Facebook Twitter

საქმე №ა-1519-შ-39-2024 24 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.კ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჯ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 2-8673/19)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") სარჩელი ზ.ი–ის მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ ზ.ი–ს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 000 რუბლის, პროცენტის - 1 704 760 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯები 54 224 რუბლის ოდენობით გადახდა.

2. 21.03.2024 წელს შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 15 ოქტომბერს.

4. შუამდგომლობას ერთვის სააღსრულებო წარმოების დასრულებისა და სააღსრულებო დოკუმენტის დაბრუნების შესახებ რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ფედერალური სამსახურის სასამართლო აღმასრულებლების მთავარი სამმართველოს 22.11.2022წ. დადგენილება, შესაბამისად გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს მიეცა 10 დღე ხარვეზის შესავსებად. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2024 წლის განჩინება გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს - გ.ფ–ს (იხ. ვადაში მოქმედი მინდობილობა, ს.ფ. 7-9) მის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაჰბარდა თანამშრომელს 04.04.2024 წელს (იხ. ჩაბარების დასტური, ს.ფ. 40) .

9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

11. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 05.04.2024 წელს და ამოიწურა 15.04.2024 წელს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი 15.04.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.კ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 2-8673/19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე