საქმე №ას-699-2022 25 აპრილი, 2024 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.ნ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი, საქმეზე მ.ნ–ის სარჩელის გამო, ლ.მ–ვას მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ნ–ის სარჩელი ლ.მ–ვას მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ნ–მა.
საკასაციო პალატას 2022 წლის 9 ივნისს განსახილველად გადმოეცა მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო საჩივარში, მ.ნ–ის წარმომადგენელმა მ.ქ–მა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კასატორ (ასევე მოსარჩელე და აპელანტი) მ.ნ–ის გარდაცვალების გამო, რის დასტურადაც საკასაციო საჩივარს დაურთო გარდაცვალების მოწმობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, მ.ქ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა.
კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება გაეგზავნათ როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, ისე მ.ნ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა მ.ნ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლისთვის, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება შეუძლებელი აღმოჩნდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ ცხოვრობდა.
სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა საკონტაქტო პირს - მ.ნ–ის წარმომადგენელ მ.ქ–ს და აცნობა, რომ მისი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. ადრესატს ასევე ეცნობა, რომ კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს ვერ ჩაბარდა. მ.ქ–მა განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, მ.ნ–ის შვილი არის საზღვარგარეთ, მითითებულ მისამართზე არავინ ცხოვრობს და მისთვის ასევე უცნობია სამკვიდროს მიღების ფაქტის შესახებ. მ.ქ–მა დამატებით განაცხადა, რომ შეეცდებოდა მ.ნ–ის ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და ინფორმაციას აცნობებდა სასამართლოს.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა არაერთხელ გაიგზავნა კასატორის მისამართზე, თუმცა გზავნილების ჩაბარება ყველა ჯერზე შეუძლებელი აღმოჩნდა იგივე საფუძლით რომ მისამართზე არავინ ცხოვრობდა. სასამართლო მოხელე დამატებით რამდენჯერმე დაუკავშირდა საკონტაქტო პირს მ.ქ–საც, თუმცა მისი განცხადებით კომუნიკაცია მხარის ოჯახის წევრებთან ვერ დაამყარა და კვლავ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა სამკვიდროს მიღების ფაქტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ამასთან, მითითებული ნორმით განსაზღვრულია, ასევე, რომ კანონით დადგენილი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება სარჩელი, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, თუ საქმეში მოსარჩელის, აპელანტის ან კასატორის უფლებამონაცვლე არ ჩაერთო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2022 წლის განჩინებით შეჩერდა ამავე პალატის წარმოებაში არსებული სამოქალქო საქმის წარმოება გარდაცვლილი კასატორის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლის დადგენამდე.
კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება და სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა არაერთხელ გაიგზავნა კასატორის მისამართზე, ინფორმირებული იყო ასევე საკონტაქტო პირიც - მ.ნ–ის წარმომადგენელი მ.ქ–ი. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩაერთო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე