საქმე №ას-245-2020 29 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ფ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ფ.ბ–მა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელემ 2014 წლის 6 ოქტომბერს შეიტანა განაცხადი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „ს–ში“ მოსარჩელის სახელზე სასაქონლო ნიშნის – Вечернее რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ დაუპირისპირდა და აღრევამდე მსგავსია მოპასუხის უკვე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის. მოპასუხემ სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ვინაიდან იცოდა მოსარჩელის მიერ წლების განმავლობაში საქართველოში გამოყენებული ნიშნის ცნობადობა და რეპუტაცია. რაკი მათი პროდუქტი აღნიშნული ნიშნით გამოყენების შედეგად ბაზარზე დიდი ხანია არსებობდა, ვლინდება მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნი არაკეთილსინდისიერი განზრახვით არ დაურეგისტრირებია. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მოპასუხეს არ აქვს ლეგიტიმური ინტერესი სადავო საქონლის მიმართ და სასაქონლო ნიშანი შემუშავებული/მოფიქრებულია მოსარჩელის მიერ და დარეგისტრირებულია, პირველ რიგში, წარმოშობის ქვეყანაში, ხოლო მოპასუხე სხვისი სიკეთის მითვისებას ცდილობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი განმარტავს, რომ სადავო სასაქონლო ნიშანს - Вечернее იყენებდა 2001 წლიდან რუსეთის ფედერაციის იმავე ქალაქში, სადაც საქმიანობს მოწინააღმდეგე მხარე და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შექმნილი ცნობადობისა და რეპუტაციის ხარჯზე დაასწრო აპელანტს და სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. აპელანტისვე მტკიცებით, მოცემული დავის პერიოდში, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფაზე შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით ყადაღა დაედო შპს „S“ -ის მიერ 2019 წლის 29 ივლისის C – 82107 (11111) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონლის ნაწილს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნით ВЕЧЕРНЕЕ БИОКОР ნიშანდებული 522 750 რუბლის 25 500 საკვებ დანამატს. მოპასუხის ამ ქმედების მიზანი იყო, მოსარჩელის მუშაობა შეეფერხებინა და სწორედ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს მის არაკეთილსინდისიერ განზრახვას.
8. პალატის მითითებით, აპელანტის მტკიცების საგანს შეადგენდა, დაედასტურებინა მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის წინაპირობა, კერძოდ, მისი არაკეთილსინდისიერი განზრახვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, გამომდინარე „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანი - Вечерние რუსეთის ფედერაციაში საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს მოპასუხის პარტნიორ კომპანიას შპს „ა.დ–ს“ 2002 წლის 21 ივნისს, რეგისტრაციის N386365. ასევე, რუსეთის ფედერაციაში დარეგისტირებულ სასაქონლო ნიშანზე - Вечерние, 2010 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა სალიცენზიო ხელშეკრულება შპს ,,ა. დ–სა“ და მოპასუხეს შორის, ხოლო სასაქონლო ნიშანი - Вечернее რუსეთის ფედერაციაში საქონლის საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს მოპასუხის პარტნიორ კომპანიას შპს ,,ა. დ–ს“ 2011 წლის 10 ნოემბერს, რეგისტრაციის №447068.
9. ამდენად, მტკიცება იმისა, რომ მოპასუხის ქმედება მოტივირებული იყო არაკეთილსინდისიერებით, ეყრდნობა აპელანტის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთსა და იმავე ქალაქში საქმიანობდნენ, მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის საქმიანობის შესახებ, რაც არის მხარის ვარაუდი და არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით. საქმის მასალებით კი უტყუარად დგინდება, რომ მოპასუხის პარტნიორ კომპანიას - შპს „ა.დ–ს“ სასაქონლო ნიშანი - Вечернее დარეგისტრირებული აქვს 2011 წლის 10 ნოემბრიდან. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, პალატამ განმარტა, რომ ყადაღა დაედო მოპასუხის უფლებების დასაცავად და საკუთარი უფლებების დაცვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაკეთილსინდისიერ განზრახვად. პალატამ აღნიშნა, რომ პირის არაკეთილსინდისიერად მიჩნევისათვის მოითხოვება მტკიცების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან აღნიშნული შეფასებითი კატეგორიაა და იმისათვის, რომ სასამართლოს ობიექტურად შეექმნას ამა თუ იმ სუბიექტის არაკეთილსინდისიერების რწმენა, არ არის საკმარისი მხარის ზეპირი განცხადება და თუნდაც ლოგიკური ვარაუდი, ასეთი რწმენის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა მაღალი სტანდარტის მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის საერთაშორისო პრაქტიკით, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, შესრულებულია ის სამივე პირობა, რომელიც აუცილებელია არაკეთილსინდისიერების დასადგენად: მოწინააღმდეგე მხარემ განცხადების შეტანის მომენტისათვის იცოდა, რომ მოსარჩელე 2005 წლიდან იყენებდა აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს საქართველოში; მოწინააღმდეგე მხარე განცხადების შეტანის მომენატისათვის და არც მას შემდგომ 2019 წლამდე არ იყენებდა ამ ნიშანს; სადავო სასაქონლო ნიშნის ცნობადობის ხარისხი მაღალი იყო მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიტანა განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.
12. რუსეთის ფედერაციაში ნიშანი - Вечернее რეგისტრირებული აქვს როგორც კასატორს, ისე შპს „ა.დ–ს“. ეს სასაქონლო ნიშნები თანაარსებობენ რუსეთის ბაზარზე, რამდენადაც სიტყვა Вечернее რუსეთში მიჩნეულია სასაქონლო ნიშნების დაუცველ ნაწილად. ჩვენს შეთავაზებაზე, რომ მოპასუხეს ეს სიტყვა დაუცველ ნაწილად ეცნო, მან თანხმობა არ განაცხადა. უფრო მეტიც, ს–მა დააკმაყოფილა კასატორის საჩივარი და დაუცველ ნაწილად ცნო სიტყვა, რაც მოპასუხემ სასამართლოში გაასაჩივრა.
13. ს–ში რეგისტრაციის შემდეგ მოპასხემ საბაჟო რეესტრშიც დაარეგისტრირა, მაშინ, როცა საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოჰქონდა. ამით კასატორის პროდუქცია საზღვარზე შეჩერდა, რითაც ბაზარზე ხელოვნული დეფიციტი შეიქმნა. შესაბამისად, მოპასუხის ერთადერთი მიზანი იყო კასატორის საქმიანობისათვის ხელშეშლა.
14. სასამართლომ არასწორად განმარტა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლები, რადგან სასაქონლო ნიშანზე უფლებები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა დაცული. სასამართლომ საქართველოში გამოყენებად მოპასუხეს ჩაუთვალა რუსეთში სამეწარმეო საქმიანობა და რეგისტრაციები, ანუ ის მცდარი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, თითქოსდა, მას 2002 წლიდან რუსეთში აქვს რეგისტრაციები. რეგისტრაციები აქვს მესამე პირს - შპს „ა.დ–ს“, ხოლო მოპასუხეს მხოლოდ 2010 წლიდან ერთ-ერთ ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულება და მხოლოდ ამ ნიშნების უფლებების მოქმედების შეზღუდულ არეალში - რუსეთში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ გამოაქვს დასკვნა, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28.1. „ბ“ ქვეპუნქტიდან (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით) გამომდინარეობს.
18. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ განცხადება სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შეიტანა ისე, რომ არ იყენებდა ამ ნიშანს, ამასთან, განცხადების შეტანის მომენტისათვის სადავო სასაქონლო ნიშნის ცნობადობის ხარისხხი მაღალი იყო, რამდენადაც მოსარჩელე იყენებდა ნიშანს მრავალი წლის განმავლობაში და ამის შესახებ მოპასუხემ იცოდა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სასაქონლო ნიშნის მფლობელი ვალდებული არ არის, რეგისტრაციისთანავე გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუმცა გამოუყენებლობის ფაქტი, შესაძლოა, მიუთითებდეს არაკეთილსინდისიერ განზრახვაზეც, თუკი მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ნიშნის მფლობელმა სასაქონლო ნიშანი დაირეგისტრირა მხოლოდ იმ განზრახვით, რათა ხელი შეუშალოს მესამე პირს საკუთარი ნიშნის გამოყენებაში ან მისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებაში. არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაცია, შესაძლოა, გამოვლინდეს მაშინაც, როდესაც აპლიკანტმა იცოდა უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშნის არსებობის შესახებ და განზრახული ჰქონდა, მოსარჩელე კომპანიისა და მისი ნაწარმის რეპუტაციის გამოყენებით მოეპოვებინა კომერციული სარგებელი. სწორედ ამ არგუმენტებს აფუძნებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას.
20. სადავო სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მოპასუხეს ევალება, გააქარწყლოს მისი კეთილსინდისიერების მიმართ გაჩენილი გონივრული და საფუძვლიანი ეჭვები (იხ. სუსგ №ას-645-2020, 4 მაისი, 2022 წელი; №ას-772-772-2018, 24 ივლისი, 2020 წელი). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ სასაქონლო ნიშნის განმცხადებელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად. როდესაც საქმის ობიექტური გარემოებები მიუთითებს კეთილსინდისიერების პრეზუმფციის გაბათილების შესაძლებლობაზე, სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს ევალება, წარმოადგინოს იმ მიზნების ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა, რომელსაც ემსახურება სასაქონლო ნიშნის განაცხადის წარდგენა.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის მართლზომიერების ფაქტის თვალსაზრისით, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად შეამოწმეს მოპასუხის კეთილსინდისიერების ფაქტი, კერძოდ, მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას ამ უკანასკნელის ლეგიტიმურ ინტერესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად მიუთითა, რომ არ დგინდება სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერად რეგისტრაციის არსებობის ფაქტი. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილბით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სასაქონლო ნიშანი - Вечерние რუსეთის ფედერაციაში საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს მოპასუხის პარტნიორ კომპანიას შპს „ა.დ–ს“ 2002 წლის 21 ივნისს, რეგისტრაციის №386365. ასევე, რუსეთის ფედერაციაში დარეგისტირებულ სასაქონლო ნიშანზე - Вечерние, 2010 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა სალიცენზიო ხელშეკრულება ამ უკანასკნელ კომპანიასა და მოპასუხეს შორის, ხოლო სასაქონლო ნიშანი - Вечернее რუსეთის ფედერაციაში საქონლის საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ გაიფორმა მოპასუხის პარტნიორმა კომპანიამ 2011 წლის 10 ნოემბერს, რეგისტრაციის №447068. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ფარმაცევტულ საქმიანობას ეწეოდა. მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მოიპოვა უფლებები სასაქონლო ნიშანზე მისი ფაქტობრივი გამოყენების შედეგად. ამ ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის ზოგადი და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის საკმარის სამართლებრივ საფუძველს მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშანზე უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტის დადგენისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, გადამწყვეტია განცხადების შეტანის მომენტში არსებული ვითარება, თუმცა განაცხადის შეტანის შემდგომი ფაქტები და შემდგომი თარიღის მტკიცებულებები, შესაძლოა, გათვალისწინდეს ნიშნის მფლობელის განზრახვის შესაფასებლად. ამ მიმართებით, პალატა ითვალისწინებს თავად მოსარჩელის მტკიცებას, რომ ნიშანი რეგისტრაციის შემდეგ მისი მფლობელის მიერ გამოიყენებოდა (მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე არწმუნებდა მესამე პირებს, რომ პროდუქცია სწორედ მათგან შეეძინათ და არა - მოსარჩელისაგან).
22. მოპასუხის არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად კასატორი იმაზეც მიუთითებს, რომ მან საბაჟო რეესტრშიც დაარეგისტრირა ნიშანი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასაზღვრო ღონისძიების გამოყენების მიზანი უფლების მქონე პირის (მათ შორის, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირი) ინტერესების იმგვარი დაცვაა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მიმართავს ამ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, საქონლის შეჩერებას, შემოწმებას, საქონლის ჩამორთმევასა და განადგურებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ქმედება, მოპასუხის არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად არ გამოდგება.
23. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია თავისი უფლების დარღვევის მტკიცების ტვირთი, რაც კანონის ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე მის მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში მოპასუხემ წარადგინა განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები, რაც მხარის საპროცესო უფლებების რეალიზებას წარმოადგენს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) საფუძველზე.
24. ამდენად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაადასტურა სასაქონლო ნიშანზე საკუთრების მოპოვება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაცვას ექვემდებარება (E.C.H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005) და მოპასუხის მხრიდან სადავო სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირების ლეგიტიმური მიზანისა და კეთილსინდისიერად გამოყენების გამო, სასარჩელო მოთხოვნა წარუმატებელია.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე