Facebook Twitter

№ას-946-2023

29 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ–სმა“ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თ.ჩ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა დავალიანების ძირითადი თანხის - 4006.46 ლარის, პროცენტის - 1637.56 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1255.98 ლარის მოპსუხისათვის დაკისრება (იხ.: სარჩელი, ს.ფ. 1-16).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების ძირითადი თანხის - 3647.74 ლარის, პროცენტის - 1202.87 ლარისა და პირგასამტეხლოს - 360 ლარის დაკისრება (იხ.: დაზუსტებული მოთხოვნა, ს.ფ. 74).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის - 3647.74 ლარის, პროცენტის - 1202.87 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სს „თ.ბ–სა“ და თ.ჩ–ძეს შორის 2018 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 4200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით, ფიქსირებული ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 20 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1443 დღე.

3.2. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების შესრულება.

3.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 05 ნოემბერს.

3.4. 2021 წლის 13 ოქტომბერს „ც–ს“ - სს „თ.ბ–სა“ და „ც–ს“ - შპს „გ–სს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება 406268186/01, რომლითაც სს „თ.ბ–მა“ შპს „გ–სს“ დაუთმო 2018 წლის 23 აგვისტოს სს „თ.ბ–სა“ და თ.ჩ–ძეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლოს დასკვნები და მიუთითა სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობდა სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს.

6.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა 2022 წლის 16 ივნისს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით კი, სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის გათვალისწინებით, ხანდაზმული არ იყო მოთხოვნა გადასახდელ სესხის ძირითადი თანხის - 3647.74 ლარისა და პროცენტის - 1202.78 ლარის ნაწილში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის გამოყენება აზრს უკარგავს ამავე კოდექსის 130-ე მუხლის დისპოზიციას, რომელშიც ნათლად არის ასახული ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილი და უფრო სპეციალური ნორმაა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოცემულ შემთხვევაში კი, თ.ჩ–ძის მიერ ბოლო გადახდა სესხზე 2018 წლის 05 ოქტომბერს განხორციელდა. სარჩელი მოსარჩელის მიერ შეტანილია 2022 წლის 16 ივნისს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე მუხლი: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „თ.ბ–სა“ და თ.ჩ–ძეს შორის 2018 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 4200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით, ფიქსირებული ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 20 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1443 დღე. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების შესრულება. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 05 ნოემბერს. 2021 წლის 13 ოქტომბერს სს „თ.ბ–სა“ და შპს „გ–სს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება 406268186/01, რომლითაც სს „თ.ბ–მა“ შპს „გ–სს“ დაუთმო 2018 წლის 23 აგვისტოს სს „თ.ბ–სა“ და თ.ჩ–ძეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

15. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 05 სექტემბრიდან 2022 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით, მოვალეს ყოველი თვის 05 რიცხვში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, რაც მოიცავდა ძირი თანხის ყოველთვიურად გადასახდელ ნაწილს და ნარჩენი ძირი თანხის პროცენტს.

16. საკასაციო საჩივრების პრეტენზიების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ როდის დაიწყო აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა.

17. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).

18. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

19. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა (სსკ-ის 153-ე მუხლი) (სუსგ №ას-1345-2018, 15.03.2019წ.), სესხისა და იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ასევე გამოყენებული უნდა იქნეს ის ვადა, რომელიც სესხის ხელშეკრულების მოთხოვნაზე ვრცელდება (შდრ. სუსგ №ას-1345-2018, 15.03.2019წ.; №ას-1191-2019 04.12.2019წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადა მოიცავდა 2018 წლის 05 სექტემბრიდან 2022 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს. გრაფიკით იყო გათვალისწინებული ყოველი თვის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის თარიღი, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ვალდებულება მოვალეს პერიოდულად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლას, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობისას, ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის დამოუკიდებლად. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ №ას-599-562-2010, 01 დეკემბერი,2010 წ.) პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შემდგომ მოსარჩელემ სწორედ გრაფიკით გადასახდელი თანხის ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინებით დააზუსტა მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელის შეტანამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში გრაფიკით გადასახდელი თანხის ფარგლებში მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სსკ-ის 130-ე მუხლზე (ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ), როგორც უფრო სპეციალურ ნორმაზე, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული დანაწესი, სწორედ, რომ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან და როგორც უკვე აღინიშნა, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობის დროს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი, გრაფიკის შესაბამისად შესასრულებელი თითოეული ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად წარმოიშობა მოთხოვნა, აღნიშნულზე მიუთითა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში გრაფიკით გადასახდელი თანხის ოდენობით, რამაც შეადგინა ძირი თანხა - 3647.74 ლარი, პროცენტი - 1202.87 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.

22. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით, არ არსებობს კასატორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება.

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში თ.ჩ–ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ჯ–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. თ.ჩ–ძეს (……) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ჯ–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N18674076691, გადახდის თარიღი 22.09.2023) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე