საქმე №ას-1282-2022 29 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.ა–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი - გ.კ–ძე, სსიპ აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობის, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი.ა–ძემ (შემდგომ – დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო, დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 18 დეკემბრის №100/02 ბრძანებისა და 2019 წლის 18 დეკემბრის №101/02 ბრძანების ბათილად ცნობა, შპს „დ.ს.მ.ც–ის“ (შემდგომ - საწარმო) დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.
სარჩელის საფუძვლები:
2. საწარმოს, რომლის დამფუძნებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, დირექტორი 2010 წლიდან იყო მოსარჩელე. სადავო ბრძანებით იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა მოვალეობების უხეშად დარღვევის მოტივით. მოსარჩელეს უხეშად არ დაურღვევია კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული მოვალეობები, პირიქით, საწარმო გამართულად ფუნქციონირებდა, გულმოდგინე საქმიანობის შედეგად მოიპოვა სახელმწიფო პროგრამა და წარმატებით უწევდა კონკურენციას სხვა პოლიკლინიკებს. დამფუძნებელი საწარმოს მუდმივ შემოწმების რეჟიმში ამყოფებდა, ხელს უშლიდნენ საქმიანობაში, სურდათ კლინიკის შენობის წართმევა, რაზედაც გაიმართა დავა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საწარმომ დავა მოიგო, დადგინდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. სამინისტრო მოითხოვდა სარჩელის გამოხმობას, ემუქრებოდნენ, რაც საბოლოოდ, მოსარჩელის უკანონო გათავისუფლებით დასრულდა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ხდებოდა მიზანმიმართული დისკრიმინაცია და ზეწოლა. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ ბრძანებები და დადგინდეს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაცია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, დირექტორის დანიშვნა/გათავისუფლების საკითხი წესრიგდება დავალების ხელშეკრულების საფუძველზე და, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, დამფუძნებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი.
4. მესამე პირებმა (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8. პალატის მითითებით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საწარმოს წესდების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი.
9. სააპელაციო პალატამ საწარმოს დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოსა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულება შრომითი კანონმდებლობით არ გვარდება. შპს-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ მიიჩნევა სასამსახურო ხელშეკრულებად, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. შესაბამისად, საწარმოს დირექტორი, ნებისმიერ დროს შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
10. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე იყო ვალდებული, სასამართლოსთვის მიეთითებინა ფაქტები, რაც ქმნიდა მის მიმართ დისკრიმინაციის საფუძველს. ამგვარი მტკიცების ტვირთი მოსარჩელემ ვერ დაძლია. ამასთან, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სამსახურში აღდგენასთან კავშირში (რელევანტურ არგუმენტაციად) ვერ შეფასდებოდა, რადგან, როგორც სასამართლომ აღნიშნა, დირექტორი ნებისმიერ დროს შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
კასატორის მოთხოვნა:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. საწარმოსადმი დისკრიმინაციული მოპყრობა აღიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ - 14.09.2018წ. გადაწყვეტილებით, რაც უპირობოდ ნიშნავდა მოსარჩელისადმი, როგორც დირექტორისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობასაც. ამ დავაში მოპასუხეები იყვნენ, სამინისტრო, საქართველოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები, შესაბამისად, ზემდგომ სასამართლოში დავის განხილვა მათთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ, სააპელაციო განხილვის სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტი გაათავისუფლა დირექტორის თანამდებობიდან და დანიშნა ახალი დირექტორი, რომელმაც გამოიხმო სარჩელი. აღნიშნული პროცესუალურად შესაძლებელი გახდა მხოლოდ მოსარჩელის ჩამოშორებით სამართლებრივი დავიდან.
13. კასატორი არ დავობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო მისი სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა ისიც უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.09.2018 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წარმოეშვა მოწინააღმდეგე მხარისაგან თავდაცვის დამატებითი გარანტიები.
14. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა და არ შეაფასა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა 14.09.2018 წლის გადაწყვეტილებით აღიარებულ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან კავშირით, ამ დისკრიმინაციული მოპყრობის გაგრძელებად არ შეაფასა სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო დავის გადაწყვეტისათვის. სააპელაციო სასამართლო, ცხადია, უფლებამოსილი იყო, შინაგანი რწმენის საფუძველზე არ გაეზიარებინა მოსარჩელის მტკიცება მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება, ეს ფაქტები არ ეკვლია და არ აესახა შემაჯამებელ განჩინებაში.
15. პალატის მითითებით, აპელანტმა ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაამტკიცა დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება. ამის დამტკიცება არც იყო მოსარჩელის მიზანი. იგი დავობდა იმ კავშირზე, რომელიც არსებობდა მოწინააღმდეგე მხარისაგან სამედიცინო დაწესებულებისადმი სასამართლო წესით აღიარებულ დისკრიმინაციის ფატსა და ასეთივე მოპყრობით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას შორის. სააპელაციო სასამართლოს ევალებოდა ან ასეთი კავშირის არარსებობის დამტკიცება დამაჯერებელი ფორმით ან ასეთი კავშირის დადგენა.
16. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 15.06.22 წლის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა და გამოთხოვილ იქნეს სარჩელის გამოხმობაზე მთავრობის წერილობითი თანხმობა, რადგან დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ამასთან, საქმეს უნდა დაერთოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსადმი კასატორის მიმართვა და მიღებული ინფორმაცია - კომისიის დასკვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირისა და მისი დირექტორის ურთიერთობის შეწყვეტის (დირექტორის გათავისუფლების) კანონიერება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოა, ხოლო პარტნიორის უფლება-მოვალეობებს მოპასუხე სამინისტრო ასრულებს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან, მას არ დაურღვევია ვალდებულებები, ამასთან, კასატორი ზეწოლის ფაქტად უთითებს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მის მიმართ დაჟინებულ მუქარას.
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხი, ვინაიდან შრომის კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევაში დასაქმებული სარგებლობს დაცვის სპეციალური მექანიზმებით, სხვა შემთხვევაში კი - არა.
24. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე პირდაპირ დათქმას, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ. №ას-160-2021, 21.07.2022წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015წ., 29.01.2016წ.).
25. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კანონით. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.).
26. შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე 100% წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედებოდა მოსარჩელის, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ აღძრული სარჩელი თუ სხვა ფაქტი, სამართლებრივად არ არის მნიშვნელოვანი (რელევანტური) და ვერ შეცვლის საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების საკითხს. ამასთან, დავის სამართლებრივ მოწესრიგებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოპასუხე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორი სახელმწიფოა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი - სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი (ბრძანება), თავისი არსით განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ანუ გამოიკვეთა კერძოსამართლებრივი და არა საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სუსგ №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.). აქედან გამომდინარე, ვერც კასატორის მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ექნება კავშირი განსახილველ დავასთან, მით უფრო, რომ თავად კასატორი მიუთითებს სააპელაციო სამართალწარმოებისას საწარმოს მიერ სარჩელის გამოხმობაზე.
27. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რაკი დირექტორი არ წარმოადგენს ჩვეულებრივად დასაქმებულ პირს, შრომის კანონმდებლობით დასაქმებულთა დაცვის მიზნით დადგენილი ნორმები დირექტორის მიმართ არ მოქმედებს და დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საწარმოს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მასთან ხელშეკრულება, არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა თუ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის წინაპირობები.
28. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ 15.06.2022 წლის საოქმო განჩინებით არასწორად არ დააკმაყოფილა ახალი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნა. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს. კასატორი შუამდგომლობს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების საქმეზე დართვასაც, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენ მხარეებს.
29. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.; №ას-302-287-2016, 15.07.2016წ.; №ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე ი.ა–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს;
3. ი.ა–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0 /გადახდის თარიღი 21.10.2022), 70% - 210 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე