Facebook Twitter

№ას-1547-2023

25 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.ქ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ე–ვი, რ.ც–ვი, ქ.ქ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შეთანხმების ბათილად ცნობა, წილების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.ქ–ვას სასარჩელი ი.ე–ვის, რ.ც–ვისა და ქ.ქ–ვას მიმართ, შეთანხმების ბათილად ცნობის, წილების მესაკუთრედ ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ.ქ–ვას სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ლ.ქ–ვამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს ჩაბარდა 2023 წლის 21 დეკემბერს.

2024 წლის 8 იანვარს (კორესპონდენცია ფოსტაში ჩაბარებული იქნა 29.12.2023 წელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ლ.ქ–ვას მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოებები. რწმუნებულმა განმარტა, რომ ორ სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით ლ.ქ–ვას მიმართ კრედიტორების მოთხოვნა ჯამურად შეადგენს 412 000 ლარს და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ.ქ–ვას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წამომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 7 თებერვალს.

2024 წლის 22 თებერვალს (კორესპონდენცია ფოსტაში ჩაბარებული იქნა 19.02.2024 წელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა შაბათ - არასამუშაო დღეს და მომდევნი დღეც იყო კვირა - არასამუშაო დღეს, ხოლო 19 თებერვალი იყო მომდევნო პირველი სამუშაო დღე - ორშაბათი) კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, ცნობები შემოსავლების სამსახურიდან, ცნობა სს ,,საქართველოს ბანკიდან“ და ცნობა სს ,,თიბისი ბანკიდან“. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით კასატორის მოთხოვნა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; ლ.ქ–ვას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წამომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 13 მარტს.

2024 წლის 21 მარტს (კორესპონდენცია ფისტაში ჩაბარებული იქნა 20.03.2024 წელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან, რომლის თანახმადაც ლ.ქ–ვას მიმართ აღსასრულებელ თანხებთან (534 872,75 ლარი, 5350 ლარი, 1128,86 ლარი) დაკავშირებით მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოებები. ასევე წარმოდგენილი იქნა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომელთა მიხედვითაც ლ.ქ–ას საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებები არის დაყადაღებული. კასატორის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა, საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, დაკმაყოფილდა; ლ.ქ–ვას გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის შედგა მორიგება, რომელიც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით და აღნიშნული მორიგებით მხარეებს შორის დავა დასრულებულია. ადვოკატმა განაცხადა, რომ კასატორი უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და ითხოვს განუხილველად იქნეს დავოტებული მისი საკასაციო საჩივარი. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება.

2024 წლის 16 აპრილს კასატორის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები მორიგდნენ, მორიგების აქტით კი სრულდება ყველა დავა რაც არსებობს მხარეთა და მათთან დაკავშირებულ პირებთან, რის გამოც ლ.ქ–ვა უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (იხ. მინდობილობა ტომი I, ს.ფ. 144, რომლითაც მარწმუნებელი წარმომადგენელს, სხვა უფლებებთან ერთად, ანიჭებეს სარჩელზე უარის თქმის უფლებას; განცხადება ტომი III, ს.ფ. 121). კასატორის ადვოკატმა ასევე იშუამდგომლა, რომ განუხილველად იქნეს დატოვებული 2024 წლის 15 აპრილს მის მიერ წარმოდგენილი განცხადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი (მოსარჩელე) – ლ.ქ–ვა უფლებამოსილია მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი. ამასთანავე, კასატორის მოთხოვნისამებრ, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული ლ.ქ–ვას ადვოკატის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 15 აპრილს წარმოდგენილი განცხადება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ლ.ქ–ვას ადვოკატის მიერ 2024 წლის 15 აპრილს წარმოდგენილი განცხადება.

2. ლ.ქ–ვას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

3. შეწყდეს საქმის წარმოება ლ.ქ–ვას საკასაციო საჩივარზე ი.ე–ვის, რ.ც–ვისა და ქ.ქ–ვას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე