს შორის გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დაიდო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და შესაბამისად, დავაც ადმინისტრაციული სამართლიდან გამომდინარეობდა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ მიიჩნია და განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.06წ. განჩინებით საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სარჩელი შეტანილი იყო განსჯადობის წესების დარღვევით. კერძოდ, საქმეში დაცული ხელშეკრულების 8.3 მუხლით განსაზღვრული სასამართლო განსჯადობის თაობაზე მხარეთა შეთანხმება ვერ აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ განსჯადობის ვერც ერთ წესს. კოლეგია თვლის, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სარჩელი თ. შ-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით მოქმედ სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო. განსჯადობის თაობაზე დავა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო, რომელსაც განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა კონკრეტული საქმე, არ გაიზიარებს საქმის გადმომგზავნი სასამართლოს მოსაზრებას საქმის განსჯადობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საგნობრივი განსჯადობის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული და მხოლოდ აღნიშნული მოსაზრების გამო გადასცა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსახილველად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გაზიარებული იქნა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება სარჩელის საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით. ამდენად, კოლეგიებს შორის სარჩელის საგნობრივ განსჯადობაზე დავა არ წარმოშობილა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მიერ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე მსჯელობის საფუძველს არ ქმნის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განხილულ უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასკ-ის 26-ე მუხლის საფუძველზე ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა დაიშვება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის, ტერიტორიულ განსჯადობაზე დავა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველ სასამართლოებს შორის არ დაიშვება, მათ შორის დასაშვებია დავა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ეს არაა სასკ-ის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე თ. შ-ს მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.