№ას-719-2022
20 აპრილი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა.გ–ვა, ნ.გ–ვა, გ.მ–ძე, შპს „ე.პ–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პარტნიორთა გადაწვეტილების ბათილად ცნობა, საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების და ინფორმაციის გადაცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ.პ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძისა და შპს „ე.პ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. შპს „ე.პ–ის“ დირექტორს დაევალოს შპს „გ.პ–ს“ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ყოველკვირეულად მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: საბანკო დაწესებულებებში არსებული ანგარიშებიდან ნაშთების შესახებ, ასევე საქართველოს საბანკო დაწესებულებებში შპს „ე.პ–ის“ ანგარიშის(ების) ბალანსი(ები) მიმდინარე და დეპოზიტური ანგარიშების ჩათვლით, თუკი ამგვარი არსებობს. ინფორმაცია საკრედიტო ხაზის ბალანსი(ები) ან სხვა ოპერაციების შესახებ; მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ყოველთვიურად მიაწოდოს შემდეგი სახით ინფორმაცია: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საიტზე (RS.GE) ატვირთული დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, ასევე დეკლარაციები განაცემთა ინფორმაციის შესახებ. შპს „ე.პ–ის“ დირექტორს დაევალოს შპს „გ.პ–ისთვის“ დათვალიერების უფლებით (ცვლილებების განხორციელების უფლების გარეშე) იმ კომერციული ბანკების ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებლისა და პაროლის მიწოდება, სადაც შპს „ე.პ–ს“ გახსნილი აქვს ანგარიშები.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „გ.პ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ.პ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „გ.პ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „გ.პ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი; შპს „ე.პ–ის“ დირექტორს დაევალა შპს „გ.პ–ს“ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ყოველკვირეულად მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: საბანკო დაწესებულებებში არსებული ანგარიშებიდან ნაშთების შესახებ, ასევე საქართველოს საბანკო დაწესებულებებში შპს „ე.პ–ის“ ანგარიშის(ების) ბალანსი(ები) მიმდინარე და დეპოზიტური ანგარიშების ჩათვლით, თუკი ამგვარი არსებობს. ინფორმაცია საკრედიტო ხაზის ბალანსი(ები) ან სხვა ოპერაციების შესახებ; მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ყოველთვიურად მიაწოდოს შემდეგი სახით ინფორმაცია: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საიტზე (RS.GE) ატვირთული დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, ასევე დეკლარაციები განაცემთა ინფორმაციის შესახებ; მოპასუხეებს: ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძეს და შპს „ე.პ–ს“ მოსარჩელის - შპს „გ.პ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება; შპს „გ.პ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა - შპს „ე.პ–ის“ დირექტორისათვის იმ კომერციული ბანკების ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებლისა და პაროლის მიწოდების დავალდებულების შესახებ, სადაც შპს „ე.პ–ს“ გახსნილი აქვს ანგარიშები, არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარეებს: ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძეს და შპს „ე.პ–ს“ აპელანტის - შპს „გ.პ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის ანაზღაურება; შპს „ე.პ–ის“ უარი ეთქვა შპს „გ.პ–ისათვის" 2 000 ლარის დაკისრებაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით, გასწორდა ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
6.1.შპს „გ.პ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
6.2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
6.3.შპს „გ.პ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
6.4.ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
6.5.შპს „გ.პ–ის“ სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6.6.ბაჟი და სხვა ადვოკატის მომსახურების ხარჯები გადაწყდეს კანონით დადგენილი წესით.
6.7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
6.8.გასაჩივრების მსურველი მხარე, ვალდებულია არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში ვადის დენა დაიწყება 30-ე დღეს. ამ ვადის აღდგენა დაუშვებელია.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე, კერძო საჩივარი მხარეებს არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
8. შპს „გ.პ–ის“ დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „ე.პ–ის“ პარტნიორები არიან: შპს „გ.პ–ი“ (40%-იანი წილით), ნ.გ–ვა (30%-იანი წილით) და ა.გ–ვა (30%-იანი წილით). შპს „ე.პ–ის“ დირექტორია გ.მ–ძე. გ.მ–ძე შპს „ე.პ–ის“ დირექტორია 2017 წლის 27 დეკემბრიდან. 2017 წლის 27 დეკემბრამდე შპს „ე.პ–ის“ დირექტორი იყო ი.ძ–ძე.
8.1.2. ასევე, სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) და დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება; ასევე აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში.
8.1.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოება იყო, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, დირექტორის მოწვევით გაიმართა შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა კრება. შპს „ე.პ–ის“ 60%-იანი წილის მფლობელი პარტნიორების ნ.გ–ვას და ა.გ–ვას მხარდაჭერით კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „გ.პ–ს“ შეეზღუდა უფლება შპს „ე.პ–ისგან“ გამოეთხოვა ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა შპს „ე.პ–ის“ კონტრაჰენტების/კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველ რაიმე ინფორმაციას.
8.1.4. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის - შპს „გ.პ–ის“ მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განისაზღვრა შპს „გ.პ–ისთვის“, როგორც პარტნიორისთვის, საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კლიენტების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიციის თანახმად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და საზოგადოების წესდებას და გადაწყვეტილება მიღებული იყო შპს „ე.პ–ის“ უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით.
8.1.5. სადავო საკითხთან მიმართებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულების დარღვევა არ წარმოადგენდა (რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგები შეიძლება უკავშირდებოდეს), შესაბამისად, მოცემულ საქმეში არ იყო მიზანშეწონილი იმ ფაქტების დადგენა, რომლებიც საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებად შეიძლებოდა შეფასებულიყო, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა დასაბუთებულ რწმენას მასზედ, რომ საზოგადოების პარტნიორებს შესაძლოა ჰქონოდათ მონაცემები იმ ვარაუდისთვის, რომ მოსარჩელე პარტნიორის მხრიდან ადგილი ექნებოდა საზოგადოების ინტერესებისთვის საზიანო ქმედებას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია რომ ამ შინაარსის გადაწყვეტილების მიღება დომინანტ პარტნიორთა მხრიდან, ვერ შეფასდებოდა შესაძლო ზიანის პრევენციით ნაკარნახევად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა - ა.გ–ვამ, ნ.გ–ვამ, გ.მ–ძემ და შპს „ე.პ–მა“, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძისა და შპს „ე.პ–ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. 2022 წლის 26 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართეს კასატორთა - ა.გ–ვას, ნ.გ–ვას და შპს „ე.პ–ის“ წარმომადგენლებმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გათვალისწინებით, წარმოადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, სადაც ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ იმ ნაწილში, რომლითაც საააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „გ.პ–ის" მოთხოვნა.
12. კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. შპს „გ.პ–ის“ დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის ნაწილში, კასატორების შედავება წარმოდგენილია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს და მიზანშეწონილი არ არის იმ ფაქტების დადგენა, რომლებიც საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად შეიძლება შეფასდეს. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ დაადგინა ფაქტი იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა შპს „ე.პ–ის“ პარტნიორის და მისი წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და ზიანის მომტანი იყო საწარმოსათვის, მაშინ, როცა კასატორების მოსაზრებით, სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების კვლევა იყო არსებითი დავის სწორი გადაწყვეტისათვის, რადგან სწორედ აღნიშნულით იყო ნაკარნახევი და დასაბუთებული მოპასუხეთა პოზიცია დავის საგანთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემის შეზღუდვას, თუ ამგვარი გადაცემით საწარმოს არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკი იქმნება.
12.2. კასატორების მითითებით, საქმის განხილვის პროცესში გამოიკვეთა და დადასტურდა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც ბატონი ი.ძ–ძე განთავისუფლდა შპს „ე.პ–ის“ დირექტორის თანამდებობიდან და კომპანიის მართვა გადაიბარა ახალმა ხელმძღვანელმა, შპს „ე.პ–ს“ შეექმნა მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ხდებოდა დაკავშირება ყოფილი დირექტორის, მასთან აფილირებული პირების (მათ შორის ოჯახის წევრების) მხრიდან შპს „ე.პ–ის“ კლიენტებთან, რა დროსაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა გაკოტრდა შპს „ე.პ–ი“, რომ იგი აღარ ფუნქციონირებდა და საქმიანობას აგრძელებდა შპს „გ.პ–ის“ სახელით; ასევე, გამოიკვეთა ის გარემოებაც, რომ ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარი საბოტაჟის მოწყობას, რაც გულისხმობდა მაგალითად იმას, რომ ყოფილი დირექტორის მითითებით, შპს „ე.პ–ში“ დასაქმებული პირები არ ასრულებდნენ ახალი დირექტორის ბრძანებას სასაქონლო ნაშთების ინვენტარიზაციის თაობაზე, არ სრულდებოდა კლიენტებისაგან მიღებული შეკვეთები და გადაზიდვები. ასევე, ყოფილმა დირექტორმა შპს „ე.პ–ის“ ინტერესების საზიანოდ, საკუთარ თავთან დადებული გარიგების გზით, ფაქტობრივად მიითვისა საზოგადოების კუთვნილი კორპორატიული სატელეფონო ნომრები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო შპს „ე.პ–ის“ საკუთრებაში და მათი მეშვეობით ეს უკანასკნელი ღებულობდა შეკვეთებს იმ პირებისაგან, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ საქონლის შეძენით.
12.3. კასატორების მითითებით, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე საუბრობს არაერთი მოწმე, რომლებიც გამოიკითხნენ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროს და გაუგებარია, თუკი არ იყო მნიშვნელოვანი შპს „გ.პ–ის“, როგორც პარტნიორის ქმედებების მართლზომიერების კვლევა დავის გადაწყვეტისათვის, მაშინ რას ემსახურებოდა ათეულამდე პირის მოწმის სახით დაკითხვა დავის განხილვის პროცესში.
12.4. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ და შეფასების გარეშე დატოვა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ არაერთი წერილობითი მტკიცებულებაც, როგორებიცაა: თავდაპირველ შესაგებელზე დართული ბ-ნ პ.ძ–ძის ელ. წერილი თურქული საწარმოს - ოზგე პლასტიკისადმი; ფოლიო თერმის წერილი შ.ბ–ძეს; 2017 წლის 27 დეკემბრის ელ. წერილი, გაგზავნილი სს გუდვილისადმი. ყველა ეს წერილი კასატორების მოსაზრებით, ამყარებს მოწმეთა მიერ თავის დროზე სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს, რომ შპს „გ.პ–ი“ ახდენდა კომპანიის საქმიანობის საბოტაჟს და ცდილობდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხელი შეეშალა მისი საქმიანობისათვის, შეექმნა მისთვის პრობლემები საქმიან პარტნიორებთან შიდა თუ უცხოურ ბაზარზე. გარდა ამისა, კასატორების მოსაზრებით, საყურადღებოა თავდაპირველ შესაგებელზე დართული სმარტის წარმომადგენლის - ვინმე თ.ჭ–ის 2018 წლის 21 მაისის ელ. წერილი გ.გ–სადმი (შპს „ე.პ–ის“ წარმომადგენელს); შპს „ე.პ–ის“ სადისტიბუციო პროგრამის უზრუნველყოფის სპეციალისტის ნ.ვ–ის მოხსენებითი ბარათი კომპანიის დირექტორისადმი; სასაქონლო ზედნადებები, სადაც ჩანს მათი გაუქმების ფაქტი; შპს „მ–ის“ წერილი გ.მ–ძისადმი; 2017 წლის 18 დეკემბრის წერილი შპს „მ–ისადმი“, რომელიც ხელმოწერილია იმჟამინდელი დირექტორის ბ-ნ ი.ძ–ძის მიერ. კასატორების მითითებით, მოწმეების ჩვენებები შპს „გ.პ–ის“ მხრიდან განხორციელებულ არაკეთილსინდისიერ ქმედებების შესახებ, რომლებიც თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც საწარმოს საქმიანობის საბოტაჟი, გამყარებულია გარკვეული წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც ერთიანობაში ქმნის ნათელ სურათს იმისას, რომ შპს „ე.პ–ი“ სრულიად საფუძვლიანად უზღუდავს გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე წვდომას მის პარტნიორს. კასატორების მოსაზრებით, როდესაც სააპელაციო სასამართლო აფასებდა სადავო პარტნიორთა კრების ოქმს, სწორედ ამ გარემოებების შეფასება და გამოკვლევა იყო მნიშვნელოვანი, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.
12.5. გარდა ამისა, კასატორების მითითებით, სარეზოლუციო ნაწილში არ არის გადაწყვეტილი საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი, რამეთუ მითითება კანონის შესაბამისად გადაწყვეტაზე, არ წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საკითხის გადაწყვეტას. კასატორების მითითებით, სასამართლო ვალდებულია, რომ საპროცესო ხარჯი გაანაწილოს მხარეთა შორის, რამეთუ ამას კანონის შესაბამისად, სხვა ვერცერთი უწყება, მათ შორის, ვერც აღსრულების ბიურო ვერ განახორციელებს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ა.გ–ვას, ნ.გ–ვას და შპს „ე.პ–ის“ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
18. განსახილველი დავის ფარგლებში, ქვემდგომი ინსტანციის შეფასების საგანს წარმოადგენდა პარტნიორთა გადაწვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოსარჩელისათვის გადაცემის დავალდებულება.
19. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია ზემოაღნიშნული სადავო საკითხების გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
19.1. შპს „ე.პ–ის“ პარტნიორები არიან: შპს „გ.პ–ი“ (40%-იანი წილით), ნ.გ–ვა (30%-იანი წილით) და ა.გ–ვა (30%-იანი წილით). შპს „ე.პ–ის“ დირექტორია გ.მ–ძე. გ.მ–ძე შპს „ე.პ–ის“ დირექტორია 2017 წლის 27 დეკემბრიდან. 2017 წლის 27 დეკემბრამდე შპს „ე.პ–ის“ დირექტორი იყო ი.ძ–ძე.
19.2. 2018 წლის 26 ოქტომბერს, დირექტორის მოწვევით გაიმართა შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა კრება. შპს „ე.პ–ის“ 60%-იანი წილის მფლობელი პარტნიორების ნ.გ–ვას და ა.გ–ვას მხარდაჭერით კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „გ.პ–ს“ შეეზღუდა უფლება შპს „ე.პ–ისგან“ გამოეთხოვა ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა შპს „ე.პ–ის“ კონტრაჰენტების/კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველ რაიმე ინფორმაციას.
20. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია და იმავდროულად, მოპასუხეთა პოზიცია მასზედ, რომ 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს „ე.პ–ის“ უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო სადავო გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეში არამიზანშეწონილი იყო იმ ფაქტების დადგენა, რომლებიც საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებად შეიძლებოდა შეფასებულიყო, რამეთუ დავის საგანს პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულების დარღვევა არ წარმოადგენდა. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა დასაბუთებულ რწმენას მასზედ, რომ საზოგადოების პარტნიორებს შესაძლოა ჰქონოდათ მონაცემები იმ ვარაუდისთვის, რომ მოსარჩელე პარტნიორის მხრიდან ადგილი ექნებოდა საზოგადოების ინტერესებისთვის საზიანო ქმედებას. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთათვის საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოსარჩელისათვის გადაცემის დავალდებულების თაობაზე, სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
21. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული მოტივაციის საწინააღმდეგოდ, კასატორების შედავება წარმოდგენილია იმ თვალსაზრისით, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოებების კვლევას ენიჭებოდა და სადავო გადაწყვეტილების მიღებაც იმით იყო ნაკარნახევი, რომ შპს „ე.პ–ის“ პარტნიორის (შპს „გ.პ–ის“) და მისი წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ და ზიანის მომტანი იყო საწარმოსათვის, რაც დასტურდება არაერთი ზეპირი თუ წერილობით მტკიცებულებით. ამ თვალსაზრისით, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემის შეზღუდვას, თუ ამგვარი გადაცემით საწარმოს არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკი იქმნება.
22. კასატორების ზემოაღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ძირითადად აგებულია დისპოზიციურ ნორმებზე და საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციული საკითხები თავად მხარეთა ნებას ექვემდებარება. სამეწარმეო სამართალში აღნიშნული ნების ავტონომია გამოიხატება წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ.
23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე (რომელიც არ ითვალისწინებდა კასატორების მიერ მითითებულ 146-ე მუხლს და აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა მხოლოდ ამჟამად მოქმედ რედაქციაში), რომელიც აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში (მრავალთა შორის, იხ. სუსგ-ები: Nას-700-663-2013, 10.12.2013 წ.; Nას-800-759-2013, 24.01.2014 წ.; Nას-54-2022, 28.09.2022 წ.; ას-1340-2022, 27.01.2023წ.)
24. ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს იცნობდეს და ხელთ ჰქონდეს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტი. ამ უფლების განხორციელებას ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრება პარტნიორის უფლება, მიიღოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. ამავდროულად, პარტნიორი უფლებამოსილია შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე, ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით, საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. პარტნიორის მითითებული უფლებების განხორციელების მიზნით, კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორის ვალდებულებად მიიჩნევს, პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას. კანონი საზოგადოების დირექტორს ავალდებულებას, ხელი შეუწყოს პარტნიორს, დაუყოვნებლივ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პარტნიორის ზემოაღნიშული უფლებების განხორციელების გამოსარიცხად, არარელევანტურია კასატორების მითითება მასზედ, რომ შპს „ე.პ–ის“ პარტნიორის (შპს „გ.პ–ის“) და მისი წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დექსტრუქციულ ქმედებებს საწარმოს წინააღმდეგ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი მტკიცება ვერ გამორიცხავს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას და ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ერთი მხრივ, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკნას მასზედ, რომ განსახილველი დავის საგანს პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულების დარღვევა არ წარმოადგენს, რაც არამიზანშეწონილს ხდის იმ ფაქტების დადგენას, რომლებიც საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებად შეიძლება შეფასდეს, ხოლო, მეორე მხრივ, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არც შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით არ დაუცავს საკუთარი უფლება, რაც პროცესუალურად გამართული იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ პარტნიორმა დაარღვია წესდებით ნაკისრი ვალდებულება და განახორციელა საწარმოსათვის ზიანის მომტანი ქმედებები.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით ვერ გააქარწყლეს შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება, რომლის კანონიერებაც წინამდებარე განჩინების 23-ე აბზაცში მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარეობს და მოპასუხე მხარეებს ავალდებულებს, უზრუნველყოს შემოწმებისა და კონტროლის შესახებ პარტნიორის უფლების რეალიზაცია.
27. რაც შეეხება კასატორების შედავებას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას საპროცესო ხარჯების განაწილების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არაა სრულყოფილი და არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში, შესაძლოა წარმოიშვას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.: №ას-1054-2019 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014წ.).
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.). დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს როგორც წესი, გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას.
29. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს; ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე, რომლითაც გასწორდა ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა ახლებურად, კერძო საჩივარი არც ერთ მხარეს არ წარუდგენია. შესაბამისად, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რაც მხარეს ართმევს უფლებას, შემდგომში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრით გახადოს სადავო აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა.
30. აქვე, საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ რჩება ის გარემოება, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ შეიცავს შედავებას იმ თვალსაზრისითაც, რომ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გადაცემის დავალების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის თაობაზე მსჯელობის ნაწილში, აცდენილია გამოცხადებულ სარეზოლუციო ნაწილთან, რომელიც აისახა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე.
31. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის უსწორობის გასწორების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „შპს „გ.პ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება; შპს „გ.პ–ის“ სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა“. ამდენად, საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გადაცემის დავალების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული და ამ ნაწილში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ წარმოშობს მოპასუხეთათვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო შედავების განხილვის შესაძლებლობას. შესაბამისად, ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძისა და შპს „ე.პ–ის“ საკასაციო საჩივარი ამ მოთხოვნასთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)), განუხილველი უნდა დარჩეს.
32. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „ე.პ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჯ–ის მიერ, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო, ა.გ–ვას, ნ.გ–ს და გ.მ–ძეს უნდა დაუბრუნდეთ ნ.ჯ–ის მიერ, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟები 300-300 ლარების ოდენობით, როგორც ზედმეტად გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძისა და შპს „ე.პ–ის“ საკასაციო საჩივარი შპს „გ.პ–ისათვის“ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, ინფორმაციის (საბანკო დაწესებულებებში არსებული ანგარიშებიდან ნაშთების შესახებ, ასევე საქართველოს საბანკო დაწესებულებებში შპს „ე.პ–ის“ ანგარიშის(ების) ბალანსი(ები) მიმდინარე და დეპოზიტური ანგარიშების ჩათვლით, თუკი ამგვარი არსებობს; საკრედიტო ხაზის ბალანსი(ები) ან სხვა ოპერაციების შესახებ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საიტზე (RS.GE) ატვირთული დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, ასევე დეკლარაციები განაცემთა ინფორმაციის შესახებ) მიწოდების დავალდებულების ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
2. ა.გ–ვას, ნ.გ–ვას, გ.მ–ძისა და შპს „ე.პ–ის“ საკასაციო საჩივარი შპს „ე.პ–ის“ პარტნიორთა 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
3. ა.გ–ვას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჯ–ის მიერ, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის (საგადახდო დავალება N13418435492, გადახდის თარიღი: 27.05.2022) ოდენობით;
4. ნ.გ–ვას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჯ–ის მიერ, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13418422400, გადახდის თარიღი: 27.05.2022) ოდენობით;
5. გ.მ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჯ–ის მიერ, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13418457866, გადახდის თარიღი: 27.05.2022) ოდენობით;
6. შპს „ე.პ–ს“ (ს/კ: .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჯ–ის მიერ, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13418447973, გადახდის თარიღი: 27.05.2022) 70% – 210 ლარი;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე