საქმე №ას-1554-2022 28 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ–ნა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ლ–ნამ“ (შემდგომ - მენარდე, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) მიმართ პირგასამტეხლოს 0.1%-დან 0.02%-მდე შემცირებისა და 18 929.03 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2020 წლის 24 აგვისტოს მხარეებმა დადეს ქუთაისის №1 და №2 საბავშვო ბაღების სამზარეულოსა და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №263 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 182 690.33 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, მენარდის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ი. 2020 წლის 5 ოქტომბრის №1 დანართ-შეთანხმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა დასრულების ვადის 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელებაზე. ამავე შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ ვალდებულებებისა, რომელთა არსებობაც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე. ამავე შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები გავრცელდებოდა დანართ-შეთანხმების პირველი მუხლით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში. №1 დანართი შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრა 2020 წლის 4 ოქტომბრით.
3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა და მოსარჩელემ 2021 წლის 24 მარტს შეადგინეს აქტი შემდეგზე: მოსარჩელემ 2020 წლის 4 დეკემბერს, ხელშეკრულების შესაბამისად, დაასრულა ქუთაისში №1 და №2 საბავშვო ბაღის სამზარეულოსა და სველი წერტილების სამუშაოები, სულ ღირებული 180,742.72 ლარად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მერიამ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დააკისრა 2020 წლის 18 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად მაღალია, რის გამოც 0.1%-დან უნდა შემცირდეს 0.02%-მდე და განისაზღვროს 618.83 ლარით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს, ნაცვლად დაკავებული 19 547.86 ლარისა, უნდა დაუკავდეს 618.83 ლარი და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 18 929.03 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში ვერ შეასრულა ვალდებულება და დაერიცხა პირგასამტეხლო 01.02.2021 წლის ჩათვლით. პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%, რაც ემსახურება მხარის დარღვეული ინტერესების კომპენსირებას და შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესებს. 26.03.2021 წელს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად დასრულდა ქალაქ ქუთაისის №1 და №2 საბავშვო ბაღების სამზარეულოსა და სველი წერტილების სამუშაოები, სულ ღირებული 180,742.72 ლარად. აქვე აღნიშნა, ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ 2020 წლის 18 ოქტომბრიდან - 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მიმართვაში (02.03.2021წ.) აღნიშნულია იმის შესახებ, რომ 01.02.2021 წლის ჩათვლით ორგანიზაციას ერიცხებოდა ჯარიმა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 180 742.72 ლარია, მოსარჩელისათვის ჩარიცხული თანხა კი - 161 194.86 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2020 წლის 24 აგვისტოს №263 ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 0.1%-შემცირდა 0.02%-მდე და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 618.84 ლარით. მოპასუხეს დაეკისრა უკანონოდ დაკავებული 18 929.03 ლარი, მოპასუხის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 567.87 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 24 მარტის №1 მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია ხელშეკრულების ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ და კონკრეტულად, ნათლად ასახელებს და ადასტურებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების 2020 წლის 4 დეკემბერს დასრულების ფაქტს. მითითებული აქტის გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება კი აპელანტს არ წარუდგენია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი იყო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათი, სადაც მიუთითებენ, რომ მათ ადმინისტრაციული წესით გადაამოწმეს №1 და №2 საბავშვო ბაღის სამზარეულოსა და სველი წერტილების 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასების ინსპექტირების ანგარიში №006374. ანგარიშის მიმართ შენიშვნები არ გააჩნიათ. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით მენარდემ სამუშაოები დაასრულა ვადაგადაცილებით, 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა მოხსენებით ბარათში მითითებული ინფორმაცია და განმარტა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 4 დეკემბერს. გამომდინარე აქედან, მენარდეს უნდა დაჰკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები - 2020 წლის 18 ოქტომბრიდან 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
9. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, როდესაც მიმწოდებლის მიერ საბოლოოდ 47-დღიანი გადაცილებით, მაგრამ მაინც შესრულდა სამუშაოები, ისეთი ხარისხით, რომელიც დამაკმაყოფილებელია შემკვეთისათვის და ამ კუთხით პრეტენზიები არ არსებობს, ამავდროულად, დამკვიდრებული პრაქტიკის საპირისპიროდ, პირგასამტეხლო დაანგარიშდა არა ვადაგადაცილებით შესრულებულ სამუშაოთა, არამედ მთლიანი სამუშაოების ღირებულებიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 618,84 ლარი შემსყიდველის ძირითადი ინტერესს სრულად აკმაყოფილებდა, 0.1%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება კი არაგონივრულია, გამოიწვევს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად დააწვება ხელშეკრულების მხარეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
11. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, სსკ-ის 417-ე-418-ე ნორმებიდან გამომდინარე, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დაიდო ხელშეკრულება. მოსარჩელემ განსაზღვრულ დროში ვერ შეასრულა ვალდებულება და ხელშეკრულების შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლო განისაზღვრა 2020 წლის 18 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 თებერვლის ვითარებით.
12. სამოქალაქო კანონმდებლობა მეწარმე სუბიექტებს აკისრებს გაცილებით მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და საქმიან ურთიერთობებში წინდახედულობის გამოჩენის ვალდებულებას. მოსარჩელისათვის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ცნობილი იყო სახელშეკრულებო მოთხოვნების შესახებ. მოპასუხემ წარმოდგენილი მასალებითა და მოწმის ჩვენებით დაასაბუთა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მენარდემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. ზემოხსენებული მოთხოვნის წინააღმდეგ შემკვეთმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეთანხმებულ ვადაში ვერ დაასრულა, მას ხელშეკრულების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.1%, რაც მენარდისათვის გადასახდელ საზღაურში უნდა გაიქვითოს. ამასთან, არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. აქედან გამომდინარე, შემკვეთის მიერ წარმოდგენილი გაქვითვის შესაგებელი სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებს ეფუძნება.
18. გასაჩივრებული განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შემცირდა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაიანგარიშეს ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, ამასთან, უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულებულიყო 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, რეალურად კი ვადაგადაცილებით 2020 წლის 4 დეკემბერს დასრულდა. შესაბამისად, მენარდემ სამუშაოთა შესრულების ვადას 47 დღით გადააცილა (იხ. პ. 8). ამასთან, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შეამცირეს.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
21. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულებიდან დაანგარიშების ფაქტს (სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე), შესრულების ღირებულებას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0.05%-ით. პირგასამტეხლოს დაკისრებით დანაკარგები უნდა კომპენსირდეს და არა გამდიდრეს კრედიტორი. პალატა მიიჩნევს, კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის მენარდისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს 0.05%-ს მიიჩნევს. მოსარჩელე პირგასამტეხლოს განსაზღვრას ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან ითხოვს (იხ. სარჩელი - გვ. 9; სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ახსნა-განმარტება - გვ. 230). ამ მოთხოვნას საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება (სსსკ-ის მე-3, 248-ე მუხლი). დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება 182 690.33 ლარი იყო; დადგენილია ისიც, რომ მენარდემ ვალდებულების შესრულების ვადას 47 დღით გადააცილა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა 4 293.22 ლარით (182 690.33-ის 0.05% X 47) უნდა განისაზღვროს.
22. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და ქვედა ინსტანციების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 618.84 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, ხოლო 4 293.22 ლარი სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს 19 547.86 ლარი დაუკავდა არამართლზომიერად, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 4 293.22 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი აქვს. შესაბამისად, სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე) მუხლების საფუძველზე, გაქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა - 14 635.81 ლარი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 14 635.81 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდებამოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებულისასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
26. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე 567.87 ლარი გადაიხადა, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებული იყო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 52.70 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 300 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა. ადვოკატის მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ლ–ნას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 14 635.81 ლარის გადახდა შპს „ლ–ნას“ სასარგებლოდ;
5. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ლ–ნას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 52.70 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარის გადახდა;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე