ას-224-2024
22 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ტ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ტ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ა.ტ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 04 ივლისის N1/კ-124 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით იძულებით მოცდენის მთელი პერიოდისათვის, 2019 წლის 04 ივლისიდან.
1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 04 ივლისის N1/კ-124 ბრძანება ა.ტ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ა.ტ–ი აღდგენილ იქნა სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 700 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 04 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და მოსარჩელისათვის 3 თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 07 აგვისტოს განჩინებით სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.ტ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ტ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ივნისის განჩინებით ა.ტ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. 2022 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის გადაწყვეტა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
6.1. 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა. ა.ტ–ს სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისრა 1981.46 ლარის გადახდა.
6.2. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ტ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მისთვის დაკისრებული თანხიდან 301.46 ლარი წარმოადგენდა მის შრომით გასამრჯელოს და ანაზღაურებულ იძულებით განაცდურს.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით ა.ტ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და 301.46 ლარის ანაზღაურების ნაწილში, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის გადაწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლის განცხადება ა.ტ–ისათვის განმცხადებლის სასარგებლოდ 301.46 ლარის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განჩინება სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სასარგებლოდ ა.ტ–ისათვის 1680 ლარის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.ტ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
8.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განჩინება სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სასარგებლოდ ა.ტ–ისათვის 1680 ლარის დაკისრების ნაწილში შესული არ არის კანონიერ ძალაში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით ა.ტ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითზე მიღებული განჩინების კანონიერება.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.
12. მოცემულ შემთხვევაში, ა.ტ–ის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ 2023 წლის 16 იანვრის განჩინებაზე (გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ), შეეხებოდა მისთვის დაკისრებული თანხიდან (1981.46 ლარიდან) 301.46 ლარი დაკისრების წინაპირობების არარსებობას, ვინაიდან, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მისი სამუშაოზე აღდგენის შემდეგ მიღებულ შრომის ანაზღაურებას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის დასაბუთებული განჩინებით ირკვევა, რომ ა.ტ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და სწორედ მის მიერ სადავოდ გამხდარი თანხის ნაწილში (301.46 ლარი), სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ა.ტ–ის პრეტენზია და საკასაციო პალატის მითითებები იქნა გაზიარებული და სსიპ მ.ს–ის სახელობის ქ. წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის განცხადება ა.ტ–ისათვის 301.46 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ტ–ის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას მისი ავტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის შელახვის შესახებ და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ტ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე